კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამართა თინათინ ჯაფარიძემ ბროდვეიზე საკუთარი ცხოვრების მიხედვით დადგმული საჩვენებელი სპექტაკლი და რატომ გადაწყვიტა ცნობილმა გამოცემამ მისი სიმღერების ჩაწერა

„ამ სამყაროში მიიჩნევა, რომ მაინც ახალგაზრდა და ახალი ვარ. თუმცა, არ მახსოვს, იმ მართლაც ლეგენდებმა, ვისთანაც დღეს მუშაობისა და მეგობრობის პატივი მაქვს, მაგრძნობინონ: შენ ჩემთან შედარებით ახალი დაწყებული გაქვს ეს საქმეო. მეც, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ვაფასებ. საშუალება მაქვს, ამ ხალხთან თავი კომფორტულად ვიგრძნო და რაც მთავარია, არავინ გაგრძნობინებს, რომ შენ ჩამოსული ან ახალი ხარ მათთვის. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობ,“ – ეს სიტყვები ნიჭიერ კომპოზიტორს, მომღერალ თინათინ ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომლის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პირველი ნაწილი 27 იანვარს უკვე ნახა ბროდვეის საზოგადოებამ.

 

თინათინ ჯაფარიძე: ამას იშვიათად ვამბობ, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, ჩვენი საჩვენებელი საღამო ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მეგონა, რომ გამოვიდოდა. დაახლოებით, ნახევარი წლისთვის დავიმატეთ ახალი მსახიობები. ბროდვეისთვის დასი იყო საჭირო, სპექტაკლი უფრო მასშტაბური რომ გამოსულიყო. მსახიობები ითამაშებდნენ ჩემი ცხოვრებიდან სხვადასხვა ეტაპს – ეს მაყურებლის უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევდა, რადგან ერთდროულად იქნებოდა ჩართული ყურიც, თვალიც. შესაბამისად, დავამატეთ ჩემი ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟები. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი: დედა და მამა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, არამედ სპექტაკლშიც, არ მინდოდა, ყოფილიყვნენ. ეს ჩემთვის ცოტა ყალბი იქნებოდა – ნათამაშები, შეთხზულივით, განსაკუთრებით, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი ინგლისურად უნდა მომეყოლა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ის სცენები,  სადაც მშობლები არიან, ეკრანზე ასახულიყო ფოტო-ვიდეოსკოლაჟით. თუმცა, კარგი იქნებოდა, დედას და მამას ეთამაშათ, ეს რეჟისორმაც მითხრა ხუმრობით. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არ დათანხმდებოდნენ. რაც შეეხება დეივ გრუზინს, მას ჩემს ცხოვრებაში ისეთი დიდი ადგილი უჭირავს, დღეს იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ არ მინდოდა, მსახიობს ეთამაშა მისი როლი. მინდოდა, ხელუხლებელი ყოფილიყო ეს პერსონაჟი. ან დეივის ხმას უნდა მივამსგავსოთ მსახიობის ხმა, ან დეივის უნდა ვთხოვოთ, რომ მან წაიკითხოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ციტატა. დღესდღეობით მსახიობი კითხულობს მის ციტატებს. ჯერ დეივი არ მინახავს და აუცილებლად ვკითხავ, თუ არის ეს შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ პერსონაჟებს, მათ, ვინც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, მათი როლის შესასრულებლად დაგვჭირდა მსახიობების მოძებნა. თავიდან, მე უნდა მემღერა 18 სიმღერა, ჩემს თანაავტორთან, თიმოთისთან ერთად, რომელიც სპექტაკლში თავის თავს თამაშობს. მაგრამ, ბოლოს გადავწყვიტეთ, ორი სიმღერა მსახიობებს შეესრულებინათ. ამ პროექტზე იმდენად სერიოზული ხალხი მუშაობს, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა. დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში შევარჩიეთ დასი. თუმცა, 27 იანვრის საჩვენებელ სპექტაკლში ყველას არ მიუღია მონაწილეობა, რადგან მხოლოდ პირველი აქტი ვაჩვენეთ. მეორე აქტში უფრო მეტი მსახიობი მონაწილეობს. მე, პირველი აქტისგან განსხვავებით, სადაც სულ სცენაზე ვარ, მეორე აქტში ასე ხშირად არ გამოვდივარ, მსახიობებიც ბევრს თამაშობენ, უფრო დინამიკურად მიდის ყველაფერი. თითო აქტი ერთ საათს გრძელდება. 

