როგორ უნდა მიაწოდოთ შვილს სქესობრივ ცხოვრებაზე სწორი ინფორმაცია და არის თუ არა შიშის საფუძველი, მისთვის ამ თემებზე სიმართლის დამალვა
რატომღაც, როცა თემა სექსუალურ საკითხებს ეხება, ყველა თავს არიდებს და ჰგონიათ, რომ ეს სირცხვილია. არადა, ნებისმიერ ქვეყანაში მსგავს თემებზე საუბარი, არა მარტო სავალდებულო, არამედ საჭიროა. მით უმეტეს, თუ სექსუალურ თემებთან დაკავშირებით, ინფორმაციასა თუ რჩევა-დარიგებას სპეციალისტი იძლევა. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, როგორ მიუდგეს შვილს, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე სწორი ინფორმაცია ბავშვობიდან მიაწოდოს: არის თუ არა შიშის საფუძველი, მისთვის, ერთი შეხედვით, აკრძალული ნივთების მოხმარება; გადადის თუ არა გენეტიკურად ჰომოსექსუალიზმი, რა როლს თამაშობს კლიმატი ადამიანის პოტენციაზე და ასე შემდეგ. სწორედ ამ თემებზე საუბარი ვთხოვეთ, სექსოლოგიური კლინიკა „ლიგის” დირექტორს, პროფესორს, ბატონ არჩილ ბაქრაძეს, რომელმაც ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.
– ბატონო არჩილ, ამბობენ, ადამიანის სწორ სქესობრივ აღზრდაზე, მშობელმა ბავშვობიდანვე უნდა იზრუნოსო და მაინც, რა არის სწორი სქესობრივი აღზრდის პრინციპი?
– დიახ, შვილის სწორი სქესობრივი აღზრდა, მშობელმა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. გაითვალისწინეთ, რომ აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოსექსუალურ ჩამოყალიბებაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ძალიან დაბალ დონეზეა. სქესობრივი აღზრდის პრინციპია, რომ არ შეიძლება ტყუილის თქმა. უნდა გამონახოთ ისეთი სიტყვები, რომლითაც ბავშვს გასაგებ ენაზე აუხსნით სქესობრივ ცხოვრებაზე იმას, რითაც დაინტერესდება და რაზეც კითხვას დაგისვამთ. მთავარია, ის არ მოვატყუოთ და ამით არ მივცეთ მცდარი ინფორმაცია იმაზე, რასაც შემდგომში მაინც გაიგებს. როცა დედა ორსულადაა, მას ხშირად ეკითხება მცირეწლოვანი შვილი, საიდან მოხვდა მის მუცელში არსება, რომელიც სულ მალე უნდა დაიბადოს. ასეთ დროს დედები ათასგვარ სისულელეს იგონებენ. თუ ბავშვი გეკითხება, როგორ მოხვდა მუცელში ჩემი და ან ძმაო, ესე იგი, იმდენი ესმის, რომ მუცელში უბრალოდ არ ხვდებიან. ისე უნდა უპასუხოთ შვილებს მსგავს კითხვებზე, რომ ლოგიკა არ დაარღვიოთ. თუ ბავშვი გეკითხებათ მსგავს რამეს და სისულელეს ეუბნებით, ის სულ მალე, გაიგებს სიმართლეს, თქვენ კი აღარ დაგიჯერებთ. ამით, შეილახება თქვენი, როგორც მშობლის, ავტორიტეტი. ასე რომ, ტყუილი, არანაირად არ შეიძლება, ასეთ საკითხზე საუბრის დროს. ამ დროს ბავშვიც იბნევა, ვერ ხვდება რაშია საქმე და რაც უფრო ასაკი ემატება, მით მეტად კომპლექსდება.
– ესე იგი, როდესაც ბავშვი ინტერესდება სექსუალური თემებით, მას მშობელმა უნდა მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ არ სურს, მის შვილს შემდგომში კომპლექსები ჩამოუყალიბდეს?
– დიახ, ყოველთვის, როცა ბავშვი იწყებს სექსუალური თემებით დაინტერესებას, თქვენ თავი არ უნდა მოარიდოთ, რადგან ის, ხვალ თავის რომელიმე მეგობარს შეეკითხება და ის მიაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, შემდგომში მისი კომპლექსების მიზეზი გახდეს. ანუ, თქვენ, მშობლები ყველაზე კარგი „განმანათლებელი” ხართ ამ სფეროში.
– თუ მშობელიც დაკომპლექსებულია და უჭირს ამ თემებზე შვილთან, თუნდაც დელიკატურად საუბარი?
– თუ არ იცით, რა უპასუხოთ შვილს სექსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, მაშინ უბრალოდ უთხარით, რომ ახლა არ გცალიათ და მოგვიანებით დაელაპარაკებით. ანუ, ჯობია, ფსიქიკა ტყუილით არ დაუზიანოთ.
