სერიული მანიაკები
გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩაჩუამ სწრაფად გადახედა სიას და მირიანს მიუბრუნდა:
– რა საქმეზეა მხილებული ეს ხალხი?
– თბილისის ზღვაზე მომხდარ გაუპატიურებაში, – უპასუხა მან.
– ვიცოდი, რომ ეს ძირმაგარა ადრე თუ გვიან ძალიან მწარედ გასკდებოდა, მაგრამ ასეთს მათგანაც არ ველოდი! – ბრაზით ჩაილაპარაკა მერაბმა.
– რა მონაცემები გაქვს მათ შესახებ? – ჰკითხა მირიანმა.
– ცნობილი ხალხია. დიდი ხანია, რაც მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს, მაგრამ აქამდე განსაკუთრებული არაფერი დაუშავებიათ.
– „შავები” არიან? – დაინტერესდა გიორგი.
– არა... – გახედა მერაბმა, – „შავები” სხვა ხალხია. ჩვეულებრივი ახვრები არიან. მხოლოდ სხვა ახვრებისგან განსხვავებით, ბევრად თავხედები და თავზეხელაღებულები. მაგალითად, გივი ბადრიძე... მეწვრილმანე ქურდი იყო. მეზობლები შეწუხებული ჰყავდა. სარდაფებს, გარაჟებსა და საერთო აივნებს ქურდავდა. იპარავდა ყველაფერს, რის დაძვრასაც შეძლებდა. სამშენებლო მასალას, ჭურჭელს, სამუშაო ხელსაწყოებს, მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერს, რასაც შეიძლება ადამიანი სარდაფში ან გარაჟში ინახავდეს. ხშირ შემთხვევაში მეზობლები პოლიციაში არც აცხადებდნენ ქურდობის შესახებ. ბევრი უფრო მარტივი გზით მიდიოდა და თავად უსწორებდა ანგარიშს ქურდბაცაცას. ერთმა ისე სცემა, რომ კინაღამ თავად აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე.
– თუ ასე იყო საქმე, რატომ არ აპატიმრებდნენ? – გაუკვირდა ანას.
– კავშირები.... – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მერაბმა, – ბადრიძეს ერთი-ორი მფარველი ჰყავდა. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ იმდენს მაინც ჰყოფნოდა, რომ მეზობლის სარდაფის გაქურდვა შერჩენოდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებილი ჩივილს არც აპირებდა. თუმცა, მფარველებმა ბოლომდე მაინც ვერ „გაქაჩეს”. საბოლოოდ, ბადრიძე მაინც აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე. თავისებურად კურიოზული შემთხვევა იყო. მის უბანში ახალი მეზობელი გადმოსახლდა. ავეჯის გადმოტანისას უბნელებიც ეხმარებოდნენ. საერთო არეულობაში ვერავინ მიადევნა თვალი. ბადრიძემ დრო შეარჩია და ავეჯით დატვირთული მანქანიდან კომპიუტერი მოიპარა. ამჯერად აღარ გაუმართლა. საქმე ცემით ან ნივთის დაბრუნებით აღარ დამთავრდა. კომპიუტერის პატრონიც პრინციპული ადამიანი გამოდგა და კავშირებიც უფრო მნიშვნელოვანი აღმოაჩნდა. ასე რომ, ბადრიძეს სამი წლით მოუწია შვებულებაში გასვლა. საპატიმროდან ოთხი თვის წინ გათავისუფლდა, მაგრამ პატიმრობამ განსაკუთრებული ზემოქმედება არ იქონია მასზე. ძველ ცხოვრებას აგრძელებს. თავისნაირი ახვრები შემოიკრიბა გარშემო და მათთან ერთად დაძრწის უბანში. დღედაღამ მთვრალია. ყველა მაღაზიაში ვალი აქვს. რამდენჯერმე მევალეებმა სცემეს, მაგრამ როგორც ნათქვამი: „კუზიანს მხოლოდ სამარე გამოასწორებს”!..
– მეორე? – იკითხა მირიანმა.
– ოგანესიანი?
– ჰო... ოგანესიანი. რა ტიპია?
– იგივე ჯურის ახვარია. ისიც ნასამართლევია. ხუთი წელი იჯდა ბინის ქურდობისთვის.
– მესამის ვინაობა ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ. მხოლოდ სახელი ვიცით... ილო. ირემაძის ჩვენებით, ვერცხლისფერი „ოპელი” ჰყავს. ნომერი არ ვიცით, – განაგრძო მირიანმა.
