ვის ნერვებზე თამაშობს ნინო შავგულიძე და რატომ ეჭვიანობს ის ყველაზე და ყველაფერზე
ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი” უკვე რამდენიმე კვირაა, მაყურებლის განწყობაზე ზრუნავს. ჩვენი რესპონდენტი მისი ერთ-ერთი პერსონაჟი – თამუნა, იგივე ნინო შავგულიძეა. როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, ნინოსა და თამუნას ბევრი რამ აქვთ საერთო და ძალიან ცოტა – განსხვავებული. რით არის ნინო დაკავებული სერიალის გარდა, რატომ ვერ იცლის მოსაწყენად და რაში გაუმართლა მას, ამ და სხვა კითხვის პასუხებს, უკვე მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ.
– ამ სერიალში როგორ აღმოჩნდი?
– რაც კი ქასთინგები ჩატარებულა „ღამის შოუ სტუდიოს” მიერ, მონაწილეობას ყველგან ვიღებდი, მაგრამ არ მიმართლებდა. პილოტის ჩაწერამდეც კი მივსულვარ, მაგრამ მერე სხვას ამტკიცებდნენ. ამ შემთხვევაში გამიმართლა და როლზე დამამტკიცეს, რამაც ძალიან გამახარა.
– რით ჰგავხარ და რით არა – შენს გმირს?
– ბევრი რამით ვგავარ – გაწეწილი თმით, მეც თამუნასნაირად ეჭვიანი ვარ. არ ვგავარ იმით, რომ ჩემი გმირი თავის ეჭვიანობას გამოხატავს, მე კი – არა. თუ ვიეჭვიანე, ამას არასდროს ვიტყვი. თამუნა თუ აბსოლუტურად ყველა ქალზე ეჭვიანობს, მე არა მარტო ქალებზე, არამედ ყველაფერზე ვეჭვიანობ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებთან მიმართებაში ხდება და არა – მეგობრებთან. ჩემს პერსონაჟს ძალიან ლაღი ხასიათი აქვს, ყოველთვის პოზიტიური და დადებითია. ამითაც ვგავარ თამუნას, რადგან არასდროს მცალია მოსაწყენად. მაშინაც კი, თუ რამე ცუდი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვცდილობ, პოზიტიური მხარე დავინახო.
– ტაფების ყიდვაში არ ჰგავხარ თამუნას?
– არანაირად. სხვათა შორის, ქუჩაში ყველა მეკითხება, ვაიმე, იმ ყვითელ ტაფებს მართლა არ სჭირდება ზეთი? რა თქმა უნდა, ყველას ვპასუხობ, რომ ეს ხუმრობაა. ამ ტაფებს ზეთი სჭირდება და არ მოტყუვდნენ. ტაფების ყიდვით ნამდვილად არ გამოვირჩევი. ამით თამუნას ნამდვილად არ ვგავარ.
– მაყურებელის ყურადღებას, ალბათ, სხვა მხრივაც გრძნობ, თუნდაც ქუჩაში.
– ძალიან ბევრს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და ჩემს დანახვაზე ცხვირს იბზუებს. მათ ნოსტალგია აქვთ წინა სერიალის და უნდათ, ძველი „შუა ქალაქი,” ძველი შემადგენლობით დაბრუნდეს. ზოგი პირიქით, ძალიან დადებითაც გვხვდება და უპირატესობას სიახლეს ანიჭებს. ამბობენ, რომ ჩვენი ახალი პროექტი ძალიან მოსწონთ. პრინციპში, ეს ისეთი პროექტია, როგორიც ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა. განსხვავებული ფორმატია, გვყავს მთხრობელი და ასე შემდეგ. ამიტომ, მაყურებლისთვის ეს ყველაფერი სიახლეა, შეჩვევა სჭირდება, ისევე როგორც პერსონაჟების ხასიათს.
– მაყურებელმა პირველი სერიის გასვლისთანავე გიცნო ქუჩაში?
– რადგან უცხოეთში მივდიოდი, პირველად ჩემი პრომოები გადაიღეს, რომელიც ტელევიზიით გავიდა. თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რისი რეკლამა იყო. სულ რამდენიმე ფრაზას ვამბობდი: „გიორგი სად ხარ? კარგი მაშინ.“ პრომოები სულ სატელეფონო ზარებზე იყო აგებული. ზოგს ტელეფონის რეკლამა ეგონა, ზოგს ჯაკუზის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ყველა მიხვდა, რომ წინ ახალი სერიალი ელოდათ „იმედის“ ეთერში. მაყურებელი, რა თქმა უნდა, თავიდანვე გვცნობდა, იმდენჯერ ჰქონდა ეს პრომოები ნანახი.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– რაც კარგია, მასზე არასდროს ვიტყვი უარს.
– მიზანდასახული ხარ?
– კი. მაგალითად, ყოველთვის ძალიან მინდოდა, რადიოში მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი. გავიარე ქასთინგი და მუსიკალური წამყვანი გავხდი. ეს გადავლახე. ასევე ძალიან მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი. უკვე მსახიობიც ვარ. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, მაშინვე სოხუმის თეატრში შტატში ამიყვანეს. „ნაით შოუს” ბოლო ქასთინგზე რომ ვიყავი, მაშინ მართლა ის მიზანი მქონდა, რომ სერიალში მოვხვედრილიყავი. გამოდის, რომ მიზანდასახულიც ვყოფილვარ.
