კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუცვალეს თაღლითებმა ცნობილ საქმოსანს 150 ათას დოლარად შეფასებული სამეფო ნივთები

58 წლის ვიქტორ მინდაძე დილემის წინაშე  ერთადერთი ქალიშვილის გათხოვებისთანავე დადგა.  ცნობილ საქმოსანს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა, მეცნიერისა და პარტიული ფუნქციონერის ოჯახში შესული ქალიშვილისთვის სათანადო მზითევი უნდა გაეტანებინა. ბინა, აგარაკი, ავტომობილი – მზითევის „ცნობილ  ნუსხაში” იყო, მაგრამ მზრუნველი მამა ნანატრი ქალიშვილის ბედნიერების  აღსანიშნავად, განსაკუთრებულად ემზადებოდა. სანდო წყაროების მეშვეობით, სანუკვარ საჩუქარს მოსკოვში მიაგნო – მეგობარი უშიშროების პოლკოვნიკის მეშვეობით, ვიქტორ მინდაძე მოსკოვში ცნობილ საქმოსანსა და ანტიკვარებით მოვაჭრეს დაუკავშირდა, რომელიც თავადაც მოსკოვის „კაგებეს” ყოფილი წარმომადგენელი იყო.  ის არალეგალურად ყიდდა ავეჯს, რომელიც წარსულში  რუსეთის ცნობილი დედოფლის, ეკატერინე მეორის საკუთრება გახლდათ.  გარნიტური სულ სამი ნაწილისგან შედგებოდა, მაგრამ მასზე დატვიფრული ემბლემებით დადასტურდებოდა, რომ ეს ავეჯი ეკატერინე მეორემ საჩუქრად პრუსიის მეფისგან მიიღო. მდიდარ საქმოსანს, რომლისთვისაც ავეჯში დასახელებული თანხა – 150 ათასი მანეთი უნდა გადაეხადა, ერთადერთი შვილის  სოლიდური მზითვისთვის ნამდვილად უღირდა. მით უმეტეს, რომ ქალიშვილი ცნობილ და გავლენიან ოჯახში შედიოდა რძლად. 

ვიქტორ მინდაძემ საქმიანი შვებულება გაიფორმა და  ერთი კვირით მოსკოვში ჩავიდა.  მივლინების ოფიციალური მიზეზი მოსკოვთან ახლოს მდებარე ტყავის ქარხანაში საქმიანი კავშირი იყო. თუმცა, გამოცდილ საქმოსანს რეალურად მხოლოდ ავეჯის ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი.   ავეჯის ღირებულება   ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა გადახდილიყო. ეს იყო მოლაპარაკების პირობა. ვიქტორ მინდაძემ მოსკოვში ფული  საკუთარი რისკის ფასად გაიტანა – ის  ბათუმიდან ბორნით ჯერ ოდესაში ჩავიდა და შემდეგ უკრაინიდან  გადავიდა მოსკოვში.  

ვიქტორ მინდაძის ადგილობრივი მასპინძელი „კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელთანაც ქართველმა მეგობარმა დააკავშირა. მოსკოველი ჩეკისტი ავეჯის რეალიზაციის შემდგომ წილში  თავად გამყიდველს უნდა გაეყვანა. ორივე მხარისთვის პირობა და კონსპირაციის ყველა წესი დაცული უნდა ყოფილიყო. ვიქტორ მინდაძე ეკატერინე მეორის კუთვნილი ავეჯის სანახავად მოსკოვთან ახლოს მდებარე აგარაკზე წაიყვანეს, სადაც საგულდაგულოდ გადაემალათ რარიტეტული ავეჯი. სახლში უცნაურად დამონტაჟებული ტექნიკით ავეჯის ცალკეული ნაწილები პულტის მეშვეობით გამოდიოდა კედლიდან.  ავეჯის გამყიდველი ანტიკვარებით მოვაჭრე ბერძენი გახლდათ, რომელიც როგორც თავად უმტკიცებდა ქართველ „ცეხავიკს” ამ ავეჯის მეპატრონე მემკვიდრეობით გახდა და საძინებლის გარნიტური ორსაუკუნოვანი იყო.  საქმოსანი მოიხიბლა სამეფო კარის ავეჯით. საქმეში ჩახედული მოსკოველი მეგობრების წყალობით, დაადგინა, რომ ავეჯის ფასი რეალურად სამჯერ მეტი იყო. მაგრამ, რადგან მისი გაყიდვა დიდ სკანდალს  გამოიწვედა და ეს არ უნდა გახმაურებულიყო, მას შედარებით იაფად ყიდდნენ. მინდაძემ ფული ქეშად მხოლოდ მას შემდეგ გადაუხადა მოსკოველ საქმოსნებს,  რაც დარწმუნდა, რომ ავეჯი კონტეინერში მოათავსეს და კონტეინერი საქართველოსკენ დაიძრა.  ამას დათქმულ ერთ კვირაზე მეტი დროც დასჭირდა. ვიქტორ მინდაძე საქართველოში კმაყოფილი დაბრუნდა. უფრო მეტიც, წინასწარ ახარა გავლენიან მძახალს, რომელიც პარტიული ფუნქციონერი იყო, რომ მის ოჯახში იშვიათი, რელიკვიური ნივთები მოხვდებოდა. 

