კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინდისის კარნახით

ლარის უზომოდ უყვარდა მამა. სიტყვები არ სჭირდებოდა იმის მისახვედრად, რას გრძნობდა, ან განიცდიდა მშობელი. პლაჟიდან დაბრუნებული მაშინვე მიხვდა, რომ სახლში, მათ ლაჟვარდოვანი სანაპიროს ფეშენებელურ აგარაკზე, რაღაც უბედურება მოხდა. მისტერ ვიკსი სასტუმრო ოთახში, სავარძელზე იჯდა და საკუთარ ხელებს ჩაშტერებოდა.

– მამა! – ფრთხილად დაუძახა ლარიმ.

კაცს მისთვის არ შეუხედავს, ისე დაიწყო ლაპარაკი.

– მე ის მოვკალი... ჩემი ცოლი, დორისი. ამ ხელებით დავახრჩვე. მღალატობდა. ერთმანეთს აქ, ამ სახლშიც კი ხვდებოდნენ. ამიტომაც დავახრჩვე.

ლარი მასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი.

– ვიცოდი იმ ტიპის არსებობის შესახებ, მაგრამ ვდუმდი. დორისი ხომ შენი ცოლი იყო. ახლა რა უნდა ვქნათ?

– პოლიციაში წავალ და ყველაფერს ვაღიარებ, – ამოიოხრა მისტერ ვიკსმა.

ლარი შეხტა.

– არავითარ შემთხვევაში. ამას არ დავუშვებ. შენ არ დაგაპატიმრებენ. მე ვიზრუნებ ამაზე.

– კი, მაგრამ როგორ?

– აქეთ რომ მოდიოდი, ვინმემ გნახა?

– მგონი, არა.

– სასწრაფოდ გაემგზავრე და კლუბში მიდი. მთელი საღამო იქ იყავი და ერთხელ სახლშიც დარეკე. მოგვიკითხე ისე, რომ იქ მყოფებმა ეს გაიგონ. დარეკე, იმხიარულე. ერთი სიტყვით, დაამახსოვრე თავი ადამიანებს. გვამზე მე ვიზრუნებ და მოვიშორებ. ყველაფერი კარგად იქნება, მამა.

– კი, მაგრამ ლარი, შენ რა შუაში ხარ. სინდისი არ მომცემს საშუალებას, ამ ამბავში გაგხვიო, ჩემო ბიჭო, არ შემიძლია.

– მამა, ჩემთვის გაცილებით აუტანელი შენი ციხეში ყოფნა იქნება ქურდებსა და ავაზაკებს შორის. ჩქარა წადი, დროს ნუ კარგავ და შეიქმენი ალიბი.

დედინაცვალი ლარიზე მხოლოდ ათი წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს კიდევ არ გახლდათ დიდი უბედურება. ახალგაზრდა, ქერა ლამაზმანი ქმარს ქორწინების პირველივე წლიდან ღალატობდა. ვიკსს ცოლად ფულისა და კეთილდღეობის გამო გაჰყვა. თუმცა, ლარის ის მაინც არ სძულდა. ახალგაზრდა კაცს მხოლოდ სიყვარული შეეძლო და მთელი გულით უყვარდა მამა. დორისი ლოგინზე გარდიგარდმო იწვა. ყელზე თითების კვალი აჩნდა. სხეულს უკვე მოესწრო გაშეშება, მაგრამ ძალიან მძიმე არ იყო. შევძლებ. მე გავაკეთებ ამას, მე შევძლებ. თანაც ისე გავაკეთებ, რომ პასუხი მთავარმა დამნაშავემ აგოს, იმ კაცმა, რომელთანაც დორისი დროს ატარებდა. სწორედ ის არის დამნაშავე და არა მამა. საზიზღარი ნაძირალა. რატომ გააბა რომანი გათხოვილ ქალთან? ლარიმ გვამი და ოთახი კარგად დაათვალიერა. უსისხლოდ ჩადენილ მკვლელობას თავისი უპირატესობები ჰქონდა. ლარი დაფიქრდა. ისევ ქვემოთ ჩავიდა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა. 

– ალო, სასტუმრო „პინედისთან” დამაკავშირეთ და მისტერ გორდონს სთხოვეთ... დიახ, მისტერ გორდონ, მისის ვიკსის დავალებით გირეკავთ, რესტორნის მეტროდოტელი ვარ. მისის ვიკსს ნიუ-იორკიდან მეგობრები ეწვივენენ და გთხოვთ, ორ საათში მანქანით მიაკითხოთ რესტორანში, რომელიც ფიჭვნართანაა. იცით, ხომ?

– დიახ, დიახ. მისის ვიკსს უთხარით, რომ ვიპოვი რესტორანს.

„იპოვი, რა თქმა უნდა,” – გაიფიქრა ლარიმ, – „პირველად ხომ არ მიდიხარ იქ? რამდენიმეჯერ მინახავხარ ჩემს დედინაცვალთან ერთად. გაზღვევინებ ყველაფრისთვის.”

