კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

მურადამ თავისი წილი მხოლოდ სამი თვის მერე წაიღო – ასე შევთანხმდით, მილიციას ეჭვი რომ არ აეღო და მას რკინის ალიბი ჰქონოდა. ამ საქმემ კი იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ მთელი საქართველოს მილიცია ფეხზე დადგა და მათი ბობოლა კოლეგის ბინიდან წაღებულ ნივთებსა და შემსრულებლებს ეძებდნენ. მილიციამ მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა, მრავალი ადამიანი აიყვანა და დაკითხა, მაგრამ, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. სამმართველოში მეც დამიბარეს და, როდესაც ბესარიონ აბრალავას კაბინეტში შევდგი ფეხი, ვუთხარი:

– გამარჯობა, ძია ბესო! ხომ მშვიდობაა, რატომ დამიბარეთ?

– ვითომ არ იცი, – ეშმაკურად მითხრა აბრალავამ და სკამზე მიმითითა, დაჯექიო.

– რომ ვიცოდე, ხომ არ გკითხავდით, – მივუგე აბრალავას, – მართლა არაფერი ვიცი. ხომ მშვიდობაა? წვრილმანზე არ დამიძახებდით.

– წვრილმანზე კი არა... – ხელი ჩაიქნია აბრალავამ, ქუთაისში მომხდარი ქურდობის ამბავი თითქმის დეტალებში მომიყვა და ბოლოს დაამატა: ვიღაც ძალიან მაგარი ჩალიჩობს. გახსოვს? ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ანალოგიური დანაშაულები თბილისში მოხდა, ბერძენაც კი გვყავდა დაკავებული და მაშინ შენ ათქმევინე ჩემთვის ხუჭუჭას მამას.

– კიდევ კარგი, რომ ბერძენა სროკზეა, – ვთქვი მე, აბრალავამ კი მომიგო:

– სამაგიეროდ, შენ ხარ სვაბოდაზე!

– რას ამბობ, ძია ბესო, ჩემზე გაქვს ეჭვი? – სიცილით ვკითხე აბრალავას და მოსაწევად გამზადებული სიგარეტი მაგიდაზე დავდე.

– მოწიე, მოწიე, – მითხრა აბრალავამ, – მე არ მითქვამს, ეჭვი შენზე მაქვს-მეთქი, მაგრამ, გამორიცხული არაფერია. აქ კი იმისთვის დაგიბარე, რომ, თუკი რამე იცი ამ საქმეზე, დამეხმარო. გიმეორებ, დამეხმარო და არა ქურდებზე მომაწოდო ინფორმაცია.

– ძია ბესო, ნამდვილად არაფერი ვიცი, მაგრამ, თუ რამე შევიტყვე, დავაზვრატებაში აუცილებლად დაგეხმარები.

– მართლა არაფერი იცი?

– მართლა არაფერი.

აბრალავამ შემათვალიერა და ირონიულად მითხრა:

– თუ მართლა არაფერი იცი, ვერც მერე შეიტყობ რამეს. ვიღაც ძალიან შებერტყილი ჩალიჩობს და, არა მგონია, საკუთარი თავი გაშიფროს. კარგი, წადი, თავისუფალი ხარ.

რა ძნელი მისახვედრი იყო, რომ აბრალავას ჩემზე ჰქონდა ეჭვი, მაგრამ, იმიტომ არ დამაკავა, რომ იცოდა, არაფერს ვიტყოდი და ჩემი გაპრესვა არ ისურვა.

– კარგად იყავი, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას და კარისკენ გავემართე, მან კი დამიძახა:

– კობრა!

– გისმენ, ძია ბესო. 

– კობრა! იცოდე, არ დაგინდობ, თუკი გავიგე, რომ ამ საქმეში შენი ხელი ურევია. მაქსიმალურ სროკს აგკიდებ და მერე არ გეწყინოს, – მტკიცედ მითხრა თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსმა.

ქუთაისელი მილიციის პოლკოვნიკის ბინის გაქურდვის საქმეზე არავინ დაუპატიმრებიათ და ამ ამბიდან სუფთად გამოვძვერი, თანაც, ხალხს გასართობი მიეცა და მთელი ქუთაისი დასცინოდა თავის საძულველ თანამოქალაქეს, მის მათხოჯ ქალიშვილებსა და „მირიკო კრასავიცას“, რომელიც სახლში დაბრუნებისთანავე სასტიკად სცემა თალიკიამ.