– სად ჩატარდა საჩვენებელი სპექტაკლი? 

– 27 იანვრის საღამო მოაწყო „მსახიობების ფონდმა“, რომელშიც გაწევრიანებულები არიან რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები, ისინი, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბროდვეიზე, თან, ძალიან წარმატებულად. როდესაც პენსიაზე გადიან, ამ ფონდში იწყებენ მუშაობას. ძალიან აქტუალურია ეს ფონდი, თუნდაც შენობა, რომელიც 57-ე ქუჩაზე მდებარეობს და ყველამ იცის, სად არის. ბოლო პერიოდშიც, რეპეტიციებს სწორედ მათ ოფისში გავდიოდით. რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და ჩათვალეს, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა როგორც ბროდვეისთვის, ასევე ამერიკისთვის, რადგან დაკავშირებული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირთან, საქართველოსთან, რუსეთთან. ეს ფონდი არა მხოლოდ ბროდვეის სამყაროსთან მუშაობს, არამედ ბროდვეის ახალ თეატრებთანაც. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათთან მუშაობა. მათ უნდოდათ, ეჩვენებინათ ექსკლუზიურად ახალი სპექტაკლი, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება, ძალიან წარმატებული გახდეს. ასე რომ, მათ 27 იანვარს მოაწყეს ეს საღამო. თუმცა, ჩვენც მოგვცეს უფლება, რომ 12 ადამიანი დაგვეპატიჟებინა. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტს კიდევ უფრო წინ წაწევდნენ. ამიტომ, დავპატიჟეთ ჩვენი ადვოკატები და გამომცემლობა, რომლებიც ჩვენი სიმღერების უფლებებით, გაყიდვებითაა დაკავებული. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, რას იტყოდა ჩვენი გამომცემლობა, რადგან მათ რამდენიმე ახალი სიმღერა არ ჰქონდათ მოსმენილი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მეორე დღესვე გვითხრეს: 3 მარტს ალბომზე, სპექტაკლის საუნდ ჩეკზე ვიწყებთ მუშაობასო. დასაწყისში, დაახლოებით ექვს სიმღერას ჩავწერთ  და შემდეგ დანარჩენ თორმეტსაც დავამატებთ. ეს გამომცემლობა მუშაობს თითქმის ყველა ცნობილ მომღერალთან ბროდვეის შოუებზე. ბროდვეის სამყაროს ძალიან კარგად იცნობენ. გამოცდილები არიან როგორც პოპის, ასევე თეატრის სამყაროში. სიმართლე რომ გითხრათ, სპექტაკლის ალბომის ჩაწერაზე არ ვფიქრობდით, რადგან წესია: ჯერ იდგმება ბროდვეის სპექტაკლი და შემდეგ, როცა ნახავენ, რომ ხალხს მოეწონა, კარგად მიიღეს სიმღერები, მერე წერენ ალბომს. ჩვენს შემთხვევაში, პირიქით უნდათ, რომ დროზე ადრე ჩავწეროთ ალბომი და დავასწროთ შოუს. ალბათ, უნდათ, რომ სხვა კომპანიებს დაასწრონ. ორ დღეში უნდა ჩავწეროთ ექვსი სიმღერა. 

– როგორი იყო მაყურებლის ემოცია?

