კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გრძნობა და გონება

გიგიმ ბუხარში შეშა შეუკეთა და იქვე, პატარა სკამზე მოკალათდა. ზუკა, მოშორებით, ხალიჩაგადაფარებულ ტახტზე იყო წამოწოლილი და თვალებმილულულს არ ეტყობოდა, ეძინა თუ ეღვიძა. გიგიმ რამდენჯერმე გახედა, მერე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.

– ქალები ყველანი ერთნაირები არიან, დავრწმუნდი. სულერთია, გინდა ბარბის გარეგნობის იყოს, გინდაც უპირატესობას ჯინსსა და ფართხუნა სვიტერს ანიჭებდეს, მაინც იდენტურად აზროვნებენ და მოქმედებენ. არაფრად უღირთ არც ურთიერთობა, არც სიყვარული. მოკლედ, ვეღარ გაიგებ, ღირს მათ გვერდით ცხოვრება, თუ არა.

– ამას ჩემს გასაგონად ამბობ? ტყუილად ირჯები.

– შენ რა შუაში ხარ? ჩემთვის ვლაპარაკობ, ჩემს გასაგონად. სულ ვფიქრობ, ისეთი რა ვაწყენინე ნინის, რომ ასე მსჯის.

– იქნებ არც გსჯის. რატომ გგონია, რომ სხვა კაცთან ურთიერთობა შენს გასამწარებლად წამოიწყო. რატომღაც, ძალიან მეპარება ეჭვი ამაში.

– სულ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ძალიან ვუყვარვარ და ჩემს იქით ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ახლა რა გამოვიდა?! ცხოვრებაც წარმოიდგინა და კიდევ ბევრი სხვა რამეც. მე კი მაინც ცუდი ტიპი გამოვედი. ეს უსამართლობა არ არის?

ზუკამ ამოიოხრა:

– რა კარგად ვიყავი, სანამ პირს გააღებდი. აქაურობა ძალიან მომწონს. შეშის ტკაცუნი ბუხარში მამშვიდებს და თავს ისე უბედურად აღარ ვგრძნობ. სიამოვნებით დავრჩებოდი და ვიცხოვრებდი ამ სახლში, ყველას და ყველაფრისგან მოშორებით.

– ამას ახლა ამბობ, მაგრამ ერთ თვესაც  ვერ გაძლებდი. თანამედროვე ადამიანები მეტისმეტად დამოკიდებულები გავხდით ცივილიზაციაზე, კომფორტზე. მე უკვე მაღიზიანებს ბოლის სუნი და ჭიდან წყლის ამოღებაზე ხომ, საერთოდ, ვცოფდები.

– კარგი, რა. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ ცოტა ხნით უჩვეულო სამყაროში აღმოჩნდი.

– მე რომანტიკოსი არ ვარ, სისხლსავსე ცხოვრება მიყვარს. წლები მიდის. სიბერეშიც მეყოფა ბუხართან ჯდომა და ნაცრის ქექვა. აქაც შენს გამო ვარ და სული კბილით მიჭირავს.

– რატომ? ხომ მშვიდად ხარ?

– მშვიდად? ამისთანა სიმშვიდე არ მომწონს და არც მინდა – უკმაყოფილოდ დაიღრიჯა გიგი – დასალევი კიდევ დაგვრჩა?

– დაგვრჩებოდა. მე თითქმის არ ვსვამ და შენ მაგდენს ვერ დალევდი. სამზარეულოში არ იყო არაყი?

– ალბათ. ადგომა და გამოტანა მეზარება. თან ერთჯერადი ჭიქებიც გაგვითავდა.

– ჭიქების მეტი რა არის სამზარეულოში?!

– ბიჭო, მერე იმ ჭიქებს გარეცხვა არ უნდა? ჭიდან ამოღებული წყლით გავრეცხო, თუ გასარეცხი დავტოვო?! ეგეთი უსინდისოც კი არ ვარ?! ჰო, მართლა, როცა წავალთ, ნაგავი არ უნდა დაგვრჩეს, საკმაოდ ბლომად დაგროვდა. გასაღებს რომ მივუტან იმ ბიჭს, ხომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი წესრიგში დავტოვე.

– ნუ მახსენებ, რომ უნდა წავიდეთ აქედან, – ამოიოხრა ზუკამ, – მით უფრო, რომ ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე.

გიგიმ ცეცხლის საჩხრეკით ალმოდებული შეშის ნაჭერი შეასწორა და თითქოს ზუკას ნათქვამი საერთოდ არ გაეგონოს, ჩაილაპარაკა:

– უჰ, ერთი ფინური აბანო დაგვხატავდა.

– რა?

