ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა, მეზობლად ჩაითვალოს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის ნაკვეთიც თუმცა უშუალოდ არ ესაზღვრება ჩემს ნაკვეთს, მაგრამ, მდებარეობს შორიახლოს. ზოგადად, სამართლებრივად რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მეზობელი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
კითხვა: ჩემს მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე ხორციელდება ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რაც აშკარად უცვლის ჩემს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ფასსაც და დანიშნულებასაც, რადგან, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჩემს ნაკვეთს ვეღარ გამოვიყენებ იმ დანიშნულებით, რისთვისაც შევიძინე და შეძენის მომენტისთვის შემეძლო, გამომეყენებინა. გთხოვთ, მაცნობოთ, შემიძლია თუ არა, მოვითხოვო მეზობელ ნაკვეთში მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ უშუალო მეზობლებს ან მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი ვალდებულნი, არიან პატივი სცენ ერთმანეთს. გარდა ამისა, მეზობლებს აქვთ ერთმანეთის მიმართ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებაც. კერძოდ, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ეს ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფს მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ, ის გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. ამასთან, თუ მესაკუთრე მოვალეა, ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია, ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, მაქვს თუ არა უფლება, მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოვთხოვო მისი მიწის ნაკვეთზე გზის გატარება, თუკი ჩემს ნაკვეთს ბუნებრივად არ აქვს არავითარი კომუნიკაციის სხვა საშუალება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრონის, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ, მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, მაგრამ, იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთებზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება, ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.