რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107”, 25 წლის. მაინტერესებს, რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ზამთრისა და ზაფხულის წვას შორის არის თუ არა რაიმე სხვაობა?
პასუხი: ასე, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება, დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს – გააჩნია, მართვის რეჟიმს და იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას აუცილებლად გამოიწვევს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება, დააწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, რადგან ტემპერატურის იმ კონდიციას, როცა მინიმალური საწვავი სჭირდება, ის გვიან აღწევს, ანუ გვიან თბება.
კითხვა: გთხოვთ, დამიხასიათოთ ახალი „აუდი ა 4” 2.0 ან 3.0 აღჭურვილი ძრავებით. რომელი ჯობია, უფრო სწორად, საქართველოს გზების პირობებში – რომელი უფრო გამძლეა? როგორი სავალი ნაწილი აქვს და გამძლე თუა? ხომ არ ჯდება ამორტიზატორები სწრაფად? ან მის გადაცემათა კოლოფს („ტიპტრონიკს“) რამე პრობლემა ხომ არ ექმნება? რამდენად ეკონომიური და სწრაფია და რა სუსტი მხარეები აქვს ორივეს?
პასუხი: თქვენ, ალბათ, 2005-2008 წლის მოდელებზე საუბრობთ. ალბათ, ძრავების მოცულობა ძალიან ბევრ კითხვაზე გცემთ თავისთავად პასუხს.
2.0-იანი ძრავათი აღჭურვილი მოდელები მუშაობენ როგორც ბენზინის, ისე დიზელის სისტემაზე, ხოლო 3.0-ანი დიზელის სისტემაზე. კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ, რა ტიპის ძრავაზეა საუბარი. ამიტომ, ჩვენ ამ ძრავებზე ზოგად მონაცემებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სიმძლავრესა და სისწრაფეს 2.0 „ტედეი” ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოიმუშავებს, 138 ცხენის ძალას და მისი მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრია საათში. 3.0-იანი „ტედეი” ძრავა კი 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 246 კილომეტრი საათში. გარდა ამისა, არსებობს „ტე ეფესაი”, „დეტეემ ედიშენ” და სხვა ტიპის 2.0-იანი ძრავები, რომლებსაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვს. რაც შეეხება ამორტიზაციის სისტემას და სავალი ნაწილის გამძლეობას, ზოგადად „აუდის” მარკაზე გეტყვით, რომ ის ნაკლებად ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე, ანუ, არათანაბარ გზის საფარზე და სხვა. მისი დაკიდების სისტემა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, რათა უკეთესი მანევრი უზრუნველყოს. ეს კი საქართველოში ძალიან ბევრ თავსატეხს აჩენს იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილის რომელიმე პატარა ნაწილი მაინც გაფუჭდა. „ტიპტრონიკი” არის ავტომატური მართვის კოლოფის დანამატი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ამ ტიპის კოლოფისგან უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ არც მექანიკა იზიდავდა. „ტიპტრონიკს” ძალიან სერიოზული მოფრთხილება სჭირდება, რადგან პრობლემები ხშირად აქვს, ანუ ხშირად ფუჭდება და აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება.