რატომ მოახსნევინა რეჟისორს ვახტანგ ნინუას შვილმა მამა სპექტაკლიდან
„უდიპლომო სასიძო” რომ გამივიდა ეკრანებზე, მამაზე ნაწყენი ვიყავი. სკოლაში დამცინოდნენ – მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში, რომ დავბრუნდი ვუსაყვედურე: ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი. გაეცინა: იცი, რამდენი ფული მომცეს ამ როლშიო. ეს ის პერიოდი იყო, როცა მსახიობებს ძალიან უჭირდათ. მანამ, სანამ ფილმი ეკრანებზე გამოვიდოდა, მოსკოვში წაუღიათ. ნიკიტა ხრუშჩოვს რომ უნახავს, ისე მოსწონებია, სიცილისგან სკამიდან გადაყირავებულა. მერე, მისი ბრძანებით, ყველა მსახიობს, ვინც ფილმში თამაშობს, დიდი პრემია გამოუწერეს. დედა მოსკოვში წავიდა და ბავშვების და სახლისთვის, ბევრი რაღაც იყიდა. „აკაკის აკვანი” რომ გადაიღეს, იმდენად კარგი ანაზღაურება ჰქონდათ, ნატო ვაჩნაძემ და მამამ ყავის სერვიზი იყიდეს. მახსოვს, იმ სერვიზს დედა ფეხსაცმლის ყუთში ინახავდა,“ – ასე იხსნებს მამას, ქართული კინოკომედიის ღირსეულ წარმომადგენელს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ვახტანგ ნინუას ქალიშვილი – მანანა ნინუა. გადის წლები. დღესაც უყურებ ეკრანზე მას და მისი თაობის უძვირფასეს მსახიობებს და გული გტკივა, რომ ჩვენს გვერდით აღარ არიან, მათ ახლოს არ ვიცნობდით. მაგრამ, ისინი ხომ სამუდამოდ დარჩნენ თავიანთი ოჯახის წევრების, ახლობლების, თაყვანისმცემლების გულებში, ეკრანზე, საოჯახო ალბომებსა და დღიურებში, სადაც მათი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებია აღწერილი
„მამა დაიბადა 1916 წლის 6 სექტემბერს, ბაქოში. მამამისი მეწარმე გახლდათ. ბაქოში ნავთობზე მუშაობდა და, ასევე, ჰქონდა საკუთარი კონიაკის ქარხანა, რომელიც კონიაკ „დავით ნინუას” უშვებდა. დედა – მარინე ჭყონია, დიასახლისი, მაგრამ საკმაოდ განათლებული ქალი გახლდათ. ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო – ცხრა-ცხრა დედმამიშვილი ჰყავდათ. ბებიას ოჯახი ბათუმიდან იყო, ბაბუას ოჯახი – სამტრედიიდან. თავდაპირველად, ტყუპი ვაჟი შესძენიათ, რომლებიც მალევე გარდაიცვალნენ, მერე ვახტანგი გაჩნდა. ასე ამბობდა: მამაჩემმა ვახტანგი ვახტანგ მეფის პატივსაცემად დამარქვაო. ორი წლის შემდეგ, ისევ ვაჟი გაუჩნდათ – შოთა. მას ეს სახელი, ალბათ, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაარქვეს. ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მამა იხსენებდა, მამაჩემი რომ შემოვიდოდა სახლში, იმდენი ფული ჰქონდა, ჰაერში ყრიდაო. მოგეხსენებათ, ქართველების დიდი ნაწილი აზერბაიჯანში იყო გადასული, მათ შორის იყო ახმეტელიც თავისი დასით. რევოლუცია რომ მოხდა, იძულებულები გახდნენ, ისევ აქეთ წამოსულიყვნენ. ვერ გეტყვით, ვისგან გამოჰყვა მამას ხელოვნებისადმი სიყვარული და სწრაფვა, რადგან ჩვენს ოჯახსა და გვარში, არავინ იყო ხელოვანი. ერთ დღესაც, ბაბუამ გადაწყვიტა, ბათუმში წამოსულიყვნენ. ამ დროს ბებია უკვე გარდაცვლილი იყო – ერთ-ერთი მოგზაურობისას, ბათუმიდან თბილისისკენ, მატარებელში ტიფით დაავადდა და ძალიან ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბათუმში სამი ბინა იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. შემდეგ, ის ბინები ბიჭებს დაუტოვა და თვითონ თავის დებთან, სამტრედიაში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მამაჩემმა და ბიძაჩემმა ბინები თბილისში, დიდუბეში, ვახუშტის ქუჩაზე გადმოცვალეს. მამამ კამოს ქუჩაზე მდებარე ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩააბარა. მერე ისე მოხდა, რომ ფილმში გადაიღეს. მისი პირველი ფილმი იყო „მწვერვალთა დამპყრობლები”, შემდეგ – „ბედნიერი შეხვედრა”. გადაღებები ქობულეთში ჰქონდათ. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ. დედა, ნატალია, იხსენებდა: მკლავზე შავი ლენტი ეკეთა. დედამისის გარდაცვალებიდან წელიწადი იყო გასული. მაღალი, ძალიან გამხდარი ბიჭი იყოო. ჩვენს ოჯახში მათი ჩხუბი არასდროს არავის უნახავს და ხმამაღალი სიტყვა არ გაუგიათ. დედა – ნატალია ინაშვილი, რეპრესირებული ოჯახიდან იყო – მამამისი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ბაბუა კავკასიის მაგისტრალური ხაზის მთავარი ეკონომისტი იყო. ერთხელ მე და დედა ექსკურსიაზე ვიყავით და იმ ადგილას, სადაც მამამისი ჰყავდათ დატყვევებული, რიბინსკის უზარმაზარი წყალსაცავი დაგვხვდა აშენებული. ასე რომ, დედას მამის საფლავიც არ ჰქონდა. ყვავილები ვიყიდეთ და წყალში გადავყარეთ. ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, უნივერსიტეტიდან რომ გამოაგდეს, როგორც ხალხის მტრის შვილი. დედაჩემის დედა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო – ბაბუამისი „ზინგერის” უზარმაზარი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილა და საკმაოდ დიდი ფული ჰქონიათ. ამიტომ, არ უნდოდა, თავისი ქალიშვილი, პროვინციიდან ჩამოსულ, ვიღაც ვახტანგ ნინუას გაჰყოლოდა. არ მოსწონდა სასიძოდ…
ომი რომ დაიწყო, დედა კავშირგაბმულობის სამინისტროში მუშაობდა, მამა – 31-ე ქარხანაში ცვლის უფროსად. ჩემი და ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. მე რომ გავჩნდი, თურმე, მამას ძალიან სტკენია გული, რომ ისევ გოგო შეეძინა. არანორმალურად სდომებია ბიჭი. სამშობიაროში არც მოვიდა ჩვენს გამოსაყვანად, მამიდამ გამოგვიყვანა. მამა ამბობდა ჩემზე: მე იმან მანანაო და ამიტომ, დამარქვა მანანა. სამ თვემდე საერთოდ არ დაუხედავს ჩემთვის. მერე რომ ვახსენებდი, არ სიამოვნებდა: ნურასოდეს გამახსენებ, გული მტკივაო, – ამბობდა. თან, საოცრად ვგავართ ერთმანეთს. რაც შეეხება სირთულეებს: სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ ბევრი რუსი იყო ჩამოსახლებული კრასნოდარიდან, მაგრამ, ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ყოფილან, ერთ ოჯახად შეკრულები. ალბათ, მათ ასწავლეს ქსოვა. დედა იხსენებდა, მე და მამაშენი მთელი დღეები ვისხედით, თავშლებს ვქსოვდით და ვღებავდითო. სადაც ახლა სპორტის სასახლეა, იქ დიდი ტრიალი მინდორი იყო, ბაზრობა. ეს თავშლები მიჰქონდათ და ყიდდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, მამა გამოდის ქარხნიდან და დედაჩემს ეუბნება: გადაწყვეტილება მივიღე, თეატრალურში შევიდეო. იმხანად თბილისში არ იყო თეატრალური, მხოლოდ კინოსტუდიასთან არსებული თეატრალური კურსები იყო და ის დაამთავრა. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში აიყვანეს, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ამ თეატრით სუნთქავდა. ძალიან განიცადა შავგულიძის გარდაცვალება – ორი დღე პირქვე ეგდო. ძალიან უყვარდა…
