ვინ ეპატიჟება გიორგი მელიქიშვილს ამერიკაში ქართული ხალხური სიმღერების გასარეპად და როგორ უხსნიან მას რუსი ფანი გოგონები „სიყვარულებს”
მომღერალი და მსახიობი, 35 წლის გიორგი მელიქიშვილი უკვე თორმეტი წელია, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქ ის საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, ქართველმა მსმენელმა, გიორგი რუსეთის „ვოისის” კონკურსის წყალობით გაიცნო. როგორც თავად ამბობს, ის იღბლიანია და მისი ცხოვრება დიდ რუსეთში საკმაოდ წარმატებულია. თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ, როდის აპირებს „გრემით” ხელში მშობლიურ თელავში ჩასვლას და ვისი წყალობით მოხვდა რუსულ „ვოისში”, ამაზე თავად გვესაუბრება.
გიროგი მელიქიშვილი: თელავში დავიბადე და ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან საყვარელია. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩავაბარე და მთელი ოთხი წელი ვსწავლობდი. რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ვაღიარებ, მე ბედმა გამიღიმა, რადგან პატარა თელავიდან დიდ რუსეთში მოვხვდი და ცხოვრებაც ავიწყვე. ახლა მოსკოვში, თეატრალურ აკადემიაში ვსწავლობ, სამსახიობო ფაკულტეტზე, მესამე კურსზე ვარ. სპექტაკლებშიც ვთამაშობ, კინოშიც გადამიღეს და უამრავ კონცერტზეც გამოვდივარ. რა ვიცი, რეჟისორები დიდ იმედებს ამყარებენ ჩემზე, ამბობენ დრამატული ტიპი ხარო (იცინის). ჩემი გარეგნობით ინტერესდებიან – მე განსხვავებული ტიპაჟი ვარ. ამბობენ, ახალი სახე ხარო (იცინის). ერთ-ერთ რუსულ ფილმში, სტანისლავ სადარსკიმ მიმიწვია, სადაც ქართული ხალხური სიმღერა, დიდ, შავ, კავკასიურ ულვაშებში შევასრულე.
– სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დაგყვა?
– მთელი ჩემი წინაპარი და შთამომავალი, ანუ მთელი მელიქიშვილები – პაპა, მამა, ბიძა და ბიძაშვილები, ყველანი ვმღერით. მე საქართველოში, საესტრადო სიმღერა არ მიმღერია, სულ ხალხურებს ვმღეროდი. ჩემი პირველი მასწავლებელი კი გახლდათ ქალბატონი ლია ნიკოლოზიშვილი, რომელმაც მუსიკალური გემოვნება ჩამომიყალიბა და დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. მისი უზომოდ მადლიერი ვარ.
– წარმომიდგენია, თქვენს ოჯახში ქეიფი რა მაგარი იქნება.
– აბა, რა! წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ საქართველოში და ჩემს სახლში მაგიდა არ ლაგდება – სულ გაშლილია და ჩვენი პირი კი – სულ დაღებული (იცინის). სულ სიმღერა ისმის და მიდის ქეიფი. აქ, ოჯახის მერე, ყველაზე მეტად ალაზნის ხმა მენატრება. მასში ჩაციებული კახური ღვინო, გამაბრუებელი ბუნება და ჰაერი.
– ამბობენ, ჯუმბერ პატიაშვილი, თავის დროზე, შენ გარეშე ნაბიჯს არ დგამდაო. ეს სიმართლეა?
– დიახ, მართალია. პატარა ვიყავი და საქართველოში, თუკი რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, სამთავრებო დონეზე, ყველგან მე მამღერებდნენ. ჯუმბერ პატიაშვილი სადაც იდგა, მის გვერდით ვიდექი მეც (იცინის). პირველ კლასში ვიყავი კრემლში რომ მიმიწვიეს და ვიმღერე. არ დამავიწყდება, ამ ვიზიტს ემთხვეოდა, ვაჟაობა ჩარგალში. გადაირია პატიაშვილი: არ გაგიშვებთ მოსკოვში, ჯერ ვაჟაობაზე უნდა იმღეროთ და მერე, კი ბატონო, გაფრინდითო. ასეც მოვიქეცით, ვიმღერე ჩარგალში და კრემლში კი – დავაგვიანე. კულტურის უნივერსიტეტში სწავლის დროს პატრიარქთანაც ვგალობდი.
