რატომ ეშინია ზოგიერთ ქალს, როცა შემთხვევით ქმარზე სიმართლეს იგებს
ყველა ადამიანს აქვს თავისი პატარა საიდუმლო. როგორც ამერიკელები ამბობენ, თითოეული ჩვენგანის კარადაში თითო „ჩონჩხი“ დევსო… ეს ძალიან უხეში ნათქვამია, მაგრამ, საუბარია იმაზე, რომ, არსებობს რაღაც ძალიან პირადი და ხელშეუხებელი, რომელიც ყველასგან დაფარული უნდა იყოს. ადამიანებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, ხშირად ეშლებათ და, ოჯახის გარეთ გადახდენილ ამურულ თავგადასავლებს პირადი, ხელშეუხებელი სივრცის სახელს არქმევენ და, მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მას ამის უფლება აქვს. არ არსებობს საიდულო, რომელსაც ადრე თუ გვიან ნათელი არ მოეფინება. სამწუხაროდ, მამაკაცებს აქვთ პრეტენზია – როგორ გაბედა ქალმა და შეეხო მის საიდუმლოს, იმას, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ქალი კი არჩევნის წინაშე დგება: დამძიმებული გულით განაგრძოს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მოღალატესთან თუ სამუდამოდ დაივიწყოს ის, რაც მოულოდნელად გახდა მისთვის ცნობილი.
ლილი (38 წლის): ჩემი ქმარი ძალიან დიდხანს მატყუებდა, ისე დიდხანს, რომ ვინანე კიდეც, საერთოდ რატომ ვიცხოვრე მასთან ერთად-მეთქი. სხვათა შორის, ბევრი ახლობელი მეუბნებოდა, ძალიან გვიკვირს, თქვენ რომ ასეთი განსხვავებულები, ამდენი წელი ერთად ხართ; წარმოუდგენელია, ოჯახი როგორ შექმენი მასთანო. მე ასეთ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან, მიყვარდა ქმარი და, დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ასეთივე გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ. არსებობს ქალების კატეგორია, რომლისთვისაც სულერთია, უყვარს თუ არა ის კაცს – ოღონდ ქმარი ჰყავდეთ და, ამას უმნიშვნელო რამედ მიიჩნევენ. თქვენც ხომ შეგხვედრიათ ცოლები, რომლებიც ეგუებიან ღალატს ქმრის მხრიდან? ყურადღებასაც კი არ აქცევენ ამას, მთავარია, ქმარმა ფული მოიტანოს სახლში, კომფორტში აცხოვროს და ხელი არ შეუშალოს პირადი სურვილების დაკმაყოფილებაში. პირადად მე, ასეთს ბევრს ვიცნობ. მათ, პირიქით, უკვირთ შენი, როცა ამბობ, რომ ქმარი გიყვარს და, გინდა, რომ შენი ერთგული იყოს. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. სიყვარული მაკავშირებდა ქმართან, თორემ, როგორც ადამიანებს, ერთმანეთთან საერთო არაფერი გვაქვს.
– რას გულისხმობთ?
– საერთო ინტერესებს, აღზრდას, ქცევებსა და მანერებს, ცხოვრებაზე შეხედულებებს… თანაც, სანამ გავყვებოდი, ცუდი სახელიც ჰქონდა. სანამ ჩვენი რომანი განვითარდებოდა, მანამდე ორი წლის განმავლობაში ვიცნობდი და მასზე გოგოები ამბობდნენ, საზიზღარი მექალთანეა, ყველა ქალს კაბის ქვეშ უძვრებაო. მაშინ ჩემი მომავალი ქმარი არ მაინტერესებდა და, საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცედი, რას ლაპარაკობდნენ ამ კაცზე. ჩემ მიმართ ყურადღება რომ გამოიჩინა, ჯერ მეღიმებოდა, მერე კი, უცებ, შემიყვარდა…
– უცებ შეგიყვარდათ?
– წარმოიდგინეთ, რომ, აი, ასე უცებ შემიყვარდა. მართლა ვერ შევამჩნიე, როგორ და როდის მოვიდა გრძნობა. თუმცა, გონება არ დამბინდვია და ვეუბნებოდი, შენ მიმართ ნდობა არ მაქვს. ბევრი გოგოსთვის გითქვამს, მიყვარხარო და, არ მინდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყო-მეთქი. რას ამბობ, შენ ყველა დამავიწყე. ის ხარ, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი. იმიტომ მყავდა ბევრი ქალი, რომ შენ მეპოვე. ახლა აღარავინ მჭირდება, ჩემთვის მთელი სამყარო შენშიაო.