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ვიქტორ მინდაძემ მალულად ნაყიდი სამეფო ავეჯი მიიღო. ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვში მყოფ  – უკვე მის პარტნიორებს, საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული.  ავეჯი დაპირებულ ადგილას დაუზიანებლად ჩამოვიდა. ვიქტორ მინდაძემ საჩუქარი ზარ-ზეიმით გადასცა ქალიშვილსა და მძახლებს და საკუთარ თავსაც კი ვერ უმხელდა იმ სიმაყეს, რაც სამეფო ოჯახის კუთვნილი ავეჯის ხელში ჩაგდებამ მოჰგვარა. ამ ისტორიიდან, ალბათ, ორი თვე იქნებოდა გასული, როცა ვიქტორ მინდაძემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ გარნიტურის ერთ-ერთ ნაწილზე არ იყო აღბეჭდილი ის ემბლემა, რაც  მან მოსკოვში საკუთარი თვალით ნახა და მის ხელთ არსებულ ფოტოებზეც იყო აღბეჭდილი.  ვიქტორ მინდაძემ საქმეში ნაცნობი ოსტატი ჩართო, რომელიც ავეჯის ცნობილი გადამყიდველი იყო. ამის შემდეგ მოუხდა სპეციალისტის ჩამოყვანა მოსკოვიდან. სპეციალისტებმა მინდაძე დაარწმუნეს, რომ მის მიერ შეძენილი  საძინებლის გარნიტური,  ორსაუკუნოვანი კი არა, ორი ათეული წლის წინ დაამზადეს და სამეფო კარის ცნობილი ავეჯის ზუსტი ასლი გახლდათ. გამოცდილი საქმოსანი დარწმუნდა, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთი საქმიანი მივლინებით ვიქტორ მინდაძე კვლავ ჩავიდა მოსკოვში, თუმცა ამჯერად ანტიკვარებით მოვაჭრე ბერძენი ვეღარ იპოვა. ბინა კი, სადაც ის არარეგალურად მიიყვანეს, ძალიან რთული მისაგნები აღმოჩნდა.  როგორც შემდგომ ვიქტორ მინდაძე იხსენებდა, ის ბინაში ისე მიიყვანეს სხვადასხვა გზებით, რომ მომავალში იქ მოხვედრა მისთვის შეუძლებელი ყოფილიყო.

დაზარალებულმა საქმოსანმა დაკარგული ფულის დასაბრუნებლად მეგობარ ჩეკისტს მიმართა, მაგრამ ვერაფერს გახდა. უფრო მეტიც, საქმოსანს ერთ დღეს საფოსტო ყუთში დატოვებული ამანთით უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, თუ ის ამ საქმის ირგვლივ დეტალების გარკვევას თავს არ დაანებებდა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა. ამ მუქარის მიუხედავად, ვიქტორ მინდაძემ  შემდგომ ეტაპზე საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართო და ის მაინც შეიტყო, რომ თანხის დიდი ნაწილი ქურდულ სამყაროსა და მის მეგობარ „ჩეკისტებს” შორის გაყოფილიყო. ამიტომ, ამ თანხის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ასე შერჩა ცნობილ  საქმოსანს 150 ათას მანეთად, დაპირებული სამეფო რელიკვიური  ავეჯის  ნაცვლად,  რუმინულ ქარხანაში დამზადებული საძინებელის გარნიტური, რომლის ღირებულებაც 16 ათასი საბჭოთა მანეთი იყო. 

 

скачать dle 11.3