– კობრაია, ძამია, – მიყვებოდა მურადა, – ისე გოუფენია თალიკია გიჟს და ისე უცემია მირიკო კრასავიცა, რომ ექიმებმა კარგა ხანს გონზე ვერ მეიყვანეს და კინაღამ წერილი წეიღო მიქელ-გაბრიელთან.

– ახლა როგორაა ის უბედური? – სიცილით ვკითხე მურადას.

– ასობი რეჟიმშია. სამსახურში არ უშვებენ, თან, სიმამრმა მაშინა წაართვა. სახლში ჰყავთ გამოკეტილი და ფანჯრიდანაც კი არ ახედებენ, – ხარხარებდა მურადა.

– მაგათი დედაც... შენ ის მითხარი, ფოსტალიონობა არ მოგბეზრდა?

– კი, მომბეზრდა, მარა, რა ვქნა, სხვას რომ ვერაფერს ვშოულობ?

– წინადადება მაქვს შენთან.

– რა წინადადება?

– რა და, ეს საქმე მშვენივრად გამოგვივიდა და ვიჩალიჩოთ ერთად, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაქვს, – შევთავაზე მურადას, რადგან, იმ მომენტში უპაძელნიკოდ ვიყავი დარჩენილი, თანაც მურადა მშვენიერი შემსრულებელი აღმოჩნდა და სწორედ ასეთი პარტნიორი მჭირდებოდა.

– რაზეა ბაზარი, კობრაია, ძამია. როცა შენისთანა კაცი პაძელნიკობას გთავაზობს, უარის თქმა გრეხია. თანახმა ვარ, ვიჩალიჩოთ ერთად.

მურადა მართლაც შესანიშნავი პაძელნიკი აღმოჩნდა. ქურდის პროფესიაც კარგად აითვისა, ყველა ჩემს მითითებას ზუსტად და უსიტყვოდ ასრულებდა და, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკე და ენაკვიმატი ადამიანი იყო, ზედმეტს არასოდეს იტყოდა, რადგან, ენაზე კბილის დაჭერა იცოდა. სამწუხარო იყო, რომ ოფიციანტად და ფოსტალიონად იყო ნამუშევარი და ამიტომ ქურდი ვერ გახდებოდა, თორემ, ეს სტატუსი არ ასცდებოდა... რამდენიმე ბინა ისე სუფთად გავიტანეთ, რომ მცირე ხელჩასაჭიდიც კი არ დაგვიტოვებია მილიციისთვის. ერთ დღეს მურადამ თბილისში ჩამომაკითხა და მითხრა:

– კობრაია, ძამია, ერთი ნაკოლი მაქვს და, თუ მეიწონებ, ვიჩალიჩოთ.

– თქვი, გისმენ, – ვუთხარი მურადას, რომელიც სავარძელში მოკალათდა და თქვა:

– ავეჯი თუ მოგიპარავს ოდესმე?

– ავეჯი?

– ჰო, ავეჯი, მებელი...

– არა.

– ჰოდა, ახლა მოგიწევს, – გაეცინა მურადას, – არ გაგეცინოს ჩემს სიტყვებზე, თავს დავდობ, რომ ნაღდად მასეა, რაფერც მგონია.

– აღარ იტყვი, რა პონტია? – ვუთხარი მურადას, რადგან, მისი სიტყვებიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ ავეჯი უნდა მოგვეპარა.

– კაროჩე, კობრაია, ხომ იცი, რომ ებრაელებს ისრაელში გამგზავრების ნება დართეს?

– კი, ვიცი. მერე რა?

– რა და, ქუთაისში ბევრი ებრაელი ცხოვრობს და თითქმის ყველა ბრუნდება თავის ისტორიულ სამშობლოში. საღორიეში ერთი მოშიკა ცხოვრობს. მესაათეა, მაგრამ, იმდენი მაყუთი აქვს, ნახევარ ქუთაისს იყიდის. ისრაელში ისიც მიდის და ამდენ ფულს აქ ხომ არ დატოვებს? ამიტომ, მაგან ერთი ხრიკი მეიგონა და ასე აპირებს თავისი ქონების საზღვარზე გადატანას.

– როგორ?

