ქალური შურისძიება
საავადმყოფო
გონს რომ მოვიდა, დიმიტრი ვერ მიხვდა, სად იყო. თავიდან ისევ თოკოს ოთახში ეგონა თავი, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიაზრა, რომ ისევ დეჟავÎუ დაემართა...
ცივი ოფლი ხელის კანკალით მოიწმინდა და იგრძნო, რომ გული მისდიოდა. საშინლად მოსწყურდა წყალი, მაგრამ, აღარ ახსოვდა, სად იდგა ჭიქა. რომც ხსომებოდა, ისეთი ძალაგამოცლილი იყო, ხელში ვერც დაიჭერდა, გაუვარდებოდა. უნდოდა, დაეძახა, წყალი მომაწოდეთო, მაგრამ, ისეთი გამშრალი ჰქონდა პირი, ტუჩები ვერ გახსნა. იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც იყო და გადაწყვიტა, რამით მაინც მიექცია ყურადღება: ჯერ ჩაახველა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ჩუმად, რომ ვერ გააგონა; მერე მთელი ძალით იყვირა – წყალიო, თუმცა, არც ამან გამოიღო შედეგი, რადგან, თვითონ ეგონა, რომ იყვირა, სინამდვილეში კი მხოლოდ გაიფიქრა. ბოლოს, რომ ხვდებოდა, უკვე მართლა მისდიოდა გული, უკანასკნელ ხერხს მიმართა: წვეთოვანზე მიერთებული ხელი მთელი ძალით გაიქნია და შტატივი გაჩხაკუნდა.
– უიმე, გაგიჟდი, ბატონო დიმიტრი? – ქაქანით მიეჭრა მზია, – ეს რომ ექიმმა დაინახოს, ორივეს გაგვყრის აქედან! – და ისევ ჩაუდგა წვეთოვანი, მაგრამ, დიმიტრი არ ემორჩილებოდა და თვალებით რაღაცას ანიშნებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა ექთანი, რომ ავადმყოფი წყალს ითხოვდა და ლიმონის წვენგარეული, გაზგასული ბორჯომი ჩაის კოვზით დააწვეთა ტუჩებზე. დიმიტრის ისე ესიამოვნა, უცბად წარმოიდგინა, რომ ჩანჩქერის ქვეშ იდგა და თავსა და სახეზე წყალი ესხმებოდა. გახევებული ტუჩებიდან ძლივს გამოყო ენა და ხარბად მოლოკა ის ორი წვეთი, შემდეგ კი ისეთი ვედრებით შეხედა, მზიას შეეცოდა და ახლა გამოყოფილ ენაზე დააწვეთა, თან შეგონებაც მოაყოლა:
– უცებ ბევრი წყალი არ შეიძლება, ხომ იცი! ასე ცოტ-ცოტა ჯობია, დამიჯერე!
ცოტა ხანში დიმიტრიმ სული მოითქვა, პირიც გაეხსნა და გულის წასვლის შეგრძნებამაც გაუარა. მეტყველების უნარიც რომ დაუბრუნდა, იკითხა:
– მზიკო, ხომ არ იცი, რა დამემართა? თითქოს სადღაც სხვაგან ვიყავი...
– ცოტა გაგირთულდა ჭრილობები, ბატონო დიმიტრი, პატარა ოპერაციასავით დაგჭირდა და მერე დასაძინებელი წამალი გაგიკეთეს. ნუ გეშინია, „იქ“ აღარ გაგიშვებთ!
– აბა, ის რა კოშმარი ვნახე? თან, თითქოს ყველაფერი უკვე ნანახი მქონდა, უფრო სწორად, იმ კოშმარში მე ვმონაწილეობდი.
– არ ვიცი, რა ნახე, მაგრამ, ცუდ რაღაცას რომ ხედავდი, ცხადია: ძალიან შფოთავდი, ვიღაცას ემუქრებოდი... ბოლოს უცებ ჩაწყნარდი და თითქმის ერთი საათი გათიშულს გეძინა. ისე კი, იმ წამალმა ასე იცის – ძილიდან რომ გამოდიხარ, ვეღარ იგებ, სად ხარ, პირი გიშრება და თითქოს გული მიგდის... ხომ ასე იყო? – ჩაეკითხა ავადმყოფს.
– ზუსტად ასე იყო, მზია და, ძალიან გთხოვ, ეგ წამალი აღარ გამიკეთოთ, თორემ, მსგავსი კოშმარი კიდევ რომ ვნახო, მართლა ვეღარ დავბრუნდები.
– დაბრუნდები, ნუ გეშინია. ისე, ამისთანა რა კოშმარი ნახე: გველეშაპები, მიცვალებულთა სულები თუ უცხოპლანეტელები? – დაინტერესდა ექთანი.
– მაგ ყველაფერზე უარესი, რაც ჩამოთვალე, – შეშინებული ჩურჩულით უპასუხა დიმიტრიმ.
– ამაზე უარესი რაღა უნდა გენახა, ადამიანო, არ გადამრიო ახლა! – შეიცხადა მზიამ.
– საკუთარი თავი ვნახე, მზიკო, საკუთარი თავი... – დიმიტრის ცრემლის ერთი წვეთი გადმოუგორდა თვალიდან და კისერში ჩაუსრიალდა.
– მერე, საკუთარი თავის ნახვამ ასე როგორ შეგაშინა, შე გლახა! – გაუშინაურდა მზია, – ამისთანა კაი სახეს კაცი სიზმარში რომ ნახავს, თუნდაც ეს სახე საკუთარი იყოს, კი არ უნდა შეშინდეს, უნდა გოუხარდეს – რავარი ლამაზი ვყოფილვარო.
– ეჰ, მზია, – ცოტა გულახდილობის და ცოტა ფილოსოფოსობის ხასიათზე დადგა დიმიტრი, – გგონია, შენ რომ ხედავ, სინამდვილეში ის სახე მაქვს? შენ რომ ჩემი ნამდვილი სახე დაინახო, ან ჩემი წარსული გაიგო, მომხედავ კი არა, ან საწამლავს შეურევ ამ წვეთოვანში, ან ღამით შემოიპარები და ბალიშით გამგუდავ. მაგრამ, კიდევ კარგი, არ იცი, სინამდვილეში ვინ ვარ, თორემ, შენც ცოდვაში ჩაგაგდებდი!..
მზიას შეეშინდა, ისევ კოშმარს ხომ არ ხედავსო და მოშორებით მდგარ სკამზე გადაჯდა, მაგრამ, დიმიტრი ისევ ძილში წავიდა და ექთანიც დამშვიდდა – ალბათ, ბოდავდაო.
...დიმიტრის ღრმად და მშვიდად ეძინა. არაფერი აღარ აწუხებდა – აღარც ეს დაუსრულებელი დეჟავÎუ, აღარც ტკივილი, აღარც უჰაერობა... სხვათა შორის, სინდისის ქენჯნასაც კი, რაც საავადმყოფოში მოხვედრის წუთიდან არ ასვენებდა, აღარ გრძნობდა – თითქოს ყველა სატკივარი წარსულს ჩაბარდა; თითქოს ყველა ცოდვა და დანაშაული მიეტევა; თითქოს ყველა პრობლემა მოუგვარდა, ისე ნეტარად გრძნობდა თავს. მერე კი, უცებ, ძილში იგრძნო, როგორ გამოეყო მის დაძინებულ სხეულს მისი მეორე „მე“, ოღონდ, მღვიძარე და, როგორ დაჟინებით ჩაშტერებოდა ის საკუთარ თავს დახუჭულ თვალებში; როგორ გაფაციცებით უსმენდა საკუთარი „ორეულის” მშვიდ ფშვინვას და როგორ ცდილობდა, ჩაეღწია თავისი ტვინის ხვეულებამდე. ეს გაორება თან სიამოვნებდა და თან საოცარ სულიერ ტკივილს აყენებდა, ოღონდ, ტკივილსაც და შიშსაც მხოლოდ დაძინებული დიმიტრი გრძნობდა: ეშინოდა, გაღვიძებულ დიმიტრის არ შეეხსენებინა მისთვის, სინამდვილეში ვინ ბრძანდებოდა.
როცა დარწმუნდა, რომ საშიში აღარაფერი იყო, დაღლილი ექთანი საწოლთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ჩათვლიმა, მაგრამ, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ პალატის კარზე კაკუნი გაისმა, მერე კარი ნელ-ნელა გაიღო და 16-17 წლის, ძალიან სიმპათიური და საკმაოდ თამამად ჩაცმული გოგონა შემოვიდა.
– ვინ ხართ? აქ შემოსვლა არ შეიძლება! – წამოხტა გამოფხიზლებული მზია, – ახლავე დატოვეთ პალატა!
მაგრამ გოგონამ ყურადღებაც არ მიაქცია და დიმიტრისკენ წავიდა.
– ახლავე გადით აქედან, თორემ, ექიმს დავუძახებ! – გაწიწმატდა მზია.
– შენ ვინ გეკითხება? სადაც მინდა, იქ შევალ! – თავხედურად უპასუხა გოგონამ და მის წინ დოინჯით დამდგარი ექთანი ხელით გასწია.
– აჰ, ასე, არა?! ერთი წუთი მაცალე და გიჩვენებ სეირს! – დაემუქრა მზია, ხალათის ჯიბიდან მობილური ამოიღო და ექიმის ნომერი აკრიფა. ნახევარი წუთიც არ იყო გასული, რომ პალატაში პროფესორი და მისი ასისტენტი შემოვიდნენ.
– ვინ ბრძანდებით, რა უფლებით შემოდიხართ რეანიმაციულ განყოფილებაში და არ ემორჩილებით მედპერსონალს? – აღშფოთებით მიმართა ირაკლი ქებაძემ გოგონას და მკლავში ხელი წაავლო, – ახლავე დატოვეთ აქაურობა, თორემ, დაცვას გამოვუძახებ!
გოგონამ აშკარად უკან დაიხია, პროფესორს მორიდებით შეხედა და უთხრა:
– იცით, მე შვილი ვარ და სანახავად მოვედი..
– რა გეჩქარებოდა!.. – ვერ მოითმინა მზიამ.
ქებაძემ საყვედურით გახედა ექთანს, გოგონას კი ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ექიმს მიმართა:
– როგორ არის, ძალიან საშიში მდგომარეობა აქვს?
