კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეფის დავალება

მილი სარკესთან იდგა და საყურეს ირგებდა. მისი ჩაცმულობა უზადოდ გამოიყურებოდა. შავი, სადა, მაგრამ ძვირფასი კაბა ტანზე იდეალურად ჰქონდა მორგებული. წლოვანება თითქმის არ ემჩნეოდა, ორმოცდაექვსი წლის ასაკში ოცდაათი წლის ქალის შეხედულება ჰქონდა. სამაგიეროდ, მისი ქმარი, უოლტი ჰგავდა ამერიკელ ტურისტს. დაუდევრად ჩაცმული, კისერზე ფოტოაპარატჩამოკიდებული.

– ეს კაბა ნამდვილად ორასი დოლარი ღირდა? – ჰკითხა ცოლს კმაყოფილებისგან თვალებმოჭუტულმა – უფრო ძვირიანს ჰგავს.

– ჰმ, შენც რომ რამე შესაფერისი ჩაგეცვა, ურიგო არ იქნებოდა. ის არ იკმარე, რომ პარიზში, სადაც უამრავი მშვენიერი ადგილი იყო, ძველმანების ბაზრობაზე მიმათრევ, ტანსაცმელიც კი არ გამოიცვალე. იმიტომაც არ მოვწონვართ ფრანგებს, – უკმაყოფილოდ თქვა მილიმ, – რა მოხდებოდა, უკეთ რომ ჩაგეცვა – გაცილებით შესაფერისად. რატომ მარცხვენ.

– საყვარელო, პატარავ... რა განერვიულებს? მთავარია, რომ შენ ხარ თვალისმომჭრელი. თანაც, ბაზრობაზე მივდივართ, ოპერაში ხომ არა?! ფოტოაპარატიც მჭირდება. ედის მონეტების შეძენას მაქსიმუმ ნახევარი საათი დასჭირდეს. მერე შენს განკარგულებაში ვარ. გავისეირნოთ და სურათებიც გადავიღოთ. შვებულებაა, ბოლოს და ბოლოს.

– შვებულება, როგორ არა, – რაღაც ოთხი უბადრუკი დღე პარიზში და აქედანაც, ერთი რაღაც მონეტების ძებნაში უნდა გაატარო. იტალიაშიც ზუსტად ასე არ იყო?! მილანში სამი დღით ჩავედით და ერთი დღე ნუმიზმატების ძებნას მოანდომე. ეგ შენი ედი უკვე ძალიან მაღიზიანებს.

– საყვარელო, პატარავ... რატომ დაგავიწყდა, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, სახლი, ვილა მალიბუზე, ორი მანქანა... ჩვენი ქალიშვილის ქორწილი, რომ ოცდახუთი ათასი დოლარი დაგვიჯდა და კიდევ სამი ასეთი ქორწილის გადახდა უპრობლემოდ შეგვიძლია, ამასაც ხომ ედის უნდა ვუმადლოდეთ. ოცი წლის წინ, ვიეტნამიდან ნაომარი რომ დავბრუნდი, ვის ვჭირდებოდი? ედიმ ამიყვანა თავისთან. ტიპოგრაფია მასწავლა, თავისი საქმეები თითქმის მთლიანად გადმომაბარა.

– შენ ნიჭიერი ხარ. სულ ეს არის და ეშმაკმა ედიმ ხელიდან აღარ გაგიშვა. ამიტომ, ახლა მაგის ნუმიზმატურმა გატაცებებმა უნდა დაგვქანცოს და ყველა შვებულება ჩაგვამწაროს?

– ნუ წუწუნებ. ამ ბაზრობაზე ბევრი ლამაზი ნივთია. შენთვისაც შეარჩევ რაღაცას.

ოტელის შვეიცარმა ცოლ-ქმარს თავაზიანად შესთავაზა, ტაქსის გამოგიძახებთო, მაგრამ უოლტმა გადაწყვიტა, ამჯერად მეტროთი ჯობია გასეირნებაო. უოლტი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ედ ლინჩის მითითებებს. ედს მიაჩნდა, რომ უოლტი ცოლთან ერთად, იყო ის ტიპაჟი, რომელიც მას და საქმეს სჭირდებოდა. ჭეშმარიტი ამერიკელი ტურისტი, რომელსაც მხარს პიკანტური ამერიკელი ცოლი უმშვენებს, გაცილებით დამაჯერებელია და მისაღები...

ბაზრობაზე ბევრი ტურისტი იყო, ძირითადად, ამერიკელები. ფრანგები ოჯახის წევრებთან ერთად დასეირნობდნენ და არჩევდნენ ანტიკვარულ, ძველ ნივთებს. დიდი ბაზარი ცოცხლობდა. სუნთქავდა... უამრავი პატარ-პატარა ქუჩა ერთმანეთს კვეთდა. მილი ძველებურმა ლამფა-აბაჟურმა აღაფრთოვანა... უოლტმა  ღიმილით მოუწონა ცოლს არჩევანი.

– პატარავ, შენ აქ ყველაფერი კარგად დაათვალიერე. აირჩიე, რაც გინდა. მე გავივლი და მონეტებს მოვძებნი ედისთვის.

– წადი, წადი, ასიამოვნე შენს ბებერს, – ჩაიცინა ქალმა.

ამდენ ხალხში ვინმეს, ან თუნდაც პატარა მაღაზიის პოვნა გამოცდილ მაძებარსაც კი გაუჭირდებოდა, მაგრამ ედ ლინჩმა თავისი თანაშემწე საჭირო ინფორმაციით აღჭურვა და უოლტმაც სწრაფად იპოვნა, რასაც ეძებდა. მაღაზიის მფლობელი ახალგაზრდა, ენერგიული მამაკაცი აღმოჩნდა. მაღაზიაში ერთი კომოდი და რამდენიმე კარადა გამოეფინათ გასაყიდად. ყველაფერი უზარმაზარი იყო. იქვე, იატაკზე ძველისძველი, მტვრიანი ვისკის ბოთლები ეყარა უწესრიგოდ... თავად მეპატრონეს მშიერი მგლის გამოხედვა ჰქონდა. გულზე ხელებდაკრეფილი იდგა და ელოდა, რას ეტყოდა უოლტი.

