კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „მოკლა“ აბიბოს ნეკრესელმა მაზდეანთა ღმერთი

მეექვსე საუკუნეში სპარსელებს ძალიან უნდოდათ ქართლში მეფობის გაუქმება. მეფის გარშემო დარაზმული, თუნდაც მცირერიცხოვანი იბერები ყოველთვის საშიში იყვნენ, რადგან ყველანაირად ხელს უშლიდნენ რეგიონში სპარსთა გაბატონებას. სპარსეთს კი სურდა სამხრეთ კავკასიის მთლიანად ხელში ჩაგდება, შავი ზღვის სავაჭრო გზების დასაკუთრება...

შავ ზღვაზე გასასვლელად სპარსეთისთვის აუცილებელი იყო ქართლისა და ლაზეთის დამორჩილება. ამ რეგიონში გაბატონებისთვის იბრძოდა აღმოსავლეთ რომი – ბიზანტიაც, სპარსეთის უდიდესი მტერი და მეტოქე. ბიზანტიელები, ისევე როგორც ქართველები (იბერიისა და ლაზეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი), ქრისტიანები იყვნენ. ამიტომ, სპარსეთის ხელისუფლება აქტიურ ქმედებაზე გადავიდა. ქართლს შემოუტია არა მარტო ხმლით, არამედ სარწმუნოებითაც – მაზდეანობით.

523 წელს ქართლი გურგენ მეფის მეთაურობით აუჯანყდა სპარსეთის შაჰს, კავადს.    

სპარსელებმა გაიმარჯვეს. მეფე გურგენი იძულებული იყო, გადასულიყო დასავლეთ საქართველოში, ლაზეთში. მერე კი კონსტანტინეპოლში მოუწია წასვლა ლაზეთის მეფე წათე პირველთან ერთად. 

გურგენის მერე ტახტზე ავიდა მეფე ძამანარსე. მოკავშირის გარეშე უზარმაზარ სპარსეთთან გამკლავება ურთულესი იყო. სპარსელებმა ძალიან შეავიწროეს ქართველი გვირგვინოსანი. ისიც კონსტანტინეპოლს ჩავიდა და ბიზანტიის კეისარს, იუსტინიანეს სპარსთა წინააღმდეგ კავშირი შესთავაზა. იმპერატორს ძალიან გაუხარდა, საჩუქრებით და დაპირებებით გამოისტუმრა იბერიის მეფე სამშობლოში... მაგრამ დახმარება და თავისი ინტერესების გატარება იბერიაში ვეღარ შეძლო. 

523 წელს გურგენ ქართლის მეფეს დადევნებულმა სპარსთა ჯარმა ლაზებს შორაპანი და სკანდა წაართვა. 528 წელს ლაზებს ბიზანტიელთა მაშველი ჯარი შეუერთდათ. მათ შეძლეს სკანდასა და შორაპნის ციხეთა დაბრუნება. მეტი ბიზანტიას არ შეეძლო. 

მალე ქრისტიანებისთვის კიდევ უფრო გართულდა ვითარება. 531 წელს სპარსეთის ტახტზე ავიდა ძლიერი შაჰი ხოსრო პირველი ანუშირვანი. 

532 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის „საუკუნო ზავი“ დაიდო, რომლის მიხედვით სპარსეთმა უარი განაცხადა ლაზეთ-ეგრისზე, ქართლი კი სათარეშოდ მას დარჩა.

ბიზანტიასთან დადებული ზავით ისარგებლა ხოსრო შაჰმა და 535 წელს ქართლში მეფობა გააუქმა.

იუსტინიანე კეისარმა ვერ შეძლო მოკავშირის ტახტის გადარჩენა იბერიაში, მას ლაზეთშიც ძალიან უჭირდა, მესოპოტამიაშიც და სხვაგანაც.

