რამ ჩააგდო გია სურამელაშვილი დეპრესიაში და ვინ შეზღუდა მისი თავისუფლება 4 თვით
მომღერალი გია სურამელაშვილი იანვრის ბოლოს 45 წლის გახდა და მეგობრებისა და სხვა სტუმრების გარემოცვაში, ეს თარიღი გრანდიოზულად აღნიშნა. როგორც თავად თქვა, ძალიან ლამაზი საღამო მოუწყო რესტორანმა და ამით, ყველა კმაყოფილი დარჩა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მას ასაკი ვერაფერს აკლებს. პირიქით, თაყვანისმცემლები კიდევ უფრო მოუმრავლდა. რა გეგმები აქვს, როგორ ცხოვრობს და როგორია მისთვის ბაბუის ამპლუა, ამასაც და სხვა დანარჩენსაც ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გია, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობას დღევანდელი გადასახედიდან ნანობ, თუ პირიქით?
– სიმართლე გითხრა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის მიღება არც მინდოდა, მაგრამ, ნოემ 2 თვის განმავლობაში იმდენი ქნა, მაინც დამითანხმა. მაშინ კი ვნანობდი, მონაწილეობას რომ ვიღებდი, რადგან ძალიან მეზარებოდა რეპეტიციებზე სიარული. ძალიან არ მიყვარს ჩაკეტილი სივრცე, ვერ ვიტან. ახლა კი მენატრება ის სიტუაცია. თან, „ცეკვავენ ვარსკვლავების” რეპეტიციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საყვარელ ადამიანს დავშორდი. ცივ შამპანურებს კი ვსვამდი იმ პერიოდში, მაგრამ გულს მაინც არ მიგრილებდა. მართალა ძალიან დიდ დეპრესიაში ვიყავი და ცეკვის სურვილი საერთოდ არ მქონდა. რაც მართალი, მართალია, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ პროექტის დროს და მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ჩემი მეწყვილე. როგორ იტანდნენ ჩემს გამოხტომებს, არ ვიცი, მაგრამ ასე იყო. ალბათ, ძალიან „ზვეზდა” ვარ. ფაქტი იყო, რომ უნდა მეცეკვა, მეც ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად. მართლა ისტერიკა მემართებოდა, იმდენად არ მქონდა ცეკვის ნერვი.
– პროექტის მერე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– კონტრაქტის თანახმად, არც ერთ პროექტში წასვლის უფლება არ მქონდა 4 თვის განმავლობაში. ხომ იცი, რეიტინგული მომღერალი ვარ, ყველას ვუყვარვარ და ყველას უნდოდა ჩემი ჩაწერა და გადაღება. რა უნდა მექნა, უარს ვეუბნებოდი მათ და თან, ვუხსნიდი ამის მიზეზს. ძალიან არ მიყვარს ჩარჩოში ჩაჯდომა, თავისუფალი ადამიანი ვარ და მზღუდავდა ის 4 თვე. მე ხომ ცოტა გიჟი ვარ, რა ვქნა.
– ალბათ, ერთ-ერთი სიგიჟე ისიც იყო, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრის შესახებ ჭორი რომ ააგორე.
– სხვათა შორის, ეგ ჭორი მე არ ამიგორებია. ერთ-ერთმა შენმა კოლეგამ მკითხა, არჩევნებში მონაწილეობა არ გინდაო? რატომაც არა, ჩემი მეგობრებიც მაგას მეუბნებიან, იმდენ ადამიანს უყვარხარ, კენჭი რომ იყარო, ნამდვილად პრეზიდენტი გახდებიო. ოღონდ ამ ყველაფერს ღადავში ვუყვებოდი და არა ინტერვიუსთვის, თან გადათიშული მთვრალი ვიყავი. ამის თქმა იყო და უცბად, ყველა ტელევიზია მომასკდა. ისეთი ნევროზი მქონდა ამის გამო, გადავირიე. ალბათ, ესეც კარგი პიარი გამოვიდა ჩემთვის. არ იცი, რა ხდებოდა, ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა. ყველას უნდოდა ამ ამბის გადამოწმება. ვერ გაერკვნენ, მართალი იყო თუ ჭორი.
– ამასობაში ბაბუა გახდი. როგორი შეგრძნებაა?
– საოცარი და ცოტა წარმოუდგენელი შეგრძნებაა. ისეთი საყვარელი შვილიშვილი მყავს, გვიჟდები მასზე. მართალია, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე მისი ნახვა მინდა. ერთი შვილი მყავს და წარმოიდგინე, როგორ მეყვარება მისი შვილი.