– იმ თორმეტი სტუმრის გარდა, დანარჩენი მაყურებელი თვითონ ფონდმა დაპატიჟა. მაინც მათთვის ჩატარდა ეს საღამო, მათი რეაქცია აინტერესებდათ ჩვენს ადვოკატებს, გამომცემელებს. ძალიან კარგად მიიღეს სპექტაკლი, იმ საღამოსვე რამდენიმე მსახიობმა „ფეისბუქზეც“ მომწერა. თავიდან რამდენიმე ისტორია ამოვიღეთ, რომელიც წიგნში აუცილებლად დარჩება, რადგან არ გვინდოდა, მაყურებლის გადატვირთვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, ჩემი ორი ადვოკატი ჩემს მშობლებთან მივიდა და ჰკითხეს: ეს ყველაფერი, რასაც სპექტაკლში ყვებიან, მართალიაო? ძალიან კარგად არის ისტორიები აკინძული და შერწყმული რეჟისორის, დრამატურგის, თიმოთის მიერ – ორი წელი მოვუნდით ამ სცენარზე მუშაობას. ისე საინტერესოდ დამთავრდა პირველი აქტი, რომ უკვე აინტერესებთ, რა იქნება მეორე აქტში. გაზაფხულის ბოლოს უნდა დავდგათ პირველი და მეორე აქტი უკვე შერწყმულად. 

– შენს სპექტაკლს „მატრიოშკა“ ჰქვია. როგორ მიიღო ეს მაყურებელმა, სწორად აღიქვა ყველაფერი? 

– ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ყველამ იცის ეს თოჯინა ვიზუალურად. თუმცა, არავინ იცის, რა ჰქვია მას და შიგნით თუ სხვა თოჯინებია მოთავსებული. რაც მთავარია, „მატრიოშკა“ ძალიან საინტერესოდ, კონცეპტუალურად გვყავს გამოყენებული და მაქსიმალურად შევეცადეთ, ყოფილიყო გამართლებული: რატომ ჰქვია სპექტაკლს „მატრიოშკა“. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, „მატრიოშკა“ მე ხომ არ ვარ, ის ცალკე პერსონაჟია. თან, ხომ უნდა ყოფილიყო გამართლებული: რატომ დგას ამხელა ზომის თოჯინა სცენაზე. რაღაცით მე მგავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სხვაა. სხვათა შორის, ანა ჰქვია და ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: სპექტაკლის დასაწყისში „მატრიოშკაში“ ვარ მე და უცებ ამოვდივარ იქიდან. რაც მთავარია, მაყურებელმა კარგად გაიგო აზრი და მიხვდნენ: რატომ გამოვიყენეთ „მატრიოშკა“, როგორც იდეა. ის ჩვენს სპექტაკლში მეტაფორაა და ყველამ გაიგო ეს მეტაფორა რასთანაცაა დაკავშირებული. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სახელი ანა. როცა მინდა, სხვა ამპლუაში, როლში გამოვცადო ჩემი თავი, როცა არავინ არ მიცნობს, ვამბობ, რომ ანა ვარ. როცა მინდა, ვიყო ანა, არ მინდა, რომ ვიყო თინათინი. ამიტომაც ჰქვია „მატრიოშკას“ ანა.

– რა გეგმები გაქვს ამ სპექტაკლის გარდა? 

– მალე ჩამოვა ლათინურ სამყაროში ძალიან ცნობილი კომპოზიტორი, რომელსაც ლათინური „გრემი“ რამდენჯერმე აქვს მოგებული და მასთან ერთად ორი მომღერლისთვის ვწერ სიმღერას. ერთია ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი, მეორის სახელს ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ არ გვაქვს დასტური. ისიც ცნობილია ლათინურ, იტალიურ სამყაროში. გარდა ამისა, რიკ ალისონთან ერთად ვმუშაობ ახალ პროქტზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან. ეს არის მრავალმასშტაბიანი პროექტი, რომელზეც მე და რიკმა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფიქრი, უბრალოდ, ორივე დაკავებულები ვიყავით და 13 თებერვლიდან ვაპირებთ გაგრძელებას. – რა ხდება სელინ დიონის სიმღერასთან დაკავშირებით, როგორი გამოვიდა? 