– ვიცი ვინც არის. ილია ლომიძე. ეგ მათ შორის ყველაზე გამორჩეული ახვარია! – უპასუხა მერაბმა, – მდიდარი დოსიე აქვს. მისი მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ არასრულწლოვნებისას დაფიქსირდა. მეზობელი გოგონას, ასევე არასრულწლოვანის გაუპატიურება სცადა. მაშინ ასაკმა გადაარჩინა საბრალდებო სკამს. თუმცა, ეს შემთხვევა სწორი დასკვნის გამოტანაში ვერ დაეხმარა. ცხრამეტი წლის, გაუპატიურების მცდელობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, დააპატიმრეს. მისდა საბედნიეროდ, დაზარალებული უბრალო მეძავი აღმოჩნდა. ბანალური ისტორიაა. ლომიძემ, ასე ვთქვათ, „პოსლეზე” მოითხოვა ინტიმმომსახურება, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან ძალადობას მიმართა და მეძავი სცემა. ძიების პროცესში მისმა ოჯახის წევრებმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს და საბოლოო ბრალდებიდან გაუპატიურების მცდელობის მუხლის ამოღება შეძლეს. საბოლოოდ, ლომიძე მეძავის ცემის ბრალდებით წარდგა სასამართლოზე და პირობითი სასჯელი მიიღო. მაგრამ პირობითი ვადის ამოწურვამდე ვერ გაძლო და სხვა მეძავის ცემისთვის აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე. პირველ სასჯელს მეორეც დაემატა და სასამართლომ ლომიძეს ხუთი წელი მიუსაჯა. ამ ხუთი წლიდან, მან ოთხი წელი და სამი თვე გაატარა პატიმრობაში. კოლონიიდან დაახლოებით ერთი წლის წინ გათავისუფლდა. ამ დროის განმავლობაში მის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი არ მიმიღია, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე ქალთან ჰქონდა კონფლიქტი.
– გამოდის, ამ ტიპს საერთოდ ახასიათებს ქალებზე ძალადობა, – ჩაილაპარაკა მირიანმა.
– სიმართლე გითხრა, არ მიყვარს, როცა ახალგაზრდა კაცი ციხეში ხვდება. მირჩევნია, გარეთ იყოს და მასთან მუშაობის საშუალება მქონდეს. ბადრიძის თარეშს კიდევ აიტანს კაცი. მის მიერ მოპარული ორი ღერი არმატურითა და ერთი-ორი ბოცით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ იგივეს ლომიძეზე ვერ ვიტყვი. მისი ადგილი მართლაც ციხეშია. დარწმუნებული ვარ, სწორედ ის იქნებოდა იმ საქმის წამომწყები და ორგანიზატორი. მის გარეშე ბადრიძე და ოგანესიანი ასეთ საქმეზე არ წავიდოდნენ.
– გასაგებია... დანარჩენს უკვე თავად აგვიხსნიან, – თქვა მირიანმა.
– ესე იგი, აგვყავს?
– თავისთავად.
– კეთილი.... ახლავე გამოვიძახებ კრიმინალურის ბიჭებს, – თქვა მერაბმა და ტელეფონს გადასწვდა.
* * *
კრმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლომიძესა და მის თანამზრახველებს ხეხილის ბაღში მიაგნეს, რომელიც მუხიანის დასახლების განაპირას მდებარეობდა. მათი მონაცემებით, ეს ბაღი ბადრიძის ოჯახს ეკუთვნოდა და სამეული ხშირად ატარებდა აქ დროს.
ბაღის ბოლოში მცირე ზომის ხის ქოხი იდგა. მის წინ მაგიდა და სკამები იყო გამართული. იქვე მოჩანდა ლომიძის კუთვნილი ვერცხლისფერი „ოპელი”. მაგიდასთან ბადრიძე, ოგანესიანი და ლომიძე ტრიალებდნენ. ჩანს, საქეიფოდ ემზადებოდნენ. მაგიდაზე არყის ბოთლები და ჭურჭელი ეწყო. ბადრიძე ეზოში დანთებულ ცეცხლს უტრიალებდა. ლომიძე და ოგანესიანი კი ხორცს შამფურებზე აგებდნენ და შესაწვავად ამზადებდნენ.
მერაბმა ბინოკლით შეათვალიერა სამეული და მირიანს გახედა.
– ღია ადგილია. შეუმჩნევლად ვერ მივუახლოვდებით. ისინი კი ნაღდად გამქცევები არიან. კარგად იციან, რაც ჩაიდინეს და გულხელდაკრეფილები არ დაელოდებიან ხელბორკილების მორგებას!
– მოდი, ასე მოვიქცეთ, – ჩაურთო გიორგიმ, – შენმა ბიჭებმა ბაღს საპირისპირო მხრიდან შემოუარონ. მე ბაღში შევალ, გამოველაპარაკები. ნუ ღელავ. განძრევის საშუალებას არ მივცემ. გაქცევა თუ სცადეს, შენი ხალხი აიყვანს. მოსულა?
მერაბმა მირიანს ანიშნა; რას იტყვიო?
– თანახმა ვარ, – უპასუხა მან.
– მაშინ წავედი, – გიორგიმ თხელი ქურთუკის ქვეშ მიმალული პისტოლეტის ბუდის შესაკრავი გახსნა, მანქანიდან გადავიდა და ბაღისკენ წავიდა.
დაჟანგებული ჭიშკარი ჭრიალით გაიღო. სამეული მაშინვე შემობრუნდა და დაჟინებული მზერა მიაპყრო უცნობს, რომელიც აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა მათკენ.
გიორგი მაგიდის სიახლოვეს შედგა და მათ მიესალმა.
– გამარჯობათ, ბიჭებო...
– გაგიმარჯოს... – ცივად მიუგდო ლომიძემ, – რა გინდა?
– მწვადს ჩალიჩობთ? – მშვიდად განაგრძო გიორგიმ.
– რა გინდა-მეთქი?! – წინ წამოდგა ლომიძე.
– რა უნდა მინდოდეს? ცეცხლი დავინახე და შემოვედი. ნაღდად სამწვადე ამინდია. წავუქეიფოთ?
– შენ ხომ არ უბერავ, ძმაო?! – ხმას აუწია ლომიძემ, – რა უნდა წაუქეიფო, აქ რესტორანი ხომ არ გგონია?!
– ეე, რა მოგდის? პახმელიაზე არ ყოფილხარ? „ჩანგალზე” კი არ დავდივარ. მეც შემოვალ წილში. რამე წავამატოთ სუფრას, – შესთავაზა გიორგიმ.
– არ გვჭირდება!
გიორგიმ შეფარული მზერით გახედა ბაღის ბოლოს. ბუჩქებს მიღმა ფრთხილი მოძრაობა შენიშნა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკვე იკავებდნენ პოზიციებს. მათი მოახლოება საუბარში გართულ ბიჭებს შეუმჩნეველი რჩებოდა.
– კარგი... მაშინ ასე მოვიქცეთ, – მიუბრუნდა ლომიძეს, – თუ სუფრაზე რამის წამატება არ გინდათ, ქალებს ამოვიყვან. აქვე მაგარი ნაშები მეგულება. ერთი „ზვანოკი” და ეგრევე აქ გაჩნდებიან... ჰა, რას იტყვით?
– ახლა დროზე დაახვიე აქედან, ვიდრე თავ-ყბა არ გაგიერთიანე! – ბრაზით წამოიძახა ლომიძემ და მკერდში უბიძგა.
გიორგი სწრაფად გადახტა უკან, ელვის სისწრაფით მოიმარჯვა პისტოლეტი და გაოგნებულ სამეულს უყვირა:
– მიწაზე დაწექით, ნაბიჭვრებო!.. დროზე!..
ბადრიძემ და ოგანესიანმა უმალ შეასრულეს განკარგულება. მიწაზე გაწვნენ და ხელები კეფაზე შემოიწყვეს. ფეხზე მხოლოდ ლომიძე დარჩა, რომელიც ზიზღით აღსავსე მზერით ბურღავდა გიორგის და ფრთხილად იხევდა უკან.
– ადგილზე დარჩი! – ბრაზით მიუგდო გიორგიმ და მიზანში ამოიღო.
სწორედ ამ დროს ღობეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადმოახტდნენ და მათკენ გამოიქცნენ. ჭიშკარს კი მერაბის მანქანა მოადგა. ლომიძემ უღონოდ შეხედა მოახლოებულ პოლიციელებს და მძიმედ დაეშვა მუხლებზე.
* * *
დაკავებულების პირველი რეაქცია მოსალოდნელი იყო. საამისო გამოცდილება სამივეს გააჩნდა.
– არაფერი ვიცი... აზრზე არა ვარ, რაზეა საუბარი... საქეიფოდ შევიკრიბეთ და მოულოდნელად პოლიციელები დაგვესხნენ თავს!..
ჯერჯერობით კი მათი სიტყვების გაბათილება მხოლოდ ირემაძის ნაამბობით იყო შესაძლებელი, რომლის ჩვენებასაც სასამართლო არ გაითვალისწინებდა.
