კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იტვირთოს ქრისტიანმა საკუთართან ერთად სხვისი ტვირთიც და როდის იმყოფება ადამიანი ეკლესიაში მოჩვენებით მდგომარეობაში

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიკვდილი ჩვენთვის უკვე აღარ არის სიბნელე, ჩიხი, არამედ არის ნათელი, ადამიანის მარადისობაში გადაყვანება. როდესაც მივეახლებით უფალს, უნდა ვუთხრათ: ჩვენ, შენი ხატება, მოვედით შენთან; მთელი ცხოვრება ვცდილობდით, რომ მოგმსგავსებოდით შენ, ვიყავით მსგავსნი შენნი და არა უმსგავსონი“. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ადამიანის აზროვნების მთავარი საწყისი არის წმიდა წერილი, უფალთან ურთიერთობა, ჩვენი ეთიკა. საზოგადოებრივი ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს წმიდა წერილზე. წმიდა წერილში კი პირდაპირ წერია: „ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ ისინი თქვენ მოგექცნენ.” ხშირად ჩვენ სხვებისგან ვითხოვთ პატივისცემას, კარგ დამოკიდებულებას, ყურადღებას, მოფერებას და თავად ამას არ ვაკეთებთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: რაც არ მოგვწონს საზოგადოებაში, ის უნდა გამოვასწოროთ საკუთარ თავში, საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩინოთ პრობლემები და რაც მთავარია, ღრმად უნდა შევისწავლოთ „საკუთარი მე”, სიღრმისეულად უნდა გავიგოთ საკუთარი უნარ-ჩვევები, ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ყველა რომ ჩაფიქრდეს და დაუკვირდეს, როგორ იცინის, როგორ მეტყველებს, როგორ ურთიერთობაშია სხვებთან, მიხვდება, რომ ყველაფერი საკუთარი თავიდან მოდის. 

– ბევრი ადამიანისგან გამიგია, როგორ ამბობენ: მომწყინდა, ამ საზოგადოების წევრი ვიყოო, რადგან, საკუთარ თავს ხშირად სხვებზე მაღლა აყენებენ. არადა, ხშირად ისინიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც საზოგადოების სხვა წევრები. 

– ასე არ შეიძლება. თუ ვინმეზე უკეთესად მიგაჩნიათ თავი და, შეიძლება, ეს ასეც არის, ეს საზოგადოება კი არ უნდა განვიკითხოთ და განვსაჯოთ, პირიქით, მის განსაკურნებლად უნდა მივიღოთ ზომები – უნდა დავიწყოთ ლოცვა. ადამიანის გამოსწორება, მისი ფეხზე დაყენება უფლის ნებაა. ადამიანს რომ შესძლებოდა მეორე ადამიანის გამოსწორება, ფეხზე დაყენება, მაშინ, საკმარისი იქნებოდა სხვადასხვა ისტორიული პიროვნების დედამიწაზე მოსვლა. უფლის დარიგება – „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, გიყვარდეთ უფალი თქვენი” – თუ იქნება თანამედროვე საზოგადოების კონსტიტუცია, მაშინ, ყველაფერი რიგზე იქნება. ძველ აღთქმაში ღმერთი პირდაპირ ქადაგებდა: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ,” ამან კი საზოგადოება მიიყვანა გახრწნამდე, რადგან, ეს ყველაფერი ადამიანებმა თავისებურად გაიგეს. უფალს არ უთქვამს, ბოროტებას ბოროტებით უპასუხეთო. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, უნდა დააფიქსიროთ, რომ მისი თვალი ბოროტია და თვალიდან და კბილიდან უნდა დაიწყოთ მისი მკურნალობა. 

– თანამედროვე ადამიანებისთვის ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი – საკუთარ თავში ცუდის დანახვა, სხვებზე ფიქრი და მათი გამოსწორების მცდელობა.

– ქრისტიანობამ ადამიანის ღირსება ყველაზე მაღალ მწვერვალებამდე აიყვანა. უნდა გვიყვარდეს როგორც ჩვენი მოყვასი, ასევე, ჩვენი მტრებიც. თანამედროვე ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, თუ რას ნიშნავს – გიყვარდეს მტერი, რადგან, ისე არ გვიყვარს ოჯახის წევრები, როგორც უნდა გვიყვარდეს. ადამიანმა ცხოვრებას კარგად რომ გადაავლოს თვალი საკუთარ ყოფას, მიხვდება, როგორ ცხოვრებას ეწევა, როგორ წარმოჩინდება სხვებთან ურთიერთობაში. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის საზოგადოებრივი პიროვნება და ლოცვას ერთობლივი ძალა აქვს. სად, ერთი ადამიანი რომ ილოცებს და სად – მრევლის წევრები. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ, ეკლესიის არსებობა საჭირო აღარ იქნებოდა. როგორც პავლე მოციქული განმარტავს, როდესაც ადამიანები არა მარტო საკუთარ, არამედ, სხვის ტვირთსაც იტვირთავენ, ამით აღასრულებენ ქრისტეს რჯულს. ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორი ადამიანია, როგორი ქრისტიანია, როგორი მრევლთაგანია. მათ ყოველთვის უნდა გაიხსენონ პავლე მოციქულის სიტყვები: თუ გინდათ, რომ სულის ცხონება მოიპოვოთ და გერქვათ ქრისტიანები, მაშინ, სხვა ადამიანების ტვირთი, პრობლემები, ჭირ-ვარამი უნდა გაიზიაროთ. ადამიანი ეკლეისიამ და მონასტერმა კი არ უნდა გამოასწოროს, მან თავად უნდა გამოასწოროს ის, რაც შიგნით აქვს. ბევრი ჩვენგანი ეკლესიაში მოჩვენებით მდგომარეობაში იმყოფება – როგორც კი გარეთ გამოვლენ, მაშინვე იცვლებიან, ჩხუბობენ, ბილწსიტყვაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ განწმენდილები. ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევამოწმოთ ერში, საზოგადოებაში და არა ეკლესიასა და მონასტერში. ეკლესიაში უკანასკნელი ავაზაკი, ცოდვილიც კი კარგად იქცევა. საკუთარი თავი იმ ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა გამოვცადოთ, რომლებიც ნაკლებად გვიცნობენ და არ იციან, რომ ეკლესიაში დავდივართ, მორწმუნეები ვართ. ღმერთი მაშინვე დაგვანახვებს სიმართლეს, რეალობას, რომ ჩვენ ვართ მოჩვენებითი ქრისტიანები, ფარისევლები. ჩვენი საზოგადოება დღეს არის დეპრესიაში, დასნეულებული. საზოგადოება მაშინ დამშვიდდება, თუ ადამიანებს შორის სწორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, რომელიც დაფუძნებული იქნება სიყვარულზე, სარწმუნოებაზე. არ არის აუცილებელი, ეკლესიური გერქვას და კარგად იქცეოდე. ბევრი ადამიანი არ არის ახლოს ეკლესიასთან, მაგრამ, ძალიან მოწესრიგებული, გაწონასწორებულია, რადგან, მას კარგად აქვს შეგნებული ბუნებითი რჯული, რომ ის ადამიანია და ეს ყველაფერი უფალმა ბუნებითად აჩუქა. 

– და მაინც, როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა საკუთარი თავი? 

– ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ადამიანი მოწოდებული იყო, შეეცნო საკუთარი თავი. აპოლონ დელფოს ტაძარზე ეწერა სოკრატეს სიტყვები: „შეიცან თავი შენი.” ამაში კი ჩვენ დაგვეხმარება გული. ვისაც საკუთარი თავის შეცნობა სურს, მან უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში. თუ მასში არის სულიერი ნაყოფი, სიყვარული, სიხარული, სახიერება, მშვიდობა, თავმდაბლობა, რწმენა, მარხვა და სხვა ნეტარებები და სათნოებები, მაშინ ის იქნება ღმერთთან ახლოს. მაგრამ, თუ ადამიანი საკუთარ გულში აღმოაჩენს არა სიყვარულს, არამედ – სიძულვილს; არა სიხარულს, არამედ – მწუხარებას, არა რწმენას, არამედ – ურწმუნოებას, არა სიმდაბლეს, არამედ – ამპარტავნებას, მაშინ, ბუნებრივია, უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს: მე ასე ვიქნები და სხვა გააკეთებს ჩემს საქმეს; ეკლესია ილოცებს ჩემზე; ღმერთი განკაცდება, იშვება, ჯვარს ეცმევა, აღდგება და ეს ყველაფერი ჩემი ნების გარეშე მოხდება. ეს არასწორია. ადამიანი რომ ცხონდეს, რომ გამოსწორდეს, მას სჭირდება პირადი გადაწყვეტილება უფლის წინაშე. მაცხოვარი შეგვაგონებს: „ვისაც სურს, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე.” საკუთარი თავის უარყოფა კი ნიშნავს იმას, რომ გავაანალიზოთ, კარგად დავინახოთ ჩვენი დაცემულობა, სისუსტე, ცოდვები, სიბოროტე. თუ ადამიანი გონიერია, ის აუცილებლად დაინახავს ამას, მას გაუჩნდება სურვილი, რომ დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება. სწორედ ამ შემთხვევაში გვჭირდება საკუთარი ნების დამორჩილება უფალთან. როგორც იცით, ეკლესია ყოველთვის ქადაგებს უფლის ნებას – ეს არის ადამიანის ცხონება. მაგრამ, თუ ადამიანის ნება არ არის ცხონება, მაშინ, უფალი წყვეტს მოქმედებას და ელოდება ადამიანის ნების დაქვემდებარებას, რის გარეშეც, მაპატიეთ და, შეიძლება, უძლური იყოს. ღმერთი ყოვლად სამართლიანია. თუ ის ადამიანის გადარჩენასა და გამოხსნას მძლავრებითად აღასრულებს, ის უკვე სამართლიანი ვეღარ იქნება. 

– ბევრს უჩნდება კითხვა: განა არ შეეძლო ღმერთს, ტანჯვის, ჯვარცმის გარეშე გადაერჩინა ადამიანი, გამოეხსნა ის ცოდვის მონობიდან და აღედგინა? 

– როგორც წმიდა მამები ამბობენ, სამსჯავროს დღეს, ეშმაკი დაუსვამდა კითხვას: მე ადამიანი შევაცდინე, ის ცდუნდა საკუთარი ნებით. თუ შენ ის გამოიხსენი მძლავრებითად, ანუ, მისი ნების გარეშე, მაშინ შენ სამართლიანი არ იქნებიო. ამიტომ, ღმერთმა ყველაფერი სიცხადეში, სამართლიანობით აღასრულა. რადგან ადამიანი დაეცა, ადამიანივე უნდა აღმდგარიყო. რადგან ადამიანს ადამიანის აღდგომა, განღმრთობა არ შეეძლო, ამიტომ, არაბუნებრივი გზით, სულიწმიდის მადლით, ქალწულის საშოში, დედაკაცის თესლში ჩაისახება ღმერთი, რომ ყოველივე სიმართლე აღესრულოს. მარტო ღმერთს რომ გამოეხსნა ადამიანი, ისიც უსამართლობა იქნებოდა. თუკი ადამიანი დაეცა, ადამიანივე უნდა დაისაჯოს; თუ ადამიანი შეცდა, ადამიანივე უნდა გამოსწორდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის არის ღირსებით დიდი შესაქმის ნაწილი, რომ მასში არის ორი სამყარო: ღვთაებრივი – სულიერი და, ადამიანური – მატერიალური. ეს ორივე სამყარო სინერგიაში, ჰარმონიაში უნდა მოვიდეს, რომ ადამიანი აღდგეს მსგავსებაში, რომელიც დაკარგა მან სამოთხეში. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ყველა ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა გახდეს განღმრთობა.

 

скачать dle 11.3