ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
სვიმონ ქართლის მეფეს იმერეთის შემოერთება ეწადა. შეჰყარა მხედრობა და დაიძრა ლიხისკენ. კორბოულის მთის ძირში ერთი სოფლელი დედაკაცი მივიდა მასთან და შეეხვეწა:
– ერთი შვილი მყავს, მეფევ-ბატონო, წაიყვანე და იმსახურეო.
იუკადრისა მეფემ ქალის სამსახური:
– დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარ, კაცი არ მეჭირებაო.
თუმცა, სოლომონი ისე დამარცხდა, რომ უკან დაბრუნებულს „ერთი კაცი აღარ ახლდა“. იმ ქალმა, დაინახა თუ არა მარტოდ მომავალი მეფე, მიეახლა და ჰკადრა:
– მეუფეო, ვეჭვობ, მაშინ რომ კაცითა მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო.
***
ფოთში ქართლელს საწყენი უთხრეს, ქუთაისში მიხვდა, გორში ეწყინა და თბილისში გული მოუვიდაო, – თქვა აკაკიმ.
***
ერთ ლხინში აკაკის სადღეგრძელოს სვამდნენ და თამადამ ლომი უწოდა. მგოსანმა სიცილით თქვა:
– თუ მართლა ლომი ვარ, კრილოვის „მომაკვდავი ლომი“ უნდა ვიყო, რადგან, ამ ბოლო დროს, ვირებმა ძალიან დამაყარეს წიხლებიო.
***
ერთი ვინმე კარგ გუნებაზე იყო სადილად და „მიმინო მყვანდას“ მღეროდა. იმდენი იმღერა ეს „მყვანდა-მიყვარდა“, რომ ყველას თავი მოაბეზრა და ყველაზე უფრო – აკაკის.
– არ გეტყობა, რომ მიმინო გყოლოდეს… მაშინ ამდენი მწყერები აღარ გეყოლებოდაო! – უთხრა პოეტმა.
***
რევოლუციამდე კორნელი კეკელიძე რაღაც პერიოდი დეკანოზი ყოფილა. რევოლუციის შემდეგ, როდესაც სამეცნიერო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, უნივერსიტეტში დეკანად დაინიშნა. შალვა ნუცუბიძეს უთქვამს:
– შენ რა გიჭირს? რევოლუციამ მხოლოდ ორი ასო – „ოზ“ დაგაკარგვინა: დეკანოზი იყავი და დეკანი გახდიო.
***
ერთხელ გალაკტიონი რესტორანში შეკვეთას ელოდებოდა. ბოლოს ოფიციანტს შეახსენა. ოფიციანტმა მიუგო:
– დამაცა, შე კაცო! შენისთანა მილიონია და მე ერთი ვარ!
პოეტმა ჩაიცინა და არაფერი უპასუხა.