– ესე იგი, თბილისის ზღვაზე არ ყოფილხარ? – ჩაეძია მირიანი ლომიძეს, რომელიც მის პირისპირ, მაგიდასთან იჯდა.
– რომ გითხრა, არ ვყოფილვარ-მეთქი, ნაღდი ტყუილი იქნება. მუხიანში ვცხოვრობ. ზოგჯრ დღეში რამდენჯერმე მიწევს ზღვაზე ასვლა. განსაკუთრებით ზაფხულში, – უპასუხა მან.
– ის დღე გაიხსენე, კუკიაზე რომ იყავი, – შეახსენა მირიანმა.
– მახსოვს... – დაუდასტურა ლომიძემ, – ძმაკაცის საფლავზე ვიყავით გადასულები.
– რა მოხდა თქვენი უკან დაბრუნებისას?
– არაფერი... ბიჭები გლდანში დავტოვე და შემდეგ სახლში წავედი, – უპასუხა ლომიძემ.
– მომისმინე, ბიჭო! – ბრაზი მოერია გიორგის, – ჯერ წესიერად გელაპარაკებით, მაგრამ საჭირო თუ გახდა, სხვანაირადაც შემიძლია შენთან დალაპარაკება!
– მშვიდად.... – სწრაფად გახედა მირიანმა და ისევ ლომიძეს მიუბრუნდა, – არაფერი გამოგივა, ილია. ამ საქმიდან ვეღარ გამოძვრები. ეს საუნის ქალის ცემა აღარ არის. ძალიან ღრმად შეტოპე. აქამდე ასე თუ ისე ახერხებდი გაძრომ-გამოძრომას. ვიღაცამ რაღაცაზე დახუჭა თვალი, ვიღაცამ რაღაც გაპატია. მაგრამ იმ გოგონას წამებას არავინ შეგარჩენს. შენი სახელით ამ საქმეზე ვინმემ უშნო ჩალიჩი რომ დაიწყოს, პირობას გაძლევ, საკუთარი ხელით გავუხვრეტ შუბლს. ახლა რაც შეეხება საქმეს. სროკზე ნამყოფი კაცი ხარ და ძიების საკითხებშიც ერკვევი. ძველ საქმეებში პადელნიკი არ გყავდა. სამივე შემთხვევაში მარტო იყავი. მაგრამ ახლა სამნი ხართ. ხომ ხვდები, რომ სამიდან ერთი მაინც გახსნის საქმეს... გახსნის... დარწმუნებული იყავი, რომ ეს დღესვე მოხდება.
– რაც გინდა ის თქვი. ამ საქმეს მაინც არ ავიღებ თავზე! – ჩაილაპარაკა ლომიძემ.
– სროკზე არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით წასვლა გაშინებს?! – ცივად მიუგო მირიანმა, – ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა იმ გოგონას მისდევდი!
– მე ჩემი გითხარი!
– მე კი ჯერ არ მითქვამს! – განაგრძო მირიანმა, – შენ გგონია, შენი აღიარება მჭირდება?
– აბა, რა გჭირდება?! – გაიკვირვა ლომიძემ.
– ცდები. შენი ნაბჟუტურევი არაფერში მჭირდება. ამას მხოლოდ საქმის მასალების შესავსებად ვაკეთებ. კოდექსი მოითხოვს, რომ დაგკითხო და მეც გკითხავ. შენი პასუხები კი საერთოდ არ მაინტერესებს. რაც გინდა, ის მითხარი. თუნდაც ის, რომ იმ ღამეს თბილისის ზღვაზე კი არა, მთვარეზე ან იმაზე უფრო შორს იყავი. შენი სროკზე გასასტუმრებლად შენი დორბლის ანალიზიც მეყოფა, რომელიც იმ გოგონას მკერდზე დატოვე. შენი საყვარელი „კენტის” ნამწვავიც არ დაგავიწყდეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოვიღე, – მირიანმა „კენტის” კოლოფზე მიანიშნა, რომელსაც ლომიძე ნერვიულად ატრიალებდა ხელში, – ექსპერტი შენს ნერწყვს მასზეც აღმოაჩენს. ამასობაში შენი პადელნიკებიც ალაპარაკდებიან და ორგანიზატორად გაგიშვებენ საქმეში. ასე რომ, რაც არ უნდა თქვა, გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის მუხლი ჯიბეში გაქვს. თანაც გაითვალისწინე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება. ასეთი საქმით სასამართლო ოც წელზე ნაკლებს არ მოგისჯის. შეწყალებასა და პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, ნურც იოცნებებ. ასეთი „ბუკეტით” „ოტ ზვანკა დო ზვანკა” მოგიწევს ნარების ხეხვა!..
– ეე... მოიცა... რა მკვლელობა?! იმ გოგოს არავინ უპირებდა მოკვლას! – ნერვიულად წამოიძახა ლომიძემ.
– გაუპატიურება?! – სწრაფად ჩაეძია მირიანი.
ლომიძემ სწრაფი მზერა ესროლა. შემდეგ თავი ჩახარა და ყრუ ხმით ჩაილაპარაკა:
– ჰო... იყო...
– დალაგებით მოყევი ყველაფერი, – თქვა მირიანმა და ანას ანიშნა წერისთვის მოემზადეო.
ლომიძე შესამჩნევად ღელავდა და წყვეტილი ფრაზებით ლაპარაკობდა. ის დიდი ხანი ყვებოდა, თუ როგორ გადავიდნენ კუკიის სასაფლაოზე. დაწვრილებით აღწერა, რა ხდებოდა იქ. მეგობრის საფლავზე გამოცლილი არყის ბოთლების რაოდენობაც არ გამორჩენია. შემდეგ თავის ნაცნობთან სტუმრობაზე გადაერთო. ყოველივე ეს სრულიად უინტერესო იყო მირიანისთვის, მაგრამ ერთხელაც არ დაუპირებია ლომიძის შეჩერება. ნაამბობი აღიარებად უნდა გაფორმებულიყო და ასეთ შემთხვევაში, დასაკითხ პირს შეეძლო, თავისი შეხედულებისამებს აღეწერა ის საღამო. კითხვების დასმის დრო მოგვიანებით დადგებოდა.
საბოლოოდ, ლომიძე იმ მომენტამდე მივიდა, როცა გზაზე პირველად შენიშნეს მიმავალი გოგონა და მოულოდნელად გაჩუმდა.
– განაგრძე! – მკაცრად მოსთხოვა მირიანმა.
– არ შემიძლია... თქვენ ხომ ისედაც იცით, რაც მოხდა იქ, – გაუბედავად ჩაილაპარაკა ლომიძემ.
– შენს მაგივრად, ვერაფერს ვაღიარებ... განაგრძე! – გაიმეორა მირიანმა.
– დამპალი სასმელი... ყველაფერი მისი ბრალია! – ლომიძემ მუშტი მთელი ძალით ჩაირტყა მკერდში, – ფხიზელი არაფერს ვაშავებ. საკმარისია, დავლიო და... იმ საღამოს ბევრი მომივიდა. ჩემმა ქალმაც გამაცოფა. ლაპარაკზე შემატყო, რომ ნასვამი ვიყავი და მასთან მისვლა ამიკრძალა. ამის შემდეგ მასთან ასვლას აზრი აღარ ჰქონდა. ვიცოდი, კარს არ გამოღებდა. მე არ მივითმენდი, ხმაურს ავტეხდი და ყველაფერი ისევ პოლიციით დამთავრდებოდა. მაშინ გადავწყვიტე, თემქაზე გადავსულიყავი...
– ვისთან? – ჰკითხა მირიანმა.
– საუნაში ნაცნობი ქალები მუშაობენ.
– მუშაობენ... – ბრაზით ჩაილაპარაკა გიორგიმ, – შენ ამას სამუშაოდ მიიჩნევ?
– თვითონ ასე მიაჩნიათ, – გახედა ლომიძემ.
– რატომ გადაიფიქრე თემქაზე წასვლა? – ჰკითხა მირიანმა.
– საკმარისი ფული არ მქონდა. უფულოდ კი ახლოს არავინ გამიკარებდა, – უპასუხა ლომიძემ.
– შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ?! – მოთმინებამ უღალატა გიორგის, – საერთოდ ხვდები რას ბოდავ?!
– რა ვთქვი ისეთი? – გაუკვირდა ლომიძეს.
– გაანებე თავი, – გიოს გადაულაპარაკა მირიანმა და ისევ ლომიძეს მიუბრუნდა, – ესე იგი, ფული არ გეყოფოდა და სხვა ვარიანტს დაუწყე ძებნა?
– არა.... ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მთვრალი ვიყავი... გაბრაზებული... ფული არ მქონდა და უცებ ზღვაზე ის გოგო გაიჩითა. რა უნდა მეფიქრა იმ დროს?! ღამით, ახალგაზრდა ქალს რა უნდა ესაქმებოდეს ზღვაზე?