- როგორ და, რაც კი რამ ჰქონდა გასაყიდი – სახლი, შმოტკები, ავეჯი – ყველაფერი გაყიდა, ყველაფერი და, ერთი კომოდი დეიტოვა, რომელიც თან მიაქვს ისრაელში. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი თავისი ქონება სწორედ იმ კომოდში აქვს დამალული. ორ კვირაში ისრაელში მიემგზავრება და უნდა ვიჩქაროთ.

– მასე რომ არ იყოს? – ეჭვი შემეპარა მურადას სიტყვებში.

– მასეა, მასე. დარწმუნებული ვარ, რომ მასეა. მოშიკა სახლიდან არ გამოდის და  პოლზე სძინავს – ნაღდად იმ კომოდს სდარაჯობს, სადაც მთელი ქონება აქვს შენახული. ჩვენ, პროსტო, ის უნდა მოვიფიქროთ, როგორ გამევიტყუოთ ის სახლიდან.

– მერე მოვიფიქროთ, – მოკლედ მივუგე მურადას, რომელმაც მითხრა:

– კაროჩე, კობრაია, ვიცი, რაფერც უნდა გევიტყუოთ მოშიკა სახლიდან, მაგრამ, ძალიან სწრაფად უნდა ვიჩალიჩოთ, თვარა, არაფერი გამოვა და დიდი კუში წაგვივა ხელიდან.

– ვიმოქმედოთ მერე, მეტი რა ვიცით. თუკი პოლკოვნიკის ბაითიდან მთელი ჯოგი გამოვიტყუეთ, მოშიკა რაღა ყოფილა?

– კაროჩე, კობრაია, ასე უნდა ვქნათ: მოშიკას საღამოს ექვსის ნახევარზე ქვითარს მივუტანთ ფოსტიდან, რომ ვითომ მოსკოვის ოვირიდან (ვიზების გამცემი განყოფილება) დაზღვეული წერილი მოუვიდა. ფოსტის განყოფილება მისი სახლიდან ას მეტრში, მოსახვევს იქით მდებარეობს და მისვლა-მოსვლას მაქსიმუმ ათი წუთი დასჭირდება. ფოსტა ექვსზე იკეტება და მოშიკას მაშინვე მოუწევს წასვლა. თუმცა, შეიძლება, მეზობელს სთხოვოს სახლში დარჩენა და ამ შემთხვევისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, – მითხრა მურადამ.

დათქმულ დროს, ჩვენ მიერ ას მანეთად დაქირავებულმა, ფოსტის კურიერის სამოსში გამოწყობილმა ოციოდე წლის სტუდენტმა ბიჭმა, მოშიკას ყალბი ქვითარი მიუტანა. მე და მურადა ოციოდე მეტრში, ძველი ნასახლარის ნანგრევებიდან დურბინდით ვუთვალთვალებდით მოშიკას, რომელიც დაფაცურდა, მეზობელს გადასძახა, სახლში დატოვა და თვითონ ფოსტისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით. მოსახვევს რომ მიეფარა, მურადას ვუთხარი:

– დროა, სანეპიდსადგურის ინსპექტორი გაუშვი.

იქვე ორას მანეთად დაქირავებული ორმოციოდე წლის მამაკაცი გველოდებოდა, რომელსაც სახეზე მარლა ჰქონდა აფარებული და წინასწარ იცოდა, რაც უნდა ექნა. ის ჩქარი ნაბიჯით მივიდა მოშიკას სახლში და იქ მყოფ მეზობელს უთხრა, უბანში ქოლერის ჩხირებია აღმოჩენილი და ყველა სახლს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდესო. ამ ამბით თავზარდაცემული მეზობელი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, მე და მურადა კი ავეჯის მცირე ზომის სატვირთო მანქანით სასწრაფოდ მივადექით მოშიკას ცარიელ სახლს, იქიდან საკმაოდ მძიმე, ანტიკვარული კომოდი გამოვიტანეთ, მანქანაში ჩავდეთ და სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას. მოსახვევს რომ მივუახლოვდით, მოშიკას მოვკარით თვალი, რომელიც ფოსტიდან გამოვარდა და სახლისკენ მოკურცხლა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, ფოსტაში ეტყოდნენ, რომ ქვითარი ყალბი იყო.

– ათიანში გავარტყით, კობრაია, ძამია, – მითხრა მურადამ, როცა გაქცეული მოშიკა დაინახა, – კომოდში რომ ქონება არ ჰქონდეს დამალული, ასეთი შეშლილი სახით არ გეიქცეოდა სახლში.

