როგორ დაახოცინა სტალინმა კავკასიაში მოღვაწე ბანდებს ერთმანეთი
შეთქმულება
(1926 წელი)
მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური წარმოშობის სტალინისთვის, კავკასია ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა, ეს რეგიონი მისი ყველაზე სასტიკი და დაუძინებელი მტრების ბუნაგი იყო. განსაკუთრებული აგრესიულობითა და სისასტიკით ჩრდილოეთი ნაწილი გამოირჩეოდა. სტალინი, რომელიც მშვენივრად იცნობდა ამ კონტინგენტს, საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, სხვა რაიონებთან შედარებით, იქ სულ სხვა, განსაკუთრებულ პოლიტიკას ატარებდა – ერთგვარ დათმობებზეც კი მიდიოდა მათ წინაშე. მთიელები, კაზაკები და სხვა, დამოუკიდებელ, დაუმორჩილებელ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი, ძნელად ეგუებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ხშირ შემთხვევაში, აქ უკიდურესად სასტიკი შეტაკებები ხდებოდა. ამ რეგიონის ხელმძღვანელთა უმრავლესობა ან ბანდიტთა ტყვიის მსხვერპლი ხდებოდა, ან არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო, სამსახურიდან იხსნებოდა. მხოლოდ ანასტას მიქოიანმა შეძლო იქ სხვებზე მეტხანს გაძლება და 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ფეთქებად რეგიონს. „კავკასია დენთის კასრია. თუ აფეთქდა, არა მარტო რეგიონს, მთელს კავშირსაც მოედება მისი ცეცხლი, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს“ – ამბობდა სტალინი. სწორედ ამის გამო ჰქონდა ბელადს განსაკუთრებული მიდგომა კავკასიელების მიმართ და წარმოიდგინეთ, შეღავათებიც კი დაუწესა მათ. განსაკუთრებული ბრძანებულების საფუძველზე, სტალინმა კაზაკთა და მთიელთა საგანგებო, გასამხედროებული ფორმირებები შექმნა, რომელიც ჩრდილოკავკასიურ სამხედრო ოლქს ექვემდებარებოდა ფორმალურად. ამ ნაბიჯით, სტალინმა, ერთი მხრივ, მათი გულები მოიგო, მეორე მხრივ კი, მეტ-ნაკლებად შეზღუდულ ჩარჩოებში მოაქცია და მათზე უკეთესი კონტროლის საშუალება მიეცა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს რელიგიის კუთხითაც და თუკი სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში რწმენის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდნენ, აქ სულ სხვა სიტუაცია იყო. შენარჩუნებულ იქნა ეკლესიები, სალოცავები, მეჩეთები და რელიგიის მსახურთა ცენტრებსა და სასწავლო კერებს ფინანსურადაც კი ეხმარებოდნენ. თუმცა… ყველაფერთან ერთად, იქ „ჩეკას” მახვილი თვალიც მკვიდრდებოდა და ამ რეგიონის ფარული კონტროლის სისტემას საძირკველი ეყრებოდა. მიქოიანის გარდა, რომელსაც სტალინი იმ პერიოდში დიდად ენდობოდა, მთავარი დასაყრდენი მაინც ორჯონიკიძე იყო და ეს ტანდემი, სტალინისთვის ერთგვარ მაკონტროლებელ ორგანოსაც წარმოადგენდა. თითქმის ყველა კავკასიურ საკითხზე სტალინი ცალ-ცალკე იღებდა მოხსენებებს როგორც ორჯონიკიძისგან, ასევე მიქოიანისგან. ამგვარად, ასეთი ორმაგი კონტროლის საფუძველზე, მას სრული წარმოდგენა ჰქონდა იქ შექმნილ მდგომარეობაზე. 1926 წლის იანვრის პირველ ნახევარში, სტალინის მითითებით შექმნილმა, გეოლოგთა საგანგებო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიის სამკურნალო-საკურორტო ღირებულებების შესახებ იყო საუბარი, რამაც იქ გრანდიოზული გარდაქმნებისა და მშენებლობების ეტაპს დაუდო სათავე. მხარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო, ერთბაშად აივსო სხვადასხვა პროფესიის ხალხითა და ტექნიკით, რაც ზოგიერთი გვარისა თუ ტომის წარმომადგენლებს არ მოეწონათ და მწვავე ბრძოლა გამოუცხადეს ამ სიახლეებს. 4 მარტს, მინერალური წყლების მისადგომებთან, მხეცურად ამოხოცეს გეოლოგთა 25-კაციანი ჯგუფი, რომელიც იმ გეოგრაფიული, ლოკალური რეგიონის დასაზვერად იყო გაგზავნილები მოსკოვიდან, პირადად სტალინის მითითებით. პროფესორ მეშკოვის ჯგუფი ტყვიებით იყო დაცხრილული, შემდეგ კი – გაძარცვული.
