ყველა კაცი ერთნაირია
ქორწინებაზე და დანარჩენზე…
ამბობენ, რომ წარმატებულობა სექსუალურობას გვძენს. როგორ შეიძლება, იყოს ქალი წარმატებული – კარიერაში მიაღწიოს მაღალ მწვერვალებს? – პრინციპში, ესეც საქმეა. ან, შეუძლია, ადგეს და წარმატებით გათხოვდეს. ზოგიერთებისთვის ეს გაცილებით ადვილი და მისაღები ვარიანტია. თუმცა, შეიძლება, ჯერ საკუთარი ძალებით გახდე წარმატებული და მერე უფრო კარგად აიწყო პირადი ცხოვრება. გააჩნია, ვის როგორ? უიოლდება ფაქტია, რომ მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე სწრაფად და კარგ ფასშიც იყიდება.
მამაკაცების დიდი უმრავლესობა ეძებს და იყენებს არა რეალურ ადამიანს, არამედ თავისი წარმოსახვის ნაყოფს, ან კარგად შეფუთულ პროდუქტს. ქალები ამ მხრივ შედარებით რაციონალურები და პრაგმატულები არიან. კაცისთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ქალის ჭკუას, ან ტალანტს. მათთვის, ხშირ შემთხვევაში, მთავარი გარსია და არ აინტერესებთ, რა გადმოდინდება იმ ბროლის კოკიდან, რომლის ხელში ჩაგდების სურვილიც თავს აკარგვინებთ. სტატუსების გათვალისწინებით შეერთებული წყვილები ერთად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე „ბრმა” სიყვარულით შეკავშირებულები. ერთხელაც იქნება, თვალები აუცილებლად აგეხილება და გვერდით მყოფს სულ სხვა თვალით დაინახავ. ახლებურად დანახული რეალობა კი, შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც ელოდი. იდეალების მსხვრევა ყოველთვის მტკივნეულია. მითად იქცა ის, რომ ქალის და კაცის ერთიანობა დიდი და ჯადოსნური საიდუმლოა. სიყვარული უნდა მეფობდეს, თუმცა მისი დიქტატურა გამანადგურებლად მოქმედებს ურთიერთობაზე.
ვახომ ფიქრიანად შეხედა გიგის და ამოიოხრა.
– მდა, ცუდად არის საქმე. რაც ახლა მითხარი, მეტყველებს იმაზე, რომ დიდ შარში შეიძლება, გავეხვიოთ. საქმე მარტო ზუკაში არ არის. ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდება, თუ ზომები არ მივიღეთ.
– მეც მაგას არ ვამბობ?! მაინც რა ჯანდაბაც გადაეკიდა იმ ქალს. დაუჩემებია, მიყვარხარო და მგონი, ეს სიყვარული უკვე იდეა-ფიქსად ექცა. არაჯანსაღი აზრები აქვს და მეშინია, მოქმედებაში არ მოიყვანოს.
– არ უნდა მივცეთ ამის საშუალება.
– კი, მაგრამ როგორ? მთელი ღამე ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე. ერთადერთი გამოსავალი მისი აქედან ცოტა ხნით წაყვანაა. თორემ ჭკუა არ დაუშლის ლიზას ქმართან მივიდეს და საქმე გაურჩიოს. მე კიდევ ქამარზე ვერ გამოვიკერებ.
– ახლა სად არის?
– ჩემთანაა, სახლში. წუხელის იმდენი დალია და ისე გამოთვრა, რომ ამ დილით საგონებელში ვერ ჩავაგდე. დედაჩემს დავუბარე – როგორც კი გაიღვიძებს, მაშინვე დამირეკავს.
– ოჰ, ზუკა, ზუკა… ასეთი შტერი თუ იყო, ვერაფრით ვიფიქრებდი.
– შტერი კი არა, გულუბრყვილოა და სულელი. ვინ ეხვეწებოდა, შემიყვარეო.
ქალმა თავიდანვე პირდაპირ უთხრა, რისი მიღება უნდოდა მისგან და მიიღო კიდეც. ეს გაგიჟდა და გადაირია, უნახავივით.
– პატარაა, ბიჭო, გამოცდილება არ ეყო – გაეღიმა ვახოს.