– ფინური აბანო-მეთქი. დიდი სიამოვნებაა, ფიქრებისგანაც კი გწმენს და თითქოს ახლიდან იბადები. მით უმეტეს, ცუდი ფიქრებისგან.

– ჩემს ბოსტანში კენჭებს ნუ ისვრი. პირობა ხომ მომეცი, ლიზაზე და მასთან ჩემს ურთიერთობაზე არ დამელაპარაკებოდი.

– შენ რომ გინდა, ამაზე გელაპარაკო? ვერ მომატყუებ, თვალებზე გატყობ. მე კი, ნინიზე ლაპარაკი მინდა.

– ვილაპარაკოთ, მერე… აღარ გინახავს? 

– შენი გადამკიდე რას ვნახავდი? ძიძასავით დაგდევ უკან. აჰა, ახლაც აქ გიზივარ.

– მაყვედრი?

– არა. ფაქტს გიდასტურებ. თუმცა, ვაღიარებ, რომ ერთი-ორი დღე აქ ყოფნა მართლა კარგია. თოვლი, სუფთა ჰაერი, ხის სურნელი.

– ჰო, ძალიან მაგარია. ქალი რომ ვყოფილიყავი, საყვარელ მამაკაცს ვთხოვდი, ასეთი სახლი ეყიდა ჩემთვის და სრულიად ბედნიერი ვიქნებოდი. არც ინტერნეტი, არც სხვა საცდური.

– მთაშიც კი ვერ იპოვი ისეთ ქალს, აქ ცხოვრებით რომ ბედნიერი და კმაყოფილი იქნება. ადგილობრივი შინაბერაც კი გამოიდებს თავს.

– ვითომ? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული. ნინითი და ლიზათი მსჯელობ?

– თუნდაც. თავიდან რა გითხარი? – ყველა ქალი ერთნაირია-მეთქი. ჰოდა, მაგ ყველაში ადგილობრივებიც შედიან.

ზუკამ თავი გააქნია.

– ვიღაც მაინც იქნება ბუნებრივი და ნატურალური.

– ბუნებრივი და ნატურალური?! – გიგი გაინაზა, – ფსიქოლოგები რომ ურჩევენ ხოლმე ფეშენ-გადაცემებში: „იყავი ის, რაც ხარ!” – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საკმარისია, ქალის ცხოვრებაში საინტერესო მამაკაცი გამოჩნდეს, რომ ეგრევე თამაშს იწყებს. ზოგი ნიჭიერად, ზოგიც უნიჭოდ. ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი არსია – სქესთა შორის ურთიერთობა რომ დგება დღის წესრიგში, სიტყვა „უბრალო” აბსოლუტურად უადგილო ხდება. არც ერთი ქალი არ შეეგუება იმას, რომ უბრალოება დააბრალონ. პირიქით, ტყავიდან ძვრებიან, რომ საკუთარი განსაკუთრებულობა დაგვიმტკიცონ.

– ახერხებენ კიდეც, – მოულოდნელად დაეთანხმა ზუკა, – ლიზამ დამიმტკიცა, რომ განსაკუთრებულია. თუმცა, უჩვეულო არაფერი გაუკეთებია.

– თავისი როლი შესანიშნავად ითამაშა, ისევე, როგორც ნინიმ, – კვერი დაუკრა გიგიმ.

– არ მესმის, თამაშს რას ეძახი. ვფიქრობ, ნინიც და ლიზაც აბსოლუტურად ინდივიდუალური ადამიანები, პიროვნებები არიან. უბრალოდ, ჩვენი სურვილები მათ სურვილებს არ დაემთხვა. ამაში მათ ბრალი არ მიუძღვით.

გიგიმ ირონიულად გაიღიმა.

– რა უცნაური ვინმე ხარ. ისევ საკუთარ თავს ადანაშაულებ, მასთან რომ არაფერი გამოგივიდა. აღარ გახსოვს, როგორ დაგემუქრა?

– ჰქონდა მიზეზი და დამემუქრა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია. პირიქით, თამაში რომ აღარ უნდოდა, არჩევანი ქმრის სასარგებლოდ გააკეთა. დარწმუნებულია, რომ მასთან უკეთესად იქნება. როგორ გავამტყუნო? რა გამიკეთებია მისთვის? – არაფერი. ჩვენი ხანმოკლე ურთიერთობის განმავლობაში ერთი ძვირფასი, ღირსეული საჩუქარიც კი ვერ ვუყიდე.

გიგიმ ხელები გაშალა.

– არა, რა, სულ გაგიჟდი. რად უნდოდა ცხოვრებით განებივრებულ ქალს შენი უბადრუკი საჩუქრები?

