განგაშისა და რისხვის დამზანზარებელნი
ხმამაღლა დაწერილი რჩევები
ბევრი სჯა-ბაასის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენები უკვე სოჭის ოლიმპიადაზე არიან და, ისიც ცნობილია, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოლიმპიადას არ ესწრება. თუმცა, ბ-ნმა ნორლანდმა, ყოველი შემთხვევისთვის, შეგვახსენა, რომ აშშ თავის სამთავრობო დელეგაციას გზავნის, რასაც ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ: რფ-ს არა აშშ-ს, არამედ, ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
თუმცა, „ნაცმოძრაოელებმა“ სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალეს: აქეთ – ქ-ნი ჩიორა თაქთაქიშვილი არისხებდა განგაშისა და აღშფოთების ზარებს, იქით – ქ-ნი მარიამ ჯანაშია გამოსცემდა იმავე ტონალობის ექოს.
სახელდობრ, ქ-ნი თაქთაქიშვილის რისხვა ისეთ სიმაღლეეს მისწვდა, რომ, საერთოდაც, უარი თქვა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებზე (მომყავს ციტატა: „ჩემთვის აღარ არსებობენ ეს სპოტსმენები, როგორც საქართველოს მოქალაქეები. არ მაინტერესებს პოლიტკორექტულობა!“ არ აინტერესებს და მოკალი – ამ ეტაპზე მისთვის პოლიტიკოსის მხოლოდ ხელფასი და პრივილეგიებია, ალბათ, საკმარისი).
იქვე შეგონებებსაც არ იშურებს: „შეეძლოთ, ერთი, პრინციპული გადაწყვეტილებით, ისტორიაში ღირსეული სახელების გვერდით შესულიყვნენ და არა მოღალატეების (მართალია, ეს სტრიქონები ცოტა ხმამაღლაა დაწერილი, რადგან, ქ-ნი თაქთაქიშვილს გარანტირებული აქვს ისტორიაში მოხვედრა, თუნდაც, მხოლოდ ეგრეთ წოდებული გორის კადრებისა და ერთი საქართველოს ტერიტორიაზე სამი პრეზიდენტის გახერხების წყალობით).“
მეორე მხრივ, ქ-ნი საჯაია ქ-ნი თაქთაქიშვილის მიერ მოღალატეებად შერაცხილებს რეცეპტსაც სთავაზობს: „საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პროტესტით უნდა წამოვიდეს ოლიმპიადიდან… თუკი ოდნავ მაინც გვინდა ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგათ!“ – ამბობს გულმხურვალედ დეპუტატისხელფასშენარჩუნებული და ოკეანისგაღმა სასწავლებლად წასული ხალხის რჩეული მარიამ საჯაია, რომლის გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა კანონიც კი შეცვალა, რათა 21 წლის ქ-ნი საჯაია კანონშემოქმედებით ორგანოში მოეხვედრებინა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტსმენთა შემოსავლის წყარო სწორედ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაა, ფრიად დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ზემომოყვანილი ქალბატონები (როგორც ლიტერატურის მოყვარული კაცი იტყოდა, იერით – „გავძეხი“), რჩევებს სხვა რამესაც გამოაყოლებდნენ.