– კარგი რა, პატარა რა შუაშია. რაღა პატარაა ოცდაშვიდი წლის მუტრუკი. სხვათა შორის, ორი წლით ვარ მასზე უფროსი, მაგრამ ქალი ასე, ყურებით ვერ დამიჭერს. სიყვარულიც უცხო არ არის ჩემთვის, მაგრამ გათხოვილ ქალზე ასე ჩაბღაუჭება რომ არ შეიძლება, დიდი ხანია, ვიცი.
– წლების გამოცდილება მაქვს. ეს ასაკის უპირატესობაა, – ბრძენი კაცივით ჩაილაპარაკა ვახომ, – ადრე მეც სხვანაირად მეგონა რაღაც-რაღაცეები. გამოცდილება კარგი მრჩეველიც არის და კარგი დამცველიც. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, სულ რაღაცას ვიძიებდი, ბევრ რამეში და უპირველესად, საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული. თვითდამკვიდრებას არასწორი საშუალებებით ვცდილობდი და შეცდომაც ბევრი დავუშვი. ხომ ნახე, კინაღამ ოჯახიც დავანგრიე. იცი, გუშინ ვფიქრობდი, მინდა თუ არა, რომ ისევ ოცი წლის ვიყო-მეთქი და ზუსტად ვიცი, – არ მინდა! ჩემი ნავსაყუდელი უკვე ნაპოვნი მაქვს და საკმაოდ ძვირადაც მიღირს. იმიტომაც აღარ დავიწყე იმ ამბის გამოძიება. იცი შენ, რაზეც ვლაპარაკობ.
– ეგ სულ სხვა თემაა, – უხერხულად აიწურა გიგი, – არანაირი კავშირი არ აქვს ზუკას სიტუაციასთან.
– ჰო, მესმის, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, ძალიანაც ნუ განვსჯით-მეთქი.
– საერთოდ არ ვაპირებ მის განსჯას, მაგრამ, რომ ვხედავ, პრობლემებს როგორ იჩალიჩებს, თან, ჩვენც მიგვათრევს ამ წუმპეში, რა უნდა ვქნა? სხვა გამოსავალი არ არის. აქაურობას უნდა გავარიდო.
– ბიჭო, ფულს კი მივცემ და მეც დაველაპარაკები, მაგრამ რამდენი ხანი აპირებ მის იზოლაციაში ყოლას. სამუდამოდ?!
– სამუდამოდ რა, შინა პატიმრობას ხომ ვერ მივუსჯი. მე იმის იმედი მაქვს, რომ მარტონი ვიქნებით. თანაც, აქედან შორს, მავნე აზრებს თავიდან გამოვუფერთხავ.
– რა ვიცი, რა ვიცი… ეგრე ადვილად ვერ შეძლებ, – ეჭვით გადააქნია თავი ვახომ, – თანაც შეკვეთებია. მე მარტო ლაშას ამარად ვრჩენი. რა გავაკეთო? აჰა, დღეს საერთოდ არ მოვიდა სამსახურში. თოკოსთვის დაურეკავს, ბავშვს მაღალი სიცხე აქვსო. საპატიო მიზეზია – თანაც როგორი. იმ ლევანის ივენთისთვისაც ათასი რამეა გასაკეთებელი. „დაბრენდვა” სჭირდება. აქსესუარები და ათასი წვრილმანი. მე როგორ მოვიქცე. მარტო რამდენს გავწვდე?
– ჰო, მესმის… ზუკა უსინდისო ეგოისტივით იქცევა, – გაცხარდა გიგი, – ერთი მაცემინა მაგრად და არ მინდა არაფერი, მაგრამ მეგობარს ცხვირ-პირი როგორ დავუმტვრიო.
– ისე, ცემა მართლა მოუხდებოდა – გაეღიმა ვახოს – არა, კაცო, ვხუმრობ. ბარბაროსები ხომ არ ვართ? ისევ ლაპარაკით თუ შევაგნებინებთ რამეს.
– მეეჭვება. სრულიად არაადეკვატურია. მოკლედ, რას ვშვრები, მივდივარ და მიმყავს?
– ჰო, მაგრამ ხუთი დღით. მეტით ვერ გაგიშვებ. მეც ხომ უნდა გამიგოთ. საქმე მიფუჭდება.
– აუჰ, ვითომ ხუთი დღე ეყოფა მაგის ჭკუაზე მოყვანას? – მხრები აიჩეჩა გიგიმ.
– თუ ხუთი დღე არ ეყოფა, მაშინ არც ერთი თვე ეყოფა და არც მთელი წელი. შენ რას შვრები ნინისთან. მორჩი მაგ ამბავს?
