ადამი და ევა
დიახ, მე შენი მესმის!
ხშირად ხდება ისე, რომ კატეგორიულად არ გინდა, გაითვალისწინო გარშემო მყოფთა აზრი. ინტუიცია გკარნახობს, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ, მაგრამ, შინაგანი სიჯიუტე თუ უაზრო პრინციპულობა ხელს გიშლის სხვისი სიმართლის აღიარებაში. ასეთ დროს, თქვენ, ძირითადად, წარმოთქვამთ ფრაზებს, რომლებიც ხელს გიშლით ურთიერთობის ნორმალიზებაში. მაგალითად: არავითარ შემთხვევაში! თავადაც არ იცი, რას ბოდავ! წარმოდგენა არ გაქვს, მე რაზე ვლაპარაკობ! ყოველთვის ასეთი უაზრო ხარ! ჯობია, სერთოდ გაჩუმდე, ვიდრე კიდევ ერთხელ დამარწმუნო იმაში, რომ სულელი ხარ!
ეს წარუმატებელი ფრაზები, რომლებიც ძალიან გვიშლის ხელს, გავუგოთ ერთმანეთს, ჩაანაცვლეთ ფრაზებით: ფიქრობ, რომ ასე უკკეთესი იქნება? ნუთუ, გგონია, რომ მე ვცდები? იძულებულს მხდი, დაგეთანხმო! თუ შენი სწორად მესმის, მაშინ, კიდევ უნდა ვიფიქრო… მოდი, ამ ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ… ვწუხვარ, შეიძლება, მართლა ჯობდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი…
თქვენ სცადეთ და მოსინჯეთ ეს მეორე ვარიანტი, რომელიც ფსიქოლოგების მიერ არაერთხელ არის აპრობირებული და გატესტილი. აუცილებლად შეძლებთ, უკეთ გაუგოთ ახლობლებს. საყვარელ ადამიანს პირდაპირ უთხარით, რომ გესმით მისი გრძნობების, ემოციების, სურვილების, თქვენ ეს ცოტათი კიდევ დაგაახლოებთ მასთან… თუნდაც ერთი ნაბიჯით, მაგრამ, ეს უკვე პოზიტივია!
მიყვარხარ მაშინაც კი...
მიყვარხარ მაშინაც კი, როცა უსამართლოდ მიბრაზდები… როცა თავად არ იცი, რა არ მოგწონს ან რამ გაგაღიზიანა… – ნებისმიერი ჩხუბის დროს ეს სიტყვები ჯადოსნურად მოქმედებს. თუ ურთიერთობის შენარჩუნება და მით უმეტეს, გადარჩენა გინდათ, აუცილებელია, მწვავე კამათის შემდეგ ჩიხში შესული სიტუაცია გაანეიტრალოთ და საუბარი ნორმის ჩარჩოებში დააბრუნოთ. მთავარია, პარტნიორმა იგრძნოს, რომ მის მიმართ გრძნობა ისევ გაქვთ. კი არ მოგბეზრდათ ის, არამედ, გაწუხებთ გაუგებრობა, რომელიც თქვენ შორის წარმოიშვა. ზოგჯერ, უბრალოდ, მოუყევით პარტნიორს, რა მოგწონთ მასში; რა აღგაფრთოვანებთ და გახარებთ. გაიხსენეთ ის ეპიზოდები, როცა მან შეძლო თქვენი სასიამოვნოდ გაოცება – ასეთი „გასეირნება წარსულში“ ყოველთვის პოზიტიურად აისახება ურთიერთობაზე.
მამაკაცები ნაკლებად არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომ, მათ გამხნევება და წახალისება სჭირდებათ. ხშირად შეაქეთ და დაეხმარეთ, დაიჯეროს ის, რაშიც ეჭვი ეპარება, ანუ, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნეთ. შეიძლება, გითხრათ: „არ მჭირდება შენი წაქეზება, მე ისედაც ყველაფერი ვიცი და ყველაფერი გამომდის…“ – ეს ნუ გაგაღიზიანებთ. მხოლოდ გაუღიმეთ პასუხად და უთხარით, რომ მისი სიტყვები სიმართლეა. თქვენ ხომ ის მაშინაც გიყვართ, როცა ჯიუტად ამტკიცებს იმას, რაზეც საერთოდ არა აქვს წარმოდგენა…
უბრალო, მაგრამ, აუცილებელი
სცადე და გააუმჯობესე ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან, მით უფრო, იმ ერთადერთთან, რომელიც შენი ცხოვრების მთავარ „აღმოჩენად“ მიგაჩნია. დაუახლოვდი მას და კიდევ ერთხელ დაარწმუნე იმაში, რომ არ შემცდარა, როცა არჩევანი შენზე შეაჩერა.
„ძალიან სასიამოვნოა შენ გვერდით გაღვიძება. ცხოვრება მიხარია, როცა შენს თვალებს ვხედავ“, – თითქოს არაფერია განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ფრაზაა, მაგრამ, აზრობრივად და ემოციურად დიდი დატვირთვა აქვს. პარტნიორი გრძნობს, რომ შენ მისი „ფრთის“ ქვეშ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობ. ამ ფრაზის შემდეგ პარტნიორს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, მეტად იზრუნოს თქვენზე, მოგეფეროთ და სიხარული მოგანიჭოთ.