– ვეძებ ადამიანს, რომელიც ძველ მონეტებს მომყიდის. უფრო ამერიკული, ძველი ცენტები მაინტერესებს.

– 1903-1904  წლების? – პირქუშად იკითხა მაღაზიის მეპატრონემ.

– დიახ, ზუსტად ეგენი.

– იქ აღმოჩნდით, სადაც საჭიროა. ჩემთვის რა გაქვთ?

– მე თქვენი პრეტენზიების მოსასმენად გამომგზავნეს.

– ჰოდა, შესანიშნავია. გავიდეთ უკანა ოთახში. იქ გაცილებით მეტი სიმყუდროვეა.

უოლტი აუღელვებლად გაჰყვა მეორე, უფანჯრო ოთახში. იქაც ორი უზარმაზარი კარადა და ერთადერთი სკამი იდგა.

– ახლა შეგვიძლია, მშვიდად დავილაპარაკოთ. მე უკმაყოფილო ვარ იმ ფასით, რასაც თქვენ მიხდით. თანაც, იმ კუპიურებით კი არა, რომლებსაც თქვენ ქმნით, მე კი მათ „ვაცოცხლებ“. რისკზე ვეღარ წავალ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინ ბოლვილეში გაყიდვები ჩავარდა. სიფრთხილის ზომები უნდა მივიღო. ეს აუცილებელია, – ამ სიტყვებით მაღაზიის მეპატრონემ უზარმაზარი რევოლვერი ამოიღო და უოლტს ცხვირწინ დაუტრიალა. უოლტმა გაიღიმა.

– მეგობარო, იარაღით თამაში არ შეიძლება. იქნებ ცოტა გვერდზე გასწიო და ისე ვილაპარაკოთ.

– არა. მე პასუხი მჭირდება.

– პასუხი? აი, აქ მაქვს, – უოლტმა უბიდან ორად მოკეცილი რეზინით შეკრული დოლარების დასტა ამოიღო, – რამდენიმე მსხვილი კუპიურა შენია და ყოველთვის ამდენს მიიღებ, თუ ჭკვიანად იქნები.

– ჭკვიანად? მე თქვენი საქმეების შესახებ იმაზე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ, თავს არ გაგამასხრებინებთ და არც დაგაჩაგვრინებთ.

– ვინ აპირებს თქვენს დაჩაგვრას? პირიქით.  გაძლევ საშუალებას, გადაწყვიტო, რამდენი გინდა და განაგრძო შენი საქმიანობა. სულ ეს არის. ცუდი ინფორმატორი გყოლია. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ვუფრთხილდებით, – მხრები აიჩეჩა უოლტმა.

– მართლა? მე ბევრი ვიცი. ძალიან ბევრი. თქვენს „საქონელს“ თქვენ შტატებში ამზადებთ კერძო საწარმოში. ეს არის შესანიშნავად აღჭურვილი ტიპოგრაფია. უმაღლესი კატეგორიის გრავიურების მკეთებელი გყავთ, პროფესიონალი და ყალბი ბანკნოტების ნამდვილისგან გარჩევა შეუძლებელია. მეც ერთი რგოლი ვარ ამ საქმეში. ისიც ვიცი, რომ დოკუმენტებით თქვენი პროფესიონალი გამყალბებელი მბეჭდავი, დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის... გავაგრძელო? არ გეჩვენებათ, რომ ეს ჩემი ისტორია საკმაოდ ძვირი ღირს?

უოლტმა ფულის შეკვრულადან რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო და მაღაზიის მეპატრონეს გაუწოდა. მერე ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა... მაღაზიის მეპატრონემ კუპიურებისკენ გაიწოდა ხელი და წამით ყურადღება მოადუნა. ამით ისარგებლა უოლტმა, ფოტოაპარატის თასმა ელვის უსწრაფესად, მარყუჟივით გადააცვა კისერზე და თავისკენ მაგრად მოქაჩა. ცოტა ხანში მაღაზიის მეპატრონის უსულო სხეული იატაკზე ეგდო. უოლტმა მშვიდად შემოხსნა თასმა. ასევე, მშვიდად დადო ფოტოაპარატი სკამზე. მსხვერპლის გვამს ხელი სტაცა და იქვე მდგარ კარადაში შეტენა. მაღაზიის მეპატრონე იქ თავისუფლად „მოთავსდა“. კარიც დაკეტა. საქმე გაკეთდა.

უოლტმა ფოტოაპარატი აიღო, დოლარების ხვეულა ისევ უბეში ჩაიტენა და მაღაზიიდან გამოვიდა...

– საყვარელო, შეხედე, როგორი შესანიშნავი სარწეველა სკამი ვიყიდე, – გაიცინა ცოლმა, – შენ რა ქენი, იშოვე ბუზღუნა მოხუცისთვის ანტიკვარული მონეტები?

– ჰო. ედი კმაყოფილი დარჩება. მგონი, შენც არ უნდა იყო უკმაყოფილო, ბაზარში რომ წამოგიყვანე.

მილიმ გაიცინა.

– თუ იმ ძველებურ ლამპასაც მიყიდი, იქნებ კმაყოფილიც დავრჩე. ბოლოს და ბოლოს, ფულს ხომ ჩვენი ნუმიზმატი იხდის.

 

 

скачать dle 11.3