– საკმაოდ, – ჩაფიქრებით უპასუხა ქებაძემ.
– ამისთანა რა სჭირს, ავარიაში დაუზიანდა რამე?
ექიმს მოეჩვენა, რომ გოგონა უფრო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სვამდა კითხვებს. მას სულაც არ ჰქონდა მამის ბედით შეწუხებული, მით უმეტეს – შეშინებული შვილის არც ტონი და არც სახის გამომეტყველება, თუმცა, აშკარად ცდილობდა, ექიმს მზრუნველი შვილი ჰგონებოდა.
– დაზიანებებიც საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა, უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვს... – ირაკლი ქებაძეს ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა გოგონასთვის სიმართლე. წესით, არ უნდა დაემალა, მაგრამ, რატომღაც, მის მიმართ ნდობით არ განიმსჭვალა.
– რა პრობლემები? – თვალები აენთო გოგონას.
– თქვენი სახელი? – პასუხს თავი აარიდა ექიმმა.
– ნუცა. რა პრობლემები აქვს მამაჩემს?
– ჩემო ნუციკო, გთხოვთ, გავიდეთ პალატიდან. წამობრძანდით ჩემს კაბინეტში და იქ ვისაუბროთ. თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება, ეს რეანიმაციის ოთახია და, მედპერსონალის გარდა, აქ შემოსვლა ყველას ეკრძალება.
ნუცა უხმოდ გაჰყვა. პალატიდან გასვლისას ერთხელ კიდევ გახედა დიმიტრის და, მზიამ, რომელიც თვალს არ აშორებდა გოგონას, აშკარად დაინახა როგორ ნიშნისმოგებით აზიდა მან ცალი წარბი და, ექთანს მოეჩვენა, უფრო სწორად, კი არ მოეჩვენა, თუნდაც ხატზე დაიფიცებდა, რომ, აშკარად დანახა, როგორ გაექცა დიმიტრის ქალიშვილს თითქმის შეუმჩნეველი კმაყოფილების ღიმილი ტუჩის კუთხეში. მერე ნუცამ მზიასკენ გააპარა თვალი და მოულოდნელად მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ორმა ქალმა წამიერად შეაფასა ერთმანეთი და ორივე მიხვდა – ისინი მტრები გახდნენ.
– რა სჭირს, ექიმო, მამაჩემს? – ჰკითხა ნუცამ პროფესორს, როცა ისინი კაბინეტში შევიდნენ, – ვერ გადარჩება?
– ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს.
– რა პრობლემებია, არ ითქმევა?
– ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რაღაცეები გვაქვს დასადგენი და, როცა ყველა ანალიზის ზუსტ პასუხს მივიღებთ, მერე, რა თქმა უნდა, გეტყვით.
– რამე სერიოზულია? – დადარაჯებით იკითხა ნუცამ.
– ხომ გითხარით, ყველაფერს უახლოეს დღეებში მოგახსენებთ.
– მასთან როდის შემიშვებთ? მამასთან დალაპარაკება მინდა.
– როცა ჩვეულებრივ პალატაში გადავიყვანთ.
– ანუ?
– ანუ მაშინ, როცა ჩვეულებრივ პალატაში გადავიყვანთ, – ცოტა გაღიზიანებით გაიმეორა ქებაძემ, – კონკრეტული დღე და საათი არ ვიცი, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ?
ნუცა მიხვდა, რომ ექიმს ვერაფერს დააცდენინებდა და დათმობა ამჯობინა:
– ბატონო პროფესორო, ნუ გამიბრაზდებით. ვნერვიულობ და...
– კარგი, გენაცვალე, არა უშავს, – მოლბა ექიმი, – ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ავადმყოფები მყავს მისახედი.
ნუცა წამოდგა და კარი გამოაღო. გასვლისას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ექიმს:
– შეიძლება, ყოველდღე მოვიდე ხოლმე?
– კი ბატონო, ოღონდ, ავადმყოფთან ვერ შეგიშვებთ, არ შეიძლება, – გაუმეორა ქებაძემ და ხელი გაუწოდა, – ნახვამდის.
ნუცამ ხელი ჩამოართვა, ოდნავ გაუღიმა და კაბინეტიდან გავიდა.
„ლამაზი გოგოა, მაგრამ, რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა“, – გაიფიქრა პროფესორმა და დიმიტრის პალატისკენ გასწია.
მზია სავარძელში იჯდა და თვლემდა. ექიმის დანახვაზე დამნაშავე ბავშვივით წამოხტა, აწითლებულმა ჩაღუნა თავი და წაილუღლუღა:
– მაინც სძინავს, გასაკეთებელიც არაფერი მაქვს და...
– წადი, მზია, შენს ოთახში და ცოტა დაისვენე. ეს მინიმუმ ორ საათს კიდევ იძინებს. ცოტა ხანს მე ვიქნები აქ, შევამოწმებ, ხომ ყველაფერი რიგზეა, მერე კი მეც წამოვწვები. ორივეს ღამე გვაქვს ნათევი და ცოტა წათვლემა არ გვაწყენს. დიმიტრის კი, რომც გაეღვიძოს, არაფერი მოუვა, ნუ გეშინია.
