კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდნენ ნარკორეალიზატორების მფარველები მილიციის მაღალჩინოსნები და რატომ ყიდდნენ თბილისში „მიშიაკით“ გამდიდრებულ წამალს

პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ორმაგი მკვლელობა

1980 წლის 11 მაისს, ზემო ვერაზე, 19 წლის ახალგაზრდები – კოტე ვასაძე და ირაკლი ტუღუში დაკრძალეს. ისინი ძმაკაცები იყვნენ, ერთი სკოლა დაამთავრეს და პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც ერთად სწავლობდნენ. მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღება, რაც ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა. ვასაძე ქიმიის პროფესორის ვაჟი იყო, დედ-მამით ობოლ ტუღუშს კი ბებია ზრდიდა და ცნობილი რეციდივისტის, ვანო ტუღუშის ძმისშვილი იყო. 34 წლის ვანო ტუღუში, მეტსახელად „ელვა,“ ციხიდან იყო გაქცეული და მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული. მან გვიან გაიგო ძმისშვილის დაღუპვის ამბავი და დასაფლავებას ვერ ჩამოუსწრო. ელვა 17 მაისს ჩამოვიდა თბილისში და ჯერ ირაკლის საფლავზე ავიდა და ყვავილები აიტანა, შემდეგ კი დაღუპულების ძმაკაცს, გურამ კვაჭაძეს ეწვია სახლში და მისგან შეიტყო, რომ ბიჭები ვინმე ანზორ ხულიას წამლით იყვნენ გარდაცვლილები. ხულია ვერაზე ცხოვრობდა, ერთ-ერთი „იტალიური ეზოს” სარდაფში და წამალსაც იქვე ყიდდა. წამოსვლის წინ გურამ კვაჭაძემ ელვას უთხრა:

– ძია ვანო, ამბობენ, რომ ხულია წამალში „მიშიაკს“ (თაგვის წამალი) ურევს წონის გასაორმაგებლადო.

– შენ რა იცი?

– რა და, ერთი ვიქტორაა, მოსიძე. იმანაც ის წამალი გაიჩხირა, რაც კოტემ და ირაკლიმ და ისიც კვდებოდა, მაგრამ, მამამისი ექიმია, თანაც, ვიქტორას ეს სახლში დაემართა და მამამისმა სიკვდილს გადაარჩინა. სწორედ მამამისს აღმოუჩენია ვიქტორას სისხლის ანალიზში „მიშიაკი” და იმან თქვა.

 ელვამ პროფესორ ნოდარ მოსიძისგან გაიგო, რომ წამალში მართლაც იყო თაგვის წამალი გარეული. მადლობა გადაუხადა მას და ანზორ ხულიას მიადგა სარდაფში. ხულია ელვას არ იცნობდა და სახლში შეშვება არ უნდოდა, მაგრამ ვანო ძალით შეიჭრა მასთან, შუბლზე ნაგანი მიადო და უთხრა:

– წამალში მიშიაკს რატომ ურევ, შე ნაბოზარო! შენი წამლით ორი ბიჭი დაიღუპა და ერთი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ხულია თავდაპირველად უარყოფდა ყველფერს, მაგრამ, როდესაც ის ელვამ გააშიშვლა და გააუთოვა, ხულიამ „მიშიაკის” ფაქტიც აღიარა და ელვას უთხრა, რომ წამლით მას ვინმე ჰუსეინ ვაჰიდ-ზადე ამარაგებდა.

– ეგ ვიღაა? – ჰკითხა ელვამ ხულიას.

– მეიდანში ცხოვრობს. ნაძაღლარია და „ძაღლებთანაა” შეკრული. მგონი, მას „ძაღლები” ამარაგებენ წამლით. ამხსენი, რა, ხომ ყველაფერი გითხარი? – უთხრა ხულიამ ელვას.

