ძველი სცენარი
„ჩვენ ორნი ვართ… ასოცირებაში“
ისე მოხდა, რომ ევროკავშირთან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას ორნიღა შემოვრჩით: ჩვენ და მოლდოვა. რაკი ამასობაში არც რფ-ს სძინავს, საბაჟო კავშირის იდეას გაცხოველებით ასხამს ხორცს: ბელორუსი და ყაზახეთი ისედაც ჰყავდა დაბევებული; უკრაინასთან ჭიდაობს, სომხეთი უკვე დაითანხმა, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სულ ახლახან დავოსის ფორუმზე განაცხადა, რომ, არც საბაჟო კავშირში გაწევრიანება სურს და არც ევროკავშირთან ასოცირება, ორივესთან ყოველგვარი ხელმოწერების გარეშეც მშვენივრად ითანამშრომლებს.
ამ ყოველივეს მოლდოვასა და საქართველოსთვის, წესით, ფორა უნდა მიეცა, თუმცა, ევროკავშირმა ხელმოწერის ვადა მხოლოდ ორიოდე თვით გადმოსწია, აგვისტომდე კი, შესაძლოა, სულაც, მეორედ მოსვლა დაიწყოს.
მით უფრო, რომ მოლდოვისთვის ის თითქმის დაწყებულია. თითქოს დნესტრისპირეთის თვითაღიარებული ავტონომია არ ეყოფოდა, გასულ კვირას მის კიდევ ერთ ავტონომიურ წარმონაქმნში – გაგაუზიაში – რეფერენდუმი ჩატარდა. მისმა მონაწილეებმა (გაგაუზიის ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა) მხარი ავტონომიის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დაუჭირეს. სახელდობრ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 98,47 პროცენტს გული მოსკოვისკენ მიუწევს და მხოლოდ დანარჩენს – ბრიუსელისკენ.
უფრო მეტიც, რეფერენდუმში მონაწილეთა 98,09 პროცენტმა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ მოლდოვას მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემთხვევაში, გამოიყენონ თვითგამორკვევის უფლება. ბუნებრივია, მოლდოვას ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმსა და მის შედეგებსაც უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა, ბოლო 20-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა ვიცით, რით მთავრდება ხოლმე ავტონომიების ასეთი თვითნებობა და ვისი იმედით.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ რფ სცენარებს არ ცვლის (ვითომ, გონებაჩლუნგები ვგონივართ? ან, იქნებ, ვართ?!). შესაბამისად, უდავოა, პრ. პუტინს „ზაგატოვკები“ ჩვენთვისაც ექნება გამზადებული. საკითხავი მხოლოდ ისაა, არის თუ არა მზად პრევენციისთვის ჩვენი პოლიტიკურ-სამთავრობო სპექტრი?!