– აქ რომ წავთვლიმო, ირაკლი ექიმო?! – მზიას, რაღაცნაირად, ეშინოდა ავადმყოფის მარტო დატოვება.
– წადი-მეთქი. მე ჯერ აქ ვარ, მერე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შემოვიხედავ. თან, სანიტარსაც გავაფრთხილებ, რომ ყურადღებით იყოს. წადი-მეთქი, რომ გეუბნები, ამაღამ, შეიძლება, კიდევ მოგვიწიოს გათენება და დასვენებულები უნდა ვიყოთ.
მზია დიმიტრისთან მივიდა, სასთუმალი გაუსწორა, წვეთოვანი შეამოწმა და ექიმს მორიდებით მიმართა:
– ირაკლი ექიმო, რაღაც უნდა გკითხოთ და არ გამიბრაზდეთ.
– ვიცი, რაც უნდა მკითხო და არ გიბრაზდები, რადგან, მეც თითქმის შენსავით ვფიქრობ.
– თქვენც არ მოგეწონათ, ხომ? რაღაც, საშიში გოგოა...
– ეგ საიდანღა მოიტანე, საშიში რით უნდა იყოს? საშიშისა რა მოგახსენო, თუმცა, უსიამოვნო გრძნობა კი დამიტოვა.
– რით – არ ვიცი, მაგრამ, თვალებში რომ შევხედე, ყინულის წვეტიანი ნატეხები დავინახე, ტანში გამაცია და დამბურძგლა, – თქვა მზიამ და გააჟრჟოლა, – აი, ხომ ხედავთ, მის ხსენებაზეც კი მაციებს.
– ძალიან სასაცილო გოგო ხარ, მზია. შენგან კარგი მწერალი გამოვიდოდა ფანტასტიკის ან საშინელებათა ჟანრში. ნუ გეშინია, მე აქ ვარ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ახლა კი, წადი-მეთქი, უკვე მეასედ გეუბნები.
– მივდივარ, ირაკლი ექიმო. მე მამშვიდებთ, არადა, გეტყობათ, თქვენც ჩემსავით ფიქრობთ. ჩემგან ჭკუა არ გესწავლებათ, მაგრამ, ასე მგონია, როცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორ ადამიანს მესამის მიმართ ერთნაირი აზრი და განწყობა უჩნდება, ამის მიყურისძირება არ შეიძლება, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– შენ ფილოსოფოსიც ყოფილხარ... კარგი, გავითვალისწინებ შენს რჩევას. ახლა კი... – წარბები აზიდა ქებაძემ.
– გავქრი! – დაიძახა მზიამ და ისე სწრაფად გავარდა ოთახიდან, პროფესორს მოეჩვენა, რომ მისი ექთანი მართლაც გაქრა.
პალატაში დარჩენილმა ექიმმა დიმიტრის პულსიც გაუსინჯა, წნევაც გაუზომა, ტემპერატურაც, მის სუნთქვასაც მიუგდო ყური და, რადგან ყველა მონაცემი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, მშვიდად გავიდა დერეფანში, სანიტარს დაუძახა და დაავალა, ხშირად შეეხედა ავადმყოფთან, თვითონ კი თავისი კაბინეტისკენ გასწია. რომ შევიდა, ხალათი გაიხადა და რბილ ტახტზე წამოწვა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი იყო და თვალებს ძლივს ახელდა, ვერაფრით ვერ დაიძინა. ბოლოს ძლივს ჩათვლიმა, მაგრამ, რამდენიმე წუთის შემდეგ, თითქოს ხელი ჰკრესო, გულგახეთქილი წამოხტა, სკამზე გადაკიდებული ხალათი ნაჩქარევად შემოიცვა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა რეანიმაციის პალატისკენ. კართან რომ მივიდა, შეჩერდა და ყური მიადო. რატომ იქცეოდა ასე, თვითონაც არ იცოდა, უფრო ინსტინქტებით მოქმედებდა, ვიდრე გააზრებულად. ვის ან რას ელოდა პალატაში, არ იცოდა, მაგრამ, რაღაც წინათგრძნობა ნამდვილად ჰქონდა. არც შემცდარა – შიგნიდან ნაბიჯების ხმას და ჩურჩულს მოჰკრა ყური. აშკარად მამაკაცი ლაპარაკობდა, თუმცა, სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. დიმიტრი სულ ოციოდე წუთის წინ დატოვა ღრმად ჩაძინებული და, რომც გაღვიძებოდა, ამსიგრძე ფრაზების წარმოთქმას მაინც ვერ შეძლებდა. ექიმი დაიძაბა, გულისცემა აუჩქარდა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო – ვინმესთვის დაეძახა თუ თვითონ დასხმოდა თავს ვიღაც უცნობს, რომელიც, ღმერთმა იცის, რას აკეთებდა რეანიმაციულ პალატაში. დაძახების დრო არ იყო, სანამ ის ვინმეს