ელვამ ანზორ ხულიას თოკი დანით გადაუჭრა და დანა იქვე დადო, ხულიამ კი დანას ხელი წამოავლო და ელვას მოუქნია. ელვამ გაწევა მოასწრო, შემდეგ წამლის ბარიგას მეორედ მოქნეული დანიანი ხელი დაუჭირა, თავისსავე დანაზე წამოაგო და ადგილზევე მოკლა. ორი დღის შემდეგ ელვა ჰუსეინ ვაჰიდ-ზადეს სახლთან დახვდა, რომ გაეტაცებინა და მისთვის ფული წაერთმია, თან, წამლის შემომტანების ვინაობა გაეგო, მაგრამ, ყოფილი მილიციელი შეიარაღებული აღმოჩნდა და ჯიბიდან „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ამოაცურა. ელვას სხვა გზა არ დარჩენოდა, ვაჰიდ-ზადეს ნაგანიდან სროლა დაასწრო და ტყვია გულში მოარტყა. მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, მილიციამ ივარაუდა, რომ ორივე მკვლელობა რეციდივისტ ვანო ტუღუშის, იგივე ელვას ჩადენილი იყო და მისი ძებნა გააორმაგეს. მილიცია დაფაცურდა და მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა. ყველაზე მეტად კი ხულიასა და ვაჰიდ-ზადეს მფარველები შეშფოთდნენ. ისინი მილიციის მაღალჩინოსნები იყვნენ და ელვას ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს…

არასასურველი მიმართულება

თავდაპირველად ხულიასა და ვაჰიდ-ზადეს მკვლელობებს ცალ-ცალკე იძიებდნენ, მაგრამ, შემდეგ ისინი გააერთიანეს და მაიორ ილო მახარაძეს გადასცეს. მაიორი მახარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და პატიოსანი ადამიანის სახელი ჰქონდა. მან საქმის საფუძვლიანად გამოძიებას მიჰყო ხელი და იმაზე მეტი რამ გაარკვია, ვიდრე ეს მილიციის ზოგიერთ მაღალჩინოსანს სურდა. მახარაძემ დაადგინა, რომ ხულიას ვაჰიდ-ზადე ამარაგებდა ნარკოტიკებით, რომელსაც, თავის მხრივ, რესპუბლიკის გარეთ, კონკრეტულად კი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰქონდა კავშირები, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შედიოდა. მაიორ მახარაძეს თავის საგამოძიებო ჯგუფში გამოცდილი და პატიოსანი თანამშრომლები ჰყავდა გაერთიანებული, რომლებსაც ბოლომდე ენდობოდა, ამიტომ, მათ არაფერს უმალავდა და ყველაფერს ბოლომდე ამბობდა. მიუხედავად ამისა, ნარკორეალიზატორების მფარველმა მილიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც მილიციის პოლკოვნიკი აპოლონ გეწაძე მეთაურობდა, მაინც მოახერხეს კაპიტან ვარლამ კეშელავას გადაბირება, რომელიც მახარაძის ჯგუფში მუშაობდა. კეშელავას ფული გადაუხადეს, ბინასაც შეჰპირდნენ და დაწინაურებასაც, ის კი მათ გამოძიების გასაიდუმლოებულ დეტალებს აცნობდა. აპოლონ გეწაძემ თავისი თანამზრახველები კონსპირაციულ ბინაში შეკრიბა, კეშელავას მიერ მიწოდებული მასალები გააცნო და უთხრა:

– მახარაძე უნდა ჩამოვაშოროთ გამოძიებას, თორემ, ჩვენამდეც მოაღწევს და ვერ გადავრჩებით. ის ნაბოზარი ელვა კი დროზე ჩააძაღლონ. ის რომ არა, ჩვენი საქმე საფრთხის წინაშე არ დადგებოდა.

თანამოაზრეები გეწაძეს დაეთანხმნენ, პოლკოვნიკმა კირაკოზოვმა კი უთხრა:

– მართალი ხარ, მახარაძე დროზე თუ არ მოვაშორეთ ამ საქმეს და გამოძიების ჩვენთვის არასასურველი მიმართულება არ შევაცვლევინეთ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება. ხოლო, რაც შეეხება ელვას ლიკვიდაციას, ჩვენმა ჩეჩენ-ინგუშმა მეგობრებმა აბდულ იბრაგიმოვი გამოგზავნეს საქართველოში და ვანო ტუღუშს ის მიხედავს.

– ეგ ვიღაა? – ჰკითხა კირაკოზოვს გეწაძემ?

– ცნობილი პრისტუპნიკია, ძებნილი. სინამდვილეში კი მილიციის კაცია და ბინძურ საქმეებს აკეთებინებენ. მოკლედ, ელვას ის მოძებნის და მოკლავს…

ერთი კვირის შემდეგ მაიორი ილო მახარაძე დააწინაურეს, გამოძიებას ჩამოაშორეს და სამუშაოდ სოხუმში გადაიყვანეს. თბილისში კი აბდულ იბრაგიმოვი, მეტსახელად „ბასმაჩი“ ჩამოვიდა, რომელსაც ძებნილი ელვა უნდა ეპოვა და მოეკლა.

