როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
რუაძე
გვარის ფუძე უნდა იყო ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა. მათი მიწათმოქმედი წინაპრები მიწების გაწყლოვანებას ხელოვნური მეთოდებით ცდილობდნენ – უნდოდათ, წყლის არხები გაეყვანათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ.
რუ ქართულ განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: „სარწყავად გაყვანილი პატარა არხი, ასეთ არხში მიმდინარე წყალი“. ლოგიკურად, გვარი რუაძე სწორედ ამ ხელობის მიხედვით მიუღიათ.
ერთ-ერთი მოსაზრებით, თითქოს რუა იყო საკუთარი სახელი და სწორედ მან დაუდო სათავე რუაძეთა გვარს.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები: რუამა, რუამ, რუმა, მაგრამ, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ასე მარტივად გადაწყდეს გვარის ეტიმოლოგიის საკითხი.
საქართველოში 770 რუაძე ცხოვრობს:. გურჯაანში – 611, თბილისში – 84, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.
გუგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუგულა.
„სოფელ ჩხიკვათში მცხოვრები ვასილ გუგულაშვილი ნათლავს ქალიშვილს – ნინას. მიმრქმელი არის თანასოფლელი, იოსებ დავითაშვილი“.
საქართველოში 580 გუგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 213, კასპში – 137, გურჯაანში – 98. არიან სხვაგანაც.
გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მღვიძარს, ფხიზელს ნიშნავს. მისი მოფერებითი, კნინობითი ფორმებია: გიგა, გიგო, გიგლა, გიგოლი.
1721 წელს მუხათში მოიხსენიება კირაოზა გრიგოლაშვილი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.
სალაია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სალა.
ამავე ძირისაა გვარები: სალაძე, სალია, სალიაშვილი, სალიბეგაშვილი.
სალაია მოიხსენიება დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ თხინას მოსახლეობის 1837 წლის აღწერის სიაში.
სალაიათა გვარი დღეს უპირატესად გურიაში სახლობს.
საქართველოში სულ 55 სალაია ცხოვრობს: ოზურგეთში – 14, რუსთავში – 13, ფოთში – 13. არიან სხვაგანაც.
სხირტლაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი სხირტლა.
1840-იანი წლების აღწერით, სხირტლაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: გორი, კვაცხუთი, მრავალძალი, სხვავა. სოფელ გორში სხირტლაძეები არიან საბატონო გლეხები, კვაცხეთშიც – საბატონო გლეხები, მრავალძალში – საეკლესიო გლეხები, სხვავაში კი – წერეთლის საბატონო გლეხები.
სხირტლაძეებს ჰყავდათ ბევრი სახელოვანი ადამიანი და მამულიშვილი, მათ შორის, გამორჩეული თამადა – ბატონი სიმონი და დიდი და ეროვნული პიროვნება შოთა სხირტლაძე.
საქართველოში 2 573 სხირტლაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 220, საჩხერეში – 284, ჭიათურაში – 179. არიან სხვაგანაც.
ავგაროზიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ავგაროზი, რომელიც პატარა ნივთია და ცრუმორწმუნენი გულზე დაკიდებულს ატარებენ ავი თვალისგან დასაცავად.
„რკონელი ავგაროზი გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრისას ნახევარი მამულით გოშფარს ერგო“.
ავგაროზი იყო ჯერ მეტსახელი, შემდეგ კი საკუთარ სახელად იქცა.
აბრაჰამ ავგაროზის ძე სამეფო კარის მწიგნობარი იყო, რომელმაც შეადგინა გიორგი მეფის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელზე გაცემული მონასტრის წყალობის სიგელი.
შიდარელ გრიგოლ ავგაროზის ძე ანდრიაშვილს გულშარ დედოფალმა უბოძა თორმეტი ათასი თეთრი, რათა გულშარისთვის გადაეხადა აღაპი ქვათახევის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე დაევალა ონიას.
საქართველოში 27 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 20, თბილისში – 5, თელავში – 2.
დიდმანიძე
„ხელვაჩაურის სოფლები: აჭარისაღმართი და მარადიდი – დიდმანიძეების სამშობლო მხარეა, – წერდა ჟურნალისტი, აჭარელთა გვარების ქომაგი, ბატონი იოსებ ბექირიშვილი, – აქ, ქუთურეთში, ლომინაკენსა და ძაბლაკეთის უბანში, არის დიდმანიძეთა ადგილი, ნასახლარი, საძოვარი. აქ ბევრნი იყვნენ, ნაწილი დიდიძედაც იწერებოდა. სოფელ ცხემლარაში დიდიძეები ახლაც ცხოვრობენ. სიტყვა „დიდი“ პოპულარული ყოფილა ამ მხარეში“. ასევე, გვაქვს გვარები: დიდებულიძე, დიდიმამისაშვილი, დიდიძე, დიდია, დიდიშვილი, თავდიდიძე. ბერძნებიდან გვაქვს ნასესხები მამაკაცის საკუთარი სახელი დიდია, ის მეოთხე საუკუნიდან მომდინარეობს.