– ბევრის აზრია, რომ სქესობრივი აღზრდა სულაც არ არის საჭირო. გაიზრდება და თავად მიხვდება ამას, ჩვენი წინაპრებიც ხომ ასე იყვნენო.
– ეს მიდგომა არასწორია. დააკვირდით ელემენტარულს. მაგალითად, ბიჭუნა ტირის, დედა კი ეუბნება: ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარო. ესეც არასწორი სქესობრივი აღზრდაა. მთავარი ის კი არ არის, მაინცადამაინც გენიტალიებზე ისაუბრო, როცა თემა სექსს ეხება, არამედ, სქესობრივი აღზრდა არის, ბავშვის სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის სტიმულირება. სხვათა შორის, აღზრდაში დაშვებული შეცდომაა სწორედ, სქესობრივი გადახრების მიზეზი. თუმცა, ამაში დიდ როლს მიდრეკილებებიც თამაშობს. ჰომოსექსუალიზმი, მონათმფლობელობის, სოციალიზმის, კაპიტალიზმის დროსაც იყო და მიუხედავად ფორმაციისა, ის არ არის დამოკიდებული სოციუმზე. თუმცა, არსებობს სოციალური ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანში ჩადებულის გამოვლენას. იქ, სადაც ემოციური ელემენტებია და განცდის გამოხატვის საშუალება, უფრო მეტად გამოვლინდება და მძაფრდება ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილება.
– შესაძლებელია, რომ ადამიანში ჰომოსექსუალიზმი გენეტიკურად იყოს ჩადებული, ანუ ის გადადის წინაპრიდან შთამომავალზე?
– დიახ, უმეტეს შემთხვევაში. თუმცა, ბავშვებზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მისი გენეტიკური სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის შეჩვევა და იმავდროულად, სქესობრივი აღზრდაც მოქმედებს. თუ ბავშვში ჩადებულია სექსუალური ქცევის გადახრა, მისი გამოვლინება გვიან ასაკში მოხდება. თუ არ არის მსგავსი რამ ჩადებული, კიდევ უფრო გამყარდება მისი სექსუალური ორიენტაცია. ასე რომ, თუ ადამიანში ჩადებულია ჰომოსექსუალიზმის გენი, ის ადრე თუ გვიან, მაინც გამოვლინდება. არის შემთხვევები, როცა, მსგავსი რამ მამაკაცმა 60 წლის ასაკში აღმოაჩინა. თუ დედა ამჩნევს, რომ ბავშვი ორიენტირებულია მისი სქესისთვის არადამახასიათებელ ნივთებსა და საქმიანობაზე, ასეთ დროს შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრება აუცილებელია. მთავარია, კარგად დააკვირდეთ შვილს და არ ატეხოთ განგაში მის მომავალ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი რამ არ ესმით სქესობრივ აღზრდასა და განათლებაზე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ქცევა აქილიკო ან დასცინო სხვას.
– გამიგია, რომ ცხელ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, პოტენციურად, უფრო ძლიერები არიან. აზრი იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნის კლიმატი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, აყალიბებს მის პოტენციურ შესაძლებლობებს, სიმართლეს შეესაბამება?
– სანამ, ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, გეტყვით, რომ სქესობრივი თანაცხოვრების დროს, პარტნიორ ქალსაც დიდი როლი აკისრია, მაგრამ ლიდერი ყოველთვის მამაკაცია. რაც შეეხება საცხოვრებელ გარემოს და ქვეყნის კლიმატს, ეს ფაქტორები, რასაკვირველია, აისახება და მოქმედებს ადამიანის სექსუალურ პოტენციაზე. ის, რომ ცხელ ქვეყნებში ცეცხლოვანი პოტენციის მქონე მამაკაცები არიან, ამაზე ვერ დაგეთანხმებით. მუდამ სიცხის გამო ისინი, ზედმეტად თხლად ჩაცმული ქალების გარემოცვაში არიან და მათთვის სექსი შოკის მომგვრელი, თავისთავად, ვერ იქნება. სქესობრივი აქტი, მაშინ არის უფრო სასიამოვნო და ვნებიანი, როცა მის მისაღწევად, ანუ პარტნიორის დასათანხმებლად იბრძვი კაცი. თუმცა ის, რომ ქვეყნის კლიმატი, გარემო ადამიანის სექსუალურობაზე გავლენას ახდენს, ეს ფაქტია. საქართველოს კლიმატი კი ამ მხრივ, ნამდვილად დადებითად მოქმედებს და ამაში ეჭვი არავის ეპარება. აბა, გადახედეთ ქართველ მამაკაცებს უცხოეთში როგორი პოპულარულები არიან. ეს კი, ჩვენი ზღვის, ტყისა და მთების დამსახურებაა, ამას კი პლუს ის სექსუალური კულტურა და აღზრდა, რომელიც ადამიანში ბავშვობიდანაა ჩადებული. სხვაგვარად, ვერ იქნება.