– სელინ დიონის ფრანგული სიმღერა ძალიან კარგი გამოვიდა. სხვათა შორის, ის ჩემს სახლში დაიწერა. ჩემმა პროდიუსერმა ქრის ნილმა გადაუგზავნა „სონიში“ იმ ადამიანს, რომელიც სელინ დიონის რეპერტუარზე ზრუნავს. ძალიან მოეწონა და გვითხრა, ორ წელში იწყებს ფრანგულ ალბომზე მუშაობას. ამიტომ, კარგი იქნება, რომ სელინს და მის მეუღლეს, რენეს, ქრისმა მოასმენინოს ეს სიმღერაო. ისინი წელიწადში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და უსმენენ იმ სიმღერებს, რომელიც სელინმა უნდა ჩაწეროსო. რადგან სელინი ჯერ არ ჩაწერს ფრანგულ ვერსიას, ამიტომ შემოგვთავაზეს, ამ სიმღერის ორ სხვადასხვა ენაზე ჩაწერა და ბაზარზე გატანა. სელინისთვის არ აქვს მნიშვნელობა და არ აწუხებს ის ფაქტი, რომ სიმღერა, რომელიც უნდა ჩაწეროს, ნამღერი აქვს თუ არა სხვა მომღერალს. მას მიაჩნია, რომ ის მაინც სხვანაირად იმღერებს. კომერციული სიმღერა გამოვიდა, ბევრი მომღერალი დაინტერესდა. ინგლისურადაც გვაქვს ჩაწერილი, ესპანურადაც ჩაიწერება და კიდევ ერთ ენაზე. სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად აღმიქმება, ხასიათი ეცვლება. 

– რა ხდება ბარბრა სტეიზანდთან დაკავშირებით? 

– როგორც იცით, ის უკვე წლიწად-ნახევარია, დუეტების ალბომს წერს. როცა ჩვენ დავწერეთ სიმღერა, მაშინ გვითხრეს, როგორც კი დუეტების ალბომს დაამთავრებს, მერე ვიმუშაოთ სიმღერაზეო. „ფეისბუქზე“ მისი პროდიუსერები წერენ, რომ ასეთი დაუსრულებელი ალბომი არ ყოფილაო. ასე რომ, ჩვენი სიმღერა რიგში დგას. ტექსტი უნდა გადავაწერინოთ მის პოეტებს, კომპოზიტორებს. როგორც კი ჩაამთავრებს, მერე ჩვენი რიგი დადგება და მივაწვდით სიმღერას, რომელიც წელიწად-ნახევარია, რიგში დგას. თან, ვერავის ვასმენინებთ, ექსკლუზივია ბარბრასთვის, რადგან ის სელინისგან განსხვავებით, დიდ ყურადღებას აქცევს, რომ არავინ მოისმინოს და იმღეროს. 

– დეივ გრუზინს ხომ არ შეხვედრიხარ კიდევ? 

– ნიუ-იორკში დეივ გრუზინს გაუმართეს საღამო, დააჯილდოება. თაიმ სქვერზე ჩამოვიდა მთელი მუსიკალური ბომონდი, ფანტასტიკური გალა-საღამო იყო. დაპატიჟეს დეივის მეუღლე და მისი შვილი, ანუ მე. ისეთი გახარებული ვიყავი, არა მხოლოდ დეივმა გადაწყვიტა, რომ მისი შვილი ვარ, მუსიკალურმა სამყარომაც მის შვილად მიმიღო. დეივის ცოლი, ნენი, ახალგაზრდა, ენერგიული, არანორმალურად ქარიზმიანი ადამიანია. მისი მადლობელი ვარ. იმის გარდა, რომ დეივი და მე პირველად ერთმანეთს მარტო შევხვდით, შემდეგ ჩემი და დეივის უფრო პირადულ დონეზე დამეგობრება ნენიმ განაპირობა. დეივი ძალიან ჩაკეტილი, მორიდებული ადამიანია და ინიციატივა მან აიღო. ამიტომ, არა მხოლოდ დეივია ჩემი მამა, ნენიც ჩემი დედაა. ის დეივის გვარზე არ არის და როდესაც „ფეისბუქზე“ რამეს მიწერს, სულ მეკითხებიან: ვინ არის ეს ნენი და რატომ წერს: შენი ამერიკელი მამა და დედა ვართო. მოსაწვევებზეც ეწერა: დეივ გრუზინი და ოჯახი. რაღა დაგიმალოთ და, ეს მეც კარგად შევიფერე. დავიჯერე, რომ ჩემი ამერიკელი მშობლები არიან. ერთად მუშაობაც ძალიან გვინდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ერთ ქალაქში ყოფნას. დეივთან დაკავშირებით ერთი პროექტი მაქვს მოფიქრებული და გვინდა, ამაზე მუშაობა დავიწყოთ. 

 

скачать dle 11.3