ფლორის სამყაროში
კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება ლანთანას?
პასუხი: მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე, ამიტომ, ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. გარდა ამისა, სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. მისთვის ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს. ის მშვენივრად გრძნობს თავს ზომიერი კლიმატის პირობებში, სუბტროპიკებში კი სარეველად იზრდება.
კითხვა: ბინაში მაქვს ჩინური ვარდი. იქნებ, ამიხსნათ, რა რაოდენობით წყალი სჭირდება წელიწადის სხვადასხვა დროს?
პასუხი: დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება – მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს; ზამთრობით კი მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ხელს უწყობს მის ყვავილობას.
კითხვა: იოლია თუ არა გარდენიას გაზრდა და როგორ მოვუარო?
პასუხი: მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გაზარდეთ. სჭირდება სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. ყვავილობისთვის ღამის ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბალი უნდა იყოს, ხოლო დღისა 22 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. მოარიდეთ ორპირ ქარს და ნურც ადგილს შეუცვლით.
კითხვა: როგორ ვაყვავილო დენდრობიუმი?
პასუხი: დენდრობიუმის არაერთი სახეობა არსებობს, რომელთაგან მრავალი ჰიბრიდია შექმნილი. მათი ყვავილები კაშკაშა ყვითელი, სალათისფერი, ვარდისფერი ან იისფერია. ზოგს დიდფურცლიანი ყვავილები აქვს, ზოგსაც – ნაზი და ვიწროფურცლიანი და ყველა ძალიან ლამაზია. „კეთილშობილი“ დენდრობიუმი, თავის ჰიბირდებთან ერთად, ტკბილ სურნელებასაც აფრქვევს. სიგრილე და სინათლე ხელს უწყობს მის ყვავილობას. მძიმეთავიან საყვავილე ღეროებს, შეიძლება, საყრდენი დასჭირდეს. ყოველი მორწყვისას ნიადაგი ორქდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ. ტენი არ მოაკლოთ, რადგან, სიმშრალეს ვერ იტანს, განსაკუთრებით – სიცხეში.
კითხვა: ჩემმა კუფეამ ზამთარში მოიწყინა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: ცივ ზამთარში შეიძლება კუფეამ მოიწყინოს, მაგრამ, ნუ დარდობთ, ის გაზაფხულზე მალევე დაიბრუნებს ჩვეულ ფერადოვნებას. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, გაზაფხულზე კი, თუ სიმაღლეში გადაჭრით, ახალ საყვავილე ღეროებს ამოიყრის.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ციპერუსი?
პასუხი: ციპერიუსის ფესვები მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ, ქოთანი ღრმა, წყლიან ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, მისი ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.