– რას მოვრჩი… – გიგიმ ცოტა ხანს იყოყმანა, მერე კი ხელი ჩაიქნია და დანანებით ჩაილაპარაკა, – მგონი ზუკას ვირუსი გადამდებია. ძალიან ბევრს ვფიქრობ ნინიზე. თუმცა, ნინი ჯერ გათხოვილი არ არის და შესაბამისად, შანსი კიდევ მაქვს. მეცინება, ამას რომ ვამბობ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩემი დანახვა აღარ უნდა. ვიღაც მუტრუკი გაიჩინა და სამაგიეროს მიხდის. ჩემი ჯიბრით დაჰყვება აქეთ-იქით.
– იქნებ ის მუტრუკი შეუყვარდა?! რატომ გამორიცხავ? ნინი კარგი გოგოა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მეეჭვება, შენი ჯიბრით რამეს აკეთებდეს.
– ჰო, მაგრამ ისე ძალიან ვუყვარდი, შეუძლებელია, ასეთი დიდი გრძნობა ასე მალე დაევიწყებინა და სხვა გაეჩინა. რომ გეუბნები მსჯის-მეთქი – ასეა! ვერ მაპატია ღალატი. თუმცა, რატომ იყო ჩემი მაშინდელი საქციელი ღალატი, მომკალი და არ მესმის.
ვახომ თანაგრძნობით შეხედა მღელვარებისგან გაწითლებულ ბიჭს.
– მომისმინე, შენ იმდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული, არ მჯერა, რომ ნინის უარი ძალიან გაწუხებს. უბრალოდ, იმას განიცდი, რომ სიჯიუტეში გაჯობა.
– კარგი რა, არ მიცნობდე მაინც. ჰო, შეყვარებულის მდგომარეობაში ბევრჯერ ვყოფილვარ, თავგადასავლებისა და სიახლის მოყვარული ვარ, რომანტიკოსიც – გარკვეულწილად. ნინისთვის გულის ტკენა არც მიფიქრია. რა სისულელეა. ცოლადაც შევირთავდი, მაგრამ, რომ დამაჩქარა და ულტიმატუმი წამომიყენა, ეს აღარ მომეწონა. გავბრაზდი და ჩემს თავმოყვარეობაზეც იმოქმედა. რატომ იწყებენ ადამიანები ერთად ცხოვრებას? – იმიტომ რომ, საჭირო მომენტში, გვერდით ის ადამიანი ჰყავდეთ, ვისაც მათი ესმის. ნინიმ კი, მე ვერ გამიგო.
– მაშინ, რატომ ფიქრობ მასზე?
– გულახდილად გითხრა? – არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა გიგიმ, – მაგრამ ვგრძნობ, რომ მჭირდება. მინდა მასთან, ძალიან მინდა.
– ჰო, ადამიანები იდეალურები არ ვართ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ. სხვათა შორის, ამის გაცნობიერება ძალიან დამეხმარა ქეთისთან ურთიერთობაში.
– ქეთის შენ უყვარხარ, – თქვა გიგიმ, – ვახომ ხელი ჩაიქნია.
– არ არსებობს ქალი, რომელსაც ქმრის კაბის კალთაზე გამოკერების სურვილი არ ჰქონდეს. ყველა ერთნაირად ცდილობს ამას. არ ესმით, რომ ეს უსარგებლო ხარჯვაა დროისაც და ნერვებისაც. გაუგებარია, რატომ ეშინიათ, სულ ცოტა თავისუფლება მოგვცენ.
– არ გვენდობიან. რა არის ამაში გაუგებარი, – გიგიმ შუბლი მოისრისა, – ჰო, არ გვენდობიან და სწორედ ეს არის პრობლემა, როგორც ჩვენი, ისე მათი.
* * *
ლიზამ ნინის კარი გაუღო და ტუჩებზე თითის მიტანით ანიშნა, ჩუმად იყავი, არაფერი თქვაო.
– ვინ არის? – ოთახიდან გამოსძახა ცოლს ლევანმა, – ლიზა, ვინ გვესტუმრა?
– ნინია, ჩემი თანამშრომელი და მეგობარი. ცოტა ხნით შემოიარა. დღეს სამსახურში რომ არ ვიყავი, იფიქრა, ცუდად ხომ არ არისო და მომაკითხა.