– და, ასე მარტივად დაუჯერეთ?
– არც ისე მარტივად, მთელი ორი წელი ვაკვირდებოდი. აჩრდილივით დამდევდა უკან. თვალს არ მაშორებდა, შემომციცინებდა. ჩემ გარშემო ყველა შეაწუხა იმაზე ლაპარაკით, რომ უზომოდ ვუყვარდი და ჩემ იქით გზა არ ჰქონდა. როგორც გითხარით, მის მიმართ გრძნობა მეც გამიჩნდა და დავნებდი… იცით, რაშია საქმე? მე თვალებში ვუყურებდი, როცა თავის გრძნობებზე მელაპარაკებოდა და, შეუძლებელი იყო, არ დამეჯერებინა მისთვის, ისე მიყურებდა. სუფთა, ანკარა გრძნობა ირეკლებოდა მის მზერაში. ერთადერთი, ჩემი დაქალი იყო ის, ვინც მითხრა: ეგ თავისას არ მოიშლის, გავა ორი-სამი თვე და ძველებურად „შეუბერავსო“. ვერ დავუჯერე. თუმცა, ძალიან არ მომეწონა მისი ნათქვამი. გულში ისარივით შემესო და დიდხანს მაწუხებდა. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, ლამის ერთი წელი ვამოწმებდი. ჩუმად დავყვებოდი უკან: სად წავიდა, ვის შეხვდა, რა გააკეთა… მაგრამ, ნელ-ნელა ყველა ეჭვი მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე.
– ასე ვთქვათ, მოდუნდით.
– დიახ. ეჭვში ცხოვრება, ნდობის გარეშე, საშინელებაა. როცა გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა ჩემი ქმრის წარსულზე, მის ძველ რომანებზე, აღარც მოღალატე ქმრების ამბების მოსმენა მინდოდა. რატომ უნდა დამღლოდა გონება და ისევ გავტანჯულიყავი უსარგებლო ეჭვებით?! თავი დავირწმუნე იმაში, რომ ჩემი ქმრის აწმყო და მომავალი მხოლოდ მე ვიყავი. ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო, ვაღიარებ. ცოლებს არ გვაქვს მოდუნების უფლება. ქმრებს ერთი საიდუმლოც კი არ უნდა დავუტოვოთ, სხვანაირად ბედნიერებას ვერ შევინარჩუნებთ.
– ანუ, ქმრებს არ უნდა ვენდოთ?
– არც ერთ ნაბიჯზე. ჭკვიანი ქალი ასე იქცევა, მაგრამ, არ იმჩნევს, რომ ქმარს არ ენდობა. კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი „ცელქობა“ დაუსჯელი არ დარჩება. ნორმალურ ოჯახში საიდუმლოებები არ უნდა არსებობდეს.
– მამაკაცებს არ უყვართ შეზღუდვები. ისინი გაურბიან კონტროლს და ძალიან ბრაზდებიან, როცა ცოლი რაღაცის გარკვევას ცდილობს.
– ასე იქცევა ის, ვისაც რაღაც „ცოდვა“ უკვე ადევს კისერზე. როცა მე სინდისი სუფთა მაქვს, მაკონტროლონ, რა პრობლემაა? არ ვარ მართალი?
– მამაკაცები ასე არ სჯიან.
– ვიცი. იმიტომ, რომ უმრავლესობას აქეთ-იქით გაურბის თვალები. ყველას რაღაც აქვს ჩადენილი. ჩუმი და წყნარი კაცი უფრო საშიშია. საერთოდაც, კაცისთვის ერთგულება უცხო ხილია. მოკლედ, პირველი წელი, ცოტა მეტიც, ფხიზლად ვიყავი. მივლინებაშიც კი გავყევი ერთი-ორჯერ. მერე მარტო წავიდა და მე ის სამი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი. რომ ჩამოვიდა, ლამის გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერაფერი შევატყვე. მობილურიც გადავუჩხრიკე – სუფთა იყო. ჰოდა, დავმშვიდდი. შვილი რომ გაგვიჩნდა, ერთად ვზრდიდით. ფანტასტიკური მამა იყო. ღამით მე არ მაღვიძებდა, თვითონ უვლიდა ბავშვს. ბედნიერები ვიყავით. ქმარი ხელისგულზე გვატარებდა მეც და ბავშვსაც. მერე მეორეც დაიბადა… სამსახურიდან პირდაპირ სახლში გამორბოდა. არ მახსოვს, უარი ეთქვას რამის ყიდვაზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ თავის შემოსავალს ჩვენ გვახარჯავდა. მე კი არა, ყველას დაავიწყდა მისი მექალთანეობის ამბავი. თხუთმეტი წელი გავატარეთ ერთად და ერთხელაც არ მოუცია საბაბი ეჭვიანობისთვის. თითქმის დამიმტკიცა, რომ კარგი ქმარი იყო და სწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ…
– იცით, რა მაინტერესებს? ერთნაირად მოსიყვარულე იყო მთელი ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში?
– თქვენ წარმოიდგინეთ, იყო. არ ეზარებოდა და არ ენანებოდა ჩემთვის საალერსო სიტყვები, კომპლიმენტებზე აღარაფერს ვამბობ. უყურადღებოდ არასდროს მტოვებდა. იპოვიდა თუ არა დროს, მაშინვე სადღაც მივყავდი – კინოში, თეატრში, სამოგზაუროდ… ფანტასტიკურ უიქენდებს და სიურპრიზებს მიწყობდა… რა უნდა მეეჭვა?! სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით, სანამ ისევ არ წავიდა მორიგ მივლინებაში. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არც მინერვიულია, არც მიღელვია… დღეში რამდენჯერმე რეკავდა და ჩვენს ამბავს კითხულობდა; მეკითხებოდა, რა ჩამოგიტანო, რით გაგახაროო და, უცებ, მისი ჩამოსვლის წინა საღამოს, სახლის ძირფესვიანი დალაგების დროს შემთხვევით წავაწყდი პატარა ბლოკნოტს. ან, საერთოდ, რა ჯანდაბად უნდოდა, რომ ინახავდა. გადავშალე და თავიდან ვერაფერს მივხვდი – ქალების სახელებით იყო სავსე. დაწვრილებით წავიკითხე წვრილად ნაწერი და ლამის შოკში ჩავვარდი. ყველაფერი ეწერა: თარიღები, ვისთან რამდენი დრო გაატარა, რომელ ქალში რა მოსწონდა, რამდენი ხანი მოანდომა თითოეულის შებმას… თვალებს ვერ უჯერებდი. დონ ჟუანის ჩანაწერები თუ წარმოგიდგენიათ, ეგ იყო. ტელეფონების ნომრები არ ეწერა – ეტყობა, ძველებს აღარ უბრუნდებოდა და სამუდამოდ ამთავრებდა თითოეულ მათგანთან ურთიერთობას. ერთი-ორი შეხვედრა და – მორჩა. მერე აზარტს, ინტერესს კარგავდა.
– ან, გრძელვადიანი ურთიერთობის ეშინოდა.
– ეგეც არის, მაგ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ. ერთბაშად აღმოვაჩინე, რომ მამაკაცის განსაკუთრებულ ტიპაჟთან მქონდა საქმე, შეიძლება, ცოტათი ავადმყოფთანაც კი. იქნებ ფსიქოლოგებმა უკეთ იცოდნენ ამ დაავადების სახელი… მეხი რომ დაეცემა ადამიანს თავზე, ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა. ფეხქვეშ ნიადაგი გამომეცალა და, სასოწარკვეთილს, რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. თან, არ მჯეროდა, რომ ჩემს მოსიყვარულე, მზრუნველ ქმარს მეორე ცხოვრებაც ჰქონდა, თანაც, ასეთი შოკისმომგვრელი და ყოვლად წარმოუდგენელი. ვერც ის გადავწყვიტე, როგორ მოვქცეულიყავი: მეჩვენებინა ჩანაწერები, ამეტეხა ერთი ამბავი თუ, საერთოდ არ ამომეღო ხმა. ბოლოს ავიღე ბლოკნოტი და დავწვი… ქმრისთვის არაფერი მითქვამს, არც ერთი სიტყვა. პირიქით, ძალიან თბილად და ალერსიანად შევხვდი… მგელია ცხვრის ტყავში-მეთქი, ვფიქროდი და გადავწყვიტე, მეც ასეთი გავმხდარიყავი. სამი თვე გავიდა ამ ამბის შემდეგ. სიმშვიდეა. ჩანაწერები თითქოს არც არსებულა. არ ვიცი, არ ნახა თუ ნახა და არ იმჩნევს, რომ გამქრალია… მოკლედ, ვარ ასეთ გაურკვევლობაში და, არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვერაფრით ვივიწყებ წაკითხულს. ფრაზები, სიტყვები ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში და ძლივს ვიკავებ თავს, რომ ქმარს საშინელი სკანდალი არ ავუტეხო, რისი ღირსიც ნამდვილად არის.