სირცხვილითა სირცხვილისა დამთრგუნველნი
„ბავშვები ჩვენი ყვავილებია“
მართალია, თავი მოგვწონს, რაკი ამ მზის ქვეშ 3 000 წელია, ვარსებობთ, მაგრამ, სტატისტიკა მოწმობს, რომ მთლად საყელყელაოდაც არ გვქონია საქმე.
კერძოდ, ჩვენს ამ სამყაროსავით ძველ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და, მათ შორის, ბავშვების მიმართაც. ამ თუ სხვა მიზეზით, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს იხილავს, რის მიხედვითაც, ბავშვზე ძალადობის ფაქტების შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება სავალდებულო ხდება, ხოლო, თუ არ მიაწოდებთ, დაისჯებით.
ამ ჩვენს ტრადიციულ ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ყოფილა (მისი მსხვერპლი ბავშვთა 59 პროცენტია), ფიზიკური ძალადობა მეორე ადგილზეა (მისი მსხვერპლი ბავშვთა 54 პროცენტია), სექსუალურ ძალადობას კი ბავშვთა 8 პროცენტი განიცდის.
ჩვეულებისამებრ, სპეციალისტთა აზრი ორადაა გაყოფილი: ერთნი ამბობენ, რომ კანონის გამკაცრება მისასალმებელია, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ საქმე არც ისე მძიმედაა, რომ საკანონმდებლო დონეზე გადავწყვიტოთ და ყოფით დონეზე ვერ მოვერიოთ.
უფრო მეტიც, მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ კანონის მიზანი აშშ-სა და ევროპაში გავრცელებული პრაქტიკის შემოპარებაა, რის მიხედვითაც, შესაძლოა, მშობელი ბავშვისთვის ნარკოტიკისა და პორნოგრაფიული ლიტერატურის არმიწოდების გამო დაისაჯოს (თუმცა გაუგებარია, რა კავშირია პორნოგრაფიული ლიტერატურისთვის ფართო გზის გახსნასა და ბავშვის ცემისა და დამცირებისგან დაცვას შორის). ასეა თუ ისე, კანონპროექტის ოპონენტები წინასწარმეტყველებენ, რომ, შესაძლოა, ერთ დღესაც, სრულიად საზოგადოება დაირაზმოს ლოზუნგით: წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემმა შვილმა მიჩივლოს (არადა, თუ უპრაგონოდ ვუბრაგუნებ, ვითომ, რატომ არ უნდა მიჩივლოს?!)! შესაბამისად, დაფიქრებისკენ მოგვიწოდებენ, რომ არ შევრცხვეთ.
თუმცა, ლოგიკურად იბადება კითხვა: იმის რატომ არ გვრცხვენია, ბავშვების მიმართ ძალადობა რომ ასეთი მასობრივია?!