– ესე იგი, შენი აზრით, ერთი ქალი საუნაში მუშაობს და მასთან უფულოდ არაფერი გესაქმება და მეორე, რომელიც საღამოს ზღვაზე სეირნობს, მუქთა ნაშაა?! – ისევ იფეთქა გიორგიმ.
ლომიძემ დაბნეული მზერა ესროლა. ის მაინც ვერ ხვდებოდა, თუ რა აღიაზიანებდა გამომძიებელს.
– კარგი... კარგი... – მირიანმა ისევ შეაჩერა გიორგი, – რა მოხდა შემდეგ?
– მანქანა გავაჩერე, გადავედი და იმ გოგოს წაყვანა შევთავაზე. მან კი პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. ამან გამაღიზიანა. თითქოს ეშმაკი შემიჯდა სხეულში. გონება დამიბნელდა. გაშმაგებული გამოვეკიდე. მე მგონი, თვითონაც იგრძნო რისთვისაც მივდევდი და ზღვისკენ გაიქცა. შორს წასვლა ვერ მოასწრო. მალევე წამოვეწიე და წავაქციე... – ლომიძემ შიშით გახედა გიორგის და ისევ გაჩუმდა.
– ვის მოუვიდა აზრად გოგონას გაუპატიურება? – ჰკითხა მირიანმა.
– მე... – ამოიოხრა ლომიძემ, – ბიჭებს არ ვამართლებ. ისინი კარგი ამხანაგები რომ ყოფილიყვნენ, შემაჩერებდნენ. არ შევისმენდი, გავჯიუტდებოდი, შევაგინებდი... შეიძლება, ხელიც გამერტყა, მაგრამ ორნი მაინც შეძლებდნენ ჩემს დამორჩილებას. ისინი კი მე ამყვნენ. მთვრალები იყვნენ. მათაც აეჭრათ ტვინი. არ ვამართლებ, მაგრამ არც დავგრუზავ. ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რომ არ გამეჭედა, არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ახლა რაღა დროსია. რაც მოხდა, მოხდა. გაუპატიურებას ვაღიარებ, მაგრამ მკვლელობა აზრადაც არ გვქონია. რა შემიშლიდა ხელს, მისი მოკვლა რომ მდომებოდა?.. არავინ და არაფერი. მაგრამ ასეთი ჩანაფიქრი არ მქონია?
– ვინ გააუპატიურა გოგონა?
– ყველამ.... – გაუბედავად ჩაილაპარაკა ლომიძემ.
– ირემაძე?
– არა... ის ჩვენს შეჩერებას ცდილობდა. მერე კი სადღაც გაქრა. იქიდან გაიქცა. იმას რა ჭკუა მოეკითხება, – ლომიძემ საფეთქელზე მიიკაკუნა თითი, – ნორმალური არ არის. ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.
– აღიარებ, რომ გააუპატიურეთ? – ჰკითხა მირიანმა.
– ვაღიარებ, – ამოიოხრა ლომიძემ.
– კარგი... ახლა მკვლელობის მცდელობაზე გადავიდეთ...
– ხომ გითხარით... არ ყოფილა ასეთი რამ! – აღელდა ლომიძე.
– იცი, როდის და რა მდგომარეობაში აღმოაჩინეს გოგონა?!
ლომიძემ უხმოდ გაიქნია თავი.
– გოგონა დილით მეთევზეებმა იპოვეს უგონო მდგომარეობაში. ექიმების დასკვნით, კიდევ ორი ან სამი საათი რომ დარჩენილიყო ასე, დაიღუპებოდა. ის სამი დღის განმავლობაში გონს ვერ მოეგო. როგორ გგონია, რა ჰქვია ამას, თუ არა მკვლელობის მცდელობა?!
– არ ვიცი... მაგრამ ჩვენ მისი მოკვლა არ გვინდოდა.
– რა მდგომარეობაში მიატოვეთ გოგონა? – გამოკითხვა განაგრძო მირიანმა.
– თითქოს... თითქოს... – ენა დაება ლომიძეს.
– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ნორმალურად იყო?! – შეუღრინა გიორგიმ.
– არა... ნორმალურად როგორ იქნებოდა... – გაუბედავად ჩაილაპარაკა ლომიძემ.
– მაშ, როგორ იყო? – ჰკითხა მირიანმა.
– არ ვიცი. მე იქ არც ვიყავი. გაუპატიურების შემდეგ მანქანასთან დავბრუნდი. გოგოსთან გივი და კარენა დარჩნენ. მათ ჰკითხეთ, – თავი ჩაქინდრა ლომიძემ.
– რისთვის სცემეთ გოგონა?! სამი მუტრუკი ისე ვერ მოერიეთ?!
