როგორ გახდა მკლავჭიდში საქართველოს ორგზის ჩემპიონი გიგა ტაბიძე კომიკური პერსონაჟი და რატომ არ ღიზიანდება ის ქუჩაში „ჭამე, ნოდარის” დაძახებაზე
„კომედი შოუს” 23 წლის მსახიობ გიგა ტაბიძის სახელი და გვარი, შეიძლება, ბევრმა არ იცის. თუმცა, საკმარისია, მათ უხსენო – „ჭამე, ნოდარი,” რომ ყველა იღიმება და ხვდება, ვისზეცაა საუბარი. ფაქტია, ამ კომედიურმა როლმა, ის საკმაოდ პოპულარული და ცნობადი გახადა, რასაც თავადაც აღიარებს. თუ როგორია შეყვარებული გიგა, რაში ადგება საქართველოს ორგზის ჩემპიონობა და როდის ხდება ის ზედმეტად ეჭვიან-განცდიანი, ამაზე თავად გვესაუბრება.
გიგა ტაბიძე: ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. იქ დავამთავრე სკოლა. შემდეგ, თბილისში ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში, „კავეენშიც” ვთამაშობდი. მართალია, ქუთაისელი ვარ, მაგრამ თბილისში გადმოსულსაც არ გამჭირვებია ცხოვრება. შესაძლოა, ადგილის დამკვიდრება დედაქალაქში რთულია, მაგრამ ჩემთვის ასე არ იყო, რადგან მჯეროდა, რასაც ვაკეთებდი, ადრე თუ გვიან, წარმატებას მომიტანდა. დღეს, ქუჩაში მცნობენ, ტელეეკრანზე ვჩანვარ, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ.
– პროფესიით ფარმაცევტი ხარ, თუმცა მსახიობობამ გაგიტაცა. რატომ გაიხადე თეთრი ხალათი, არ მოგიხდა, ვერ მოირგე თუ რაშია საქმე?
– სხვათა შორის, ლექტორები აღიარებდნენ, ნიჭირი სტუდენტი ხარო. არც სწავლა გამჭირვებია – პირიქით. მაგრამ, ეს პროფესია მაინცდამაინც საჩემო არ იყო. დედას და ბებიას უნდოდათ ძალიან ჩემი „დოხტურობა” (იცინის) და, მეც ხათრი ვერ გავუტეხე. რომ ვაბარებდი, მაშინვე ვიცოდი, ფარმაცევტი რომ არ ვიქნებოდი. უბრალოდ, სკოლას რომ ვამთავრებდი, არ მქონდა არჩეული სად ჩავაბარებდი. სპორტზე დავდიოდი და მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. როგორც გითხარით, სპორტის გადამკიდე, აბიტურიენტობის პერიოდს მოუმზადებელი შევხვდი. პროფესიის არჩევანში არ ვიყავი ჩამოყალიბებული. დედა ფარმაცევტი მყავს და ამიტომ, სხვა ვარიანტიც არ მქონდა, მოვემზადე და ჩავირიცხე.
– მამა, გია ტაბიძე, საკმაოდ კოლორიტული და ცნობილი „პიკასოს ბიჭია” ქუთაისში. შენ რომ დღეს ამ სფეროში ხარ, მამის გავლენა იყო?
– რასაკვირველია, მამის გავლენა იყო ის, რომ დღეს მე „კომედი შოუს” მსახიობი ვარ. წარმოიდგინეთ, ბავშვობიდან ვესწრებოდი „პიკასოს ბიჭების” გამოსვლებს, მათ ქეიფებს, შეკრებებს და დღეს რომ იუმორთან შეხება მაქვს, არაა გასაკვირი. თან, დღეს, მამის ძმაკაცების, კოლორიტი „პიკასოს ბიჭების” გვერდით ვდგავარ და ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ახლა, ისინი ჩემი მეგობრებიც არიან და გამოდის, რომ მამა-შვილს ერთი სამეგობრო წრე გვყავს (იცინის). სხვათა შორის, მამას მოსწონს, დღეს მე რომ იუმორისტულ სამყაროში ვარ. სულ ვფიქრობ – „ჭამე, ნოდარის” მერე, ეს ნოდარი რატომ აიტაცა ხალხმა. ამაზე კარგი პერსონაჟებიც ხომ ყოფილა-მეთქი, მაგრამ პასუხი არ მაქვს. თუმცა, ნოდარი რომ მე ვარ, მიხარია (იცინის). ქუჩაში რომ მივდივარ, მომაძახებენ ხოლმე – „ჭამე, ნოდარიო” და ვხვდები, ამით გამოხატავენ სიყვარულს არა გიგას, არამედ იმ დაჩაგრული და უბედური ნოდარის მიმართ, ვისაც მე ვთამაშობ (იცინის). ვაღიარებ, გავხდი პოპულარული, მაგრამ ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი. თუმცა, უფრო თავშეკავებული გავხდი და მიწევს რაღაც-რაღაცეებზე თვალის დახუჭვა.
– მაინც, რაზე გიწევს თვალის დახუჭვა?
– აბა, ადრე რომ ვინმეს ქუჩაში ჩემთვის დაეძახა – „ჭამე, ნოდარიო”, მე ვიცი, რასაც ვაჭმევდი: არ ასცდებოდა მუშტი. ახლა კი ვუღიმი და ჩემს გზაზე მივდივარ (იცინის).
– „ჭამე, ნოდარიზე” გამახსენდა, გურმანი თუ ხარ? ჭამა გიყვარს?