გვამი ფრთხილად ჩამოიტანა მეორე სართულიდან. შუა ოთახში გაფენილ დიდ ხალიჩაზე დააწვინა და შეახვია მასში. ასე შეძლებდა მისი სახლიდან გატანას ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუ ცნობისმოყვარე მეზობლები კითხავდნენ, ეტყოდა, რომ ხალიჩაზე ღვინო დაეღვარა და ქიმწმენდაში მიაქვს. ასეც მოიქცა. საბედნიეროდ, ისეთი დრო იყო, დასასვენებლად ჩამოსული ადამიანები ან პლაჟზე უყურებდნენ ჩამავალ მზეს, ან რესტორნებში ვახშმობდნენ. ლარიმ დორისის ოთახიდან, ერთი სამაჯური აიღო, რომელსაც ზედ ქალის სახელი და ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთი-ორმა მეზობელმა დაინახა, როგორ ჩადო დახვეული ხალიჩა „პიკაპის” ძარაში, მაგრამ ამაში რა იყო გასაკვირი. მხოლოდ ის, რომ ხალიჩა გასარეცხად გვიან საღამოს მიჰქონდა?! მანქანა ნელა მიუახლოვდა ფიჭვნარს და ისე გაჩერდა, რომ ლარის გზაზე მომავალი მანქანა შეემჩნია. დანიშნულ დროს ისიც გამოჩნდა. მანქანა ფიჭვნარის სიღრმეში, მოფარებულ ადგილას გაჩერდა, სადაც ყოველთვის აჩერებდა ხოლმე და ლოდინი დაიწყო. ლარიმ ეს ყველაფერი გათვალა. ისიც ზუსტად იცოდა, როდის ევსებოდა მოთმინების ფიალა და არც შემცდარა. დორისის საყვარელმა რამდენჯერმე გაბმით მისცა სიგნალი. ეს მათი ნიშანი იყო. მერე მანქანიდან გადავიდა და რესტორნისკენ გაემართა, რომელიც საკმაოდ მოშორებით აღმოჩნდა იმ ადგილიდან. ლარი „პიკაპიდან” გადმოვიდა. ხალიჩაში გახვეული გვამი მანქანიდან ჩამოიღო, ხალიჩა შემოხსნა და ნელა წაათრია დორისის საყვარლის მანქანამდე. გვამი უკანა სავარძელზე მოათავსა, სამაჯურიც იქვე მიაგდო და თავისი მანქანისკენ სირბილით წავიდა. ხალიჩა აღარც გახსენებია. „პიკაპი” მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს და წინ გავარდა. გზაჯვარედინზე პოლიციელმა გააჩერა.

– ახალგაზრდავ, სად გეჩქარებათ?

– ბოდიში, დამნაშავე ვარ. უნდა დამირეკონ და მინდა, სახლში დროზე მივიდე, – თქვა ლარიმ და მაშინვე ინანა.

სახლს რომ მიუახლოვდა, კოტეჯი განათებული დახვდა, არადა, კარგად ახსოვდა, შუქი გამოსვლისას გამორთო. მამა ისევ სასტუმრო ოთახში იყო და მას ელოდებოდა.

– რატომ არ ხარ კლუბში? მამა, ასე ადრე რატომ დაბრუნდი?

– არ შემიძლია. უნდა წავიდე პოლიციაში. რა უყავი გვამი?

– არ მკითხო. უამრავი შეცდომა დავუშვი. ხალიჩა ტყეში დამრჩა. პოლიციელს ვუთხარი, რომ სატელეფონო ზარს ველოდებოდი – შენ კი მოულოდნელად უნდა დაგერეკა. მეზობლებმაც დამინახეს ხალიჩას მანქანაში რომ ვდებდი. წავიდეთ, მეც გამოგყვები.

– გამომყევი, მაგრამ იცოდე, მთელ დანაშაულს მხოლოდ ჩემს თავზე ვიღებ, არ მინდა, შენც დაგღუპო.

ლარიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი.

პოლიციის განყოფილებაში შესამჩნევი ჩოჩქოლი იყო. ლარიმ მამა გარეთ დატოვა და შიგნით ჯერ თვითონ შევიდა. სერჟანტმა თავი ასწია და შეხედა.

– რამე მოხდა?

– დიახ, განცხადება უნდა გავაკეთო. ლარი ვიკსი ვარ და დორის ვიკსის თაობაზე მოვედი. ის მამაჩემის მეორე ცოლი იყო.

სერჟანტმა მოულოდნელად თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– მესმის, მისი გაუჩინარების თაობაზე უნდა გვაცნობოთ?

– დიახ, – ლარიმ მექანიკურად დაუქნია თავი. სერჟანტმა წინ სამაჯური დაუდო.

– ეს მისი ხომ არ არის?

– დიახ, – ლარი ნელ-ნელა მოეგო გონს და ხვდებოდა, რომ რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა, – მამამ აჩუქა. ზედ მისი სახელია ამოტვიფრული.

– ჰო, ამ ინიციალებით ამოვიცანით. მისი თანამგზავრის ვინაობას კი ჯერაც ვადგენთ. თუ მანქანის პატრონი ის არის.

– კი, მაგრამ. რა მოხდა?

– საშინელი ავარია. ნახევარი საათის წინ მამაკაცმა, რომელიც თქვენს დედინაცვალთან ერთად იყო მანქანაში და საჭესთანაც, სავარაუდოდ ის იჯდა, მართვა დაკარგა და წინ მიმავალ სატვირთო ავტომობილს მთელი ძალით შეეჯახა, მერე კი ხევში გადავარდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გვიან ჩავაქრეთ, როცა მივედით, გვამები თითქმის დანახშირებული დაგვხვდა. სატვირთო მანქანის მძღოლმა თქვა, ჩამქრალი ფარებით მოდიოდნენო. ეტყობა, იმ ტიპმა ბევრი დალია. თანაგიგრძნობთ.

– ნება მომეცით, ეს საშინელი ამბავი მამაჩემს თავად ვუთხრა. ის გარეთ მელოდება, – ჩაილაპარაკა ლარიმ, რომელსაც კიდევ არ სჯეროდა სიტუაციის ამგვარი შემობრუნების.

სერჟანტმა ისევ თანაგრძნობით დაუქნია თავი.

 

скачать dle 11.3