როდის გაიყო ლიკა ქორქიას ცხოვრების გზა ორად და ვისზე აპირებს ის დიდხნიან დაკვირვებას
მშვენიერ ლიკა ქორქიასათვის 2014 წელი არაჩვეულებრივი სიახლით დაიწყო – ის 25 დეკემბერს პატარა გიორგის დეიდა გახდა. მის ცხოვრებაში საქმიანობის მხრივაც, საინტერესო სიახლეებია. ლიკას სჯერა, რომ, თუ ყველაფერს რეალისტურად, პოზიტიურად შევხედავთ, წინ ბევრი კარგი წელი გვექნება.
ლიკა ქორქია: ჩვენს ოჯახში ძალიან ბედნიერი 2014 წელი მოვიდა. ყველანი ველოდებოდით ამ წლის დადგომას, რადგან, ოჯახში ახალი სიცოცხლე უნდა დაბადებულიყო. ბოლო დღეებში აღარც ახალი წელი მახსოვდა, არც საახალწლო განწყობას აღარ მიქმნიდა არაფერი, ველოდებოდი იმ დღეს, როცა ჩემი დისშვილი დაიბადებოდა.
– მე რომ ჩემი ახალდაბადებული დისშვილი, ვაჩე დავინახე, სიხარულისა და ბედნიერებისგან, შეიძლება ითქვას, შოკში ვიყავი. იმ წამიდანვე ვიგრძენი, როგორ ძალიან მიყვარდა. როგორი იყო შენი ემოციები გიორგის დანახვისას?
– პირველად რომ შევხედე, ვერ აღვიქვი სიტუაცია, რადგან, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სამშობიაროში ვიყავით, ყველაზე მეტად ანის მდგომარეობას განვიცდიდი: როგორ არის ანი, მუცელი ხომ არ სტკივა, რა თქვა, წყალი ხომ არ უნდა, ხომ არ შია... ბავშვი რომ დავინახე, ვერ გეტყვი, ეს რა განცდა იყო, მაგრამ, მაშინვე გამოვვარდი და ვიყვირე: ანი მაჩვენეთ-მეთქი. გაგიჟებული სახით რომ შევვარდი, ანიმ მითხრა: ნუ გეშინია, რა დაგემართაო. ზოგადად, ანი სულ ჩემზეა გადმორთული: რას ვშვრები, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რამე ხომ არ მჭირდება, კარგად ეძინა თუ არაო. მეც ზუსტად ასე ვარ ანის მიმართ. „როგორ გეძინა?” – ასე იწყება ჩვენი დღე და მთელი დღის განმავლობაში ვკონტაქტობთ.
– ხომ არ ეჭვიანობ პატარაზე?
– არა, ვგიჟდები მასზე. ერთად რომ ვსხედვართ და ვუყურებთ, ვამბობთ: „ხვდები, ვისთან გვაქვს კონტაქტი?” ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღვიქვით სიტუაცია. ანი ფანტასტიკური, იმდენად კარგი დედაა, დღეს და ღამეს ასწორებს. ისე უვლის, ცოტა მიკვირს კიდეც, რადგან, მთელი ბავშვობის განმავლობაში არასდროს უთამაშია სათამაშოებით, დედობის „ამბავი“ არასდროს ჰქონია. ახლა რომ ვუყურებ, როგორ უვლის, ვფიქრობ, ეს ყველაფერი საიდან იცის-მეთქი. მეც, როცა ვეხმარები ბავშვის მოვლაში, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თუმცა, ძალიან პატარაა და ჩემს თავს რაღაცეების უფლებას არ ვაძლევ – ჯერჯერობით, მეშინია. რამდენიმე დღე დავრჩი მასთან და ისეთი ბედნიერი ვიყავი: გვერდით მეწვა, ჩემი ხელი ეჭირა და თვალებში მიყურებდა.
– მომიყევი, რა ხდება ამ ეტაპზე შენს საქმიანობაში?