მოიყვანდა, შეიძლება, უცნობს თავისი ავი ზრახვები აესრულებინა და გაპარულიყო კიდეც. ამიტომ, გადაწყვიტა, თითონ ემოქმედა: პალატის კართან მდგარ ცარიელ შტატივს ღერძი გამოაძრო და ძალიან ფრთხილად და ნელა შეაღო კარი. სასწრაფოდ მოავლო თვალი იქაურობას და დიმიტრის სახესთან დახრილი ახალგაზრდა კაცი დაინახა. პროფესორი ფეხაკრეფით შევიდა პალატაში და, ის იყო, თავს უნდა დასხმოდა უცნობს, რომ, რაღაც ძალამ შეაჩერა, ხელში რკინამომარჯვებული გაჩერდა და ყური მიუგდო უცნობი ვაჟის არცთუ ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებს:
– დაგერხა, მამიკო?! მიდიხარ მარილზე?! აკი აქამდეც უნდა წასულიყავი, რატომ აითრიე ფეხი? რაო, შეგეშინდა, ჯიგარო? დაპანიკდი? სიკვდილის ხომ არ შეგეშინდა, იუზგარ? ტკივილები გაწუხებს? რატომ პასუხს არ მცემ, მამიკო, ისე დაგენძრა, რომ ლაპარაკის ტრაკიც აღარ გაქვს? რატომ ახლა არ მაგინებ, არ მემუქრები, რატომ არ იწევ გასარტყმელად? იმიტომ ხომ არა, რომ ხელის შებრუნების გეშინია? თანაც, ხომ შეიძლება, შენზე ღონიერიც აღმოვჩნდე? პატარები რომ ვიყავით, მაშინ ასეთ სიფრთხილეს, რატომღაც, არ იჩენდი. იმიტომ ხომ არა, რომ, დარწმუნებული იყავი, მე და დედაჩემი ხელს ვერ შემოგიბრუნებდით და, თანაც, მოგვერეოდი?! რა სასწაული არ ხდება ქვეყანაზე – გინებაც კი დაგვიწყებია, წევხარ საწყალი სახით, თვალებდახუჭული; ყველას ანგელოზად, კარგ ბიჭად აჩვენებ თავს, ის კი არავინ იცის, რამდენ ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება, შე ახვარო!.. რა სიამოვნებით გამოგჭრიდი ყელს, მაგრამ, ვატყობ, უჩემოდაც კარგად გააგნებ ჯოჯოხეთის გზას. მანამდე კი ძალიან ხშირად მოგელანდები და დარჩენილ დღეებს გაგიმწარებ!.. რატომ შეგეჭმუხნა სახე, რამე გეტკინა თუ ჩემი ლაპარაკი გესმის? რამე ხომ არ გჭირდება? მითხარი, ნუ გერიდება, შე არაკაცო! ვერსად გამიმხელია, რომ შენი ბიოლოგიური შვილი ვარ. მეშინია, შენმა გენებმა სადმე არ იჩინოს თავი, თორემ, გვარი და მამის სახელი კარგა ხანია, შევიცვალე... ვაჟმა ღრმად ჩაისუნთქა და უცებ მოეჩვენა, რომ მის ბოლო სიტყვებზე დიმიტრი ჯერ შეკრთა, მერე კი ტუჩის კუთხე და ნიკაპი აუკანკალდა. მან დამცინავად შეხედა ავადმყოფს და განაგრძო: ეხლა კარგად მომისმინე, ახვარო, ერთსაც გეტყვი და წავალ: დედაჩემი ცუდად არის, სერიოზულად ცუდად და, თუ დავადგინე, რომ მისი ცუდად ყოფნა შენი ბრალია, იცოდე, მანამდე რომც მოკვდე, შენს დამპალ სხეულს ამოვთხრი, წვრილად დავკეპავ და ვირთხებს შევაჭმევ, მანამდე კი უნდა იცოცხლო, რომ შურისძიების სურვილი არ გამინელდეს... ხომ ყველაფერი კარგად გაიგონე, მამიკო? ჰოდა, დაიმახსოვრე და, ეცადე, ეგ შენი აყროლებული სული შენს უკანალში გარჭობილ კათეტერში არ გაგეპაროს გაზებთან ერთად!.. ახლა კი წავედი. ნუ დარდობ, ხშირად არ შეგაწუხებ. მაგიდაზე წვენებს გიტოვებ – ნუ გეშინია, მოწამლული არ არის. ჯერ არ მაწყობს შენი სიკვდილი, მერე კი ვნახოთ. აბა, ნახვამდის, მამიკო, იმედია, ერთი კვირის განმავლობაში მაინც არ მიაბარებ შენს აყროლებულ სულს ეშმაკს... ჩაო!.. – ამ სიტყვების შემდეგ ახალგაზრდა გასწორდა, ჩაძინებულ დიმიტრის საშინელი ზიზღით დახედა, მერე მაგიდაზე მაღაზიაში ნაყიდი ორი კოლოფი ხილის წვენი დადგა და კარისკენ დაიძრა. სწორედ ამ დროს დაინახა პროფესორი, რომელსაც შტატივის ღერძი ჰქონდა მომარჯვებული და დაბნეული შეჰყურებდა ახალგაზრდა კაცს. მერე უცებ მოეგო გონს, ისე გააკეთა, ვითომ იმ წუთის შესული იყო პალატაში და მკაცრად ჰკითხა:
– ვინ ბრძანდებით და დაუკითხავად რატომ შემობრძანდით რეანიმაციაში?
