ვიქტორ იანუკოვიჩი: ნასამართლეობა და სკანდალი ბიონსე ნოულზთან
ამჟამად მსოფლიოს ყურადღება უკრაინის დედაქალაქისკენ, კიევისკენ არის მიმართული, სადაც ოპოზიციური ძალების მიტინგი არ წყდება და ახალ ძალებს იკრებს. უკრაინელები თავისი ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში და მათი ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომაა. უკრაინის პრეზიდენტი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ტირაჟირებულ მსოფლიო ლიდერად იქცა და მის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.
* 1967 წლის 15 დეკემბერს, 17 წლის ვიქტორ იანუკოვიჩს, როგორც კრიმინალური ბანდის – „პივნოვკას” წევრს, ყაჩაღობის ფაქტზე, სასამართლომ 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. იანუკოვიჩი არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს, მაგრამ, ოქტომბრის დიდი რევოლუციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, მას ამნისტია შეეხო და წლინახევრით შეუმცირდა ციხეში ყოფნის პერიოდი. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ის სამაგალითო ქცევისთვის გაათავისუფლეს, მაგრამ, 1970 წელს იანუკოვიჩი ხელმეორედ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და ამჯერად მას გაცილებით მძიმე ბრალდებას უყენებდნენ – ვიქტორს სხეულის განზრახ დაზიანება ედებოდა ბრალად, მაგრამ, სინამდვილეში, მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. თვითონ იანუკოვიჩი სასამართლოზე ამბობდა, რომ ქუჩური გარჩევების დროს, ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა ქალბატონის დაცვას და ქალს სხეულის დაზიანებაც აქედან ჰქონდა მიღებული. საბოლოოდ, სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა იანუკოვიჩს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანუკოვიჩი პატიმრობის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა და, მისი წყალობით ციხის უფროსობა მუდმივად საქმის კურსში იმყოფებოდა თუ რა სიტუაცია იყო ციხის შიგნით. 1973 წელს იანუკოვიჩს ორივე ნასამართლეობა მოუხსნეს, ხოლო 1978 წელს, დონეცკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გაამართლეს ყველა სტატიის თანახმად. დღეს, ყველა დოკუმენტი, რომელიც იანუკოვიჩის პატიმრობას ეხება, განადგურებულია, ხოლო მოსამართლეები, პროკურატურის თანამშრომლები და მოწმეები ცოცხლები აღარ არიან. იანუკოვიჩის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და პარტია „რეგიონების” ლიდერს არ სურს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, სასამართლომ ის საბოლოოდ გაამართლა.
* რამდენიმე წლის წინ ამერიკელი არენბი ვარსკვლავი ბიონსე ნოულზი და ვიქტორ იანუკოვიჩი ერთმანეთს სასტუმროს ნომრის გამო დაუპირისპირდნენ. დონეცკში დაგეგმილი კონცერტის ჩასატარებლად ვარსკვლავი უკრაინას ესტუმრა და მისმა საქმის მწარმოებლებმა ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი მოითხოვეს ბიონსესთვის. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ პერიოდში დონეცკში იმყოფებოდა ვიქტორ იანუკოვიჩი და მანაც იმავე ნომერში მოისურვა გაჩერება. სასტუმრო „დონბას პალასის” საპრეზიდენტო ნომერი ერთ ღამეში 2 128 დოლარი ღირდა და სწორედ იქ აპირებდნენ ორგანიზატორები ბიონსეს დაბინავებას, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, ვიქტორ იანუკოვიჩმა დაასწრო უცხოელ ვარსკვალვს და თვითონ შესახლდა ამ ნომერში. ამ ფაქტის გამო ბიონსეს წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, თვითონ მომღერალი კი დაიმუქრა, რომ კონცერტს ჩაშლიდა, თუ მას არ დააბინავებდნენ ყველაზე ძვირად ღირებულ ნომერში. საბოლოოდ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მომღერალი სამეფო ჰაი-კლასის აპარტამენტში დააბინავა, რომლის ფასი 2 600 დოლარი იყო ერთ ღამეში. ეს ნომერი, სასტუმროს წარმომადგნელების განცხადებით, გაცილებით მაღალი დონის სტუმრებისთვის არის გათვლილი, ვიდრე ბიონსე ნოულზი ან ვიქტორ იანუკოვიჩი არიან და მომღერლის კაპრიზების დასაცხრობად ისინი დათმობაზე წავიდნენ.
* ვიქტორ იანუკოვიჩი ცნობილია თავისი შეცდომებით, რომლებსაც ის მიტინგზე ან ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის დროს უშვებს. მაგალითად, ერთ-ერთ მიტინგზე მას ერთმანეთში აერია ოდესელი მწერლის, ისააკ ბაბელისა და გერმანელი სოციალ-დემოკრატის, ავგუსტ ბებელის გვარები; ასევე, ოდესაში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე მან ცნობილ პოეტ ქალს, ანა ახმატოვას, შეცდომით ანა ახმეტოვა უწოდა. სტადიონ „დონბას არენას” გახსნაზე კი მას უკრაინელი პოეტი პაველ ბესპოშჩადნის გვარი დაავიწყდა და ის პაველ ბესსმერტნიდ მოიხსენია. ყველაზე ცნობილი შეცდომა კი იანუკოვიჩს კიევში გამართულ მიტინგზე მოუვიდა, როდესაც დაავიწყდა დოსტოევსკის ცნობილი ციტატა – „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს” და მთელი ათი წუთის განავლობაში ცდილობდა, გაეხსენებინა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ფრაზა და როგორი იყო სიტყვების თანმიმდევრობა.
* სომხეთის მთავრობამ მადლობა გადაუხადა ვიქტორ იანუკოვიჩს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მონაწილეობას იღებდა 1988 წელს სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებული კატასტროფის ლიკვიდაციასა და ქალაქის აღდგენაში (იმ დროს იანუკოვიჩი „დონბასტრანსრემონტს” ხელმძღვანელობდა). ამის გამო, განახლებულ სპიტაკში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ იანუკოვიჩის სახელი ეწოდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, სომხური მხარე სპიტაკის ერთ-ერთი მოედნისთვის გეგმავდა სახელის შეცვლას და მისი სახელის დარქმევას, მაგრამ, საბოლოოდ, იანუკოვიჩისთვის მხოლოდ ქუჩა „გაიმეტა”.