მოპარული ავეჯის მანქანა რიონის პირას დავტოვეთ, კომოდი კი ნათხოვარი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მურადას სახლში მივიტანეთ, საგულდაგულოდ, სულ მისხალ-მისხალ დავშალეთ და იქიდან პატარ-პატარა ოქროს ნადნობები და ძვირფასი თვლები ამოვიღეთ.

– ნახე, რა შებერტყილია ეს მოშიკა?! მთელი თავისი ქონების საზღვარგარეთ გატანა ამ კომოდით უნდოდა, – ვთქვი მე და მურადას ვკითხე: მურად, ძმაო, აქ ძალიან დიდი ქონებაა და, ცოდოა მოშიკა, რომ მთლიანად დავაკარგვინოთ. რას იტყვი, რომ ნახევარი დავუბრუნოთ?

– რა უნდა ვთქვა, კობრაია, ძამია, მართალი ხარ. ეგ უბედური, ალბათ, მთელი ცხოვრება აგროვებდა და, სულ რომ დაკარგოს, უკვე თუ არ გასკდომია გული, აუცილებლად გაუსკდება. ამიტომ, ნახევარი მართლა უნდა დავუბრუნოთ, – მითხრა მურადამ.

საბედნიეროდ, მოშიკა ცოცხალი იყო და მხოლოდ მაშინ გაუხდა გული ცუდად, როდესაც ჩვენ მიერ დაქირავებულმა სტუდენტმა თავისი ნახევარი ქონება უკან მიუტანა წერილთან ერთად, რომელშიც მას ისრაელში ბედნიერ მგზავრობას ვუსურვებდით. 

მოშიკას ამბავი არ გაბაზრებულა, რადგან ის საკმაოდ ჭკვიანი იყო და არავისთან დასცდებოდა – გამქურდეს და შემდეგ ნახევარი ქონება დამიბრუნესო, რადგან, ეს ამბავი რომ მილიციის ყურამდე მისულიყო, მას დაბრუნებულ ქონებასაც წაართმევდნენ, ვალსაც დაადებდნენ და, შეიძლება, ციხეშიც კი გამოემწყვდიათ. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა და,  უბრალო, რიგითი ადამიანები, სწორედ ამიტომ უფრო ენდობოდნენ მილიციაზე მეტად ქურდებს. 

ერთხელ, ჯერ კიდევ შკოლნიკობის პერიოდში, მე და ყბედალო ბერძენასთან ვიყავით სახლში. იქ იყო ზურა ქართველიშვილიც. ის სულ რაღაც სამი დღის გამოსული იყო სროკიდან, მაგრამ, ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა და უამრავი ადამიანი აკითხავდა სანახავად, რომლებიც მას პატივისცემის ნიშნად საქეიფოდ პატიჟებდნენ. ამის გამო, იმ დღეს ზურა დილიდან ბერძენასთან აფარებდა თავს და გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ყველასთვის დაემალა მისი იქ ყოფნის ამბავი.

– ყელში ამომივიდა ამდენი დალევა. როგორია, ადამიანი შენს სანახავად მოდის, საქეიფოდ გეპატიჟება და შენ კი უარს ეუბნები! ამიტომ, ჯობია, სადმე შეაფარო თავი და არ გამოჩნდე, – გვითხრა ზურამ და სწორედ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ზურამ ბერძენას უთხრა:

– ხომ იცი, მე აქ არ ვარ.

ბერძენამ კარი გააღო და მამაკაცის ხმა გაისმა:

– გამარჯობა! კოტე ბერძენიშვილი თქვენ ხართ, ხომ?

– დიახ, მე ვარ. რა გნებავთ? – ჰკითხა ბერძენამ.

– მე ზურა ქართველიშვილს ვეძებ. თქვენთანაა?

– არა, ჩემთან არაა.

– კარგი. ბოდიშს გიხდით, ნახვამდის.

– ნახვამდის, – მიუგო ბერძენამ, კარი მიხურა და ოთახში დაბრუნდა.

– ვინ იყო? – ჰკითხა ზურამ ბერძენას.

– ნავთის სკლადთან რომ ცხოვრობს, პროფესორი, „გეპეიში“ რომ ლექციებს კითხულობს. შენ გეძებდა, – მიუგო ბერძენამ.

– მერაბ კაკაბაძე? – გაუკვირდა ზურას, – აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ერთმანეთს კი ვიცნობთ, მაგრამ, ჩემს სანახავად, მით უმეტეს, რესტორანში დასაპატიჟებლად, ნამდვილად არ მოვიდოდა. მიდი ერთი, დაეწიე და ამოიყვანე!

ათიოდე წუთის შემდეგ მერაბ კაკაბაძე ჩვენ წინაშე იდგა და გვიღიმოდა. მან ჯერ მე და ყბედალოს ჩამოგვართვა ხელი, შემდეგ ზურა მოიკითხა და პაუზა გააკეთა. აშკარა იყო, ზურასთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ჩვენთან თავს იკავებდა. ზურა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და, ჩვენთვის გული რომ არ ეტკინა, კაკაბაძეს უთხრა:

– წამობრძანდით სამზარეულოში და იქ ვილაპარაკოთ.

მე და ყბედალო მერაბ კაკაბაძეს კარგად ვიცნობდით, რადგან, მისი უმცროსი ქალიშვილი, ნათია, ჩვენი თანაკლასელი იყო, მასთან ვმეგობრობდით და მის სახლშიც ხშირად ვყოფილვართ. ამიტომ, როდესაც ისინი სამზარეულოში გავიდნენ, ყბედალომ თქვა:

– ვაა, მერაბს აქ რა უნდა, ტო, თანაც, ზურასთან?!

– მაგარია ზურა! – თქვა ბერძენამ, – ნახეთ? არ გვაკადრა დაგვტოვეთო და თვითონ გაიყვანა პროფესორი.

– ზურასთან რა საქმე აქვს, ტო, ნათიას მამას? – გაიმეორა ყბედალომ, მაგრამ, გაჩუმდა, რადგან, ზურა და მერაბ კაკაბაძე სამზარეულოდან გამოვიდნენ.

– კარგად იყავით, ახალგაზრდებო, – გამოგვემშვიდობა მერაბ კაკაბაძე და კარისკენ გაემართა, სადამდეც ის ზურამ მიაცილა და, ოთახში რომ დაბრუნდა, კოპებშეკრულმა ჰკითხა ბერძენას:

– „ჩორნი ანზორა“ ვინაა?

– ვინ ჩორნი ანზორა, ზურა? – გაიკვირვა ბერძენამ და მეც და ყბედალომაც მხრები ავიჩეჩეთ, რადგან, ასეთი მეტსახელით არათუ მთაწმინდაზე, არამედ, მთელ თბილისში არავის ვიცნობდით.

– გრიბოედოვზე, კონსერვატორიასთან ცხოვრობს, შავი, გამხდარი ბიჭიაო, ასე მითხრა პროფესორმა კაკაბაძემ, – აგვიხსნა ზურამ.

– ვისზე ამბობ, ანზორა კურკლისთავაზე? ასეთი შავი როჟა მთელ თბილისში მხოლოდ ეგაა, – თქვა ბერძენამ.

– კაროჩე, მაგ ნაგლს პროფესორისთვის ხუთასი მანეთი გამოურთმევია ერთი თვის წინ. სახლში დასდგომია და უთქვამს, ცოლისთვის მინდა, მშობიარეა და მიკვდებაო. კაკაბაძეს კი შესცოდებია და ფული მიუცია.

– რა ცოლი, ზურა, ანზორა გაქანებული მორფინისტია და, ალბათ, წამლის ფული უნდოდა. სად ჰყავს ცოლი, ერთი უვარგისი ვინმეა, – თქვა ბერძენამ.

– მოკლედ, პროფესორს გაუიასნებია, რომ ის ნაგლი ატყუებდა და არანაირი ცოლი არ ჰყოლია. ამიტომ, სახლთან დახვედრია და ვალი მოუთხოვია. იმას კი უთქვამს, ჩორნი ანზორა ვარ, შენი ფული ქურდულ საქმეს მოხმარდა და ვერ მიიღებო. კაკაბაძემ მითხრა, არც იმ ნაბიჭვრის შემშინებია და არც ფულშია საქმე, მაგრამ, მაინტერესებს, მართლა ქურდებს ხომ არ მოხმარდათ ეს ფულიო. მე შევპირდი, გავარკვევ და შეგატყობინებ-მეთქი. პროფესორი კი ამბობს, იმ ანზორას მე თვითონ მოვთხოვ პასუხს და ცხვირ-პირს ამოვუნაყავო. ამ ინტელიგენტ კაცს მუშტიკრივს ხომ არ გავამართვინებთ. ამიტომ, აქ ამომითრიეთ და მანახეთ ერთი, რა ჩორნი ანზორაა, – თქვა ზურა ქართველიშვილმა.

– რის ჩორნი ანზორა, – გაეცინა ბერძენას, – წვრილი თავი აქვს, თხის კურკლივით და „კურკლისთავას“ ეძახიან. მურტალი მორფინისტია და წამლისთვის ნა ვსიო სპასობნია. ამ საქმეს უშენოდაც მოვაგვარებთ და ფულსაც მოვაჯმევინებთ იმ ნაგლს.

– არა, აქ მომითრიეთ, პირადად უნდა დაველაპარაკო, – თქვა ზურამ.

მე და ყბედალომ ნახევარი საათის შემდეგ მოვუყვანეთ ზურას კურკლისთავა ანზორა. მან ალმაცერად შეხედა კურკლისთავას და ჰკითხა:

– ჩორნი ანზორა შენ ხარ?

– დიახ, – ენა დაება კურკლისთავას.

– აბა, ერთი მითხარი, რა ქურდულ საქმეს მოახმარე პროფესორ კაკაბაძისთვის გამორთმეული ფული?

– დამნაშავე ვარ, – ძლივს ამოღერღა კურკლისთავამ, ზურას კი ზიზღი აღებეჭდა სახეზე და უთხრა:

– ვენაში გაუშვი ეგ ფული და ქურდებს გვაბრალებ, შე ნაგლო? ღირსი არა ხარ, რომ კაცმა ცხვირ-პირი გაგიერთიანოს და ყურები დაგაცალოს?

– ღირსი ვარ, – თქვა გაფითრებულმა ანზორამ, რომელიც ისე იყო შეშინებული, რომ შავი სახე მთლად გაუთეთრდა.

– ღირსი ხარ რომელია, მაგრამ შენზე ხელს არ გავისვრი. წადი და დღესვე დაუბრუნე ვალი პროფესორს!

კურკლისთავას კიდევ უფრო თეთრი ფერი დაედო სახეზე და ზურას უთხრა:

– ღმერთს გეფიცები, ხუთასი მანეთი კი არა, ხუთი კაპიკიც არ მაქვს და ამდენ ფულს უახლოეს დღეებშიც ვერ ვიშოვი. გეფიცები, ბატონო ზურა, ნამდვილად არ გატყუებ. ორი დღეა, მშიერი დავდივარ და სამი მანეთი არავინ მომცა, რომ კალბასი და პური მეყიდა, – ატირდა კურკლისთავა ანზორა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ამჯერად არ ცრუობდა.

ზურა ქართველიშვილმა დამცინავად გახედა კურკლისთავას, შემდეგ ფულის დასტა ამოიღო ჯიბიდან, ექვსასი მანეთი გადათვალა, მაგიდაზე დადო და კურკლისთავას უთხრა.

– აქ ექვსასი მანეთია. ხუთასს ახლავე მიუტან პროფესორს, ასს კი შენთვის დაიტოვებ და, სანამ რამე წესიერ საქმეს მოჰკიდებ ხელს, საჭმლისთვის გამოიზოგე. პროფესორთან არ თქვა, რომ ფული მე მოგეცი, მაგრამ, იცოდე, თუ გავიგე, რომ ეს ასი მანეთი წამალში დახარჯე და, საერთოდაც, კაიფს თუ არ შეეშვები, სინდისს ვფიცავ, ქურდულ სიტყვას ვამბობ, რომ ხელ-ფეხს მოგამტვრევ, ხერხემალში გადაგტეხავ და ისე დაგდებ. გასაგებია?

კურკლისთავა ანზორა ისე იყო გაოგნებული, თავი სიზმარში ეგონა და ხმას ვერ იღებდა. ხოლო, როცა ზურამ თავისი სიტყვები გაუმეორა და მეორედ ჰკითხა, გასაგებია თუ არაო, კურკლისთავამ ფული ჯიბეში ჩაიდო და სანამ წავიდოდა, თქვა:

– დიახ, დიახ, გასაგებია, ბატონო ზურა, გასაგებია.

ზურას კეთილშობილურმა საქციელმა, რა თქმა უნდა, ყველანი აღტაცებაში მოგვიყვანა, მაგრამ, სიტყვა არავის დაგვიძრავს და ოთახში დუმილი ჩამოვარდა, რომელიც თავად ზურამ დაარღვია და თქვა:

– მურტალი რამეა წამალი.  ისე შეუძლია ადამიანის გადაგვარება, რომ ნა ვსიო სპასობნის გახდის. ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ, მაგრამ, ქურდი ვარ, ქურდული ღირსება გამაჩნია და მის დაკარგვას სიკვდილი მირჩევნია. ამ საცოდავს კი, რომელიც, ალბათ, ოცი წლის თუ იქნება, თითქმის ყველანაირი ღირსება აქვს დაკარგული და საცოდავი მისი მშობლები! ის რომ ჩემი შვილი იყოს, ჯერ მაგას მოვკლავდი და მერე თავს მოვიკლავდი.

– სად ჰყავს მაგ საცოდავს მშობლები, – სინანულით გააქნია თავი ბერძენამ, რომელიც თავად ობოლი იყო და დედ-მამის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, – სამი წლის წინ ავტოავარიაში დაეღუპა დედ-მამა. „ზაჰესთან,“ მტკვარში ჩაცვივდნენ და მხოლოდ ორი დღის მერე იპოვეს...

– ვაა, რას ამბობ. მაგრად დავიგრუზე, – თქვა ზურამ, – პირველად მესმის ეგ ამბავი. რატომ გამომეპარა?

– ანზორა მშობლების სიკვდილის მერე გადმოვიდა მთაწმინდაზე, მანამდე კი ვაკეში ცხოვრობდა და ბინაც სწორედ მშობლების სიკვდილის გამო გაყიდა. უთქვამს, იმ სახლში მარტო ვერ გავჩერდებიო და მთაწმინდაზე გადმოვიდა, – განუმარტა ზურას ბერძენამ.

– ვაა, ვაა, საცოდავი, – თავი გააქნია ზურამ და მე და ყბედალოს გვითხრა:  წადით, ერთი, მოძებნეთ და აქ მომიყვანეთ ეგ ბიჭი.

მე და ყბედალომ ნახევარ საათში მოვუყვანეთ ზურას ანზორა. ის გრიბოედოვის ქუჩაზე, პატარა გასტრონომის გვერდით მდებარე სადარბაზოში ვიპოვეთ. იმ საცოდავს ერთ ხელში შავი პური ეჭირა, მეორეში – წვრილი ძეხვი, ფეხებთან ლიმონათი ედგა, თვითონ კი კიბეზე იჯდა და ილუკმებოდა. რომ დაგვინახა, ყბა გაუშეშდა, მაგრამ მე ვუთხარი:

– მიდი, ძმაო, ჭამე, ჭამე, ხელს არ შეგიშლით. რომ მორჩები, შენთან საქმე  გვაქვს.

– ძმებო, არ გინდათ კალბასი და პური? – შემოგვთავაზა ანზორამ.

– არა, არ გვინდა, შენ ჭამე, – ვუთხარით მე და ყბედალომ, შემდეგ სადარბაზოს კარი მივუხურეთ და იქვე კიბეზე ჩამოვსხედით.

ათი წუთის შემდეგ სადარბაზოდან დანაყრებული ანზორა გამოვიდა, გაგვიღიმა და გვითხრა:

– ხომ მშვიდობაა, ძმებო? პროფესორს ვალი უკვე დავუბრუნე.

– კი, მშვიდობაა. ზურა ქართველიშვილი გიბარებს, – უთხრა ანზორას ყბედალომ.

– ზურა მიბარებს? – ძლივს ამოღერღა ანზორამ, რომელიც კვლავ ცარცივით გათეთრდა, რადგან, შეშინდა.

– ნუ გეშინია, ძმაო, ხომ გითხარით, რომ მშვიდობაა, – მხარზე ხელი მოვუთათუნე ანზორას, – წამოდი, წავიდეთ.

ჩემმა სიტყვებმა ანზორა ოდნავ დააწყნარა, მაგრამ, მაინც აფორიაქებული ჩანდა. ის მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, როდესაც ზურამ გაუღიმა, ხელი ჩამოართვა, წინ დაისვა და უთხრა:

– შენი ოჯახური ტრაგედიის ამბავი ამ ცოტა ხნის წინ შევიტყვე და გულით თანაგიგრძობ, ძმაო. რას იზამ, ცხოვრება ასეთი სასტიკია და უნდა გავუძლოთ.

– გმადლობთ, ბატონო ზურა.

– ზურა დამიძახე, – უთხრა ზურამ და ჰკითხა, – რამდენი წლის ხარ?

– ოცდაერთის.

– ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ, თუმცა, არც ისეთი პატარა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხი არ მოგეთხოვებოდეს. არ მუშაობ, არ სწავლობ და წამალს იკეთებ... – ხომ მართალს ვამბობ, რამე ხომ არ მეშლება?

– არა, ზურა, არ გეშლება. თუმცა, ადრე გეპეიში ვსწავლობდი და მესამე კურსიდან გამომრიცხეს. ოთხი გამოცდა ვერ ჩავაბარე, წამალზე შევჯექი და იმიტომ.

– რამე რომ იყოს და გეპეიში აღგადგინონ, ისწავლი?

– კი, ვისწავლი.

– კარგი, ძმაო, შენი აღდგენა ჩემზე იყოს. მაგრამ, უნდა შევთანხმდეთ, რომ წამალს აღარასოდეს გაეკარები და საერთოდ, წესიერ ცხოვრებას მოჰკიდებ ხელს. შეძლებ?

– მე მგონი, კი.

– არა, არა, ძმაო, „მე მგონი“ არ გამოგვადგება, „ზადნი ხოდის“ გარეშე: ან ჰო, ან არა! მაგრამ, თუ „ჰოს“ იტყვი, აღარ უნდა გადათქვა და, რაც არ უნდა მოხდეს, ძველ ცხოვრებას აღარ უნდა დაუბრუნდე. გასაგებია, რომ შენი დედ-მამის დაღუპვამ დიდი დაღი დაგასვა, მაგრამ, კაცი ხარ, ნებისყოფა უნდა მოიკრიბო, წუმპიდან ამოხვიდე და იქ აღარ უნდა დაბრუნდე. ამას კი კაცობა სჭირდება. ახლავე დაგვიმტკიცე, რომ კაცი ხარ და, რა დღეშიც იყავი, ის მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო შენს ცხოვრებაში; რომ მეტი აღარასოდეს განმეორდება ეს საზიზღრობა.

– კაცურ სიტყვას გაძლევ, ზურა, რომ წამალს აღარასოდეს გავეკარები და პატიოსნად და კაცურად ვიცხოვრებ, – უთხრა ანზორამ ზურას, რომელმაც მას თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

– ნამდვილად შეძლებ ამას?

– ნამდვილად შევძლებ. ჩემი მშობლების სულს ვფიცავ, – მტკიცედ თქვა ანზორამ და, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლები მოადგა, ზურას თვალებში უყურებდა და ამაყად უღიმოდა.

– დაჯექი, ძმაო, – ზურამ სავარძლისკენ მიუთითა ანზორას, – თვალებში გეტყობა, რომ სიტყვას არ გატეხ. მართალია, ფრთიანი ანგელოზები არ ვართ, მაგრამ, არც ცუდი ხალხი ვართ, უცოდველი კი არავინაა ამქვეყნად. შეგიძლია, ყველგან თქვა, რომ ჩვენი მეგობარი ხარ.

– გმადლობთ, ზურა, – თქვა ანზორამ. ზურამ კი მიუგო:

– მადლობა მაშინ თქვი, ცხოვრებას რომ ააწყობ. კაცნი ვართ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

ამ დროს დააკაკუნეს. კარი ბერძენამ გააღო და სულ მალე მერაბ კაკაბაძესთან ერთად შემოვიდა ოთახში, რომელსაც ხელში პროდუქტებითა და ღვინით სავსე ორი უზარმაზარი ჩანთა ეკავა. ანზორა მისგან ზურგით იჯდა და პროფესორს ყურდღება არ მიუქცევია მისთვის. კაკაბაძემ ჩანთები იატაკზე დააწყო და ზურას უთხრა:

– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, იმ ყმაწვილმა ვალი დამიბრუნა და, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა, რომ, პატივისცემის ნიშნად, თქვენთან ერთად ორიოდე ჭიქით აღვნიშნო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3