– მინდა, განვავითარო ის საქმე, რაშიც ვარ ჩართული, ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ და ვსწავლობ, თავიდან ბოლომდე ამაზე ვარ გადართული – ჟურნალისტიკას ვგულისხმობ. სასიამოვნოდ ვიღლები და ეს მომწონს. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” წამოვედი, რადგან, ჩემი გადაცემა – „აღმოაჩინე საქართველო“ – აღარ გადის. ახლა ამ კუთხით რაღაც ახალს ვაკეთებ. ჯერჯერობით ბოლომდე ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ, მერე გეტყვი. დიდი იმედი მაქვს, რომ, ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან კარგი გამოვა, რადგან, ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვმუშაობ და მოტივაციაა დიდი. სადაც უფრო დიდხანს ხარ, ალბათ, იმ გარემოებას ძალიან ეჩვევი. ხომ იცი, სამედიცინო მაქვს დამთავრებული და, როცა ვსწავლობდი, ეს სფერო ძალიან მიყვარდა. მაგრამ, როგორც კი ტელევიზიაში მოვხვდი, მივხვდი, ჩემი გზები გაიყო: ან უნდა გავმხდარიყავი კარგი ექიმი, ან ჟურნალისტიკას უნდა გავყოლოდი, რადგან, ორივე საქმე ერთად არ გამოვიდოდა. საბოლოოდ, ჟურნალისტიკამ, ტელევიზიაში მუშაობამ გადაწონა.
– შენ, ზოგადად, ყველაფერს პროფესიონალურად უდგები, დიდ შრომას დებ.
– რაც უფრო დიდ შორმას დებ რაღაცაში, მერე, შედეგს რომ იღებ, უფრო კმაყოფილი ხარ, უფრო ხვდები შედეგის მნიშვნელობას. „პოდნოსზე დადებული“ როგორც მოვა, ისე წავა და ვერასდროს ვერ დააფასებ. ამიტომ, რაც უფრო მეტს იშრომებ რაღაც კონკრეტულისთვის, მით უფრო ტკბილი იქნება მიღებული შედეგი.
– რომელ ეტაპს გამოყოფდი შენი ცხოვრებიდან, ანუ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რამაც აქამდე მოგიყვანა?
– ამ წლებმა ძალიან სწრაფად გაიარა. ყველაფერი მიება, ერთმანეთს დაუკავშირდა, შეერწყა და ერთმანეთზე მოახდინა გავლენა... ისე, ალბათ, ბავშვობას გამოვყოფდი, რადგან პატარობიდან, როგორი საფუძველიც ჩაიყარა ჩემში, მერე ისეთი განვვითარდი. სულ იმას ვამბობ, რომ, რასაც ბავშვობაში ჩაგიდებენ, მერე დიდობაში, ის განვითარება, ის კულტურა, რაღაცეებისადმი სწრაფვა, კეთილშობილება გექნება. ამიტომაც, ალბათ, ჩემზე გავლენა ჩემმა ოჯახმა მოახდინა, სადაც ძალიან თბილი, კარგი გარემო იყო; სადაც მიხსნიდნენ: ამის გაკეთება არ შეიძლება ამა და ამ მიზეზის გამო. ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრზე არ უნდა მეთქვა, რომ შავია. მშობლებს ჩვენთან არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა როგორც პატარა ბავშვებთან, ყველაფერს გვიხსნიდნენ როგორც ზრდასრულ, დიდ გოგონებს. ამიტომაც, ალბათ, ძალიან ბევრი რამ სწორად გავიგეთ და, მერე, რომ გავიზარდეთ, რეალურად მოხდა ამის გადაფასება. ახლა, რაღაცეებს რომ ვაკეთებ, ყოველთვის ვხვდები, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ჩემი ოჯახის დამსახურება. როცა პატარა გოგონების ქცევა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ვიცი, ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ დროს თავისი მოაქვს და ახლა ბავშვები სხვანაირად იზრდებიან, არამედ, მიმაჩნია, რომ ოჯახი მათში არ დებს შესაფერის საფუძველს, ეს კი ხელს უშლის მათ განვითარებაში. ცხოვრებაში მთავარია, ადამიანური ღირებულებები გქონდეს და, როცა ადამიანური ღირებებულები გაქვს, როცა კონკრეტულ საკითხებს ადამიანურად უდგები, უკვე შეგიძლია ადამიანებთან კონტაქტი და ბევრი რამის მარტივად გადაწყვეტა. ბავშვობიდან, კიდევ, ბაბუა მახსოვს ძალიან კარგად, რომელიც მეუბნებოდა, ჩემი პირადი შვილშვილი ხარო. სულ მასზე ვიყავი მიჯაჭვული – მას მივყავდი ყოველ დილით სკოლაში, ის მამეცადინებდა, მასეირნებდა... რომ ვეტყოდი, არ წამიყვანო სკოლაში, არ ვარ კარგად მომზადებული-მეთქი, არც მეკითხებოდა, ისე მივყავდი მუშტაიდში, თან მეუბნებოდა, არ თქვა სახლშიო. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება და, რომ შემეძლოს, აუცილებლად დავაბრუნებდი.