წითელი დროშის ორდენი

აბდულ იბრაგიმოვი 3 ივლისს ჩამოვიდა თბილისში, ერთ-ერთ არალეგალურ ბინაში ჩასახლდა და ელვას ძებნას შეუდგა. ის მძარცველი იყო და ორი ინკასატორის მკვლელობისთვის დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, ქალაქ გროზნოს „კაპეზედან“ გაიქცა. მკვლელობების გარდა, 37 წლის იბრაგიმოვს კიდევ ორი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. ბასმაჩი ელვას პირადად არ იცნობდა, მაგრამ, მასზე ბევრი რამ სმენოდა. ტუღუშიც მძარცველი იყო, თუმცა, იბრაგიმოვისგან განსხვავებით „სუფთად” მუშაობდა და არავის აუპატიურებდა. ბასმაჩმა ვინმე შამილ ციხელაშვილს სთხოვა, რომ ელვას ადგილსამყოფელი დაედგინა და მასთან შეეხვედრებინა. ციხელაშვილი პანკისელი იყო, შავებში ტრიალებდა, თბილისში ცხოვრობდა და  ელვას კარგად იცნობდა. შამილმა ბასმაჩს ჰკითხა:

– ელვა რაში გჭირდება?

– რომ გავიცნო და საქმე შევთავაზო. ორივე პაბეგში ვართ და, მგონი, ფული არ გვაწყენს. მე კი ერთი ძალიან სარფიანი საქმე ვიცი.

შამილმა ელვას ბასმაჩის სიტყვები გადასცა, ტუღუშმა კი მიუგო:

– ზეგ მივალ მასთან, ერთად წავიდეთ.

1980 წლის 15 ივლისს ბასმაჩი და ელვა ერთმანეთს საბურთალოზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში შეხვდნენ, ერთმანეთი გაიცნეს და იბრაგიმოვმა მას სოხუმში, შემნახველი სალაროს ინკასატორების გაძარცვა შესთავაზა. სინამდვილეში კი ბასმაჩს ელვა თბილისიდან უნდა გაეტყუებინა და, გზაში ან თავად უნდა მოეკლა, ან – მილიციას, რომელიც წინასწარ ჩაუსაფრდებოდა. ტუღუში ჭკვიანი კაცი იყო და ბასმაჩის პატიოსნებაში ეჭვი შეეპარა, თუმცა, მისთვის უარი არ უთქვამს:

– თანახმა ვარ. ერთმანეთს სოხუმში შევხვდებით 20 ივლისს.

იბრაგიმოვი სიტუაციის ასეთ განვითარებას არ ელოდა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა და ელვას დაეთანხმა. ბასმაჩმა ყველაფერი კირაკოზოვს გადასცა, მან კი 20 ივლისს სოხუმში ჩასაფრების ბრძანება გასცა და თავისი ერთგული ხალხის მობილიზაცია მოახდინა. 20 ივლისს, საღამოს 18 საათსა და 50 წუთზე, მილიციის ოპერატიულ რაზმს სოხუმში გადაყვანილმა ილო მახარაძის თანამშრომლებმა დაასწრეს და ბასმაჩი აიყვანეს, ელვა კი ვერ მოიხელთეს, რომელიც ყველაფერს მიხვდა და მიიმალა. საქმე ის იყო, რომ, ვარლამ კეშელავა სინამდვილეში კვლავ მახარაძის ერთგული იყო და ნარკორეალიზატორების მფარველებს მხოლოდ იმიტომ დათანხმდა თანამშრომლობაზე, რომ მათი გეგმები შეეტყო და მახარაძისთვის მიეწოდებინა. ბასმაჩმა იმავე დღეს დაწერა აღიარებითი ჩვენება, სადაც პოლკოვნიკი კირაკოზოვი იყო ნახსენები. მახარაძემ პატაკი დაწერა მინისტრის სახელზე და ნარკორეალიზატორთა მფარველების დაპატიმრება მოითხოვა. თუმცა, 1980 წლის 22 ივლისს, გეწაძე, კირაკოზოვი და კიდევ მათი ორი თანამოაზრე, წყნეთისკენ მიმავალ გზაზე, ავტოავარიაში დაიღუპნენ. იბრაგიმოვი ციხის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ელვა რუსეთში გაიქცა და კარგა ხანს იქ იმალებოდა. 1993 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და ამჟამადაც სამშობლოში ცხოვრობს.

ილო მახარაძეს პოლკოვნიკის ჩინი უბოძეს, თბილისში დააბრუნეს, წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს, თუმცა, ნარკოტიკების საქმე აღარ განახლებულა, ის დახურეს…

 

скачать dle 11.3