– რადიოშიც მუშაობ, რასაც საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს. როგორ უთავსებ ერთმანეთს სერიალის გადაღებებს და რადიოს?
– რადიო ერთადერთი სამსახურია, რომელსაც შეგიძლია, ნებისმიერი სხვა რამ შეუთავსო. რადიოში 4 დღე ვმუშაობ, ხოლო „ნაით შოუ სტუდიოში” – სამი. ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ამ ყველაფერთან ერთად, სოხუმის თეატრის მსახიობიც ვარ და მალე, ხუთშაბათობით სპექტაკლებიც დაგვეწყება... და კიდევ რომელიმე რეჟისორმა თუ დაიწყო ახალ სპექტაკლზე მუშაობა და მეც დამაკავა, აი, მერე რა მეშველება, უკვე არ ვიცი. ერთი მხრივ, კარგია, ამდენი საქმე რომ მაქვს, რადგან მოდუნებას ვერ ვასწრებ, სულ მზადყოფნაში ვარ, სულ სადღაც მეჩქარება და ასე შემდეგ. ამ სერიალამდე „მიუზიკ ბოქსის“ ტელევიზიაშიც ვმუშაობდი გადაცემის წამყვანი ვიყავი. ასევე ვმუშაობდი „მედიათეკაში.“ სამწუხაროდ, ამ ორს დავემშვიდობე დროის უკმარისობის გამო.
– რას გვეტყვი შენს პარტნიორებზე?
– ჩემი პარტნიორები ყველაზე კარგი ადამიანები არიან, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. უპირველესად, ჩემი მეუღლე – როლანდ ოქროპირიძე, რომელიც არაჩვეულებრივი და ნიჭიერი მსახიობია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურად ყველასთან, ვინც სერიალის ძირითად შემადგენლობაშია. ფანტასტიკური ადამიანები არიან. სერიალამდე ძალიან ბევრ მათგანს საერთოდ არ ვიცნობდი, მათ შორის, ჩემს მეუღლესაც.
– ოჯახში პირევლი მსახიობი ხარ?
– კი.
– გიორგი შავგულიძესთან თუ გაქვს ნათესაური კავშირი?
– სამწუხაროდ, გარდა გვარისა, გიორგი შავგულიძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს.
– ახლა ის მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება? ეს ინფორმაცია მაყურებელს დააინტერესებს.
– ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა – არავინ არ არის, მარტო ვარ.
– მაშინ ის მითხარი, როგორი ხარ შეყვარებული?
– არც ისეთი სახარბიელო და კარგი ვარ. მარტო ბევრად უფრო ლაღი და ხალისიანი ვარ, ვიდრე შეყვარებულობისას.
– რატომ?
– ალბათ იმიტომ, რომ ეჭვიანობის სცენები მღლის. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, თავს იმდენად მშვიდად ვგრძნობ, ვხვდები, მარტო ყოფნა უკეთესია. თან, სულ გადარბენაზე ვარ და სიყვარულისთვის, ფაქტობრივად, დრო აღარ მრჩება.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენს გულს მოიგებს?
– მამაკაცი შემაწუხებლად ყურადღებიანი უნდა იყოს.
– ასეთი მამაკაცები არიან?
– კი, მაგრამ ვინც ასეთი შემხვედრია სამწუხაროდ, მე არ მომწონს. რა გავაკეთო, არ ვიცი.
– შემაწუხებლად ყურადღებიანობის გარდა, კიდევ რას ითხოვ მამაკაცისგან?
– ოჯახს უნდა სცემდეს პატივს და უპირველესად, ერთგული უნდა იყოს. არ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც ამბობენ: მერე რა, უკვე 5 წელია, ცოლი მყავს. ერთი გოგო მეჩალიჩებოდა და ერთხელ ვიყავი მასთანო. ჩემი აზრით, ჯობია, 30 წლამდე არ დაოჯახდე და უკვე ჩამოყალიბებულმა იპოვო შენი სულის მონათესავე ადამიანი და ლამაზად შეაბერდეთ ერთმანეთს. არაფრით არ მესმის მისი, ვისაც ცოლი ჰყავს და მაინც გვერდზე იხედება.
– შენ თუ ხარ ერთგული და ძალიან ყურადღებიანი?
– მე ზედმეტად ერთგული და შემაწუხებლად ყურადღებიანი ვარ. ანუ, როგორიც მე ვარ, ისეთ მამაკაცებს ვანიჭებ უპირატესობას.
– ფეთქებადი ხარ?
– შეიძლება, ძალიან დიდხანს ვითმინო რამე და მერე უცებ ავფეთქდე. „მორიელი“ ვარ და მინდა გითხრა, რაც მას ახასიათებს, ყველაფერი ერთად ვარ. ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და შეძლებისდაგვარად, აღარ ვფეთქდები. მშვიდად ვხვდები ყველაფერს. ამით ჩემს ნერვებს ვუფრთხილდები.
– სხვის ნერვებზე თამაში თუ გიყვარს?
– გააჩნია ვისი. ხანდახან ძალიან სასიამოვნოა სხვის ნერვებზე თამაში, მით უმეტეს, რომ ცოტა მწარე ენის პატრონი ვარ.