– კარგად მოქცეულა, – ზღურბლზე მომღიმარი ლევანი გამოჩნდა, – გამარჯობა, ნინი. ჩემი ცოლი აქამდე ისე მიმალავდა თავის დაქალებს, რომ არც კი გიცნობთ. მოხარული ვარ, თქვენი სტუმრობის. დაღლილი იქნებით, მშიერიც. ახლავე გაგიმასპინძლდებით.
ნინი გაწითლდა. კაცის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება და მორიდებით ჩაილაპარაკა:
– ნუ შეწუხდებით. მე მალე უნდა წავიდე.
– არავითარ შემთხვევაში, მალე ნამდვილად ვერ გაგიშვებთ. სწორედ რომ დროულად მოხვედით. სამსახურის საქმეები უყურადღებოდ მივატოვე და გვერდით ვუზივარ ამ ქალბატონს. დილით მართლაც არ იყო კარგად. მანერვიულა. მარტო ვერ ვტოვებ. თუ აქ იქნებით, გავიქცევი და მალევე დავბრუნდები. დილას ახალი ავეჯი შემოუტანიათ და ვნახავ, რა ხდება.
– კი, ბატონო. ვიქნები ლიზასთან.
ლიზამ გადაიკისკისა.
– აი, ასეთი ფეთიანი ქმარი მყავს. თითქოს შუშის ვიყო. ვეუბნები, არაფერი მჭირს-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს. დილით ცოტა პულსი მქონდა აჩქარებული და გადაირია. ლამის ექიმთანაც წამიყვანა. ძლივს დავარწმუნე, რომ სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა.
– მეც შევშფოთდი, რომ არ გამოჩნდი. ტელეფონიც გამორთული გქონდა.
– სპეციალურად გამოვრთე. არ მინდოდა, ვინმეს შევეწუხებინე. ვინმეს რა – ჩემს აბეზარ კლიენტებს, – ღიმილით თქვა ლიზამ და ნინის ანიშნა, ეს რომ წავა, მერე მოგიყვები ყველაფერსო.
– გოგოებო, მე ახლა თქვენს დაპურებაზე ვიზრუნებ და წავალ, თორემ მართლა გადაუდებელი საქმე მაქვს. მე თუ არ მივხედე, კაცმა არ იცის, რას იზამენ. ვერავის ვენდობი, – აჩქარდა ლევანი.
– იცი, რას გეტყვი? საჭმელი მაცივარშია. მაგიდასთან როგორმე მივიტანთ. ყავასაც მოვიდუღებთ. ნინი მომეხმარება. ასე რომ, წადი ძვირფასო, წადი და ნურაფერზე იჯავრებ. მივხედავთ ერთმანეთს. – ლევანი შეყოყმანდა, მერე კი დაეთანხმა ცოლს.
– კარგი, ასე იყოს. ნინი, შენი იმედი მაქვს.
ლიზამ ქმარი კარებამდე მიაცილა. გამომშვიდობებისას აკოცა და შემობრუნდა.
– უფ, ძლივს არ წავიდა?! მთელი დღეა, ვერაფრით მოვიშორე თავიდან, – თქვა და შვებით ამოისუნთქა, – დამღალა შეკითხვებით: რა დაგემართა? ხომ არაფერზე ინერვიულე? ვინმემ ხომ არ გაწყენინა? ამ ბოლო დროს მეტისმეტად ყურადღებიანი გახდა. დამღალა უკვე.
– მართლა ცუდად იყავი? – ჰკითხა ნინიმ და მეგობარს ყურადღებით შეხედა, – რაღაც მოხდა, ხომ?
– ჰო და მინდა, ამაზე დაგელაპარაკო. კარგი ქენი, რომ მოხვედი. გუშინ ისე ვინერვიულე, კინაღამ მუცელი მომეშალა, – ამოიოხრა ლიზამ, – რატომ არიან კაცები ასეთი იდიოტები? თანაც, ყველა ერთნაირად, გამონაკლისის გარეშე.
– შენს ქმარზე ამას ვერ იტყვი. ძალიან კარგი ადამიანი ჩანს. მართლა მომეწონა.
– ჰო. ლევანს აქვს რაღაც ღირსებები. ვერ დაუკარგავ.
– ღირსებები? ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა. გულისხმიერია, თბილი და ძალიან უშუალო.
– წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ. ისეთი „გემრიელობები” მაქვს, უარს ვერ მეტყვი. ლევანი კულინარული შედევრებით მანებივრებს.
– თვითონ ამზადებს? – გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ნინის.
ლიზას ხმამაღლა გაეცინა.
– რა სასაცილო ხარ და საყვარელი. გოგო, სამი რესტორანი აქვს. თავს რატომ შეიწუხებს კერძების მომზადებით. ეზიდება და ეზიდება.
ნინიმ აღფრთოვანებული მზერა შეავლო ბინის ინტერიერს და კმაყოფილება ვერ დამალა.
– რა კარგი სახლი გაქვს, ყველაფერი ისეთი გემოვნებით არის გაკეთებული…
– ჰო, ლევანმა ძალიან ცნობილი დიზაინერები დაიქირავა. ავეჯი კი იტალიაში შევუკვეთეთ. სპეციალური დიზაინით არის დამზადებული.
– კარგი ქენი, ამ ადამიანს რომ არ აწყენინე, – ნინი სამზარეულოში შეჰყვა ლიზას და მოწნულ სავარძელზე მოკალათდა.
ლიზას თვალები აუციმციმდა.
– მოდი, პირდაპირ ვთქვათ – ყველას გვეშინია მარტო დარჩენის. ყველას, ყველა ადამიანს. მიუხედავად მისი მიღწევებისა და სოციალური სტატუსისა. აქ კი მყავს ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე შეიძლება დალაპარაკება. შემიძლია, ჩემი ოცნებების, სურვილების შესახებ ვუამბო და იმაშიც დარწმუნებული ვიყო, რომ მათი დიდი ნაწილი ამისრულდება, თუ მთლიანად არა. ჩუმად თუ ვარ, ისიც ჩუმად არის და ცდილობს, უსიტყვოდ გამიგოს. ანუ, ხომ ხვდები? – არ მჭირდება დავიძაბო და იმაზე ვიფიქრო, რითი ვაამო ლევანს. ის ამას არ მოითხოვს. მთავარია, ახლოს ვყავდე. თვალსაწიერის ფარგლებში. ხვდები, ხომ რაზეც ვლაპარაკობ? მშვიდად ვარ მის გვერდით და ამ ეტაპზე ეს ყველაზე მთავარია.
– თუმცა, როგორც მახსოვს, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდი, – ეშმაკურად მოწკურა თვალები ნინიმ.
– რა თქმა უნდა. ჩვენ განსხვავებულები ვართ და ურთიერთობის ხიბლიც ამაშია. „ტემპერამენტული რეჟიმიც” აშკარად სხვადასხვა გვაქვს. მანქანებიც კი სხვადასხვანაირი მოგვწონს. მე ვგიჟდები სისწრაფეზე, ლევანი დინჯია და სოლიდური. თუმცა, რაზე გელაპარაკები, შენ თავადაც ხომ ნახე.
– მართლა კარგი ადამიანია. ბედნიერებაა ასეთი ქმრის ყოლა.
ლიზამ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
– საყვარელო, ყველაფერი შენს ხელშია. რამდენი ხანია, ამას გეუბნები.
– ეგ ვიცი, მაგრამ მე რაღაცნაირად არ გამომდის.
– არ გინდა და იმიტომ. ახლა კი მე თვითონ მაქვს პრობლემა, თუმცა, რამდენად სერიოზული, ჯერ არ ვიცი.
– რა მოხდა?
– ტელეფონი იცი რატომ გამოვრთე? – კითხვითვე უპასუხა ლიზამ, – ერთ, კონკრეტულ ადამიანს ვემალები. ვემალები რა – აღარ მინდა, დაუსრულებლად რეკოს და ნერვები მომიშალოს.
– უი, ესე იგი, რაღაც სერიოზული მომხდარა. ვინ გირეკავს?
– აბა, თუ მიხვდები? ის იდიოტი ზუკა. რეკვას ვინ ჩივის, ისეთი წარმოუდგენელი სისულელე ჩაიდინა, რომ ვიხსენებ, წნევა მიწევს. სულელი, არანორმალური. გადაწყვიტა, რომ ბავშვს მისგან ველოდები და სახლში მომადგა, მამობაზე პრეტენზიის გამოსაცხადებლად.
– რა? ზუკა აქ იყო?
– წარმოიდგინე! უჰ, არ იცი, რა გადავიტანე… ყავა დავლიოთ და თან, მოგიყვები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში