კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ახდენს პოლიტიკურ გავლენას ბიძინა ივანიშვილზე ნინო ბურჯანაძისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, სიმპათია

თუკი მთელი კაცობრიობა ადამისა და ევას შთამომავალია, მაგალითად, ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, ძირითადად, ერთი თავდაპირველი პოლიტიკური ძალისგან იშვნენ. მეტნაკლებად ყველა „მოქკავშირიდან“ დაფრთიანდა და შემდეგ ახალ-ახალ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდა. საბოლოოდ, ქართული პოლიტცხოვრების ლოგიკით, საკმარისია, ერთხელ მოხვდე პოლიტიკურ წრეში, რომ მუდმივადაც იტივტივებ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე. ამ კონკრეტულ ეტაპზე ყველაზე მჭიდრო საკადრო კავშირი კოალიცია „ოცნებასა“ და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტიას შორისაა. ფინანსთა მინისტრი თუ „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე თუ რამდენიმე პარლამენტის წევრი, თავის დროზე, სწორედ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან შეემატნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას. რატომ იცვლიან ასე ადვილად ჩვენებური პოლიტიკოსები პოლიტიკურ პლატფორმებს? –  ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.

 

– თუ მსოფლიო პოლიტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უინსტონ ჩერჩილმა პოლიტიკური პარტია შეიცვალა მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა პარტიის შეცვლა პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად. თავისთავად პარტიების ცვლა პოლიტიკას სჩვევია იმ პოლიტიკური გეგმების მიხედვით, რაც პიროვნებას, ცალკე აღებულს, შეიძლება, ჰქონდეს.

– მარტივად ვიტყვი: თუ უფრო მაღალ თანამდებობას ან სოციალურ სტატუსს შეგიძლია, მიაღწიო, გამართლებულია პოლიტიკური პლატფორმის შეცვლა?

– ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ცოდვა არ არის, ხოლო, რადგან ცოდვა არ არის, ჩვენი პოლიტიკოსების მოძრაობებსაც ნუ შევხედავთ ასე კრიტიკულად. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს: მე ერთ ნიუანსზე გავამახვილებდი ყურადღებას, ბევრი მათგანი, ვინც ამ ბოლო დროს „ქართული ოცნებიდან“ აღმოჩნდა ბურჯანაძესთან, „ოცნებას“ პასიურობას საყვედურობდა. ანალოგიურად, ვინც უფრო ადრე, პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლის მომენტში, გადავიდა ბურჯანაძისგან კოალიცია „ოცნებაში“, მათთვის იმ დროს ბურჯანაძის პარტია იყო უფრო პასიური. მაშინ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას ბომბის აფეთქებას ადარებდნენ და სხვა ეპითეტებითაც ამკობდნენ. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ეს სიახლე უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი მათგანისთვის.

– მე უფრო პირდაპირ ვიტყვი: თავიანთთვის მეტი პერსპექტივა დაინახეს ივანიშვილის გვერდით, ვიდრე ბურჯანაძესთან ხედავდნენ?

– აქტიურობის პერსპექტივა დაინახეს, თუმცა შეიძლება, პერსონალური პერსპექტივა არც დაუნახავთ, იმიტომ რომ იმავე ნოდარ ხადურს ბურჯანაძის პარტიაში მაღალი ადგილი ეკავა. ბუნებრივია, ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში ის ხალხი, ვინც ბურჯანაძის გარშემო იყო, წინ წაიწევდა, მაგრამ ბურჯანაძის პარტიის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ივანიშვილის გამოჩენამ. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ უფრო მეტი პერსპექტივის მქონე პარტიაში გადავიდნენ. ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში იმდენად ექსტრაორდინარული იყო, რომ ზოგიერთმა პარტიამაც კი უარი თქვა თავის თავზე კოალიციის სასარგებლოდ. ასე რომ, ჩემთვის, გარდა კარიერული ზრდის მოტივისა, აშკარად იკითხებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის წასვლა უფრო მეტად მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილისგან, ვიდრე ბურჯანაძის მხრიდან.

– ისეც შეიძლება, გავიგოთ, რომ მასთან გადასვლით თავიანთი პოტენციალი წაახმარეს ივანიშვილს?

– არათუ ბურჯანაძის პარტიის წევრებმა, არამედ, თვითონ ბურჯანაძემ დააყენა ასე საკითხი, როდესაც უარი თქვა საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობაზე, რათა ხმები არ წაერთმია ივანიშვილისთვის.