– ყვიროდა... მე მის გაჩუმებას ვცდილობდი. ახლა აღარ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი... ორჯერ ან სამჯერ. მაგრამ როგორც კი გაჩუმდა, მეც შემწყვიტე ცემა.
– შენი პადელნიკებიც ურტყამდნენ? – ჰკითხა მირიანმა.
– არა... მარტო მე დავარტყი.... ისე კი... – გაუბედავად შეხედა ლომიძემ მირიანს და გაჩუმდა.
– რა არის?.. რისი თქმა გინდა?
– მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შემდეგ გავიხსენე. ის გოგო მანამდეც ნაცემი იყო. სახეზე ვერაფერს ვიტყვი. ბნელოდა, კარგად ვერ შევათვალიერე, მაგრამ მის თეთრ მაისურს აშკარად ემჩნეობა ჭუჭყისა და ტალახის კვალი.
– ესე იგი, მანამდე იყო ნაცემი და შენი ორი თუ სამი დარტყმით აღარაფერი დაუშავდებოდა?! – ცივად ჰკითხა გიორგიმ.
– ჩემი თუ არ გჯერათ, ბიჭებს ჰკითხეთ, – სწრაფად თქვა ლომიძემ.
– ამით შენთვის თითქმის არაფერი შეიცვლება. მკვლელობის მცდელობა რომც არ დაგიმტკიცდეს, ადამიანის განსაცდელში მიტოვებას მაინც ვერსად წაუხვალ. თანაც, გოგონა შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. იცი, რას ნიშნავს ეს?
– არა... – თავი გაიქნია ლომიძემ.
– მკვლელობის მცდელობის მუხლით სასამართლო ოც წელს მოგისჯის, განსაცდელში მიტოვებისა და გაუპატიურებისთვის კი, ცხრამეტ-ნახევარს.
– მე... მე... – ლომიძემ გაგრძელება ვეღარ შეძლო. კილოფიდან ხელის კანკალით ამოიღო სიგარეტი, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
– გაუპატიურების შემდეგ სად წახვედით?
– კარგა ხანი ირემაძე ვეძებეთ. გზატკეცილზე ვმოძრაობდით. რა ვიცოდით, რას მოიმოქმედებდა ის დარტყმული. შეიძლება პოლიციაშიც კი გაქცეულიყო. როცა ვერ მოვძებნეთ, უბნისკენ წავედით. იქ ბიჭებმა გვითხრეს, რომ სახლისკენ მიმავალი ირემაძე ნახეს. ამის შემდეგ დავიშალეთ. გივი და კარენა გლდანში დავტოვე და სახლში წავედი.
– აღიარებისთვის რამის დამატება ხომ არ გსურს?
ლომიძე მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– არა...
მირიანმა ანას ოქმი ჩამოართვა, ლომიძეს ყველა გვერდზე მოაწერინა ხელი, მებადრაგე გამოიძახა და ეჭვმიტანილის საკანში დაბრუნება და დაკითხვაზე ბადრიძის მოყვანა უბრძანა.
– რას იტყვით? – როგორც კი მებადრაგემ კარი გაიხურა და მირიანი გიორგისა და ანას მიუბრუნდა.
– მე მგონი, საქმე უფრო ბუნდოვანი გახდა, – უპასუხა ანამ, – ლომიძის აღიარების შემდეგ, მისი თანამზრახველებიც არ გაჯიუტდებიან. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ლომიძე და მისი პადელნიკები ღამით გადააწყდნენ გოგონას. ის კი დღის ორ საათზე გაქრა. სად იყო რვა საათის განმავლობაში და როგორ აღმოჩნდა ღამით თბილისის ზღვაზე?
– ეს მართლაც ბუნდოვანია, – ჩაილაპარაკა მირიანმა.
– ლომიძე ხომ არ აჩმახებს. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, – ჩაურთო გიორგიმ.
– არა მგონია. იგივე გვიამბო ირემაძემაც. მას კი ჩვენთვის ტყუილის თქმის მიზეზი არ აქვს, – თქვა მირიანმა.
– მაშინ რაშია საქმე?
– ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა შეუძლებელია. მოდი, ის ორიც დავკითხოთ და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხს... – თქვა მირიანმა და დაკითხვის ოქმის მომზადებას შეუდგა.
* * *
ანდრო საექსპერტო ჯგუფთან ერთად მივიდა იზოლატორში, სადაც მას მირიანი ელოდა. მისთვის უკვე ცნობილი იყო არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნების დაკავების შესახებ. ყოველგვარი მოულოდნელობის გამოსარიცხად, მირიანს მათი ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. ექსპერტიზის შედეგებს საბოლოოდ უნდა დაედასტურებინა, მართლაც მათი ჩადენილი იყო დანაშაული, თუ – არა.
ანდრომ საექსპერტო ჯგუფს შესაბამისი მითითებები მისცა, შემდეგ კი მირიანი გვერდზე გაიხმო და საუბარი გაუბა.
– ამჯერადაც ხომ არ გადაამლაშე?
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მირიანმა.
– იმ მხატვარს. უნდა გენახა, რა ხმაური ატეხა, იზოლატორში ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების ასაღებად რომ მივაკითხეთ, – თქვა ანდრომ, – იმუქრებოდა: ამას არასოდეს შევარჩენ მირიანს. ჯერ მას გავუსწორებ ანგარიშს და შემდეგ შენი ჯერი დადგებაო!
– ვიცი... ვიცი.... – გაეღიმა მირიანს, – მაგაზე მეც გამაფრთხილეს.
– ჰოდა, იმიტომაც გეკითხები. ახლა როგორ არის საქმე?
– ესენი აღიარებენ, რომ მართლაც გააუპატიურეს გოგონა. ჩვენებებში ისეთ დეტალებს აღწერენ, რომ თმა ყალყზე დაგიდგება. ეს ექსპერტიზა უკვე ფორმალობაა, მაგრამ მაინც ჩავატაროთ. არ მინდა, მთავარ პროკურორს ვათქმევინო, რომ არასრული საქმე წარადგინა სასამართლოზეო.
– ესე იგი, საქმეს მალე დახურავ? – ჰკითხა ანდრომ.
– სამწუხაროდ ვერა, – თავი გაიქნია მირიანმა, – არის რამდენიმე ბუნდოვანი გარემოება, რომელთა გარკვევას დრო დასჭირდება.
– მაინც რა გარემოება? – დაინტერესდა ანდრო.
– ეს არაკაცები გოგონას ღამით, თბილისის ზღვაზე გადააწყდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ წამოიყვანა საბურთალოდან, სად იყო რვა საათის განმავლობაში და ვინ მიიყვანა ზღვაზე, – უპასუხა მირიანმა.
ანდრო მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ხმადაბლა უთხრა:
– ის მხატვარი დროზე ადრე ხომ არ გაათავისუფლე?
– რას გულისხმობ? – იკითხა დაბნეულმა მირიანმა.
– მისი ნიმუშის ანალიზმა უცნაური შედეგი მოგვცა. ჯერ არ მინდოდა შენთან ამაზე საუბარი. განმეორებითი, უფრო დეტალური გამოკვლევის შედეგს ველოდი, მაგრამ იქნებ ეს დაგეხმაროს იმ ბუნდოვანი დეტალების გარკვევაში, – თქვა ანდრომ, – საქმე ისაა, რომ მისი ნიმუში ძალიან ახლოს დგას დაზარალებულისგან აღებულ ერთ-ერთ ბიოლოგიურ ნიმუშთან.
– შენ იმის თქმა გინდა, რომ მისი ნიმუში გაუპატიურებაში მონაწილე პირის ნიმუშს შეეფერება?! – დაიბნა მირიანი.
– ჰო... ასეა... მაგრამ ამას გადამოწმება სჭირდება.
– კი მაგრამ, ეს შეუძლებელია. მას ასპროცენტიანი ალიბი აქვს. უკვე დადასტურებულია, რომ დანაშაულის მომენტში ის თბილისში არ იმყოფებოდა!
– დარწმუნებული ხარ იმ ჩვენებების სისწორეში? – მზერა გაუსწორა ანდრომ.
– მისი ადვოკატი, ერეკლე სვანიძე ჩემი დიდი ხნის ნაცნობია. ასეთ ავანტიურაზე არასოდეს წავიდოდა. ესეც რომ არ იყოს, ამდენი ადამიანის ყალბი ჩვენებების მიცემაზე დათანხმება, უბრალოდ შეუძლებელია. საქმის მასალებში დევიძის მეგობრების გარდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები და გურჯაანის საავადმყოფოს თანამშრომლებიც ფიგურირებენ. არა... ეს უბრალოდ, შეუძლებელია.
– მესმის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დევიძის ნიმუში ოთხმოცდახუთი პროცენტით ემთხვევა დაზარალებულისგან აღებულ ნიმუშს.
მირიანი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ჯერჯერობით ჩვენ შორის დარჩეს. ჩაატარე განმეორებითი ექსპერტიზა და ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში