რა წარმატებას მიაღწია მასტერის მობილურით გადაღებულმა კლიპმა და რა დაუმტკიცა მან ხალხს ამ რევოლუციური პროექტით
მართალია, ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს და არაფერი კეთდება. მაგრამ, ამ აზრს ყველა არ იზიარებს და საპირისპიროს დასამტკიცებლად, აქტიურად მუშაობს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი რესპონდენტიც, რომელმაც სახელი ძალიან სწრაფად გაითქვა და ბევრი თაყვანისმცემელიც შეიძინა. რეპერი „მასტერი” ყოველთვის მზად არის სტუდიაში სამუშაოდ და ახალი სიმღერის ჩასაწერად. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ მან გასულ წელს 14 სიმღერა ჩაწერა და 6 კლიპი გადაიღო.
– ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ადამიანი, ენერგია ხარ. დღის უმეტეს ნაწილს სტუდიაში ატარებ და მუშაობ, ქმნი სხვადასხვა სიმღერას. შენი შემხედვარე, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ შოუ-ბიზნესში არაფერი კეთდება, შენ სულ მუშაობ.
– შოუ-ბიზნესს მე ვაკეთებ, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. პრინციპში, შრომა რაღაცნაირად მაინც დამიფასდა და 2013 წლის საუკეთესო რეპერის ჯილდო გადმომცა „მეგამ.” ასევე, მეორე ნომინაციაშიც გავიმარჯვე – „წლის ყველაზე პროდუქტიული შემსრულებელი.” ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გასულ წელს 6 კლიპი გადავიღე და 14 სიმღერა ჩავწერე. ამ ყველაფრის სტიმული ჩემი მსმენელია. თითქოს პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ტემპი არ დავაგდო.
– სიმღერების ავტორი თავადვე ხარ. ყველა სიმღერას თავისი ადრესატი ჰყავს, თუ ტექსტის დასაწერად მუზა არ გჭირდება?
– როცა მუსიკას ვისმენ, შეიძლება, მან გამახსენოს რომელიმე ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან და იმ ისტორიიდან გამომდინარე დავწერო ტექსტი. თუმცა, მხატვრულად ისეთ სახეს ვაძლევ, შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ახლა ხდება ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ, „ცა მოწმენდილზე” არ ვწერ. ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გოგონას უთქვამს, ჩემზე რატომ არ წერო? მე ამ დროს ვპასუხობ: ჩვენ არაფერი გვქონია და რაზე დავწერო-მეთქი. რაღაც ისტორია მაინც უნდა მაკავშირებდეს მასთან, რომ დავწერო, შეიძლება სერიოზული ან – პირიქით, ძალიან არასერიოზული.
– თუ ხვდებიან, რომ სიმღერა მათზეა დაწერილი?
– რა თქმა უნდა, ხვდებიან. ისეთ რეალურ ამბებზეა დაწერილი, რომ სხვაგვარად არც შეიძლება.
– გამოდის, რომ თუ მანდილოსანს სურს, მას სიმღერა მიუძღვნა, ჯერ შენი გული უნდა მოიგოს? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჯერ ლოგინში უნდა შემოიტყუო და მერე – სიმღერა.
– ხშირ შემთხვევაში ასეც არის, თუმცა შეიძლება, ვერც შემოვიტყუო და მერე ამაზე დავწერო.
– ამ ეტაპზე რაზე მუშაობ?
– მე და თიკა ჯამბურიამ ჩავწერეთ დუეტი, მალე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ. ასევე, მარიკო ლეჟავასთან ერთად ვმუშაობ დუეტზე. ნინი წიკლაურთან ორი დუეტი ჩავწერეთ, ერთ-ერთზე ვიდეოს გადავიღებთ. ძალიან მინდა, გადავიღო კლიპი ყველასთვის საყვარელ მელოდიაზე „როცა აყვავდა ნუში.” ბატონმა გია ყანჩელმა მომცა უფლება ამ მუსიკაზე, სიმღერის ჩემი ვერსია გამეკეთებინა. ალბათ მე და „აბი” ძალიან მალე გადავიღებთ კიდეც კლიპს ამ სიმღერაზე. გამოდის, რომ პარალელურ რეჟიმში, 3 კლიპზე მომიწევს მუშაობა. ადრე სოლო სიმღერებს ვწერდი, მაგრამ ბოლო დროს დუეტები დამიგროვდა.
