კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ჭიქის „ჩარტყმის” შემდეგ ეცვლება განწყობა ეკა აბშილავას და რის კეთებაში ათენებდა ის ღამეებს

„კომედი შოუს” მომხიბვლელ მსახიობს, 25 წლის, ეკა აბშილავას არც ექსპერიმენტების ეშინია, ბავშვობის ოცნებებიც აიხდინა და არც ის სწყინს, როცა ქუჩაში ნდომით თვალს აყოლებენ. ის ძალიან თბილი და გულახდილი რესპონდენტია. უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და მიაჩნია, რომ იღბლიანია. ხოლო, თუ რატომ მოირგო მან „ნაშის” იმიჯი, ვინ ურთავს სადარბაზოს კიბეებს ვარდის ფურცლებით და როგორი ბიზნესვუმენი იქნება, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ეკა აბშილავა: გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ, რომ გავიზრდები პედაგოგი გამოვალ, ექიმი ვიქნები ან დედიკოსავით ადვოკატიო. მე კი სულ ვოცნებობდი, რომ გავიზრდები მსახიობი გამოვალ-მეთქი და გავხდი კიდეც. ცეკვა, სიმღერა და მაიმუნობა მიყვარდა. სასახლეში დავდიოდი მხატვრულ კითხვაზე. თეატრალურში პირველივე წელს მოვხვდი და ვამბობდი, ათი წელი რომ ვერ ჩამებარებინა, მაინც აქ მოვიდოდი-მეთქი. იღბლიანი ვარ, რადგან ბავშვობიდან ყველაფერში მიმართლებს. თუმცა, იღბალთან ერთად, შრომისმოყვარეც ვარ. მთელ ჩემს ენერგიას იმაში ვდებ, რასაც ვაკეთებ. „გორდაში” ვცეკვავდი, მერე „ერისიონში” გადავედი და დღემდე ვნანობ, ცეკვას თავი რომ დავანებე, თუმცა „თავდაყირას” სტუდიაში ბავშვებს ცეკვას ვასწავლი და ჩემს სურვილს იქ ვიკლავ. მუსიკა რომ მესმის, ვცმუკავ (იცინის). ტელევიზიაშიც, მოვედი თუ არა, ქასთინგი გავიარე და ამიყვანეს. ასე რომ, ბედი მწყალობს. 

– ხშირად გიხდება მამაკაცური ხასიათის როლის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ქალური ხარ. მამაკაცის ტყავში „შეძრომა” რთული არ არის?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცური „საწყისები” ჩემშიც ზის და ვაჟკაცური შეძახილებიც კარგად გამომდის (იცინის). აი, თუ ცოტა „ჩავარტყი” სასმელი, მერე უფრო იხსნება მამაკაცი ჩემში (იცინის). რასაკვირველია, ორ ჭიქას ვგულისხმობ, თორემ მეტი არც მჭირდება, ხასიათზე მოსასვლელად. გამოგიტყვებით და არც სიმთვრალე მაქვს გამოცდილი და შესაბამისად, არც ის ვიცი, როგორი „პახმელია” მექნებოდა. ღამის ცხოვრება ძალიან მიყვარს, მაგრამ ამისთვის დრო არ მრჩება. კვირაში ერთი-ორჯერ თუ გავიპარები ხოლმე მეგობრებთან ერთად. 

– ალბათ, პოპულარობამ თაყვანისმცემელთა რიცხვიც გაზარდა. თუ არიან შენ გარშემო ორიგინალობით გამორჩეული შენით მოხიბლული მამაკაცები და თუ განებივრებენ უცნაური სიურპრიზებით?