ძალიან ტკბილი და თბილი იყო ჩვენ მიმართ. ისეთივე გულუბრყვილო იყო, როგორც თავისი გმირები. გაბრაზებული არ მახსოვს. მართალია, ეკონომიურად გვიჭირდა, მაგრამ, რაც გვქონდა, იმითაც მშვენიერი სუფრები იშლებოდა. ისხდდნენ, საუბრობდნენ როლებზე, საინტერესო თემებზე. ტარიელ საყვარელიძე რომ ლექსებს კითხულობდა, მარტო ის რად ღირდა! ეს იყო ნამდვილი ხელოვნების სუფრა და არა – ღრეობა. ძალიან ახლოს ვიყავით კაკო კვანტალიანის, ედიშერ მაღალაშვილის, კუკური ლაფერაძის, გოგი გელოვანის ოჯახებთან. მახსოვს, გოგი გელოვანი და ნოდარ ჩხეიძე – თემურ ჩხეიძის მამა როგორ მასწავლიდნენ „მგელსა და კრავს”. მამას მეგობრები იყვნენ, აგრეთვე, რეზო ლაღიძე, წოპე. ერთხელ, ღვინო შემოაკლდათ. ერთი ბოთლიღა შემორჩათ. მაშინ არ იყო ასე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაღაზიები, თანაც – გვიანობამდე. დედას სათითე გამოართვეს და მთელი საღამო იმ ერთი ბოთლი ღვინით გაატარეს… მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრის კუთხეში კანფეტების მაღაზია იყო. თეატრიდან რომ გამოვიდოდა, იქ შევიდოდა, ჩვენთვის კანფეტებს იყიდდა და მოვიდოდა. არ მახსოვს, სახლში ხელცარიელი მოსულიყო, სულ რაღაც მოჰქონდა. ერთხელ, გვიამბო: შევიდა, თურმე, მაღაზიაში, რომ ჩვენთვის რაღაც ეყიდა და დაუნახავს, ვიღაც ქალი ტირის. უკითხავს, რა გიჭირთ, ქალბატონო, რით შემიძლია, დაგეხმაროთო. ამ ქალმა შეხედა და გაოგნდა – იცნო, ვინც იყო. უთხრა, ვაჟი მყავს, რომელიც ძალიან ნერვიულია. საგიჟეთში დააწვინეს, მაგრამ, წამლებს არ აძლევენო. არ დაეზარა და მეორე დღეს სრულიად უცნობი ქალი წაიყვანა, შევიდა ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, ჩემი ახლობელია და დახმარება სჭირდებაო. წამლებიც გამოუწერეს და ყველანაირად მიხედეს. ეს ქალბატონი მერე ჩვენთან სახლში მოვიდა, მამას ლამის მუხლებზე დაუჩოქა და მადლობებს უხდიდა. მამა არასდროს უყურებდა თავის ფილმებს, არ მოსწონდა. ერთადერთი ფილმი, რომელიც ძალიან უყვარდა, იყო „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. სულ ამბობდა, მიხეილ ჭიაურელთან მუშაობა დიდი კომფორტიაო. თან, იმხელა კორიფეებთან ერთად თამაშობდა: ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა... მისთვის ამ ფილმში თამაში მთელი აკადემია იყო. „უდიპლომო სასიძოს” გადაღების შესახებ, კოტე მგალობლიშვილი – ბიჭიკოს როლის შემსრულებელი, იხსენებდა: სასტუმროში მე ცალკე ნომერი მქონდა. ბატონი ვახტანგი რომ ჩამოვიდა, ნომერი აღარ იყო და მითხრეს, შენს ოთახში დაიძინებსო. ისე ვინ გააჩერებდა გურიაში ჩამოსულ კაკო კვანტალიანსა და ვახტანგ ნინუას, რომ კარგად არ ექეიფებინათ. საღამოს მოვიდა, დაწვა და ისეთი ხვრინვა ამოუშვა, მთელი ღამე ქუჩაში დავსეირნობდიო.
…თქვენ იცით, რომ მამა კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. ორმოცდაათ ფილმში აქვს ნათამაშები, ამაზე მეტ სპექტაკლში და მისი არც ერთი გმირი არ იღუპება. გოგი თოდაძემ დადგა ასეთი სპექტაკლი – „ჩემი ეიფელის კოშკი”. იქ მამა თამაშობდა საფრანგეთიდან ჩამოსულ ემიგრანტს, რომელიც თავის სოფელში ქარის წისქვილის ასაშენებლად მიდის. მასთან ერთად თამაშობდნენ ლენა ყიფშიძე და მამას ბავშვობის მეგობარი – გივი ბერიკაშვილი. სწორედ ამ სპექტაკლში კვდებოდა მისი გმირი. იმ პერიოდში, უკვე ძალიან ცუდად იყო. სულ ათი სპექტაკლი ითამაშა. სწორედ ამ სპექტაკლზე ისე ცუდად იყო, იძულებული გავხდი, დირექტორისთვის დამერეკა და მეთხოვა, სპექტაკლიდან მოეხსნათ. აი, მაშინ ვნახე მამა გაბრაზებული. დამირეკა და მითხრა: შენ ვინ გეკითხება, მე სპექტაკლში ვითამაშებ თუ არაო. იმხელა ენერგიას ხარჯავდა, რომ სახლში სულ სველი ბრუნდებოდა. არაფრით არ შეიძლებოდა მისი ასეთი დაღლა. პანკრეასი თითქმის დაშლილი ჰქონდა, რვა თვე ვაცოცხლებდით. თემურ ჩხეიძემ და ნანი ჩიქვინიძემ საავადმყოფოში მოინახულეს და გაოცებულები იყვნენ – იქაც როლზე ფიქრობდა და მიზანსცენებზე მუშაობდაო. სახლში რომ გამოიყვანეს, მივედი. მალე მოვკვდებიო – მითხრა. მე ვუთხარი: რა წუთშიც შენ არ იქნები, ხომ იცი, მეათე სართულზე ვცხოვრობ, გავაღებ ფანჯარას და გადავხტები-მეთქი. მერე მითხრა: არა, გეხუმრეო. არ ვეუბნებოდით, რაც სჭირდა. ეგონა, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ამბები იყო. ერთ-ერთი მსახიობისგან გაუგია სიმართლე…
30 დეკემბერს გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. ვისხედით და ვამბობდით: დღეს პირველი იანვარია – ვინ მოვა, დღეს ორი იანვარია, ბედობა, ვინ მოვა... მაგრამ, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მისი ოცნება იყო, დიდუბის პანთეონში დაკრძალულიყო. დედაჩემს ხშირად ეხუმრებოდა ამაზე, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა. უფრო სწორად, პანთეონში ისეთი ადგილი მოგვცეს, სადაც წყალი გადიოდა, ამიტომ, საბურთალოს სასაფლაოზე დავკრძალეთ. საავადმყოფოში რომ იწვა, ერთ წერტილში გააშტერებდა თვალს და ვიღაცეებს ესაუბრებოდა. ჩვენ ძლივს გველაპარაკებოდა, იმათთან კი მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს. მერე მამაო მივუყვანეთ, რომელმაც აგვიხსნა, რომ უკვე იქით იყო, იმ ქვეყანასთან ჰქონდა კავშირი. ჟორა შავგულიძეს ეუბნებოდა: ჰა, შენ და საშამ ისე არ ქნათ, რომ როლის გარეშე დავრჩეო. მამა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დამესიზმრა, შავი გაიხადეო – მითხრა. მე ვუთხარი: კი მაგრამ, წიწილა ხომ არ დავკარგეთ, ამხელა დევივით კაცი გამოგვეცალე ხელიდან-მეთქი. არა, გაიხადეო. სხვა რა გზა მქონდა, გავიხადე.
ბოლო ათი წელი, მამას მეორე მეუღლე ჰყავდა. თუმცა, მისი ჩვენდამი დამოკიდებულება, მზრუნველობა არანაირად არ შეცვლილა. ყველანაირად ჩვენს გვერდით იყო. უბრალოდ, თავიდან ძალიან გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ოცდაათწლიანი ოჯახი დაანგრია და რამდენიმე თვე არ ველაპარაკებოდი. მერე შევრიგდით. ეს მისთვისაც და დედასთვისაც რთული იყო. ბიცოლაჩემისთვის უთქვამს: ცხოვრებაში არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, ამ ერთხელ შევცდი და ღმერთმა ეს არ მაპატიაო…