– შვილი ვარ, თორნიკე მქვია. ნახვა მინდოდა, მაგრამ, სძინავს. ამაღამ საქართველოდან მივდივარ და, არ ვიცი, როდის ჩამოვალ. სამწუხაროა, რომ ვერ დაველაპარაკე. ბოდიშს ვიხდი შეწუხებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ! – ყმაწვილი კაცი ისე ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა და ისე სწრაფად გავიდა პალატიდან, ექიმმა გაოცებისგან დაღებული პირის დახურვაც ვერ მოასწრო. გონს რომ მოვიდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და სასწრაფოდ დაურეკა დიმიტრის ძმას:
– ბატონო გიორგი! ირაკლი ვარ, დიმიტრის ექიმი. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, მობრძანდით საავადმყოფოში! არა, არა, დიმიტრის არაფერი უჭირს, ნორმალურად არის. ახლა სძინავს, თორემ, დაგალაპარაკებდით! ნუ ღელავთ, ბატონო გიორგი, სხვა პრობლემები წარმოიშვა და აუცილებლად მჭირდებით! დიახ, ან ჩემს კაბინეტში ვიქნები, ან – დიმიტრის პალატაში. კი ბატონო, ერთ საათში მობრძანდით, თუნდაც ორ საათში, ოღონდ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. აბა, გელოდებით. დროებით, ბატონო გიორგი! – პროფესორმა ოფლით დაცვარული შუბლი ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალა, მერე გაოცებულმა გახედა ავადმყოფს და თითქმის ხმამაღლა უთხრა საკუთარ თავს: – კაცი დავბერდი და პირველად ვნახე, რომ ასე სძულდეთ შვილებს საკუთარი მამა. თითქოს ცუდი კაცი არ ჩანს, მაგრამ, რას გაიგებ, ვის რა უზის სულში... – მერე დერეფანში გავიდა და მზიას იქიდან დაუძახა – რატომღაც, ვერ გაბედა, რომ დიმიტრი თუნდაც ერთი წუთით დაეტოვებინა მარტო.
...საათზე ცოტა მეტი ხანი იყო გასული, ექიმის კაბინეტის კარი აღელვებულმა გიორგიმ რომ შეაღო.
– რა მოხდა, ბატონო ირაკლი, ხომ არ დავიღუპე? – ჰკითხა აქოშინებულმა და, შემოთავაზებას არ დაელოდა, ისე ჩაეშვა სავარძელში.
– არა, ბატონო გიორგი, დიმიტრის ჯერჯერობით სტაბილური მდგომარეობა აქვს და სძინავს, მაგრამ, ძალიან უცნაური მნახველები ჰყავდა და, ცოტა არ იყოს, შევშინდი.
– ვინ უცნაური მნახველები? – გაუკვირდა გიორგის.
– მისი შვილები – თორნიკე და ნუცა.
– თორნიკე და ნუცა?! – თვალები გაუფართოვდა გიორგის, – იკადრეს მობრძანება?
– რატომ გაგიკვირდათ, ბატონო გიორგი? მართალია, როგორც მითხარით, დიმიტრი გაყრილი ყოფილა ცოლთან, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზრდასრულმა შვილებმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამა არ ინახულონ, – თქვა ირაკლიმ და მერე უცებ იუხერხულა, – მაპატიეთ, ისე გამოდის, თითქოს მე პაციენტის პირად ცხოვრებაში ვყოფ ცხვირს, რაც ნამდვილად არ შედის მკურნალი ექიმის ფუნქციებში, მაგრამ, ისეთ ფაქტს შევესწარი, რომ არ გავარკვიო სიტუაცია, შეიძლება, რამე უბედურება მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. თუმცა, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
– იმიტომ გამიკვირდა, ირაკლი ექიმო, რომ, მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც დიმიტრი და ნანიტა ერთმანეთს დაშორდნენ, შვილებმა ელემანტარული ურთიერთობაც კი შეწყვიტეს მამასთან. უფრო ზუტად თუ ვიტყვი, თოკო მტრად მოეკიდა მამამისს. ტელეფონით მათი ყველაზე უმტკივნეულო საუბარიც კი, საშინელი ჩხუბით მთავრდებოდა. რაც შეეხება ნუცას, მამას არ ეჩხუბებოდა, მის ზარებსაც ზრდილობიანად პასუხობდა, მაგრამ, თვითონ ძალიან იშვიათად თუ დაურეკავდა, მისვლით ხომ, თითქმის არ მიდიოდა მასთან. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ნანიტამ განაწყო შვილები დიმიტრის წინააღმდეგ. ალბათ, უფრო ის მოხდა, რაც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ხოლმე – შვილებმა დედის მხარე დაიჭირეს და არ აპატიეს მამას ოჯახის მიტოვება. რა ვიცი, შეიძლება, ეს ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ, დიმიტრი ჩემი ერთადერთი ძმაა და, ხომ იცით, ასეთ დროს ძნელია, ობიექტური იყო. მაინც გული მტკივა და, ვფიქრობ, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში შვილებიც კი არ უნდა ჩაერიონ. შეიძლება, ჩემი ძმა მსოფლიოში საუკეთესო მამა არ ყოფილა, მაგრამ, ალბათ, არც ყველაზე უარესი იყო და ეს შვილებს უნდა ახსოვდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, შვილები, როგორც წესი, ძალიან დაუნდობლები არიან, მიმტევებლობა აკლიათ და ავიწყდებათ, რომ წლების შემდეგ თვითონაც მშობლები გახდებიან, შეიძლება, მსგავსი პრობლემები თვითონაც გაუჩნდეთ თავიანთ შვილებთან და, მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, რომ დაუმსახურებლად აწყენინეს იმ ადამიანებს, ვისაც ისინი ყველაზე ერთგულად უყვართ და ვისაც ყველაზე მეტი ამაგი აქვთ მათზე.