– რატომ არ უნდოდა? შენ რა, ვერ ხვდები, რას ვგულისხმობ? ლიზამ ჩემში ის რაინდი ვერ დაინახა, რომლის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობდა. ვერ მიხვდა, რით ვიქნებოდი მე მის ქმარზე უკეთესი. ვერაფერი შევთავაზე, გესმის შენ?

– არა, არ მესმის და ვერც გავიგებ, – გაბრაზდა გიგი, – როგორი სულელი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ლიზას ოცნება თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდია, ან როდესმე ყოფილა. ჰყავს უკვე დამფინანსებელი და თავს დედოფლად გრძნობს. თანაც ისე, რომ მეფე არ სჭირდება.

– რამდენიც უნდა მელაპარაკო და ტვინი მიბურღო, მე მაინც ვრწმუნდები, რომ მართალი ვარ. ლიზამ სხვანაირი უნდა მნახოს, სხვა ზუკა უნდა დაინახოს ჩემში.

– შენ თვითგვემისკენ გაქვს მიდრეკილება. ამას უკვე ვეღარაფერს ვუშველი. უფრო სერიოზული დახმარება გჭირდება. მაგალითად, ფსიქოთერაპევტის.

– არ მჭირდება. არც გიჟი ვარ და არც ნერვული აშლილობის ზღვარზე ვდგავარ. შენთვის კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სწორი გადაწყვეტილება იყო, ჩემი აქ წამოყვანა.

გიგიმ ამოიოხრა.

– ეჰ, შედეგი მაინც ვერ დავდე ისეთი, როგორიც მინდოდა და რა გამოვიდა?!

ზუკამ გაიცინა.

– გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო. შენთან ვალში ვარ. თუ გინდა, მივალ ნინისთან და ვეტყვი, როგორ ძალიან გიყვარს.

– გმადლობ, მაგრამ საჭირო არ არის. როგორმე მე თავად მივხედავ საკუთარ პრობლემას, თუ ეს საერთოდ არის პრობლემა. შენი ეგ ღიმილი და გახალისება კი სერიოზულად მაფრთხობს.

– ნუ გეშინია, სისულელეს აღარ გავაკეთებ, – ისევ გაიღიმა ზუკამ.

– ანუ…

– ანუ, ლიზას ქმართან მისვლა დღის წესრიგში აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ის კაცი არ არის დამნაშავე.

– ჰმ, დამნაშავე როგორ იქნება, როცა შენსავით, ისიც მსხვერპლია.

– მე არ მივიჩნევ საკუთარ თავს მსხვერპლად, – მხრები აიჩეჩა ზუკამ.

– არ მინდა, საპირისპიროს მტკიცება დავიწყო. აზრი არა აქვს, – ხელი ჩაიქნია გიგიმ – ეჰ, რაც არის, არის. მოდი, დავლიოთ. გავრეცხავ ჭიქებსაც. ნაბახუსევზე აღარ გამიჭირდება. გინდა, მოგიყვე ნინისთან როგორ იყო?

ზუკას განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუხატავს, მაგრამ გიგისთვის ამას ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა.

– მოკლედ, ნინიმ თავისი უბრალოებით გამაოგნა და მიმიზიდა. დაღლილი ვიყავი გადაპრანჭული, ტუჩებგაბუსხული გოგოებით. ჰოდა, უცებ ნინი „გაიჩითა” ჯინსებში, კედებში და მამამისის სვიტერში. მოკლედ შეკრეჭილი თმითა და უზომოდ ბავშვური. მაშინ დავიჯერე, რომ ჩემი „კლონირების თეორია” სისულელე იყო.

– „კლონირების თეორია” რაღაა? – განცვიფრებისგან პირი დააღო ზუკამ.

– იყო დრო, როცა სერიოზულად ვმუშაობდი მაგ თემაზე. არ დაკვირვებიხარ, ადამიანები თავისნაირებს როგორ ამრავლებენ? პოპულარულ-წარმატებულებს ვგულისხმობ. თითქოს პატარ-პატარა კლონები ჩნდებიან, მათი უღიმღამო აჩრდილები. ნინი აშკარად გამოირჩეოდა ამ აჩრდილებს შორის და ვიფიქრე – აი, ვიპოვე ის ერთადერთი და ჩემთვის დაბადებული-მეთქი. იცი, როგორი ბუნებრივი და პირველყოფილი სილამაზე იყო? არაფერი განსაკუთრებული, არანაირი პარამეტრები და სამოცი ოთხმოცზე, მაგრამ გული წაიღო. ეგრევე შემიყვარდა, მაგრამ მერე… ეჰ, ჩემი ნინიც მალევე შეიცვალა და სამწუხაროდ, უარესობისკენ.

– იქნებ, შენ შეიცვალე?

