„ფორბსის” ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერების ტოპ-ათეული
დასტინ მოსკოვიცი, მარკ ცუკერბერგი, სერგეი ბრინი, შონ პარკერი, რობერტ პერა, ჯეკ დორსი – „ფორბსის” ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერები არიან, რომელთა შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა და თითოეული მათგანის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი. ისინი პოპულარულები არიან და მათ იცნობენ, თუმცა, „ფორბსის” 400 ამერიკელი მილიარდერის რეიტინგში არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ არცთუ ბევრ ადამიანს სმენია და დღევანდელ ნომერში სწორედ აქამდე უცნობი ახალგაზრდა ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალს გთავაზობთ.
ლარი პეიჯი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹13; კაპიტალი: 24,9 მილიარდი დოლარი; ასაკი: 40 წლის; თანამდებობა: „გუგლის” გენერალური დირექტორი; შემოსავლის წყარო: „გუგლი.”
„გუგლის” აქციის ფასმა გასულ წელთან შედარებით 28 პროცენტით მოიმატა, რამაც პეიჯის ქონება 4,3 მილიარდი დოლარით გაზარდა. საძიებო გიგანტი კომპანიის გენერალურ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – მან ხმა დაკარგა და ყელზე მკურნალობს. პეიჯი, სერგეი ბრინთან ერთად, ეკოლოგიური ენერგიის მომხრეა და მისი ინვესტირებით ხდება ელექტრონული ავტომობილების წარმოება „ტესლა მოტორსის” მიერ. პეიჯის სახლი პალო-ალტოში ნამდვილი შედევრია – „ჭკვიანი” სახლი მთლიანად ენერგეტიკულ ეკონომიაზეა დაფუძნებული და მზის ენერგიას იყენებს.
კევინ პლანკი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹327; კაპიტალი: 1,7 მილიარდი დოლარი; ასაკი: 41 წლის; თანამდებობა: „ანდერ არმორის” გენერალური დირექტორი; შემოსავლის წყარო: „ანდერ არმორი.”
პლანკი მერილენდის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრი იყო და სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ მოთამაშეების ფორმა უხეში და არაკომფორტული იყო. თავისი ბებიის სარდაფში მან დაიწყო სპეციალური ქსოვილისგან შეკერილი მაისურების წარმოება და კომპანიას „ანდერ არმორი” უწოდა. პლანკი ვარაუდობს, რომ 2013 წლის დასასრულს კომპანიის შემოსავალი 2,25 მილიარდი დოლარით გაიზრდება, ბიზნესმენს კომპანიის 20 პროცენტი ეკუთვნის და ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამერიკაში ტანსაცმლის წარმოებაში.
მაიკლ რუბინი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹243; კაპიტალი: 2,3 მილიარდი დოლარი; ასაკი: 41 წლის; თანამდებობა: „კინეტიკის” გენერალური დირექტორი; შემოსავლის წყარო: ონლაინ-ვაჭრობა.
რუბინმა 150 მილიონი დოლარი მიიღო, როდესაც მის მიერ ნულიდან შექმნილი კომპანია „GSI კომერსი” 2,4 მილიარდ დოლარად შეიძინა „იბეიმ.” კიდევ უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა რუბინმა იმ აქტივებისგან, რომელიც „იბეის” არ დასჭირდა. მან 500 მილიონი დოლარი დააბანდა „ფანატიკსის” ტანსაცმლის რიტეილში და „რუ ლალასა” და „შოპრანერის” ონლაინ-მაღაზიებში, რომლებიც ამჟამად რუბინის კომპანიის – „კინეტიკის” შემადგენლობაშია. მაიკლ რუბინის საკუთრებაშია NBA-ს კლუბი – „ფილადელფია 76”.
დენიელ ზიფი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹98; კაპიტალი: 4,6 მილიარდი დოლარი; ასაკი: 41 წლის; თანამდებობა: კერძო ინვესტორი; შემოსავლის წყარო: ინვესტიცია, მემკვიდრეობით მიღებული ქონება.
დენიელი მედიამაგნატ უილიამ ზიფის უმცროსი ვაჟია. უილიამი 1994 წელს ჩამოშორდა ბიზნესს და ასპარეზი თავის შვილებს – დირკს, რობერტსა და დენიელს დაუთმო. ზიფების საოჯახო იმპერიაში შედის ჟურნალები: „პოპულარ ავიაშეინი”, „პს მაგაზინი” და „ქარ ენდ დრაივერი”; ცნობილი ამერიკული სამეცნიერო-პოპულარული გამოცემები. ზიფების ახალი თაობა, ასევე, წარმატებით ახორციელებს ინვესტიციებს და მათი შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.