კიდევ არის ერთი ჯადოსნური სიტყვა – „გმადლობ“. სამწუხაროდ, ადამიანები თავისი ოჯახის წევრებს და, მით უფრო – პარტნიორს, თითქმის აღარ ეუბნებიან მადლობას. მიაჩნიათ, რომ მათი ურთიერთობა ამის საჭიროებას აღარ შეიცავს. გაიხსენეთ, თქვენი ურთიერთობის დასაწყისში როგორ ხშირად ამბობდით: „გმადლობ“ – და რამხელა პოზიტივის მომტანი იყო ის. დაიხსომეთ, შეჩვევა ურთიერთობისთვის კარგიც არის და ცუდიც – გააჩნია, რა დატვირთვას მიანიჭებთ მას. ეს ერთადერთი სიტყვა – „გმადლობ” – მადლიერების გამოხატვასთან ერთად, ადამიანს აგრძნობინებს, რომ მას აფასებენ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ. გამოიჩინა შენ მიმართ მზრუნველობა? – უთხარი მადლობა. ეს უბრალო სიტყვაა, მაგრამ, აუცილებელი!
სიტყვების ჯადოსნური ძალა
როგორი ძლიერი, ჭკვიანი და გაბედული ხარ! – ეუბნებით მას და აკვირდებით რეაქციას, რომელიც, შესაძლოა, თავდაპირველად არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც ელოდით. ყველა პოზიტიურ სიტყვას ჯადოსნური ძალა აქვს, მით უფრო, რომ მამაკაცები გულგრილნი არ არიან კომლიმენტებისა და საქებარი სიტყვების მიმართ. მაგრამ, ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ. თუ, მაგალითად, კაცს შეუქებთ იმ თვისებებსა და ღირსებებს, რომლებიც მას, რეალურად, არ გააჩნია, მამაკაცი გულის სიღრმეში შეურაცხყოფილი დარჩება. ის იფიქრებს, რომ დასცინით, ან, უკეთეს შემთხვევაში, გინდათ, რომ მასში გმირი დაინახოთ, ის კი მოლოდინს გიცრუებთ. ასე რომ, ჯერ კარგად დაფიქრდით: რაშია მისი ძლიერი მხარე, რა აქვს ისეთი, რაც თქვენ რეალურად აღგაფრთოვანებთ. როცა დარწმუნდებით, რომ გულწრფელი იქნებით, მაშინ უთხარით, რასაც ფიქრობთ – რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური. კიდევ ერთი რჩევა: არასდროს გააკეთოთ აქცენტი გარეგნობაზე, ხაზი გაუსვით მის შესაძლებლობებს – თქვენ ხომ ის რომაული პროფილის, ანდა, ათლეტური აღნაგობის გამო არ შეგირჩევიათ… მოკლედ, ნუ დაელოდებით, როდის მოეგუნებება მას თქვენი შექება, დაასწარით და ასიამოვნეთ – ეს ყველაზე კარგი საშუალებაა განწყობის გასაუმჯობესებლად… ცუდია, რომ ყოველდღიურობა გვავიწყებს იმ პატარ-პატარა „სიხარულებს“, რომლებიც, შეგვიძლია, საკუთარ თავს და იმ ადამიანს მივანიჭოთ, რომელიც ძალიან, ძალიან გვიყვარს.
როცა თვალს უხარია…
ლამაზი მამაკაცი აუცილებლად მოექცევა ქალების ყურადღების ცენტრში და ამაში არაფერია არაბუნებრივი. ესთეტიკური სრულყოფილება ყოველთვის თვალშისაცემი და შესამჩნევია, მაგრამ, პარტნიორის მხოლოდ გარეგნობით შერჩევა, მით უმეტეს, როცა საქმე მამაკაცს ეხება... სამწუხაროდ, კარგი აღნაგობის, სიმპათიური და ლამაზი კაცები ქარაფშუტები, არასერიოზულები და არასაიმედონი არიან. ბიოლოგები ამას მარტივად ხსნიან: მუშაობს ჯიშის გაგრძელების ინსტინქტი. ლამაზ მამრს შვილებიც ლამაზი და ჯანსაღი ჰყავს და, ინტუიციურად, ქალებს ესეც იზიდავთ მათში, თუმცა, შესაძლოა, ვერც აცნობიერებდნენ ამას.
ქალის ბუნებიდან, მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გაცილებით მართებული და სასარგებლო იქნებოდა, არჩევანი ერთგული, საიმედო პარტნიორის სასარგებლოდ გაეკეთებინა. ქალბატონები, რომლებსაც გენეტიკურად აქვთ თანდაყოლილი სიბრძნე ან გამოირჩევიან კარგი ალღოთი და ცხოვრებისეული გამოცდილებით, კარგად ხვდებიან, რომ, როცა მხოლოდ თვალს უხარია, ეს არც ისე კარგია. ამიტომაც, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მამაკაცებს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება; რომელთა გვერდითაც თავს ისე იგრძნობენ, როგორც მყარ კედელს ამოფარებული. ეს ყველაფერი კი მამაკაცის სილამაზეზე გაცილებით მნიშვნელოვანია. თვალის გასახარის პოვნა ყოველთვის შეიძლება, ერთგული და საიმედო პარტნიორის – არა!