– შენ ძირითადად ქართულ, ხალხურ სიმღერებს ასრულებდი და ამ რეპერტუარით დიდი რუსეთის დაპყრობა, სარისკო არ იყო შენი მხრიდან?
– ერთი პერიოდი „ორერაშიც” ვმღეროდი და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უამრავი კონცერტი გვქონდა ჩატარებული. მოკლედ, ერთ დღესაც, ჩემმა მეგობრებმა შემომთავაზეს, მოსკოვში სამთვიანი კონტრაქტი მზადდება, რესტორანში და კორპორატიულ სარამოებზე უნდა ვიმრეროთ და თუ წამოხვალო. ორ დღეში გადავწყვიტე წამოსვლა. თან, არავინ მყავდა აქ და არც ენა ვიცოდი. ეს „მეჟდუ პროჩემ” სამთვიანი ჩამოსვლა, აგერ უკვე, თორმეტი წელია, გრძელდება. სახლიც მაქვს, ცოლიც მყავს და მოსკოვში უფრო მეტ წარმატებებს ველი. ამიტომ, ეს ქალაქი ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა. სულ ვამბობ, დიდმა რუსეთმა პატარა თელაველი ბიჭი ტბილად მიმიღო-მეთქი. ხომ გაგიგიათ: „მასკვა სლეზამ ნე ვერიტ” – ამიტომ, მე ამ ქალაქში, დეპრესიისა და ტირილის უფლება არ მაქვს (იცინის). მიზანი დასახულია და ამ მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ჯერჯერობით მიმართლებს. აბა, წარმოიდგინეთ, თორმეტი წელია, ვიბრძვი იქ, სადაც არავის აინტერესებს ვინ ხარ და ყველა გებრძვის. კარგად იცით, რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულება პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ დამიჯერეთ, თუ დაინახეს, რომ იბრძვი, არ ნებდები და მაგარი ხარ, ვერავინ დაგჩაგრავს. ვფიქრობ, შეუძლებელი შევძელი და ეს მიხარია. მე ჩემი გზა არჩეული მაქვს და მჯერა, სადაც მინდა, იქ აუცილებლად მივალ. ოცნებად მქონდა, დიდ სცენაზე საესტრადო სიმღერა მემღერა და ეს ოცნება ავიხდინე. დღეს მყარად ვდგავარ სცენაზე და თუ პუბლიკის რეაქციით ვიმსჯელებთ, ამაყი უნდა ვიყო.
– რუსეთის „ვოისში” როგორ მოხვდი?
– შარშან მოვსინჯე ძალები და მითხრეს, განსხვავებული და ორიგინალური ხარო. ანუ, მოსკოვში ინდივიდუალურიბას აფასებენ მომღერალში. თუმცა, პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. გამოსვლის წინ, ვინერვიულე კიდეც და თან, ცუდი სიმღერა შევასრულე. წელს კი თვითონ დამირეკეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მითხრეს, ძალიან ინდივიდუალური მომღერალი ხარ, ჩვენ შეგამჩნიეთ, სწორად შეარჩიე რეპერტუარი და იცოდე, უკვე სიაში ხარო. მოკლედ, მეოთხე დარეკვაზე, გადავწყვიტე წასვლა და იტალიური, ომახიანი სიმღერის შესრულებით, გამიმართლა კიდეც. ამაში, ქართული ტემპერამენტიც დამეხმარა. სხვათა შორის, კონკურსზე რომ მივედი, უამრავი ქართველი მომღერალი დამხვდა, მათ შორის, ცნობილიც. თუმცა, ისინი, სამწუხაროდ, ვერ გავიდნენ. არ დამავიწყდება, ჟიურიში ისხდნენ პელაგია, დიმა ბილანი, გრადსკი და აგუტინი. მე პელაგია შემომიბრუნდა. თუმცა, ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მითხრეს: შენ რომ სხვა სიმღერა გემღერა, ყველა შემოგიბრუნდებოდითო. მოკლედ, სამივე ტური წარმატებით გავიარე და ბოლოს, ისევ ქართველ კონკურსანტს, ეთერ ბერიაშვილს დავუთმე რინგი (იცინის). მეორე ტურში, ქართველ კონკურსანტთან, ნოდარ რევიასთან მომიწია დუეტის შესრულება. პელაგიამ ნოდარი აირჩია და მე აგუტინმა გადამარჩინა, თავის გუნდში წამიყვანა. ასე რომ, ვერც ერთი ვერ დაგვთმეს. ჩემთვის გამარჯვებას დიდი აზრი არ ჰქონდა. მთავარია, ხალხმა გამიცნო, მილიონობით ადამიანი მწერს და მეფერება, სცენაზე გამოსულს ოვაციას არ მაკლებს და მეტი რა მინდა? რუსულმა „ვოისმა” პოპულარული გამხადა, კონცერტებზე ხშირად მიწვევენ, ცნობილი კომპოზიტორ-შემსრულებლების გულიც დავიპყარი და ჩემი ფან-კლუბიც მყავს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს დიდ რუსეთში ჩამოსული ადამიანისთვის. ჩემი და ნოდარის შესრულებული სიმღერა კი რუსული რადიოს ოცეულში შევიდა.
