კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ათამაშებდნენ მამუკა ლიპარტელიანს ბერძნულ სერიალებში მკვლელის, აფერისტის როლს და როგორ შედგა მისი და ცნობილი მომღერლის, ვოკალის პედაგოგის – ჯული მასინოს რომანი

მამუკა ლიპარტელიანი თითქმის 11 წელია, უცხოეთშია, და თან, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან წარმატებულად საქმიანობს საბერძნეთში, ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და მეგობრებთან ერთად, ახალი სატელევიზიო პროექტების განხორციელება დაიწყო, რომლებიც აჭარის ტელევიიზიით გავა და ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთგვარი „რევოლუციაც“ იქნება. 

 

მამუკა ლიპარტელიანი: დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი. როდესაც მეხუთე კლასში ვიყავი, მქონდა ასეთი მიზანი: ღმერთო, ისე არ მომკლა, ტელევიზიაში რომ არ დავიწყო მუშაობა და კიდევ, ირმა სოხაძე არ გავიცნო-მეთქი. 17 წლის ვიყავი, როცა მივედი ჩემი გადაცემით „პირველ არხზე“ – საავტორო გადაცემა მქონდა ფესტივალებში გამარჯვებულების შესახებ. ირმაც გავიცანი, დავმეგობრდით... მოკლედ, ორივე ოცნება ამისრულდა – 22 წელი ტელევიზიაში ვმუშაობ. ვიყავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის კონფერანსიე. ძალიან ბევრი პროგრამა მიმყავდა, შემდეგ რატომღაც გადავედი სოცუზრუნველყოფის სამინისტროში, მინისტრის თანაშემწედ. თუმცა, ძირითადად, მაინც სატელევიზიო გადაცემებზე ვიყავი ორიენტირებული. მქონდა ჩემი ორი სატელევიზიო პროექტი: „მუსიკალური იმპულსი“ და „ტრამპლინი“. საქართველოში ჩემი ბოლო პროექტი იყო ტელე-მუსიკალური გადაცემა „ბალანჩინი“, სადაც ყოველ ხუთშაბათს იმართებოდა სალონური საღამოები, მყავდა სტუმრები და ყოველ შაბათს გადაცემა გადიოდა ეთერში. ჩემი  გადაცემის ბოლო სტუმარი სოფიკო ჭიაურელი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული სატელევიზიო და კულტურულ ცხოვრებაში, შემოქმედებითად ვერ ვიზრდებოდი. იმ დროს საბერძნეთში იყო მიგრაცია დაწყებული და მეც წავედი. მოკლედ, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ 8 წელი ვიცხოვრე თბილისში.

საბერძენთში არავინ მყავდა, არავის ვიცნობდი, ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. უბრალოდ, ჩემი ოცნება და მიზანი იყო: იქაურ შოუ-ბიზნესში შევსულიყავი. ბერძნული ურთულესი ენაა. ერთმა ქართველმა ქალმა მირჩია: წადი იქ, სადაც ქართველები არ არიანო. ათენიდან შვიდასი კილომეტრის მოშორებით, ბერძნულ სოფელში წავედი და დავიწყე ტავერნაში მიმტანად მუშაობა, რომ ენა მესწავლა. ცხრა თვე ვიმუშავე, ვისწავლე ენა, თუმცა, სანამ ვისწავლიდი, ბევრჯერ მოვხვდი სასაცილო სიტუაციაში. დღეს ძალიან მიყვარს საბერძნეთი და სულ ვამბობ: რომ მოვკვდები, უნდა დავიმარხო ან საქართველოში ან საბერძნეთში-მეთქი. როდესაც საბერძნეთში დაიწყო რეალითი-შოუების ბუმი, ერთ დღესაც ტელევიზორში ვნახე – ჯული მასინო ჰყავდათ მასტერ-კლასებზე ჩამოყვანილი. გადავწყვიტე, მას დავკავშირებოდი. რატომღაც, რადგან ამერიკელია, ჩემსავით ემიგრანტად მივიჩნიე და ვიფიქრე, დამეხმარეობდა. 6-7 თვე მასთან კონტაქტის საშუალებას ვეძებდი, რა თქმა უნდა, არავინ დამეხმარა. მეკითხებოდნენ: საიდან ხარო. რომ ვეუბნებოდი: საქართველოდან-მეთქი, მაშინვე უარს მეუბნებოდნენ. ბოლოს გადავწყვიტე, ერთ-ერთ რეალითი-შოუზე მივსულიყავი, როგორც მაყურებელი. „იქს-ფაქტორზე“ წავედი და როგორც კი სარეკლამო შესვენება გამოცხადდა, მივადექი ჯულის. გამოველაპარაკე, ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და მინდა მასთან დაკავშირება. მომცა ნომრები: პირადი, სახლის და მითხრა: ნებისმიერ დროს დამიკავშირდიო. ჯული იყო და დღესაც არის ბერძნულ შოუ-ბიზნესში „ალა პუგაჩოვა“ – ძალიან გავლენიანი ქალია, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ბერძნული სერიალების ქართველი მსახიობი 