სპარსეთის შაჰმა ქართლის გამგებლად საკუთარი მოხელე – მარზპანი გამოაგზავნა. მარზპანი სპარსულად ოლქის მმართველს ნიშნავს. ქართლის მარზპანს ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა. მას შეეძლო ნებისმიერი მცხოვრების გასამართლება და სიკვდილით დასჯაც, იქნებოდა ის გლეხი, დიდაზნაური თუ მღვდელმთავარი.

თბილისში, მცხეთაში და სხვა ქალაქებსა თუ ციხეებში, სპარსელთა ჯარი იდგა. სპარსელებმა ქართველებს ხარკი და სამხედრო ბეგარა დააკისრეს.   

ქართველი ხალხი არ ურიგდებოდა უცხოელთა ბატონობას. რომაელები (ბიზანტიელები) ამბობდნენ: „იბერები ნებაყოფლობით არ ემორჩილებიან სპარსელებს... ცხადია, რომ იბერებს ილაჯი გაწყვეტილი აქვთ და ისინი აპირებენ აჯანყებას უახლოეს მომავალში, თუ მოხერხებულ დროს შეურჩევენ“...

სპარსელები ცდილობდნენ ქართველთა რწმენის შერყევას და ქართლში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას. მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა, ზოროასტრიზმი – ამ სახელებითაა ეს რელიგია ცნობილი. ის უძველესი რელიგიაა – ქადაგებს ბოროტზე კეთილის გამარჯვებას, ბოროტი აჰრიმანის ცეცხლით განწმენდას, ღმერთ აჰურამაზდას გამარჯვებას და ასე შემდეგ.

ქართველებისთვის, რასაკვირველია, ცეცხლის თაყვანისცემით განწმენდა სისულელედ ჩანს, რამეთუ ქრისტიანობის მიხედვით, ცოდვათაგან განწმედა სინანულს შეუძლია და არა ცეცხლს. ამიტომ, იბერები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ  ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსელებს.

დამპყრობლებმა ქართლში მრავლად აღმართეს ცეცხლის სათაყვანო ადგილები. სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ ადგილობრივთა ცდუნებას.

მრავალი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწე იღვწოდა სარწმუნოებისა და ეროვნების შენარჩუნებისთვის. ამას დაემატა ღვთის უდიდესი საჩუქარი. იბერიაში სამოღვაწეოდ ჩამოვიდნენ წმიდა ასურელი მამები. ისინი აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა პუნქტებში დამკვიდრდნენ, შეუდგნენ მსახურებას და ქრისტიანობის განმტკიცებას. მათი წინამძღოლი იყო იოანე ზედაზნელი. 

იოანე ზედაზნელი და მისი სულიერი ძმები: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მესვეტე მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმპოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი წარმოშობით ქართველები არ იყვნენ, მაგრამ ღმერთმა მათ საქართველოს გადარჩენასა და განმტკიცებაში დიდი მისია შეასრულებინა. 

კახეთში, უძველეს ქალაქ ნეკრესში საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა ასურელი წმიდა მამა – აბიბოს ნეკრესელი. მან დიდი წვლილი შეიტანა მთიელების გაქრისტიანებაში. 

ერთხელ წმიდა მღვდელმთავარი მივიდა ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთ სატფურებასთან, სადაც ცეცხლი ენთო და წარმართნი თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს. მან დაასხა წყალი ცეცხლს და ჩააქრო.

სპარსელებმა შეიპყრეს ნეტარი და ისე სცემეს, მკვდარი ეგონებოდა კაცს. შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და მარზპანს შეუთვალეს მომხდარის შესახებ.

მარზპანმა ბრძანა ეპისკოპოსის მასთან მიყვანა.

ნეტარ მეუფეს ჰყავდა მეგობარი სვიმეონ მესვეტე, ანტიოქიელი წმიდანი. როდესაც წმიდა აბიბოსი შეპყრობილი მოჰყავდათ, სოფელ იალდოში მას მიეახლა  სვიმიონ საკვირველთმოქმედის მიერ გამოგზავნილი მოციქული და გადასცა წმიდა სვიმეონის კვერთხი, წმიდა ნაწილი – ევლოგია და წერილი. ნეტარი დიდად გაახარა და განამტკიცა საჩუქრებმა.