– ის, რომ ბურჯანაძის კადრები მაღალი სტატუსით არიან წარმოდგენილნი „ოცნებაში“, ნიშნავს, რომ ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, გავლენა აქვს „ოცნებაზე“?

– მგონი, არ ნიშნავს, რადგან, გავლენა რომ ჰქონოდა, ივანიშვილს მარტივი ნაბიჯი უნდა გადაედგა: ეთქვა, რომ „ოცნება“ უარს ამბობს თავისი კანდიდატის წამოყენებაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე და მწვანე შუქი აენთო ბურჯანაძის კანდიდატურისთვის. ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. ეტყობა, არ იყო ეს გავლენა საკმარისი. თუმცა სხვა საქმეა, რომ ივანიშვილს, ალბათ, ესიმპათიურება ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკური მოღვაწე.

– ესიმპათიურება კი?

– ალბათ, ესიმპათიურება, რადგან, მიუხედავად ბევრი კრიტიკული შენიშვნისა ბევრი მიმართულებით, ასეთი კრიტიკული შენიშვნების რიცხვი ნინო ბურჯანაძისადმი თითქმის არ არის. მაგრამ ეს გავლენაში ნამდვილად არ გადადის, იმიტომ რომ ამ სიმპათიის გამო ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ გზას არ გადაუხვია.

– ივანიშვილის შემოსვლა ბომბის აფეთქებასავით იყოო და ფაქტია, რომ ამომრჩეველმა ისევ ერთი ადამიანის ხათრით მისცა ხმა მმართველ კოალიციას. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის წილიც ნაკლები იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან, უნდათ თუ არა, მმართველი პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც სიხარულით დაიკავეს მაღალ-მაღალი სკამები, მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

– დიდი ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გახლავთ, რომ პოლიტიკაში მოსვლის მსურველებმა გაარკვიონ თავიანთი პოტენციალი.

– და თავად მოიპოვონ თავიანთი პოლიტიკური წონა.

– დიახ, რადგან ვინ ვინ და ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მათი პოლიტიკური წონა მისი საკუთარ წონის ნაწილია.

– ამიტომაც თქვა, რომ დაიშალონ, სად უნდა წავიდნენ.

– როგორც ჩანს, ამ მხრივ, ივანიშვილს არ აქვს ილუზიები და ხედავს, რომ მათ სხვა გზა უბრალოდ არ ექნებათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ისინი ივანიშვილის გვერდით ივანიშვილის გადაწყვეტილებითაც აღმოჩნდნენ. ახლა კი თითეულ მათგანს საკუთარი თავისთვის მოუწევს ბრძოლა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

– ეს არ არის ურიგო, მთავარია, არ შეიკრან საზოგადოების წინააღმდეგ.

– ხელისუფლება, საერთოდ, ყოველთვის საზოგადოების წინააღმდეგ იკვრება, იმიტომ რომ სტატუსის ერთნაირობა გულისხმობს ინტერესთა ერთნაირობას.

– მათი ინტერესი კი იქ, ზემოთ, ადგილის შენარჩუნებაა.

– დიახ, ასე რომ, ნებისმიერი გუნდი, რომელიც ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ერთნაირად მოიქცევა და ერთმანეთთან შედუღაბდებიან. ეს ყოველთვის ასე იქნება. თუმცა ცოტა ხელოვნურად მეჩვენება მოდელი, რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობდა, რომ კოალიციის წევრებს ერთმანეთთან ყოფნის გარდა სხვა გზა არ ექნებათ.

– მთლად ასე იდილიურადაც არ იქნება?

 – არა, იქნება ისეთი მომენტები, როდესაც ისინი ეცდებიან, იპოვონ პარტნიორები ერთმანეთთან ან სხვებთან. ანუ დაიწყება მოძრაობა ამ პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის.

– ესე იგი, მოსალოდნელია ახალი გადაჯგუფებები?

– რა თქმა უნდა. და უკვე ტექნიკური საკითხია, ამ გადაჯგუფებებში ისევ ძველ პარტიაში აღმოჩნდება ვინმე თუ ახალ პარტიულ პარტნიორს იპოვის. ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მოძრაობები დაიწყება. იმიტომ რომ იქნება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის აყვანა ერთ პარტიას ენდომება, მეორეს – არა; იმ ერთ ფიგურას კი მიზნად ექნება, იპოვოს ის პარტია, სადაც მას მეტად დააფასებენ.