– ამბობენ, პელაგია, ქართველი მამაკაცების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა და კონკურსანტებში, მიუხედავად იმისა, რომ ზურგით ზის, ზუსტად ხვდება კავკასიურ ხმის ტემბრსო. ეს ასეა?
– პელაგია ძალიან თბილი ადამიანია, ჩემს მიმართაც ვგრძნობ მის ამ დამოკიდებულებას. გიჟდება ქართულ სიმღერებზე. ჩვენ ერთობლივი კონცერტებიც გვქონდა და ამ ბოლო დროს, პიტერში დიდ სცენაზე ქართულადაც იმღერა ჩემთან ერთად დუეტში. დიდი ოვაცია დაიმსახურა. მეუბნება, ვეღარ წარმომიდგენია სცენაზე დგომა შენს გარეშეო. ლეონიდ აგუტინიც სულ მიწვევს კონცერტებზე და ერთად გამოვდივართ. სხვათა შორის, პელაგიამ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. სულ მეუბნება, არანორმალური ქართველი ხარო (იცინის). თქვენ, რუსი ფანი გოგონები უნდა ნახოთ, მწერენ, გვიყვარხარ და არ გვაინტერესებს შენი ცოლიო. ვეუბნები, რაც არ უნდა იყოს, ქართველი ვარ და ჩემი ცოლი ყველას მირჩევნია. ქართველებში ასე არ მოსულა-მეთქი (იცინის). ისე ორიგინალურად მიხსნიან სიყვარულს, მეცინება.
– გავიგე, რომ ამერიკიდან სერიოზული შემოთავაზება გაქვს ერთ-ერთი ცნობილი რეპერისგან, რომელთან ერთადაც ქართული ხალხური სიმღერა უნდა ჩაწერო დუეტში. ეს როგორ მოხერხდება და რეალურია ეს პროექტი?
– შემოთავაზება ნამდვილად მაქვს, მაგრამ როგორ მოხერხდება არ ვიცი, ჯერ იდეის დონეზეა. წარმოიდგინეთ, ამერიკელი რეპერი თავის „სტიქიაში” რეპავს და მე, უცებ, ქართულ ხალხურ მელიზმას შევუშვებ. თუმცა, მე სტივ უანდერთან მინდა დუეტის ჩაწერა. რა ჯობია, ჩვენს მოსმენას, სტივი რომ დაიწყებს და მე „ჩაკრულოს” შევუშვებ, მაგარია (იცინის)! წარმოვიდგენ ხოლმე, მერე როგორ ჩავდივარ „გრემით” ხელში თელავში და მეცინება (იცინის). ისე, არ მეგონა, თუ ხალხური სიმღერა ასეთი პოპულარული იქნებოდა უცხო ქვეყნებში. სადაც არ მივდივარ, ყველგან მთხოვენ მის შესრულებას. ამერიკიდან მწერენ რუსი ემიგრანტები – ჩამოდი და კონცერტი მიეციო. მელიზმებზე გიჟდებიან.