– რაც შეეხება კონცერტებს, თუ გაქვს დაგეგმილი.
– თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ბელგიაში მაქვს კონცერტი დაგეგმილი.
– ყოველ საღამოს რესტორანში მღერი და ბევრი ადამიანი დადის შენს მომასმენად.
– ძალიან მოთხოვნადი მომღერალი ვარ, ან როდის არ ვიყავი რო?! 45 წლის გავხდი ახლახან, ამბობენ დაბერდაო. მაგრამ, ხალხს მაინც ვუყვარვარ და ჩემს სიმღერებს დიდი სიამოვნებით უსმენენ. რესტორანში კი ვარ ყოველ საღამოს, მაგრამ სხვა კონცერტებიც მაქვს დაგეგმილი. ისეთი დაკავებული ვარ, ვერ გადმოგცემ. ალბათ, ამის ბრალიც არის, რომ უკვე დიდი ხანია, ახალი სიმღერა არ ჩამიწერია. არადა, თვეში 2-3 სიმღერას ვწერდი. მე თუ ეს დამემართებოდა და ამდენი ხანი სიმღერას არ ჩავწერდი, ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ, ეს მაინც გადაღლილობის, გასტროლებისა და ბევრი კონცერტის ბრალია. მართალია ხმისჩამწერ სტუდიამდე ვერ მივაღწიე, მაგრამ სამაგიეროდ, დღე და ღამე ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ვარ. მოკლედ, უთოც რომ ჩართო იქაც გიოა. ახლა რატომღაც გიოს მეძახიან, ეს სახელი უფრო მოსწონთ ჩემზე.
– ახლახან ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გაჟღერდა შენი სახელი. ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, მისი ერთ-ერთი გადაცემის რეიტინგთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2-ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდაო. ამ ყველაფერზე შენი რეაქცია როგორი იყო?
– „ნანუკას შოუ“ თუ გადავჩრდილე, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ასეთ რაღაცეებს რომ წერენ საიტებზე, მე არ მეუბნებიან და ამის გამო ხასიათს არ მიფუჭებენ. ესეც შემთხვევით გავიგე, როცა ჟურნალისტმა კომენტარისთვის დამირეკა. ალბათ, თვითონ „ნანუკას შოუს” არ აქვს რეიტინგი და მე რა შუაში ვარ? როგორც წესი, პროვოკაციებს არ ვეგები. ჟურნალისტებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ყველა მიყვარს. არასდროს მიგრძნია შენი კოლეგებისგან ცუდი დამოკიდებულება. ახლა რა მოხდა, მართლა არ ვიცი.
– ხშირად საუბრობენ შენს ძვირფასეულობაზე, რომელსაც ყოველთვის თან ატარებ.
– არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამან ასეთი ამბავი. ოქროები, ბრილიანტები და დახეული შარვლები ყოველთვის მიყვარდა. კარგი რა, 2-3 ბრილიანტის ბეჭედი ყველას აქვს სახლში, მე თუ 40 მაქვს, რა მოხდა მერე? – კოლექციონერი ვარ თუ მაგნატი. ჩემმა მეგობრებმა იციან, ოქრო და ბრიალიანტი რომ მიყვარს და სუნამოს მაგივრად, ვინც შეძლებულია, სამკაულს მჩუქნის. მაგალითად, ახლახან გიორგი წერეთელმა მაჩუქა ძალიან ლამაზი ბეჭედი.
– 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადე, სადაც უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. სამკაულები, ალბათ, დაბადების დღეზეც მოგართვეს საჩუქრად და შენი კოლექცია კიდევ უფრო გამრავალფეროვნდებოდა.
– საკმაოდ ბევრი სამკაული მივიღე საჩუქრად. ძალიან ლამაზი საღამო იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა. გადაჭედილი იყო რესტორანი. 240 კაცი იჯდა, 280 უკან გავუშვით, ადგილი რომ აღარ იყო. ეს ყველაფერი კი ჩემი მენეჯერის, მარინა კაშიას დამსახურებაა. სტუმრებისთვის კარგი განწყობა შემოსვლისთანავე დაიწყო. რესტორნის ჰოლში ფოტოსესია მოეწყო, თან მონიტორზე ჩემი კლიპი გადიოდა. მილოცავდნენ და მოკლედ, ძალიან მაგარი იყო.