პირველი ქართული ეკიპაჟი ამერიკულ რალიზე
პირველი ქართული ეკიპაჟი ამერიკულ რალიზე
10 თებერვალს პირველი ქართული ეკიპაჟი ამერიკულ რალიზე მონაწილეობის მისაღებად შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. მევლუდ მელაძე და ოვანეს კოგოსოვი ის მრბოლელები არიან, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე მოსინჯავენ საკუთარ ძალებს და კონკურენციას გაუწევენ ისეთ ლეგენდარულ რალისტებს, როგორებიც არიან კენ ბლოკი, ტრევის პასტრანა და სხვები.
რალი ამერიკის ეტაპი, სახელწოდებით „100 აკრ ვუდ რალი“ 21-22 თებერვალს, მისურის შტატში, მოხრეშილზედაპირიან გზის საფარზე გაიმართება. მსგავსი გზის საფარი ავტოსპორტში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მართვის მაღალ ოსტატობას მოითხოვს. ამ დრომდე რალის ამ ეტაპზე 57 სპორტსმენია დარეგისტრირებული. ქართული ეკიპაჟი მონაწილეობას წინა წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილების კლასში მიიღებს. ამერიკის რალიზე პირველი ქართული ეკიპაჟის მონაწილეობის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი”; სპონსორები: „ლუკოილი,” „რეინოლი”, „ჰუსქვარნა,” „ვიურტი.”
მევლუდ მელაძე: ჩვენს ეკიპაჟს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობას ვიღებდით აღმოსავლეთ ევროპის თასზე, საიდანაც ერთხელაც არ დავბრუნებულვართ საპრიზო ადგილის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რთულ პირობებში ვიყავით – არ გვყავდა შესაბამისი ავტომობილი, არ გვქონდა შესაბამისი სერვისი. თვითონ ვიყავით ჩვენი ავტომობილის პილოტებიც, შტურმანებიც, მექანიკოსებიც და მენეჯერებიც. წინასწარ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ვოიაჟიც სავსე იქნება თავგადასავლებით. ალბათ, მსოფლიოში ვერ მოძებნით ეკიპაჟს, რომელიც სპორტული ავტომობილით მიდის შეჯიბრების ადგილამდე, როგორც ეს ჩვენ გვიწევს, თან, მაშინ, როცა რამდენიმე ათასი მილია გასავლელი.