– შეიძლება, არ უარვყოფ, მაგრამ ნინი… ვერ ვხვდები, რატომ გახდა ყველასნაირი.

– მაგრამ შენ ის მაინც გიყვარს, ხომ ასეა? აუცილებელი იყო, მისი დაკარგვის საფრთხე გეგრძნო, რომ ამას მიმხვდარიყავი?

– ჰო, ეგ ჩემთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი იყო.

ზუკამ თვალები მოჭუტა და უკვე სამზარეულოსკენ მიმავალ გიგის მიაძახა:

– იქნებ ესეც დროებითია. გიფიქრია ამაზე?

გიგი შემობრუნდა და მეგობარს ფიქრიანი მზერა მიაპყრო.

– რას გულისხმობ?

– გინდა, ნინი შეგირიგდეს? მართლა გინდა?

– ჰო. მინდა. ეჭვი გეპარება? რატომ?

– იმიტომ, რომ არ გითქვამს, მისი ცოლად შერთვა გინდა, თუ არა.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

– უდიდესი. ნინიმ თუ არ დაინახა, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალე, აზრი არა აქვს შენს მცდელობებს.

– რა გინდა, ამით თქვა? ბეჭედი ვუყიდო და პირდაპირ ხელი ვთხოვო?

– დაახლოებით. მითხარი, მზად ხარ ამისთვის?

– არ ვიცი.

– ხედავ? მაგაშია საქმე. ჰოდა, გირჩევ, კარგად დაფიქრდე. წარმოიდგინე, რომ ნინი შენი ცოლია, ერთად ცხოვრობთ, შვილები გიჩნდებათ. შენ მათზე ზრუნავ…

გიგი გაფითრდა.

– გეყოფა. ნამდვილი სადისტი ხარ.

– პირიქით. მე იმას გეუბნები, რაც შენ არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარება. თუ საოცრება მოხდა და შეგირიგდა, იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

– დავლიოთ, – მოკლედ მოჭრა გიგიმ და არყის შემოსატანად გავიდა.

              * * *

– ნინიმ ლამის იყვირა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და პირზე გაშლილი ხელისგული აიფარა.

– ვაიმე, ახლა რა უნდა ქნა?

– მოვიფიქრე უკვე. თუ გაბედავს და კიდევ ეცდება ჩემს სახლთან გამოჩენას, ლევანს ვეტყვი.

– გაგიჟდი? რას ეტყვი?

ლიზამ ირონიულად ჩაიცინა.

– რას და გიჟია-მეთქი, განვაცხადებ. ჩემი კლიენტი იყო და მას შემდეგ სულ ცდილობს, დამიახლოვდეს-მეთქი, გგონია, არ დამიჯერებს?

– შენ კი დააჯერებ, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი და უხერხული სიტუაციაა.

– ვინ ამბობს, რომ კარგად არის საქმე. იდიოტი, როგორი სულელი ყოფილა. ეს რომ სხვას შემთხვეოდა, სიცილით მოვკვდებოდი. მაგრამ, მანქანასთან რომ დავინახე, ლამის ცუდად გავხდი.

ნინიმ ამოიოხრა.

– ლიზ, მე ხომ არ შევხვდე და დაველაპარაკო? შენ ხომ არ იცი, რას მოიმოქმედებს.

– რა უნდა მოიმოქმედოს, მგონი, მაგრად შეეშინდა. ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდება.

– მე შენს ადგილას ასე მშვიდად ვერ ვიქნებოდი.

– არც ვარ, მობილურიც მაგიტომ გამოვრთე. ყოველთვის ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მინდოდა. გავგიჟდები, სიტუაციის კონტროლი რომ დავკარგო.

– ამიტომაც გეუბნები, მე ვნახავ-მეთქი. დაველაპარაკები და გავიგებ – რას ფიქრობს, რას აპირებს.

– გეტყვის? – ლიზა დაფიქრდა.

– ვეცდები, ვათქმევინო.

– არა. არ მინდა, ამ ამბავში გაგხვიო. თუმცა, მგონი, ცუდი არ იქნებოდა. მართლა დაელაპარაკები?

– ჰო. რა პრობლემაა?

– მაშინ კარგად მოვიფიქროთ, დავგეგმოთ და ისე, კარგი?

– კარგი. როცა მეტყვი და როგორც მეტყვი.

– ჯანდაბა. ორსულად არ ვიყო, მაგას ვუჩვენებდი, როგორ უნდა ჩემი შეწუხება და პრობლემების შექმნა.

– ორსულად რომ ხარ, სწორედ მაგან შექმნა პრობლემა. ლიზა, მართლა ზუკასგან ხარ ორსულად? – მორიდებით ჰკითხა ნინიმ და უხერხულობისგან გაწითლდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3