– კი, ჭამა მიყვარს და ამ მხრივ დაძალება და თავში წამორტყმა, ნამდვილად არ მჭირდება (იცინის). ზოგადად, კომფორტი მიყვარს და ცნობადი სახე რომ ვარ, ესეც მომწონს. სულ ვამბობ, არ მინდა, ყველა ოცნება ამიხდეს, რადგან თუ ყველა ოცნება ახდა, ცხოვრება აზრს დაკარგავს-მეთქი, თუმცა გამოგიტყდებით და, ერთი ოცნება კი მინდა მალე ამიხდეს. ძალიან მინდა ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა და ვეცდები ეს, ამ ზაფხულიდან დავიწყო.
– ალბათ, მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად გინდა?
– იმისთვის, რომ იმოგზაურო და სიამოვნება მიიღო, სულაც არ არის საჭირო, გვერდით საყვარელი ადამიანიც გყავდეს. მარტოც, მშვენივრად ვიმოგზაურებ. რაღაც-რაღაცეების გაგებაში, შესაძლოა, იმ საყვარელმა ადამიანმა ხელიც კი შემიშალოს (იცინის).
– ბევრმა არ იცის, რომ შენ არა მარტო მსახიობი და ფარმაცევტი, არამედ საქართველოს ორგზის ჩემპიონიც ხარ მკლავჭიდში. ეს შენი გარეგნობიდანაც კარგად ჩანს.
– ქუთაისში დავიწყე ვარჯიში, დაახლოებით, ხუთი წელი დავდიოდი და ვეღარ წარმომედგინა სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება. მკლავჭიდელი ვიყავი და საქართველოს ორგზის ჩემპიონიც გავხდი. თუმცა, ტრავმა მივიღე და ამან განაპირობა, რომ აღარ გავაგრძელე ასპარეზობა. თუმცა, ვარჯიშით დღესაც ვვარჯიშობ. სხვათა შორის, პირად ურთიერთიერთობებში, ხშირად დამხმარებია ჩემი მკლავ-მუშტი (იცინის).
– ანუ, შენი მუშტი მტერს მოხვდა?
– კი, კი, ნამდვილად ასეა (იცინის). ჩხუბისთავი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ჩხუბში მონაწილეობა ხშირად მიწევდა და ქუჩურ დაპირისპირებებში, ისე ვიქნევდი ჩემს ნავარჯიშევ მკლავებს, ეს უნდა გენახათ (იცინის.) ასე რომ, ქუჩურ გარჩევებში ხშირად მიწევდა ჩხუბი, თუმცა, დასისხლიანებული არ დავდიოდი. ამაში ნავარჯიშები სხეული მშველოდა. არ დამავიწყდება, ერთ მეგობარ გოგონასთან ერთად მოვდიოდი ქუჩაში. ორმა ნასვამმა ტიპმა შეურაცხყოფა მიაყენა. რომ „ამასხა” და გავარდი, ისე დავბეგვე ორივე, ძლივს აითრიეს წელი. მართალია, ეს კარგი საქციელი არ არის, მაგრამ ვერ ვიტან, ასეთ უტაქტობებს და რა ვქნა?
– ყველა აღიარებს, რომ საკმაოდ სიმპათიური ბიჭი ხარ. პირად ცხოვრებაში როგორაა საქმე? შეყვარებული ხარ?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ერთი გოგონა მომწონს და შეყვარების ეტაპზე ვარ (იცინის). ისე კი, საშინელი შეყვარებული ვარ. თუ ვინმე მიყვარს, ეჭვიანობა მიორმაგდება, მტკივა, განვიცდი და მიხარია ორმაგად. ანუ თუ მიყვარს გოგო, დაძაბული და გაორმაგებული ვარ. მართალია, ხშირად არ ვარ ასეთი გაორმაგებული, მაგრამ ჩემი თავი დავიჭირე: რომ თუ ეჭვიანობა გამიმძაფრდა, ესე იგი, მიყვარს. რომანტიკულიც ვარ, მაგრამ არც გოგონას ფანჯრებთან მიმღერია ფიალით ხელში და არც მისი სადარბაზოს კედლებზე გამიკეთებია ფერადი წარწერები. მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, საყვარელი გოგონასთვის ისეთი სიურპრიზის გაკეთება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენ ორმა ვიცით და ამას სხვა ვერ გაიგებს, თუნდაც, მისი დაქალები. ამას, მხოლოდ, მისთვის და ჩემთვის ვაკეთებ.
– სოციალურ ქსელში ორმაგი გვარით – ტაბიძით და ორლოვით ხარ დაფიქსირებული. ტაბიძე გასაგებია, მაგრამ ორლოვი ვისი გვარია?
– ბაბუა – მამის მამა, მყავდა ორლოვი. სიტუაცია რომ დაიძაბა 90-იან წლებში რუსეთ-საქართველოს შორის, ბაბუამ გადაწყვიტა, რუსულ გვარზე უარი ეთქვა და დედის გვარზე – ტაბიძეზე გადავიდა.
– ესე იგი, შენში რუსული გენეტიკაც დევს.
– დიახ, ასეა. სხვათა შორის, ძალიან მომწონს გვარი ორლოვი, თან ორიგინალურიც მეჩვენება. დარეგისტრირებული არ ვარ ორლოვად. ვფიქრობ, არ არის ეს გვარი ჩემი მხრიდან დასაკარგი და მინდა, სულ მალე ოფიციალურად დავეწერო ტაბიძე-ორლოვად.