– და უფრო მაღალ სტატუსს შესთავაზებენ?

– დიახ და დრო გვიჩვენებს ამ პარტიულ იერარქიებში ვინ ვისი დამფასებელი იქნება, მაგრამ ამოცანა, რომ ვიპოვო პარტია, სადაც დამაფასებენ, ნამდვილად იარსებებს და ჩვენი პოლიტიკური მომავალი ასეთი გადარბენებით სავსე იქნება.

– ჩვენ არ გვილაპარაკია „ნაციონალებზე“, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს მშობლიური პარტია. მათი ნაწილი „ოცნებას“ შეუერთდა, ნაწილმა მეტი შორსმჭვრეტელობა გაომიჩინა და დამოუკიდებელი დაირქვა, არის ალბათობა რომ ისევ „ნაციონალებს“ დაუბრუნდნენ, როგორც უძღები შვილები?

– გააჩნია, თავისთავად „ნაციონალები“ რა მდგომარეობას დაიკავებენ.

– იქნება თუ არა მომხიბვლელი „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია?

– ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ამ ვაჭრობაში ორმხრივი მიმზიდველობის ძიება იქნება: ერთი მხრივ, თვლის თუ არა კონკრეტული პოლიტიკოსი კონკრეტულ პარტიას მიმზიდველად და, მეორე მხრივ, თვლის თუ არა პოლიტიკური პარტია ამ პოლიტიკოსს თავისთვის სასურველად. სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ იმისდა მიხედვით, თუ რომელ ადგილზე გავა დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, ერთ-ერთი მოტივი, რატომაც უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა, შეიძლება, ესეც იყოს. მაღალი შედეგის ჩვენების შემთხვევაში, რაც გულისხმობს, რომ ელექტორატი ამ პარტიას მეტნაკლებად უჭერს მხარს, შეიძლება, მომხრეთა რიცხვი გაეზარდოთ.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი „ნაციონალურ მოძრაობას“ რეინკარნირების საშუალებას მისცემს?

– შემდეგ რაუნდზე უფრო შთამბეჭდავი სურათის შექმნის საშუალებას მისცემს. ბურჯანაძისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ადგილს, იმიტომ რომ თავის დროზე ბურჯანაძის პარტიაც არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ტოლი, ჩვენთან, ძირითადად, სახელისუფლო პარტიები არიან ხალხმრავალნი და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის ბრძოლა, რაც შეიძლება, მაღალი შედეგისთვის, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უფრო სერიოზული შედეგი მიიღონ. რეალური ხელისუფლების ბერკეტს იძლევა ადგილობრივი არჩევნები. ამდენად, ახლაც სწორედ იმ ადგილობრივი არჩევნებისთვის მიდის რეალური ბრძოლა.

– ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც, ახალი მოდელით, ისეთივე უსაზღვრო უფლებებით იქნება აღჭურვილი, როგორიც პრეზიდენტი გვყავდა საპრეზიდენტო მოდელში. იმ ახალ პრემიერ-მინისტრს ივანიშვილის წასვლის შემდეგ შესაძლოა, დაეშალოს უმრავლესობა.

– მაგრამ უმრავლესობა მაინც იქნება.

– გააჩნია, ვისი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ისე ბევრი ხმა სჭირდება 51-პროცენტის მოსაპოვებლად. თუ „ოცნების“ უმრავლესობა დაიშალა, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დარჩება, ანუ კრიზისებია მოსალოდნელი?

– მაგრამ რა შედეგი ექნება ამ კრიზისს?! თუ პარლამენტში დაიშლება ახლანდელი უმრავლესობა, თითოეული ფრაქცია ძალზე მცირერიცხოვანი აღმოჩნდება და ამ ფრაქციებს მაინც მოუწევთ ვიღაცასთან გააერთიანება. ასე რომ, ხელახლა დადგება უმრავლესობის ფორმირების ამოცანა, რაც ყველა ქვეყანაში დგას ხოლმე საპარლამენტო არჩევნებისას. ამდენად, უმრავლესობა, როგორც ასეთი, არ გაქრება, შეიძლება, შეიცვალოს და, თუკი ისეთი უმრავლესობა შეიქმნა, რომლისთვისაც დასახელებული პრემიერ-მინისტრი მიუღებელი აღმოჩნდება, საპარლამენტო რესპუბლიკა გენიალური სისტემაა და უმრავლესობა გადაირჩევს პრემიერს.

 

скачать dle 11.3