მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული
ნაკურთხი წყლის მნიშვნელობისთვის
ნათლისღების დღესასწაულზე, ასევე, წინა დღეს (18 იანვარს) ხდება წყლის კურთხევა, ანუ, დიდი აიაზმა. ამ დღეს ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს, რომლებიც მას მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალივით არ ფუჭდება.
ნათლისღების დღეს უხილავად იკურთხება დედამიწის ყველა მდინარე, წყალსატევი, ტბა. ნაკურთხ წყალს, როგორც წესი, იღებენ დილით, უზმოზე, ლოცვების წაკითხვის შემდეგ. მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ: შევინახოთ სუფთა ჭურჭელში; შესაძლებელია, ეს ჭურჭელი ძვირფასიც იყოს. ნაკურთხი წყალი განსაკუთრებით აძლიერებს ხორციელი და სულიერი ავადმყოფობებით დასუსტებულ ადამიანს.
მართალია, წმინდა წყალი დილაობით, ლოცვის შემდეგ, უზმოზე უნდა მივიღოთ, მაგრამ, სნეულებებისა და ბოროტი ძალების თავდასხმის ჟამს, მისი მიღება ყოველთვის შეგვიძლია.
საინტერესოა ერთი შემთხვევა წმიდა მაკარი მეგვიპტელის ცხოვრებიდან: მაკარის მიუყვანეს მოჯადოებული ქალი. წმიდა მამამ ილოცა მისთვის, შემდეგ ნაკურთხი წყალი დაასხა და განკურნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ხშირად ურჩევს მრევლს, რომ ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად ასხურონ საცხოვრებელ ბინაში – ეს ადამიანებს ბოროტი ძალებისგან იცავს.
იყო ასეთი შემთხვევა მამა კუკშა ოდესელის ცხოვრებაში. წმიდა ბერის ლოცვამ ეჭვიან მორჩილს თვალხილულად დაანახვა, როგორ გარბოდნენ სენაკებიდან ავი სულები, როდესაც მამა კუკშა ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ბერის კურთხევით ეს ყოველდღე ხდებოდა.
მეოცე საუკუნის მოღვაწე ბერი, მამა კუკშა, ყველას ურჩევდა, ნაკურთი წყალი ეპკურებინათ ახალი ნივთებისა და პროდუქტებისათვის, ასევე ესხურებინათ ნაკურთხი წყალი თავიანთ სენაკსა ან ოთახში.
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი მორწმუნეებს ურჩევდა, მაშინაც მიეღოთ ნაკურთხი წყალი, როდესაც ადამიანს ვნებები ძლიერ ეძალებოდა.
მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი მრევლს ასეთ რჩევას აძლევდა: ავადმყოფობის დროს ერთი სადილის კოვზი ნაკურთხი წყალი მიეღოთ საათში ერთხელ. მისი თქმით, უფრო ძლიერი წამალი, ვიდრე ნაკურთხი წყალი და ნაკურთხი ზეთია, არ არსებობს.
რაღა თქმა უნდა, ნაკურთხი წყალი უსარგებლოა მათთვის, ვისაც არ გააჩნია ღვთის რწმენა და შიში, არ აქვს სიწმიდეებისადმი მოწიწება. უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ მოქმედებს ავტომატურად, ნაკურთხი წყალი მხოლოდ მაშინაა ქმედითი, როცა მისი მიღება რწმენით ხდება.
მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული
ოთხტომეულში, რომელიც ღირსი მამის, პაისი ათონელის ცხოვრებას ეძღვნება, აღწერილია ერთი ღვთისმოსავი მტვირთავის ისტორია, რომელიც უფალმა სასწაულის აღსრულების ღირსი გახადა. ეს კაცი ბავშვობაშივე დაობლებულა და, უმამოდ გაზრდილს, დაქორწინების შემდეგ, შვილობრივი სიყვარული მთლიანად თავის სიმამრზე გადაუტანია, იქამდე, რომ, სამსახურიდან ჯერ მეუღლის მშობლების ოჯახს შეუვლიდა ხოლმე და მერეღა მიდიოდა შინ; ოღონდ, ერთი გარემოება აწუხებდა თურმე ამ ადამიანთან დაკავშირებით – ბილწსიტყვაობის მოყვარული ყოფილა მისი სიმამრი. მრავალგზის უთხოვია მისთვის, თავი დაენებებინა ამგვარი უხიაგი ჩვევისათვის, მაგრამ, ვერას აგონებდა.
ერთხელ სიმამრი მძიმედ შეიქნა ავად, საავადმყოფოში წაიყვანეს და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ჟამს სიძე სახლში არ იმყოფებოდა – პორტში გემებს ტვირთავდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, მივიდა საავადმყოფოში და ცხედართან გულმხურვალედ ლოცვა აღავლინა: „ღმერთო მაღალო, გევედრები, აღადგინე იგი, რათა შეინანოს და მერე წაიყვანე“. მიცვალებულმა უეცრად თვალები გაახილა და ხელი გაიქნია. მორგის თანამშრომლები თავზარდაცემულნი მიმოიფანტნენ. მტვირთავმა სიმამრი სახლში წამოიყვანა. მალე ის სავსებით გამოკეთდა, თავისი ჩვევა მოინანია, დაივიწყა და ასე პირნათლად იცხოვრა უფლის წინაშე კიდევ ხუთი წელი.
ამ სასწაულის აღწერისას მამა პაისი დასძენს: მტვირთავს იმდენი სიმდაბლე გააჩნდა, რომ განსაკუთრებულად არც კი დაფიქრებულა, უფალმა სასწაულმოქმედების ჩადენის ღირსი რომ გახადა და გარდაცვლილი ადამიანი მკვდრეთით აღადგენინაო!