ქართველებს ეპისკოპოსის იარაღის ძალით გამოხსნა უნდოდათ, მაგრამ მეუფემ არ ინება, რამეთუ სურდა მარტვილობა ქრისტესთვის.

გზაში ნეტარმა სპარსელებს სთხოვა, რომ ცოტა ხნით გაეშვათ შიო მღვიმელის სანახავად. სპარსელები დათანხმდნენ. ეპისკოპოსმა და ბერმა ილოცეს ერთად და აბიბოს ნეკრესელი სიხარულით გაუდგა გზას.

სოფელ რეხში მარზპანმა სასამართლო მოაწყო. სპარსელებთან ერთად, მას დაესწრნენ ქართველი ეპისკოპოსები, მღვდლები და ერისთავები.

მარზპანმა ჰკითხა ნეტარს: რად უარყავი ჩვენი მეფეთა მეფის ძალაუფლება და რად მოკალი ჩვენი ღმერთი?

წმიდანმა მიუგო: ღმერთი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა, ხოლო ცეცხლი, რომელიც დავშრიტე, ეშმაკის საცდურია. გლოცავთ, რათა განუდგეთ ეშმაკს და მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს მსახურებდეთ.

მარზპანმა ჰკითხა: რისთვის მოკალი ღმერთი ჩვენი, რომ შენს ღმერთს ვემსახუროთ?

ნეტარმა უპასუხა: იცოდე, რომ ღმერთი არ მომიკლავს, ცეცხლი ჩავაქრე. ცეცხლი ღმერთი არ არის. ის ერთი მოვლენაა ბუნებათაგანი. ღმერთმა სამყარო შექმნა წყლით, ჰაერით, მიწითა და ცეცხლით. ცეცხლი მხოლოდ ერთი ელემენტთაგანია. ეს ელემენტები თანასწორია, თანაბარია. თუ ერთ-ერთი აღმატებულ იქნა, სხვა სუსტდება. თქვენი ცეცხლი შეშის მეშვეობით იწვის. წყალი დავასხი და ჩაქრა. მიკვირს თქვენი გაბრაზება, როგორ არ გცხვენიათ მისი ღმერთად მიჩნევა. თქვენი ცეცხლი ხომ თქვენი დანთებულია. როგორ არის ის ღმერთი?

ამ სიტყვებმა ძალიან გააცოფა სპარსთა შაჰის მარზპანი. მისი ბრძანებით აწამეს ნეტარი და მერე ქვებით ჩაქოლეს.

წმიდანის ცხედარი ქალაქგარეთ გაიტანეს, დაუყენეს მცველები, რათა მხეცებსა და ფრინველებს შეეჭამათ. სპარსელებს ეშინოდათ, ქრისტიანებმა დიდებითა და პატივით არ დაკრძალონო.

ნეტარის წმიდა სხეულს ვერც ერთი მხეცი და ფრინველი ვერ შეეხო. სპარსელები მიხვდნენ, რომ ტყუილად ელოდნენ წმიდანის შეურაცხყოფას მხეცთა მიერ და წავიდნენ. 

მაშინ მოვიდნენ ქრისტიანები და პატივით წააბრძანეს ნეტარის წმიდა ნაწილები, რომლებიც ახლა მცხეთაში, სამთავროს მონასტერშია დაკრძალული.

წმიდა აბიბოს ნეკრესელის წამებამ შედეგი გამოიღო. ქართველნი განმტკიცდნენ სარწმუნოებაში. მეექვსე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ომი განახლდა. კავკასიელი ხალხები აუჯანყდნენ მაზდეანებს. ამასობაში სპარსეთში შინაომი ატყდა. 591 წელს სპარსელები განდევნეს ქართლის უდიდესი ნაწილიდან. ისინი მხოლოდ თბილისის ციხეში და ახლო-მახლოღა იყვნენ გამაგრებულნი.

იბერიაში აღდგა სახელმწიფოებრიობა. 

 

скачать dle 11.3