– როგორ იქცევი მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები, წინააღმდეგობები წარმოიქმნება?
– როცა შენ ირგვლივ რაღაც ხდება, რას ჰქვია, არ განიცადო! უნდა განიცადო – ეს ადამიანური და ბუნებრივია, მაგრამ, რაღაცეებს რეალისტურად უნდა შეხედო. თუ ხვდები, რომ გამოსწორება არ შეიძლება, მაშინ, თავი უნდა დაანებო. შეიძლება, ხანდახან ვთქვა, რა ცუდი წელი იყო-მეთქი, მერე კი, რომ ვხედავ, რა ხდება ქვეყანაში, ხალხს რა პრობლემები აქვს, სულ ვამბობ: ღმერთს ვცოდავ, როცა ვამბობ, რატომ მოხდა ასე-მეთქი. რადგან, რეალურად, ჩემთან ყველაფერი კარგად არის, თავის ადგილზე დგას. ამიტომ, მერე საკუთარი თავის მრცხვენია.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში – ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საზოგადოებაში. თუმცა, შენ შესახებ ხშირად არ ჩნდება ჭორები.
– ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერიც არ ხდება. კი, მეუბნებიან, კონკრეტული ჭორი შენზე არ გამიგიაო, მაგრამ, ალბათ, ჩემთან არ ამბობენ. თუმცა, ხანდახან ხდება „დაწყვილებები” და ესეც ჟურნალისტების ბრალია. მაგრამ, ყოველთვის „მირჩევენ” წარმოსადეგს, ანუ, ცუდს არ შემირჩევენ ხოლმე. რომ ვეუბნები, რა შუაში იყო-მეთქი, მპასუხობენ – ცუდი ხომ არ აგვირჩევიაო. მადლობა ღმერთს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, წერდნენ: „გავიგეთ” და არა „ნამდვილად ხდება”. მინდა, რომ, ის პერიოდი, სანამ ჩემს საქმეს გავაკეთებ, თავიდან ბოლომდე ამაზე ვიყო გადართული.
– თუმცა, ასეთ დროს პირადი ცხოვრებისთვისაც შეიძლება დროის გამონახვა.
– ზოგადად, ურთიერთობებიდან გამომდინარე, ადამიანს უჩნდება ხოლმე კონკრეტული ადამიანის მიმართ გრძნობა და აქაც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ადამიანებს კარგად შეუძლიათ თამაში და შეიძლება, უცებ დაგემართოს: „ვაი, რა გააკეთა!” მომხრე ვარ იმის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოო დაკვირვება. ამიტომ, ვინც იქნება ჩემი რჩეული, მას დიდხანს დავაკვირდები – მანამდე, სანამ მივხვდები, რომ თამაში მობეზრდა და ახლა ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ვგიჟდები პირდაპირ, სამართლიან, კეთილ, მართალ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავთან არიან მართლები და არა ჩემთან, შენთან, სხვასთან. მეც, ზოგადად, ასეთი პოლიტიკა მაქვს: ღამით, რომ დავწვები, ვფიქრობ, რა გავაკეთე კარგი. საბოლოო ჯამში, როცა ვხვდები, რომ საკუთარ თავთან ვარ მართალი, მეორე დღეს ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიღვიძებ. ამიტომაც, ვცდილობ, ყოველდღე ვიცხოვრო „პეპლის პრინციპით“: ერთი დღე ხარ და ამ ერთ დღეში ბევრი კარგი რამ უნდა მოასწრო.