დიდმანიძის გარდა, მან-ს შეიცავს გვარები: სურმანიძე, ცალქალამანიძე, სულმანიძე, სამანიშვილი, ნარიმანაშვილი, ნარმანია, თურმანიძე, იამანიძე, მანჯავიძე და ასე შემდეგ.
ძველირანულად „მანია“ ნიშნავს მნიშვნელოვანს, ავტორიტეტულს. სახელ ნარიმანში, ნარი ირანულად ვაჟია, ხოლო მანი – გული. ეს ფორმა გვიანდელადაა მიჩნეული.
გადმოცემით, დიდიძიდანაა წარმომდგარი მაისურაძეთა ცნობილი გვარი.
საქართველოში 425 დიდმანიძე ცხოვრობს: ბათუმში – 91, ოზურგეთში – 38, თბილისში – 6. არიან სხვაგანაც.
ჯღამაია-ჯღამაძე
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გვარში ფუძედაა გამოყენებული სახელი ჯაღა და არა ჯაღამა. ჯაღადანაა ნაწარმოები გვარები: ჯღამაძე და ჯღამაია. ჯღამაძე და ჯღამაია ერთსა და იმავე გვარად ჩანან.
ჯღამაძეებს ადრე რაჭაში უცხოვრიათ. ეს გვარი ჩანს 1545 წელს, შემდეგ გადმოვიდნენ სამეგრელოში. გეჯეთში ჩანს 32 კომლი, მაისში – 7, ალერტკარში – 5 და ასე შემდეგ. ადგილობრივ მეტყველებაში ჯღამაძე ხშირად იცვლება ვარიანტით – ჯღამაია.
ჯღამაია კი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ხუნწში – 18, ნოსირში – 11, ახალკახათში – 5, ახალაბასთუმანში – 3, სამიქაოში – 3.
საჯღამაიო უბანია ახალკახათსა (დარჩულის საზღვართან) და გეჯეთში (ტეხურის მარცხენა მხარეს). 1733 წელს შედგენილ საბუთში დასახლებულნი არიან „მეჯეთს“ (გეჯეთს) მცხოვრებნი – ბაბუშია და ნანაია ჯღამია.
ჯღამა კოლხეთში გავრცელებული სახელია.
საქართველოში 822 ჯღამაძე ცხოვრობს: თბილისში – 212, სენაკში – 147, ზუგდიდში – 110. არიან სხვაგანაც.
326 ჯღამაია: ზუგდიდში – 83, მარტვილში – 63, სენაკში – 38. არიან სხვაგანაც.
კოლოტაური
„დიღომში კოლოტაურები ქვემოუბანში, წერწვერაზე სახლობენ და მათი საგვარეულო უბანი დიღმის ხევს დაჰყურებს. კოლოტაურები, ანუ, ჯაბადრიანი, როგორც მათ უწოდებენ დიღომში, მეთვრამეტე საუკუნეში უნდა დასახლებულიყვნენ და, მართლაც, 1781 წლის მოსახლეობის აღწერის დავთარში, დიღმის მკვიდრთა შორის, მუხრანის ბატონის ყმა კოლოტაური იესეა შეტანილი. მათი წინაპარი სამეფო კარის მსახური, ჯაბადარი ყოფილა. ჯაბადარი მეაბჯრეს ნიშნავდა და ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალში” სპეციალური თავითაა შეტანილი, რომელსაც „საჯაბადაროს მოხელენი“ ეწოდება. კოლოტაურების ზოგიერთმა პირმა გვარი ჯაბადრად გადაიკეთეს. ამაზე მეტყველებს ხალხური სახუმარო ლექსიც, რომელიც დიღომშია ჩაწერილი: „კოლოტაური კაკოლა ძალად გახდა ჯაბადარი, ამისთანა მამაძაღლი მთელ დიღომში არვინ არი“.
კოლოტაურები მეცხრამეტე საუკუნეში საბატონო ყმებად იწოდებოდნენ და მუხრანელ ბაგრატიონებს ეკუთვნოდნენ.
საქართველოში 105 კოლოტაური ცხოვრობს: მცხეთაში – 94, თბილისში – 10, რუსთავში – 1.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა