ჭეშმარიტი სარწმუნოება
სულის სხეულისგან გაყრის მიჯნაზე
ხდება ისე, რომ ხანდახან ჯერ კიდევ სხეულში მყოფი ადამიანის სული ნაწილობრივ ხედავს სასჯელს, რაც მისთვის იმქვეყნად არის განკუთვნილი. ეს ან მათივე ჭკუის სასწავლებლად ხდება ან გარშემო მყოფთა შესაგონებლად.
ქრისაორი, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, თან ქედმაღალი და ამაყი, თავის გულისთქმებს აყოლილი, ანგარებისმოყვარე და მომხვეჭელი, უფლის განგებით, ერთხელ ავად გახდა და ზუსტად იმ დროს, როცა სული სხეულს უნდა გაჰყროდა, თვალგახელილმა შავი პირისახის საშინელი სულები დაინახა. ისინი სნეულის წინაშე იდგნენ და მზად იყვნენ, მისი სული შეეპყროთ და ჯოჯოხეთის ქვესკნელში წაეყვანათ. მომაკვდავი ათრთოლდა, გაფითრდა, ხმამაღლა იწყო თხოვნა, ცოტა ეცლიათ მისთვის და თავის ვაჟს, მაქსიმეს უხმობდა, რომელიც მოგვიანებით ბერ-მონაზონი გახდა: „მაქსიმე, შენთვის ხომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, შენი რწმენით მიშველე“. შეშფოთებულმა მაქსიმემ მაშინვე მასთან მიირბინა. მთელი ოჯახი ტირილითა და მოთქმით შეიკრიბა. ბოროტ სულებს, ვინც ესოდენ ძლიერ ტანჯავდნენ ქრისაორს, გარშემო მყოფნი ვერ ხედავდნენ, მაგრამ მათი არსებობა ავადმყოფის რეაქციის მიხედვით შეიტყვეს. შავი სახეების ხილვით შეშინებული ქრისაორი აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ მათ ყველგან ხედავდა. მათგან შევიწროებული და სასოწარკვეთილი ავადმყოფი ხმამაღლა ყვიროდა: „დილამდე მაინც მაცალეთ, თუნდაც დილამდე!“ მაგრამ, სწორედ ამ ყვირილში ამოერთვა სული.
აქედან ცხადია, რომ ასეთი ხილვა მას თავის შესაგონებლად კი არ მიეცა, არამედ იმისათვის, რომ ჩვენთვის ყოფილიყო მარგებელი, ვისაც ჯერ კიდევ გვითმენს უფალი.
დაბრუნებული ცხენი
ერთხელ კეთილმორწმუნე ლიბერტინი მონასტრის საქმეებისთვის სადღაც გაემგზავრა. გზად გოთების წინამძღოლი – დარდანიუსი შემოხვდა. მისი მეომრები ღვთის კაცს თავს დაესხნენ, ძირს ჩამოაგდეს და ცხენი წაართვეს. ბერმა დანაკარგი დიდსულოვნად დაითმინა... ყაჩაღებს თავისი სახრეც კი მისცა: აიღეთ, ცხენის გასარეკად გამოგადგებათო, – თქვა და მაშინვე ლოცვა იწყო. დარდანიუსის ჯარმა გზა განაგრძო და მალე მდინარე ვულტურნას მიაღწია. მხედრები შეეცადნენ, ცხენები მდინარეში შეერეკათ, მაგრამ როგორც არ ეცადნენ, ადგილიდან ვერ დაძრეს. ამგვარად, ცხენების დიდი ხნის წვალების შემდეგ, თვითონ მხედრებიც დაიქანცნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „ეს უბედურება იმიტომ დაგვემართა, რომ ღვთის კაცი შეურაცხვყავით“. მხედრები მობრუნდნენ და ლიბერტინი ისევ იმ ადგილას მლოცველი იპოვეს.
– ადექი, – უთხრეს მას, – და წაიყვანე შენი ცხენი.
– ღვთით იარე, – უპასუხა წმინდანმა, – მე არ მჭირდება ის.
მაშინ მხედრები თვითონ ჩამოქვეითდნენ, ძალით დასვეს ლიბერტინი ცხენზე და დაუყოვნებლივ გაბრუნდნენ უკან. ადგილზე მისულმა ცხენებმა კი ისეთი სისწრაფით გადაცურეს მდინარე, თითქოს იმ ადგილას საერთოდ არ ყოფილიყო წყალი. ამგვარად, ღვთის განგებით, როგორც კი წმიდანს თავისი ცხენი დაუბრუნდა და სამართალი აღდგა, ცხენები დაემორჩილნენ მხედრებს.