მეშკოვი სტალინმა ჯერ კიდევ ტურუხანსკის გადასახლებიდან გაქცევისას გაიცნო. მაშინ ახალგაზრდა დოცენტი – გეოლოგი ციმბირის გეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და სწორედ ის დაეხმარა გაქცეულ კატორღელს – 4 დღის განმავლობაში იფარავდა ტაიგაში. ასე რომ, ყველაფრის მიუხედავად, მეშკოვი სტალინის მეგობარიც იყო და დიდი ბელადი უკიდურეს აღშფოთებას ვერ მალავდა: „ბერზინს (ჩრდილოეთ კავკასიის „ჩეკას” ოპერატიული სამმართველოს უფროსი) გადაეცით, რომ მისი მუშაობით უკიდურესად უკმაყოფილო ვარ და უთხარით, პირადად, ტყე-ტყე ეძებოს ამ სისასტიკის ჩამდენნი. უმოკლეს დროში დაადგინოს და დააპატიმროს, ვიმეორებ, დააპატიმროს ყველა, ვინც კი ეს ბარბაროსობა ჩაიფიქრა, შეასრულა და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მომართა.” მოგვიანებით, მიქოიანი უყვებოდა მჟავანაძეს: „ასეთი გაცეცხლებული სტალინი იშვიათად თუ მინახავს, უფრო სწორად, თითქმის არასოდეს. ის ძალიან მძიმედ დააბიჯებდა კაბინეტში, მაგრამ ისეთი მრისხანე ხმა ჰქონდა, მე და სერგო თვალს ვერ ვუსწორებდით”. სტალინი, რომელიც გამალებით ეწეოდა ჩიბუხს, კავკასიის პარტიულ ლიდერებს არ ინდობდა: „თუკი იქ სიტუაცია უმოკლეს დროში არ გამოსწორდა, საკუთარ თავებს დაემშვიდობებით. ბერზინს კი ჯერ აქ ჩამოვიყვან, შემდეგ კი თავს თვითონვე წავაცლი.” სტალინისგან ასეთი საუბარი უჩვეულო იყო და მისი ხელქვეითები განაბულ-გაფითრებულები უსმენდნენ პატრონს. უცებ, მიქოიანი ალაპარაკდა: „ამხანაგო სტალინ, მე და ბერზინი ერთად ჩამოვედით მოსკოვში. ის ამჟამად „ჩეკას” ოპერატიული სამმართველოს შენობაში იმყოფება და თავის უფროსებს აძლევს ახსნა-განმარტებას.” სტალინი ამ სიტყვებზე დაცხრა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ერთ-ერთ ტელეფონთან მივიდა და დარეკა: „მანდ, თქვენთან ბერზინი უნდა იმყოფებოდეს. მომიძებნე და ნახევარ საათში მომიყვანე, ველოდები.” შემდეგ სტალინმა ყურმილი დადო და კვლავ მიქოიანსა და ორჯონიკიძეს მიუბრუნდა: „საღამომდე თავისუფლები ხართ და ცხრაზე ისევ აქ გელოდებით. კიდეც ერთ შანსს მოგცემთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოვიქცეთ. ბერზინს კი უკვე, ალბათ, აღარ მოუწევს ტყე-ტყე ბანდიტების ძებნა, ის უკვე თვითონაა ბანდიტი…”
საღამოს, როდესაც ორჯონიკიძე და მიქოიანი კვლავ სტალინთან გამოცხადდნენ, მათდა გასაკვირად, იქ საღ-სალამათი ბერზინი დახვდათ, რომელიც ჩეკისტურ უნიფორმაში იყო გამოწყობილი და ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, მიქოიანმა თვალებიც კი მოისრისა, ხომ არ მეჩვენებაო. სტალინმა ეს მოძრაობა შენიშნა და არ დააყოვნა: „ამხანაგი ბერზინი ძველი, გამოცდილი „ჩეკისტია” და მისი გამოცდილების ხალხი ასე ადვილად გასაწირი არაა. მით უმეტეს, მან დამარწმუნა, რომ მეშკოვის ჯგუფის ამოხოცვა უბრალო ბანდიტიზმი კი არა, უფრო ღრმა მოვლენაა და შემპირდა, რომ უახლოეს ხანში, ყველაფერს მოაგვარებს.” შემდეგ სტალინმა ბერზინი გაუშვა და კავკასიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიუბრუნდა: „სიმართლე გითხრათ, თქვენი მუშაობით არა ვარ უკმაყოფილო, მაგრამ მაინც ვერ აკონტროლებთ იქ პოლიტიკურ სიტუაციას. ბევრი რამ მხედველობის არედან გეპარებათ“.
ამ მძიმე ნოტზე დაასრულა სტალინმა და ორივე კაბინეტიდან გაისტუმრა, მერე კი ბერზინის მიერ დამუშავებული ოპერაციის გეგმის კითხვას შეუდგა. ბერზინისა და სტალინის საუბრიდან გაირკვა, რომ მეშკოვის ჯგუფის ამოჟლეტა ცრუინფორმაციის ნიადაგზე განხორციელდა კაზაკთა ერთ-ერთი ოპოზიციური შეიარაღებული ბანდის მიერ, რომელსაც ატამანი ბელიაევი მეთაურობდა. ბერზინმა სტალინს უამბო: „ჩვენი ოპერატიული სამმართველოს მიერ ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში შემუშავდა გეგმა, ჩრდილოკავკასიის ყველა ოპოზიციური დაჯგუფების ერთიანად მოსპობის თაობაზე. ამ გეგმის თანახმად, ყველა დაჯგუფებას შორის უნდა დამყარებულიყო კავშირი და მათი ერთ ადგილას კონცენტრაციის შემდეგ, ჩვენ მათ ვანადგურებდით. ეს გეგმა წარმატებით ხორციელდებოდა და ჩვენს მიერ შეგზავნილი აგენტები კარგად ართმევდნენ თავს ამ გეგმას, სანამ არ გაირკვა, რომ ატამან ბელიაევის ბანდა უარზე იყო, შეერთებოდა „აჯანყების” საერთო გეგმას იმ მოტივით, რომ ეს ყოველივე „ჩეკას” მიერააო შემოგდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივხვდით, რომ ბელიაევი ჩვენი გარემოცვიდან იღებდა ინფორმაციებს, დავიწყეთ ფარული ძიება და კვალმა მიქოიანის საგანგებო თანაშემწე არმენ აირამიანთან მიგვიყვანა. დავადგინეთ, რომ აირამიანი ბელიაევთან იყო შეკრული, მას საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა, თავის უშუალო შეფს კი ყველაფერს უკუღმა ახსენებდა. ამაში რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავით, აირამიანს დეზინფორმაცია მივაწოდეთ, რომ თითქოსდა მეშკოვის ჯგუფი „ჩეკას” საგანგებო ოპერატიული რაზმი იყო, რომელიც უშუალოდ ბელიაევის გასანადგურებლადაა ჩამოსულიო. შედეგმაც არ დააყოვნა და აირამიანის ინფორმაციის რეალიზაციისას ბელიაევმა თავისი ძვირფასი აგენტი გაშიფრა. ჩვენ ასეთ შედეგს არ ველოდით და გვეგონა, რომ ბელიაევის ბანდა უბრალოდ დაიმალებოდა. სამწუხაროდ, მან თქვენი ახლობელი შეიწირა,” სტალინმა სწორედ ამიტომ აპატია ბერზინს და მიუგო: „მიქოიანზეც ხომ არ გაქვს ეჭვი?” რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „მიქოიანზე დაწესებულმა თვალთვალმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო”… აქ სტალინმა სიტყვა შეაწყვეტინა და სიცილით მიუგო: „არც გამოიღებს, რადგან ის სანდო, ძველი ბოლშევიკია და მიუხედავად იმისა, რომ დოყლაპიასავით მოიქცა, მაინც საიმედო კადრია.” ბერზინი მშვიდობიანად დაბრუნდა როსტოვში და ძველი გეგმის განხორციელებას შეუდგა, რომელსაც წარმატებით გაართვა თავი და იმავე აირამიანის დახმარებით, ჯერ ბანდებს დაახოცინა ერთმანეთი, შემდეგ კი სტავროპოლის ტყეებში გაანადგურა კონტრრევოლუციური ნარჩენები. აირამიანი მიქოიანის კაბინეტში დააპატიმრეს, მიქოიანი კი სტალინმა თანამდებობიდან მოხსნა და კვების მრეწველობის სახალხო კომისრად გადაიყვანა. ბერზინი ცოტა ხანს კიდევ დარჩა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ მოსკოვში გადმოიყვანეს, სადაც სტალინის უშუალო მითითებებს ასრულებდა. ამ ამბების შემდეგ, როდესაც კავკასიაში, ფაქტობრივად, არც ერთი სერიოზული შეიარაღებული ფორმირება აღარ დარჩა, სტალინმა რადიკალურად შეცვალა კავკასიური პოლიტიკა და უმძიმესი რეპრესიები დაიწყო, რათა ეს რეგიონი ერთიან, საბჭოთა სისტემაში ჩართულიყო. 1926 წლის ნოემბრის „ცეკას” ერთ-ერთ საგანგებო პლენუმზე მან კიროვს უთხრა: „კავკასიაში ჩვენ დიდი ცეცხლის გაჩენის საშიშროება კი მოვსპეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს პატარ-პატარა ნაპერწკლები, რომლებიც ამ დენთის კასრს არ უნდა გავაკაროთ…”
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა