არის თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცოცხალი სცენარი საქართველოსთვის და შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის გაყოფას
ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, როდესაც ბოლო წუთს არჩევანი საბაჟო კავშირის სასარგებლოდ გააკეთა, არეულობა არა მხოლოდ კიევში გამოიწვია. ევრომაიდნის ვნებათაღელვა მთელ უკრაინას გადასწვდა და ყირიმის ავტონომიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უკრაინის შემადგენლობიდან გასვლითაც დაიმუქრა, თუკი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამბოხებულების მოთხოვნას დაემორჩილება და რიგგარეშე არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. თანდათან ევროკავშირიც გააქტიურდა, თუმცა რფ-ც მოკრძალებულად მოქმედებს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ სოჭის ოლიმპიადის ეშხით. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ისტორიასა და დეტალებზე, ასევე, პერსპექტივაზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ვისაუბრებთ.
– გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის შექმნის მომენტში რას მოიცავდა ის ტერიტორია, რომელსაც მაშინ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა და რა საზღვრებშიც შემდეგ გაერომ აღიარა უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა?
– ისტორიულად ეს იყო რუსეთის ტერიტორია, მათ შორის, ეკატერინეს მიერ დაპყრობილი ყირიმის სახანო თავის დროზე იყო ლიტვის დიდი სამთავროს ნაწილი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის პერიოდს: მინდა, გითხრათ, რომ 1934 წლამდე უკრაინის დედაქალაქი იყო ხარკოვი. შემდეგ 1956 წელს, პერეიასლავსკაია რადას შეკრების 300 წლისთავთან დაკავშირებით, როდესაც ბოგდან ხმელნიცკიმ რუსეთთან მიერთების გზა აირჩია, ხრუშჩოვმა უკრაინას აჩუქა ყირიმი, რაც დღესაც ვერ მოუნელებია რუსულ შოვინისტ ძალებს. ამას ანეკდოტებიც მიეძღვნა მაშინ. უკრაინელი სტუდენტები ხუმრობდნენ, ცოცხალი არავინ დარჩა, ადამიანი ვერ ცოცხლობს 300 წელს, დოკუმენტიც არ არსებობს, ყვავს ვკითხოთ, რა მოხდაო და ყვავმა უპასუხა; ჭორებია, მსგავსი არაფერი ყოფილა, ბოგდან ხმელნიცკი რუსეთის აგენტი იყოო. იმ დოკუმენტის ლეგიტიმურობას, რომელიც ამ მოვლენას ეხება, თვითონ რუსი ისტორიკოსებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. საბჭოთა კავშირის შექმნის მომენტში უკრაინა გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა, იმიტომ რომ, დღევანდელი დასავლეთ უკრაინა სტალინმა 1929 წელს მიიერთა. 20-იანი წლების დასაწყისში, პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს, პოლონეთმა ზოგი ტერიტორია წაიღო, რომლებიც შემდეგ სტალინმა დაიბრუნა და შექმნა უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკა, ოღონდ ყირიმის გარეშე.
– ყველასთვის ცნობილია კიევის რუსეთის ისტორია, თუმცა მას შემდეგ ის ტერიტორია არა ერთი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო. რატომ აღმოჩნდა რუსი და უკრაინელი ასე დაპირისპირებული ერთმანეთთან?
– საბჭოთა კავშირში ჩვენ და უკრაინელები გამოვირჩეოდით ნაციონალური მენტალობით, ბალტიისპირეთი სულ სხვა მოვლენა იყო და მათზე არაფერს ვამბობ. ამიტომ უკრაინა ბუნებრივად იყო ჩვენი გულშემატკივარი და საბჭოთა დროს უკრაინელები ყოველთვის სიმპათიით იყვნენ ჩვენ მიმართ განწყობილნი. როგორც შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. მაშინ, მოგეხსენებათ, ფეხბურთი იყო პოლიტიკა: 1964 წელს თბილისის „დინამო“ სწორედ უკრაინელების დახმარებით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. კიევის „დინამო“ ეთამაშებოდა მოსკოვის „ტორპედოს“. კიევის „დინამოსთვის“ ეს არ იყო პრინციპული თამაში, მაგრამ მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ ხდებოდა ჩემპიონი და თბილისის „დინამოს“ შანსი აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯი „ტორპედოს“ მხარეს იყო, კიევის „დინამომ“ გააკეთა ყველაფერი, რომ მატჩი ფრედ დაემთავრებინა, მეკარემ ორი პენალტი აიღო. ამის გამო „ტორპედომ“ და თბილისის „დინამომ“ ერთი და იმავე ოდენობის ქულები დააგროვეს. გაიმართა გადათამაშება ტაშკენტში და თბილისის „დინამო“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში. ეს მაშინ ეროვნული ზეიმი იყო, უკრაინელებზე ვლოცულობდით.
ერთ ისტორიას გიამბობთ, რაც ნათლად გამოხატავს უკრაინულ ნაციონალიზს: საბჭოთა კავშირის 50 თუ 60 წლისთავი იყო, მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში ვმსახურობდი. ჩამოვიდა უკრაინის დელეგაცია ცეკას პირველი მდივნის, შელესტის ხელმძღვანელობით. ფუნიკულიორზე გაუმართეს ბანკეტი, „გეპეის“ რექტორი ბუაჩიძე იყო თამადა. ბუაჩიძემ პირველი სადღეგრძელო უფროსი ძმის, რუსი ხალხის წარმოსთქვა. ეს სტანდარტული სადღეგრძელო იყო მაშინ. ადგა შელესტი და ამბობს: მე არ ვიცი, როგორ არის ქართულ ზღაპრებში, მაგრამ უკრაინულ ზღაპრებში უფროსი ძმა ყოველთვის სულელიაო. უკრაინის დელეგაციამ ტაშით დაანგრია ყველაფერი. ჩვენს დელეგაციას ნირი წაუხდა. ბუაჩიძეს დანა პირს არ უხსნიდა. მეორე დღეს მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა. ერთი წლის შემდეგ შელესტს ნაციონალიზმი დასწამეს, პარტიიდან გარიცხეს და მოხსნეს.
– რაღა დასწამეს?!
– ასეთი განწყობა მუდმივად ჰქონდათ უკრაინელებს. თვით კუჩმაც კი, საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირმა, რაკეტსამშენებლო ქარხნის დირექტორმა, „კაგებეს“ კადრი რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ არ დანიშნავდნენ, წიგნი დაწერა: „უკრაინა რუსეთი არ არის“ და შემდეგ რუსეთს გაზს ჰპარავდა. ასე რომ, უკრაინაში ყოველთვის ანტირუსული განწყობა იყო, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ვითომ ჩვენი მეგობრები იყვნენ ბალტიისპირელები და სხვები, მაგრამ მხოლოდ უკრაინელები დაგვიდგნენ გვერდში ომის დროს. „უნაუსოს“ ბიჭები ჩამოვიდნენ და რამდენიმე დაიღუპა კიდეც. მათ სისხლი დაღვარეს და სიცოცხლე შემოგვწირეს, ამიტომ ჩვენ უკრაინასთან ვალში ვართ. მე მესმის, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი თავშეკავებული უნდა იყოს, პრეზიდენტს საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ პარლამენტარების მიკვირს, რომლებიც ფრთხილ პოზაში დგანან და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. იანუკოვიჩიც ამასვე მოუწოდებს მათ. რითაც არ უნდა დამთავრდეს ეს მოვლენები, უკრაინა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც 2 თვის წინათ იყო.
– გაყოფა რეალური სცენარი გგონიათ?
– უკრაინას საქართველოსგან განსხვავებული სიტუაცია აქვს, თუმცა ზუსტად ასე იწყებოდა აფხაზეთი. უკრაინაში ერთი ავტონომიური რესპუბლიკაა.
– რომლის საკანონმდებლო ორგანომ უკვე თქვა, თუ ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ გავალთ უკრაინის შემადგენლობიდანო. როგორც ეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ თქვა ჩვენი რეფერენდუმის საპასუხოდ 90-იან წლებში.
– მე მახსოვს არძინბას დროინდელი უზენაესი საბჭო: თუ საქართველო წავა დამოუკიდებლობისკენ, ნატოსკენ და ევროპისკენ, ჩვენ გამოვალთ საქართველოდანო. უბრალოდ აქ დეტალია გადამწყვეტი: მოსკოვისთვის ძალიან ცუდ დროს დაიწყო ეს მოვლენები.
– სოჭის ოლიმპიადას გულისხმობთ.
– პუტინი, ეჭვი არ მეპარება, ორ აგურს ირტყამს თავში და იმ დღეს სწყევლის, როდესაც ასეულობით მილიონი დოლარი დახარჯა, რომ ოლიმპიადა სოჭში ჩატარებულიყო. ახლა ხელფეხშეკრულია. რა ქნას? ჩაერიოს აშკარად, როგორც საქართველოში ჩაერია? მაშინ ეს დაუჯდება ბოიკოტად. ევროჩინოვნიკებს, მილიარდიან მოგებას რომ ელოდებიან, მოლოდინი ჩაეშლებათ. ასევე, ჩაიშლება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. მართალია, კიევი დღეს გავსებულია რუსეთის აგენტებით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სპეცრაზმელებით და, თუ დადგა „იქსი“ საათი, ისინი ჩაერვიან, მაგრამ ესეც ძვირად დაუჯდება რუსეთს.
– სხვათა შორის, ანდრეი ეფიცანცევმა იწინასწარმეტყველა, რომ პარტია „რეგიონებიდან“ დაიწყებოდა წევრთა გადინება და მართლაც ასე მოხდა.
– დიახ, უკვე დაიწყო ეს პროცესი. თვითონ აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი უკრაინული მოსახლეობა ორჯერ მეტია, ვიდრე რუსული, ეთნიკური რუსები სჭარბობენ ყირიმში, სევასტოპოლში, სიმფეროპოლში…
– ყირიმი არის ის, რაც ჰაერივით სჭირდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტს.
– ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ ყირიმი გამოეყოფა უკრაინას, სევასტოპოლს მაშინვე საჩუქრად გადასცემს რუსეთს. აქ უკვე წამყვან მოთამაშედ გამოდის ევროპა.
– თუმცა პასიურია მაინც.
– თანდათანობით აქტიურდება, ევროჩინოვნიკები შოკში იყვნენ იანუკოვიჩის მოქმედებით, როდესაც მან ხელმოწერამდე ერთი კვირით ადრე თქვა უარი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამით ისარგებლა ალიევმა და, როგორც იტყვიან, „პოდ შუმოკ“ მანაც უარი თქვა და ეს ხახვივით შერჩა.
– ალიევს იანუკოვიჩივით მკვეთრად არ უთქვამს. მან განაცხადა, არც საბაჟო კავშირში მინდა გაწევრიანება და არც ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, მაგრამ ორივესთან ვითანამშრომლებო.
– არ გამოვა, ხელი მოაწერო ევროკავშირთან ასოცირებას და აქვე, გიუმრიში, რუსეთის ბაზა გქონდეს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. დღესაც მიმდინარეობს უკრაინაში ადმინისტრაციული შენობების დაკავება, რაც იმ ძალის დემონსტრირებაა, მომიტინგეების უკან რომ დგას. მაგრამ, მეორე მხრივ, ევროპა ცოტა წარბებს იჭმუხნის, რადგან ეს ევროპელებისთვის მაინცდამაინც მისაღები ფორმა არ არის. იანუკოვიჩი თითქოს დათმობაზე წავიდა და მთავრობის დაკოპლექტება შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებს, მათაც კინაღამ სულმა წასძლიათ, მაგრამ ვერ დათანხმდნენ, იმიტომ რომ, მომიტინგეებში ეს აღშფოთებას გამოიწვევდა და ის სამეული დარჩებოდა არმიის გარეშე. მხარეების შერიგება უკვე შეუძლებელია და პროცესი მიდის გამძაფრებისკენ. ითხოვენ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მაგრამ წარმოუდგენელია, რუსეთმა უბრძოლველად დათმოს.
– ბუნებრივია, თუ უკრაინა არ ეყოლა საბაჟო კავშირში, ყაზახეთით და სომხეთით შორს ვერ წავა.
– თუ უკრაინა ვერ შეათრია საბაჟო კავშირში და შემდეგ – ევრაზიის კავშირში, მოკვდება საბაჟო კავშირისა და ევრაზიის კავშირის იდეა. მით უმეტეს, როგორც ჩანს, ნაზარბაევი მთლად აღფრთოვანებული არც არის ევრაზიის კავშირის კონსტიტუციით. კონსტიტუციის თავისი ვარიანტი შეიმუშავა და აშკარაა, ყაზახეთის სუვერენიტეტის ერთ ციცქნასაც არ დაუთმობს რუსეთს. თუ უკრაინა მაინც შევიდა საბაჟო კავშირში, უკრაინაში სულ სხვა რეალობა დატრიალდება. დასავლეთ უკრაინელები, განსაკუთრებით, ხოხოლები, ძალიან ჯიუტი ხალხია, ისინი ტარას ბულბას შთამომავლები არიან, ნამდვილი და არა დეკორაციული კაზაკების. აი, ახლა იკვრება კვანძი და ოლიმპიადის შემდეგ გამოჩნდება, ეს გორდიას კვანძი ალექსანდრე დიდის ხმლით გაიჭრება თუ ნელ-ნელა გაიხსნება. ამიტომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა იწყება პროცესი და ბევრ რამეზეა მისი განვითარება დამოკიდებული. მათ შორის, იმაზე, ეყოფა თუ არა იანუკოვიჩს ნერვები, რომ არ გადადგეს და იმოქმედოს პრინციპით, რაც გინდა დაემართოს უკრაინას, ოღონდ მე შევინარჩუნო სკამი.
– რაც შევარდნაძემ არ გააკეთა.
– მას ეყო ნერვები და კიდევ სხვა ფაქტორებმაც იმუშავა. მათ შორის, კომუნისტურმა ჩვევამ, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო. მას ტყუილად კი არ შეარქვეს „თეთრი მელა“ , იცოდა, რა ძალა იდგა სააკაშვილის უკან და ამიტომ…
– საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო?
– დიახ, თუმცა მოატყუეს, რაღაცეებს შეჰპირდნენ და არაფერი მისცეს, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ.
– თითქოს საქართველოში მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარს ვუყურებთ უკრაინის სახით. ოლიმპიადის შემდეგ ისინი ეყოლება მისახედი რუსეთს, მაგრამ შემდეგ რის მოსწრებას მოახერხებს ჩვენთან ვითარების ასარევად?
– წინ მთელი ზაფხულია. მაგრამ ჩემთვის საგანგაშოა, ისე არ მოხდეს, საიდანაც არ ველით, იქიდან დაგვიდონ კვანტი.
– რას გულისხმობთ?
– დამაფიქრებელია ფილიპ ლეფორის განცხადება, რომელიც მან ცხინვალში გააკეთა, რომ ოსები უკვე დამოუკიდებლები არიან, შემდეგ იყო აფხაზეთში და მათგან მიიღო მადლობები. დამაფიქრებელია, რადგან ვერავინ დამაჯერებს, რომ ლეფორი უცებ უმართავი გახდა და საკუთარ აზრს, როგორც უნდა, ისე გამოთქვამს. რასაკვირველია, ლეფორის უკან ევროჩინოვნიკთა გავლენიანი ძალები დგას.
– ეჭვობთ, რომ შესაძლოა, ევროპამ აღიაროს ჩვენი სეპარატისტული რეგიონები?
– არა, მაგრამ შესაძლოა, ევროპელებმა რბილად გამოიყენონ ძალა, რომ გვაღიარებინონ.
– ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ?
– დიახ. ევროპელებისთვის მთავარია, იყოს ერთი კონფლიქტით ნაკლები, ამიტომ თუ საქართველოში მოვა რომელიმე მთავრობა, რომელსაც ღმერთი გაუწყრება და აღიარებს, პირველი ტაშის დამკვრელი იქნება ბრიუსელი და ვაშინგტონი და საჩუქრებსაც მიიღებს საქართველო, ოღონდ კონფლიქტი აღარ იყოს. იმასაც არ იდარდებენ, რომ იმ შემთხვევაში, რუსეთის ბაზები აქ სამუდამოდ დარჩება. მე ისიც მადარდებს, რომ ქართული დიპლომატია სათანადო დონეზე არ იჩენს პრინციპულობას. არა ლეფორის, არამედ ლეფორის უფროსებთან უნდა დააყენოს დიპლომატიური არხებით საკითხი ქართულმა დიპლომატიამ და უნდა მოხდეს არა მხოლოდ ლეფორის ამ განცხადების, არამედ, საერთოდ, ლეფორის მოღვაწეობის დეზავუირება. ვინაიდან ლეფორი მიდის, მის ადგილას მოვა ახალი და იმ ახლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, რათა სიზმარშიც ვერ წარმოიდგინოს, რომ შესაძლებელია, ოსებს უთხრას, დამოუკიდებლები ხართო და მადლობას უხდიდნენ სოხუმსა და ცხინვალში. სოხუმში და ცხინვალში მადლობა უნდა გადაუხადონ რუსებს, ჩვენს მტრებს, მაგრამ არა ჩვენს მეგობრებს. როდესაც ჩვენს მეგობარს უხდიან მადლობას, ეს დამაფიქრებელია ჩვენთვის.