– რასაკვირველია, რაც ცნობადი გავხდი, მას შემდეგ თაყვანისმცემელთა რაოდენობაც გაიზარდა. არავინ თქვას, პოპულარობა დამღლელია, გადავიღალე ამდენი ყურადღებით და კომპლიმენტებითო. მე მომწონს, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, მცნობენ და სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ უცხო ადამიანები. ეს მომაბეზრებელი ვერ იქნება, უბრალოდ, სოციალურმა ქსელმა დამღალა. იმდენი მთხოვს „ფეისბუქში” დამამატეო, ვეღარ ვიმატებ, ვეღარც პასუხებს ვწერ და სწყინთ. თქვენი ჟურნალის დახმარებით ვეუბნები მათ, რომ „ფეისბუქის” ძალიან ცუდი მომხმარებელი ვარ, უამრავი წერილი მხვდება და მერწმუნეთ, მათ წაკითხვას ვერც კი ვახერხებ. ასე რომ, არ მეზარება პასუხის გაცემა, უბრალოდ, ვერ ვკითხულობ ამდენ მონაწერს. არ დამავიწყდება, ბათუმში, ბულვარში სკამზე ვიჯექი. უცებ მოვარდა ერთი ბიჭი და ემოციურად დაიწყო სიმღერა – ეს შენ მოგიძღვენი და ექსპრომტად გიმღერიო. ყველა ჩვენ გვიყურებდა (იცინის). ამ ადამიანმა თავისი გრძნობა გამოხატა და როგორ შეიძლება მას გავუბრაზდე ან რაიმე ცუდი ვთქვა?! ერთხელ კი სახლის კიბეები ყვავილების ფურცლებით მორთული დამხვდა. მანქანის მინაზე კი ხშირად  მხვდება წარწერები: „ეკა მიყვარხარ!”.

– ამდენი მამაკაცი რომ გეტრფის, შენ თუ გყავს ამორჩეული მათგან ერთ-ერთი? თუ ვერავინ შეძლო შენი გულის მოგება?

– შეყვარებული არ ვარ. არც გულცივი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრი ვიცი, სანამ ადამიანზე ვიტყვი მიყვარს-მეთქი. ჰოდა, ახლა ფიქრის პროცესში ვარ (იცინის). იცით, შეყვარებული რომ ვარ, სხვანაირი განწყობა მაქვს, სახლიდან „ფრენით” გამოვდივარ (იცინის). არ დამავიწყდება, ჩემს ორ დაქალთან ერთად, კიკეთში ვისვენებდი. სტუდენტები ვიყავით და არც არავინ მიცნობდა. მოკლედ, მე, მაშომ და თათიამ გადავწყვიტეთ „გვემაიმუნა”. ხომ წარმოგიდგენიათ, სამი გოგოს მიმართ, ბიჭების მხრიდან რა დაინტერსება წამოვიდოდა? ჰოდა, მოვიფიქრეთ, ვითომ მე ვიყავი უკრაინიდან ჩამოსული და ქართული არ მესმოდა. ბიჭები რომ მელაპარაკებოდნენ, მაშო მითარგმნიდა. ერთი ტიპი კი იმ დონემდე მივიდა, მაშოს ეხვეწებოდა ქართულად, თბილისში გამატანეთ ეს უკრაინელი „ნაშა” სასტუმროშიო (იცინის). ქუჩაშიც რომ მივდივარ და ზურგს უკან მესმის: „ვა, რა მაგარი ნაშააო”, – არ ვბრაზდები. ვფიქრობ, ეს კომპლიმენტია-მეთქი და არ მწყინს.

– ეკა, თმის სტილს და ფერს ხშირად იცვლი. საკუთარ თავზე ექსპერიმენტები გიყვარს?

– ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს და არ მეშინია. თმა შევიჭერი, შევიღებე, დავიგრძლე, დავიხვიე, ქიმია გავიკეთე. იმდენი ვაწვალე, ვხუმრობ, ერთ დღეს მგონი, თავზე თმის ღერი აღარ შემრჩება-მეთქი (იცინის). 

– გიყურებ და ვფიქრობ, სასურველი სარძლო ხარ. თან მეგრელი ქალები კარგი კულინარები და დიასახლისებიც არიან. არ მეთანხმები?

– საჭმელების კეთება კი ვიცი, მაგრამ ამ მხრივ, მთლად მეგრელი ვარ-მეთქი, ვერ გეტყვით (იცინის). რომ გითხრათ, სახლში გავრბივარ, ხელებს ვიკაპიწებ, ცომს ვზელ  და მეგრულ ხაჭაპურებს ვაცხობ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, როცა მჭირდება, ვაკეთებ. სახლში გამზადებულ საჭმელს დედა მახვედრებს და ამ მხრივ არ მიხდება ექსპერიმენტების ჩატარება (იცინის). ადრე, როცა დედა მუშაობდა, მიწევდა საჭმლის კეთება და ეს პროცესი მსიამოვნებდა. ახლა კი, მე რომ მივდივარ და ის მახვედრებს გამზადებულს, ეს უფრო მომწონს. საჭმლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მეგრელი ქალის ხასიათი კი მაქვს. აქტიურიც ვარ და არც ერთი წუთის უქმად დაკარგვა არ მიყვარს. 

– ანუ, კაპასი მეგრელი არ ხარ?

– კაპასი მეგრელი, იცით, ვისთან ვარ? ჩემს დასთან (იცინის). თუმცა, კამათის დროს, სულ ვცდილობ, ვაკონტროლო სიტუაცია, ადამიანს გული არ ვატკინო და მერე საბოდიშოდ არ გავიხადო საქმე. ასევე, წინასწარ ვგრძნობ, როდის მიახლოვდება დეპრსია და შევუძახებ ხოლმე ჩემს თავს: აბა, ეკა, რა დროს დეპრესიაა!

– ვიცი, რომ საკმაოდ კარგი ხელი გაქვს და შესანიშნავ აქსესუარებს აკეთებ. ხომ არ ფიქრობ მომავალში ამ კუთხით ბიზნესის წამოწყებას?

– ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიტაცებდა აქსესუარების კეთება. სკოლაშიც არ დავდიოდი, ბებიამ ქარგვა რომ მასწავლა. ნელ-ნელა დავხვეწე და ბოლოს „მუღამში” ჩავარდი. დღე და ღამე ვიჯექი და ვქარგავდი. ახლა, საკმაოდ ბევრი ნაქარგი მაქვს გამოფენილი სახლში და ალბათ, ერთ დღესაც გამოფენაზე დაგპატიჟებთ. კარგად ვქსოვ, ვკერავ, ბისერებზეც ვმუშაობ. უამრავი აქსესუარი ყუთებში მიწყვია, ჩანთებსაც ვკერავ. ღამის მაისურებს ისე ვჭრი, ვკერავ და ვაფორმებ ბისერებით, ეს უნდა ნახოთ. მოკლედ, ოქროს ხელი მაქვს (იცინის). იდეა მქონდა, გამეხსნა პატარა „ბუტიკი” და იქ გამეყიდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ტელევიზიაში რომ მოვხვდი, ამ იდეის რეალიზებამ დროში გადაიწია. ახლა გასართობად ვქსოვ და ვკერავ, ადრე კი, მიზანი მქონდა და ამას საათობით ჩავკირკიტებდი, ღამეებს ვათენებდი. 

– ესე იგი, მომავალში, შესაძლოა დიზაინერი ეკა აფშილავა მოგვევლინოს?

– დიზაინერი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემზე, თუმცა არაფერია გამორიცხული. სხვათა შორის, რომ ვფიქრობ, კარგი ბიზნესვუმენი ვიქნებოდი. ფულის ფასიც ვიცი და ყადრიც. საქმის კონტროლი და „გადარბენები” მიყვარს. ყველაფერს მოვასწრებ-მოვაწესრიგებდი. ბოლო დროს ვფიქრობ, ჩემი სტუდია გავხსნა, პედაგოგობა მოვირგო და ბავშვებს ქარგვა და ქსოვა ვასწავლო. 

 

скачать dle 11.3