„შენი იყო, ახლა ჩემია“
„ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები“
იმ მარტივი ფაქტის (თუმცა, რაღა ფაქტის, ტრაგედიის) გათვალისწინებით, რომ რფ-მ 2008 წლის 26 აგვისტოს დამოუკიდებლად აღიარა ეს ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მოსალოდნელი იყო, რომ, ადრე თუ გვიან, „საზღვრის“ დელიმიტაცია-დემარკაციასაც დაიწყებდნენ.
ასეც მოხდა და ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლებაც დაიწყეს, ბუნებრივია, იმ ხაზზე, რომელიც საბჭოთა დროს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს“ გასდევდა. ამის პარალელურად, ლოგიკურია, რომ იმავეს აფხაზეთის მიმართულებითაც ჩაიდენენ და, ქართლის გარდა, სამეგრელოსაც წაეტანებიან.
ბუნებრივია, ამ ამბებს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა (ან კი, რა გული მოუთმენდა მთავარსარდალს?!) და ბრძანა, რომ ოკუპანტების მიზანია, „მავთულხლართებში მოაქციონ სტრატეგიული ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ისევე, როგორც, ბოლო ინფორმაციით, სამწუხაროდ, ამ გეგმებშივე არის განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ადგილების მოქცევა, რომლებიც არის ენგურის იქით.“ აქედან გამომდინარე, გვთავაზობს, ჩვენ რა, ხელისუფლებას სთავაზობს: „ახლა დროა, ძალიან საშიში ანექსიის თავიდან ასაცილებლად ყველამ ერთმანეთს ჩაჰკიდოს ხელები“.
მეორე მხრივ, ამის (ანუ, იმის, „საზღვრით“ რომ შემორაგავდნენ აღიარებულ ტერიტორიებს) წინასწარმეტყველებას დიდი ნოსტრადამუსობა არ სჭირდებოდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, პრეზიდენტიც და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც გვარწმუნებდნენ, არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს საქართველოს გამთლიანებასთან, როგორც რფ-ის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ მივედით, ამ ლოგიკით, გამოდის, რომ მავთულხლართების გავლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დამაგვირგვინებელი აქტია.