– ჩემო გიორგი, ეს ყველფერი გასაგებია. არ გეწყინოთ, მაგრამ, თქვენ ახალი არაფერი გითქვამთ. თაობებს შორის კონფლიქტი და უთანხმოება იმ დღიდან მოდის, რაც პირველი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ, აქ რაღაც სხვა ხდება. თქვენ რომ შესწრებოდით თქვენი ძმისშვილების ვიზიტებს, ჩემი სიტყვები აღარ გაგიკვირდებოდათ.
– მაინც, რა ქნეს ასეთი?
– ნუცას, ასე, სათქმელად და მოსაყოლად, არაფერი უქნია, მაგრამ, მის თვალებში ორი რამ ამოვიკითხე: იმედგაცრუება, რომ დიმიტრი ჯერ ისევ ცოცხალია და კმაყოფილება, რომ მამამისს რაღაც სერიოზული დაავადება სჭირს.
– იცის, რომ დიმიტრის კიბო სჭირს?
– მე არ მითქვამს – რატომღაც, სურვილი არ გამიჩნდა, თუმცა, ალბათ, ამის უფლება არც მქონდა. თვითონ კი, მგონი, არ იცის, რადგან, რამდენჯერმე მკითხა, რამე სერიოზული ხომ არ სჭირსო. პალატიდან გამოსვლისას კი რაღაცნაირი ნიშნისმოგებით გახედა მძინარე მამამისს.
– თორნიკემ? თორნიკემ რაღა ქნა?
– ოო, თორნიკესთან საქმე უფრო სერიოზულად არის.
– რას ნიშნავს – უფრო სერიოზულად? – გიორგის სუნთქვა შეეკრა და საყელო შეიხსნა, მერე უნებართვოდ დაისხა გრაფინიდან ჭიქაში წყალი და სულმოუთქმელად გადაკრა.
– ახლავე გეტყვით, ოღონდ, შეეცადეთ, არ აღელდეთ. ყველაფერი გონების თვალით უნდა განსაჯოთ, – და ქებაძემ დაწვრილებით უამბო მომხდარის შესახებ.
– ნასვამი ხომ არ იყო, ან... – გიორგიმ წინადადება აღარ დაასრულა.
– ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ? – დაასრულა ფრაზა ექიმმა, – არა, აბსოლუტურად ფხიზელი იყო. ისე, რა, ეთამაშება წამალს?
– არ ვიცი, არა მგონია. სიმართლე გითხრათ, არც მე მაქვს მათთან მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა, მაგრამ, რამე ისეთი რომ ყოფილიყო, გავიგებდი. მართალია, ციხეშიც იჯდა...
– ციხეში რატომ იჯდა? – დაინტერესდა ირაკლი.
– რატომ და, სკოლას რომ ამთავრებდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა, უფრო სწორად, დაუკითხავად წაიყვანა, შეყვარებული გაასეირნა და მეორე დღეს უკან დააბრუნა, მაგრამ, მანქანის პატრონმა არ აპატია, უჩივლა და დააჭერინა. მართალია, დიდხანს არ მჯდარა, მაგრამ... – გიორგიმ სახე მოისრისა, ამოიოხრა და განაგრძო: – დიმიტრიმ ხელი არ გაანძრია, რომ შვილი ციხიდან დაეხსნა, იმ მეზობელს არც კი დაურეკა, რომ, ვთქვათ, რაღაცას შეჰპირებოდა, ან, უბრალოდ, კაცურად ეთხოვა, შვილს ნუ დამიღუპავო.
– რატომ მოიქცა ასე?
– იმ დროს დიმიტრი ახალი გაყრილი იყო ნანიტასთან, თანაც, მაინცდამაინც მშვიდობიანად არ დაშორებიან ერთმანეთს და შვილებთანაც კონფლიქტი მოუვიდა. ეს ამბავი რომ მოხდა და ნანიტამ დაურეკა, რამე მიშველეო, დიმიტრიმ უპასუხა, ჩემთვის აღარ არსებობთ და აღარც მე ვარსებობ თქვენთვისო.
– თქვენ? თქვენ რა მოიმოქმედეთ? ასეა თუ ისე, ბიძა ხართ, თანაც, როგორც თავად მითხარით, მატერიალურად არ გიჭირთ და არ გაგიძნელდებოდათ იმ მეზობლის გაჩუმება! – აღშფოთდა ირაკლი, მაგრამ, უცებ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და დარცხვენილმა მოუბოდიშა: – მაპატიეთ, თუ შეიძლება, მგონი, გადავაჭარბე ჩემს უფლებებს.
– საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში მე უცხოეთში ვიყავი სამუშაოდ წასული. იქიდანაც შევძლებდი რაღაცას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთვის არავის დაურეკავს. რომ ჩამოვედი, თოკო ციხიდან გამოსული დამხვდა.
– იქიდან როგორი დაბრუნდა?
– რას გულისხმობთ?
– ყველაფერს: ნარკოტიკს, აგრესიულობას, შურისძიების სურვილს და ასე შემდეგ.
– ცოტათი აგრესიული ყოველთვის იყო. ნარკოტიკი კი არა მგონია, რადგან, ხომ გითხარით, არც შემიმჩნევია და არც გამიგია. შურისძიებაზე კი ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს, გარდა ერთი ფრაზისა: შენი ძმა ჩემ თვალწინ რომ კვდებოდეს და გადარჩენა შემეძლოს, თითს არ გავანძრევო. თუმცა, მაინც მგონია, რომ ასეთი სასტიკი ბიჭი არ არის. რაც შეეხება პირდაპირ შურისძიებას, გამორიცხულია: ან კიბოს როგორ შეჰყრიდა მამამისს, ან ავარიას როგორ მოუწყობდა, დიმიტრი ხომ ბოძს დაეჯახა? თანაც, დადგინდა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა... – გიორგიმ ჯიბიდან ვალიდოლის ფირფიტა ამოიღო, სამი ცალი ერთად ჩაიყარა პირში, დაღეჭა და მთელი ჭიქა წყალი დააყოლა, – ამის გახსენებაც კი არ შემიძლია... და, საერთოდაც, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, თოკოს მაინც გამოვრიცხავ.
– ნუცას?
– რა – ნუცას? რას ამბობთ, ბატონო ირაკლი, ნუცას – მით უმეტეს. მერწმუნეთ, აქ არაფერია მოწყობილ-ჩაწყობილი; ის, რაც მოხდა, ჩემი აზრით, ერთგვარი კანონზომიერებაა; მართალია, სავალალო, სამწუხარო და შოკის მომგვრელი, მაგრამ, მაინც კანონზომიერება.
– კანონზომიერება რისი? – ჩაეკითხა ექიმი.
– ზოგადად – დიმიტრის ცხოვრების წესის, საქციელის, გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულების...
– შესაძლოა, მართალიც ხართ, მაგრამ, ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? მეჩვენება, რომ დიმიტრისთან მუდმივად ვიღაც უნდა იყოს. პოლიციაში რომ დავრეკოთ და გარედან დავუყენოთ დაცვა, არ გამოვა – არანაირი სერიოზული არგუმენტი არ გვაქვს. რა უნდა ვუთხრათ პოლიციას, შვილების თვალების გამომეტყველება ან სიბრაზით ნათქვამი სიტყვები არ მოგვეწონა და ორი კაცი მოგვეცით სადღეღამისო მორიგეობისთვისო?! ხომ სასაცილოდ აგვიგდეს! ისე, შეიძლება, ვინმე კერძო პირი დაიქირავოთ, მაგრამ, ჯერ ერთი, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ და, თანაც, რაღაცნაირად, სასაცილო სიტუაცია შეიქმნება – რომელი უფლისწული, ძებნილი ან სახელმწიფო მოღვაწე დიმიტრია, დაცვა რომ დავუყენოთ?
– ალბათ, ყველაზე კარგი ვარიანტია, ექთანსა და სანიტარს ვთხოვო, ერთი წუთითაც კი არ დატოვონ პალატაში მარტო და ორივეს გადავუხდი. თანაც, მიხედავენ კიდეც, – გამოსავალი იპოვა გიორგიმ, – ამაღამ კი მე დავრჩები, თუ ნებას დამრთავთ.
– დიახ, ალბათ, ეგ საუკეთესო გამოსავალია, – დაეთანხმა ექიმი, – მაგრამ, რეანიმაციის პალატაში არავის შეშვების უფლება არ გვაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ, მოპირდაპირე ოთახია – ეს ჩვეულებრივი პალატაა, ოღონდ, ცოტა მოუწესრიგებელი, თუმცა, საწოლი დგას და სუფთა ლოგინსაც და თეთრეულსაც მოვატანინებ. დერეფანში მორიგე ექთანი სულ ზის, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, თავი რომ დავიზღვიოთ, შეგიძლიათ, თქვენი პალატის კარი ღია დატოვოთ – რეანიმაციის კარის პირდაპირ არის და, თუ იქ ვინმე შევიდა, დაინახავთ.
– სხვა გზა არ მაქვს, უნდა დაგთანხმდეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ჩემს ძმას მკვლელი უთვალთვალებდეს. შეიძლება, ცუდი ქმარი და მამა იყო, მაგრამ, ამის გამო, დამეთანხმებით, შვილები მამას არ კლავენ; მით უმეტეს, თუ აქ მოაგნეს, ისიც ეცოდინებათ, რომ დიდი დღე აღარ უწერია.
– გეთანხმებით, მაგრამ, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, – თქვა ექიმმა და წამოდგა, – წამობრძანდით, პალატას გაჩვენებთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში