კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ვარ 28 წლის. უკვე რამდენიმე ხანია, ვამჩნევ, რომ თვალების ქვეშ, ქვედა ქუთუთოს ძირში, კანი მოლურჯო ფერისაა და ხანდახან მოდუნებულია. არსებობს თუ არა ამ პრობლემის მოვლის საშუალებები?
პასუხი: თვალების ქვეშ კანის მდგომარეობა ქალებს, ძირითადად, 20 წლის ასაკიდან ეწყებათ. თუ თქვენს პრობლემას რამე კონკრეტული მიზეზი (ანუ, ჯანმრთელობის დარღვევა) არ აქვს, დილა-საღამოს უნდა წაისვათ რბილი კონსისტენციის თვალის გელი, გამოიყენოთ სპეციალური ბალიშები (ნახევარმთვარის ფორმის) ან მინი-ნიღბები, რომლებიც ქუთუთოებზე უნდა გაიჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, აუცილებელია, ნაკლებად დატვირთოთ თვალები, რადგან, შესაძლოა, თქვენი პრობლმის მიზეზი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, უძილობა ან ჟანგბადის ნაკლებობა იყოს. ამიტომ, შეეცადეთ, გაზარდოთ ძილის ხანგრძლივობა, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და გაიკეთოთ გახეხილი უმი კარტოფილის ან კიტრის ცივი ნიღბები.
კითხვა: არსებობს თუ არა კბილების გათეთრების შინაური მეთოდი? სოდით გახეხვა ვცადე, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ვერ მივიღე.
პასუხი: კბილების მინანქრის გასათეთრებლად, ნალექისა და ლაქების მოსაშორებლად, ძალიან კარგია აქტივირებული ნახშირის გამოყენება: წმინდად დანაყეთ რამდენიმე აბი და ამ ფხვნილით კარგად გაიხეხეთ კბილები. ოღონდ, შემდეგ ბევრჯერ გამოვლება მოგიწევთ, რომ შავი ნამცეცები არ ჩაგრჩეთ. შედეგით გაოცებული დარჩებით.
კითხვა: ამას წინათ მარკეტში შევიძინე მზა წარმოების ნამცხვარი, რომელსაც ეწერა – „დაბალკალორიული“. შეიძლება თუ არა ვენდო ასეთ წარწერას?
პასუხი: წესით, თუ ეს წარწერა არ არის მომხმარებლის მიზიდვის ფანდი, ასეთი ნამცხვარი ნამდვილად ნაკლებკალორიული უნდა იყოს, ვიდრე ტრადიციული შინაური რეცეპტით გამომცხვარი, მაგრამ, სინამდვილეში დაბალკალორიულად ითვლება პროდუქტი, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაა 100 გრამზე 100 კილოკალორია.