– სიმღერებსა და კლიპებს, რომლებსაც ინტერნეტში ანთავსებ, საოცრად ბევრი გამოხმაურება აქვს.
– მაგალითად, „თბილისი სითი-2” „აიფონ-5-ით” გადავიღეთ და ვიტყოდი, რომ რევოლუციური პროექტია, რომელსაც 3 თვეში 91 000 ნახვა აქვს ინტერნეტში. დამეთანხმები, ალბათ, რომ, როცა „აიფონით” გადაღებულ კლიპს 3 თვეში 91 000 ნახვა აქვს, ძალიან მაგარია. ბევრმა არც დაიჯერა, რომ ეს პროფესიონალური კამერით არ იყო გადაღებული.
– ტელეფონით რატომ გადაიღე?
– ამით იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მთავარია, ხედვა და გემოვნება. თან, ეს სიმღერა რომ ჩავწერე, კლიპის გადასაღები ფული მართლა არ მქონდა. რა უნდა მექნა, უნდა დავლოდებოდი ფულს როდის ვიშოვიდი? არ დაველოდე და დავამტკიცე კიდეც, რომ ფულის გარეშეც შეიძლება, რაღაც-რაღაცეების გაკეთება. მთავარია, მონდომება. 3 თვე კლიპი რომ ვერ გადავიღო, უკვე თვითონვე ძალიან განვიცდი და დისკომფორტში ვარ. სიმღერა ჩემთვის კოკაინივითაა. სიგიჟეა, მაგრამ ასეა. ძალიან ამბიციურად გამომივა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, უნდა მომბაძონ. ჩემი ცხოვრების სტილს კი არ მიბაძონ, – შემოქმედებას. მე თუ შარშან 6 კლიპი გადავიღე, გადაეღო სხვას – 2, ან თუნდაც – ერთი. მერე ხომ სხვა სიტუაცია იქნებოდა? მესმის, რომ საერთოდ არაფერი ხდება, მაგრამ ცოტა ჩვენც უნდა მივეხმაროთ შოუ-ბიზნესს ამოქოქვაში.
– როგორ ფიქრობ საქართველოში დღეს რა დონეზეა რეპი?
– რა დონეზეც მე ვარ, ალბათ, იმ დონეზეა ქართული რეპიც. თუმცა, ასეთი მაგარიც ვერ არის. წარმოიდგინე, გუნდში 11 ფეხბურთელი, რომელთაგან 4 თამაშობს ძალიან მაგრად. თუმცა, მთლიანობაში, გუნდი მაინც ვერ არის ძლიერი. მაინცდამაინც ვერ ვიხიბლები იმ სახით, რაც დღეს ქართულ რეპს აქვს. არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, რადგან სხვისი ყურით რომ ვუსმენ, ისე გამოდის, თითქოს ვამბობ, მარტო მე ვარ-მეთქი და სხვებს ვაკრიტიკებ. არა, საბედნიეროდ, არიან ბიჭები, რომლებიც კარგ პროდუქციას ქმნიან. ბევრი ძალიან ზარმაცია, რაც არ მომწონს. მინდა, ყველა იმ ადამიანს ვურჩიო, რომელსაც რეპში მოსვლა უნდა და ფიქრობს, ამდენს ნუ ფიქრობთ, ჯობია, ეს ყველაფერი დღესვე გააკეთოთ, ვიდრე წლების შემდეგ. დრო ძალიან სწრაფად გადის და ის ფიქრში არ უნდა გაატაროთ.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბერას თემა. ბერამ ძალიან კარგი გააკეთა, რეპს რომ ხელი მოჰკიდა. თითქოს ქართული რეპის მიმართ მიდგომა შეიცვალა ხალხში, რომლებიც ადრე ამ მიმდინარეობას საერთოდ არ „ეკარებოდნენ”. მაგალითად, ბევრმა იფიქრა, თუ მილიარდერის ბიჭი რეპერია, ესე იგი, რეპი კარგიაო. ქართულ რეპს ბერა ნამდვილად დაეხმარა.