ელონ მასკი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹61; კაპიტალი: 6,7 მილიარდი დოლარი; ასაკი: 42 წლის; თანამდებობა: „სფეის ექსპლორეიშენის” გენერალური დირექტორი და „ტესლა მოტორსი”; შემოსავლის წყარო: „ტესლა მოტორსი”, „ფეიფალი.“
ქარიზმატული მილიარდერი ელონ მასკი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან – „რკინის კაცი” ტონი სტარკის პროტოტიპად ითვლება. 2013 წელს მასკი 4,3 მილიარდით გამდიდრდა, რაც მისი წარმატებული ინვესტიციების დამსახურებაა. „ნასა” აქტიურად თანამშრომლობს მასკის კომპანიასთან, რომელიც მზის ელექტროპანლებეის წარმოებით არის დაკავებული; ასევე, იგი სხვადასხვა კოსმოსურ პროექტზე მუშაობს, რომელთა უმეტესობა ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოებაა.
ერიკ ლეფკოვსკი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹325; კაპიტალი: 1,75 მილიარდი დოლარი; ასაკი: 44 წლის; თანამდებობა: „გრუპონის” გენერალური დირექტორი; შემოსავლის წყარო: „გრუპონი.”
ერიკ ლეფკოვსკი ინვესტორი და კომპანია „გრუპონის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2006 წელს მას დაურეკა ენდრიუ მეისონმა და შესთავაზა საკუპონო სერვისის შექმნა. ლეფკოვსკიმ მეისონს ერთი მილიონი დოლარი გადასცა და ამ სერვისის ამუშავებაზე თანხმობა განუცხადა. მოგვიანებით საკუპონო სისტემა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ზრდად ბიზნესად იქცა, რამაც მისი ავტორები მილიარდერებად აქცია. ბოლო წლებში ლეფკოვსკის კომპანიის საქმეები ისე არ მიდის, როგორც მის მფლობელს სურს, მაგრამ, მილიარდერების რეიტინგში ადგილს მაინც ინარჩუნებს.
მილანე ფრანტცი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹77; კაპიტალი: 5,5 მილიარდი დოლარი; ასაკი: 44 წლის; თანამდებობა: უცნობია; შემოსავლის წყარო: „ენთერფრაიზ პროდაქტს პარტნერსი”; მემკვიდრეობით მიღებული ქონება.
მილანე ფრანტცი მილსადენების კომპანია „ენთერფრაიზ პროდაქტს პარტნერსის” დამაარსებლის, 2010 წელს გარდაცვლილი დენ დუნკანის ოთხი შვილიდან ერთ-ერთია. გასული წლის მონაცემებით, მილანეს კაპიტალი 1,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც მამის კომპანიის აქციებზე ფასის მატებამ გამოიწვია.
დევიდ ეინჰორნი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹371; კაპიტალი: 1,4 მილიარდი დოლარი; ასაკი: 44 წლის; თანამდებობა: „გრინლაით კეპიტალის” პრეზიდენტი; შემოსავლის წყარო: ჰეჯ-ფონდები.
დევიდ ეინჰორნმა, ფონდ „გრინლაით კეპიტალის” მფლობელმა და დამაარსებელმა, თავისი ქონება ბაზრის წინააღმდეგ თამაშითა და დიდი „კუშების” მიღებით დააგროვა. 2012 წელს ეინჰორნმა მესამე ადგილი დაიკავა პოკერის მსოფლიო სერიის ტურნირზე და მოგებული თანხა, 4,35 მილიონი დოლარი, მთლიანად ქველმოქმედებაზე დახარჯა.
ჯერი იანგი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹327; კაპიტალი: 1,7 მილიარდი დოლარი; ასაკი: 44 წლის; თანამდებობა: საინვესტიციო კომპანია „ქლაუდ ვენტურეს” მფლობელი; შემოსავლის წყარო: „იაჰუ”.
„იაჰუს” თანადამფუძნებელმა მშობლიური კომპანია 2012 წელს დატოვა და საინვესტიციო ბიზნესში გადაერთო. იანგი „იაჰუს” წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და დღემდე მისი მიღებული გადაწყვეტილებებით იზრდება „იაჰუს” აქტივები.
კენ გრიფინი
ადგილი „ფორბსის” რეიტინგში: ¹103; კაპიტალი: 4,4 მილიარდი დოლარი; ასაკი: 44 წლის; თანამდებობა: „ციტადელის” გენერალური დირექტორი; შემოსავლის წყარო: ჰეჯ-ფონდები.
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კენ გრიფინის საკუთრებაში არსებული ფონდები – „კენსინგტონი” და „ველინგტონი”, რომლებიც მისი კომპანია „ციტადელის” შემადგენლობაში შედიან, აღმავლობის გზას დაადგნენ, რაც მათი მფლობელის ქონებასაც დაეტყო. გასულ წელთან შედარებით, გრიფინის აქტივებმა 25-პროცენტიანი მატება განიცადა. 2012 წლის დეკემბერში მან ორი მსხვილი შეძენა განახორციელა: 79 მილიონად იყიდა მიწის ნაკვეთი პალმ-ბიჩში და 15 მილიონად – ბინა ჩიკაგოში.