 არხზე – „მეგა“, სადაც მე ვმუშაობდი, იღებდნენ კომედიურ სერიალს „რქიანები“. მომცეს როლი, ვიყავი ინჟინერ-მშენებელი, ოღონდ აფერისტი. ჩემს გმირს ერქვა „ბაბი“. მაგრამ რეჟისორს ისე მოეწონა ჩემი სახელი, „ბაბი“ „მამუკათი“  შეცვალა. თან მითხრა: ტექსტს ქართული სიტყვებიც მიახმარეო. ამიტომ იყო სერიალში ქართული სიტყვებიც. „ისა-ისა“ ქართულად „ხარა-ხურას“ ნიშნავს. ეს სიტყვა, იმდენად მოეწონათ, გადაღებაზე რომ მივდიოდი „ხარა-ხურას“ მეძახდნენ. ბოლოს ვთხოვე: ნუ მეძახით ასე, არ არის კარგი სიტყვა-მეთქი. მოკლედ, საოცრად კარგი სიტუაცია იყო. იყო მეორე სერიალიც – „ედემის საიდუმლო“, სადაც ვთამაშობდი უცხოეთიდან მოწვეულ ადვოკატს. ნებისმიერი უცხოური ენა, როგორ კარგადაც არ უნდა იცოდე, მაინც გაქვს საუბრის დროს დიქცია, აქცენტი. მაღაზიებში რომ შევდიოდი, ყველას ამერიკელი ბერძენი ვეგონე. ამ სერიალში 11 ეპიზოდი ვითამაშე, ძალიან კარგად იხდიდნენ: ერთ ეპიზოდში – 500 ევროს. ამის მერე იყო კომედია „წითელი ოთახი“, ჩემს პერსონაჟს მარკო ერქვა, „რესეფშენში“ მუშაობდა. წითელი პიჯაკი მეცვა, თავი – გადაპარსული და ეტყობა, იმდენად დასამახსოვრებელი პერსონაჟი იყო, რომ როდესაც მაღაზიებში ან რესტორნებში შევდიოდი, ეცინებოდათ: შენ მარკო არ ხარო. ერთ-ერთ სერიალში მქონდა რუსული მაფიის წარმომადგენლის, მკვლელის როლი, რუსულად ვლაპარაკობდი. ცხოვრებაში არ მქონია იარაღი ხელში დაჭერილი და იქ ვისწავლე ყველფერი. თან, მოვკალი ქალაქის მერი, მისი შეყვარებული, მთელი ქალაქი, ანუ, ათენი გავანადგურე.

ბერძნული შოუ-ბიზნესი 

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე ათენში, ომში დაზარალებულთა დასახმარებლად. ისეთი მომღერლები დამიდგნენ გვერდში, ივენთებზე მხოლოდ გამოჩენისთვის რომ, 5 000 ევროს იღებენ, მაგრამ მოვიდნენ და უფასოდ იმღერეს. დარბაზი გაივსო. შეგროვილი თანხა, ანუ 22 ათასი ლარი, გორის გამგეობას გადმოვუგზავნეთ. თუმცა ბერძნულ შოუ-ბიზნესში აქტიურად რომ ჩავერთე, ამაში ყველაზე დიდი წვლილი მაინც ჯულის მიუძღვის. ბერძნულში ორი სიტყვაა: „საღაპაო“ – ნიშნავს მიყვარხარ და მე შემიძლია ეს სიტყვა ვუთხრა ძმას, დას, მეგობარს. მეორე სიტყვა „ეროტემენოს“ – ქალისა და მამაკაცის სიყვარულს აღნიშნავს. მახსოვს, ერთხელ ავედი მასთან და რომ ვუთხარი: „საღაპაო“, გაგიჟდა – მეც მიყვარხარო. მაგრამ ვერ ვიგრძენი ის, რაც მინდოდა და მივხვდი, რაღაც არ იყო კარგად. მერე მეგობარს ვკითხე: რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი. მითხრა, თუ გინდა, სწორად გაგიგოს, უნდა უთხრა: „ეროტემენოს“. მოკლედ, მეორე დღეს ავიტანე მასთან „ქინძმარაული“, ცოტა დავლიე, რომ კომპლექსი მომხსნოდა და ვუთხარი: შენზე ვარ შეყვარებული-მეთქი. მკითხა: რამდენი წლის ხარო. მაშინ მე 31 წლის ვიყავი, ჯული – 55 წლის. მომაყოლა მთელი ჩემი ცხოვრება, მერე თავისი მომიყვა... მოკლედ, ჩვენი რომანი შედგა. მახსოვს, მერე საქართველოში ჩამოვედი, ჩემი დაბადების დღე იყო და მან გადაწყვიტა, სიურპრიზი გაეკეთებინა და საქართველოში ჩამოფრინდა. შარშან, ჩემს დაბადების დღეზე ჩიკაგოში იმყოფებოდა, დამირეკა: შენთვის სიურპრიზი მაქვსო. ერთ-ერთ  რესტორანში გადავიხადე დაბადების დღე. ჯული მოვიდა, 60 წლის კი არის, მაგრამ უნდა ნახო, როგორ გამოიყურება. ჩიკაგოში ჩემთვის დაუწერია სიმღერა და ჩემს დაბადების დღეზე იმღერა ბენდთან ერთად – არაჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთა. ჯული თავის დროზე იყო ენრიკე ეგლესიასის, ბიონსეს, რიჰანას ვოკალის პედაგოგი, მღეროდა ფრენკ სინატრასთან ერთად, ლაიზა მინელის დაქალია, ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობს. რამდენიმე წლის წინ ბიონსეს ათენში ჰქონდა კონცერტი. ერთ დღეს ჯულიმ დამირეკა: მამუკა, სად ხარ, ჩემთან გელოდები სახლში, ნორმალურად ჩაიცვიო. სახლში რომ შევედი, დავინახე საოცრება: ბიონსეს ეცვა თეთრი სარაფანა, სვაროვსკის თვლებიანი „ბასანოჩკები“, თმა აწეული ჰქონდა, კანი – შოკოლადისფერი: ულამაზესი იყო. მივედი, ხელზე ვაკოცე, ვერ დავკმაყოფილდი – ლოყაზე ვაკოცე. მერე დავსხედით და დავიწყეთ საუბარი. საქართველოს შესახებ მკითხა რაღაცეები. ვუთხარი: ძალიან მინდა, საქართველოში ჩამოხვიდე-მეთქი. დიდი სიამოვნებით, ოღონდ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, შენი სამშობლო ძალიან მაინტერესებსო. სეზარია ევორა ყოველ წელს დადიოდა ათენში, ძალიან მიყვარდა, მის კონცერტზე სულ დავდიოდი. 5-6 წელი ვიცნობდი, სულ მეფერებოდა, საოცარი ქალი იყო. „სკორპიონის“ ბიჭებთან მაქვს კარგი ურთიერთობა. ჯულის მეგობრები არიან და მეც ვმეგობრობდი მათთან. საქართველოს სადღეგრძელოც კი დაულევიათ ბიჭებს. 

ათენის რაიონებში ჩატარებული მიტინგები და დაბრუნება საქართველოში 

ბოლო პერიოდში საბერძნეთში ვიყავი „ემტივის“ პროდიუსერი, მაგრამ შემდეგ პოლიტიკურ ბატალიებში გადავერთე. ერთი პერიოდი, ათენში ვხელმძღვანელობდი არასამთავრობო ორგანიზაციას „ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის.“ 48-50 რაიონი აქვს ათენს და ყველა რაიონის უფროსებისგან მქონდა ნებართვა აღებული – ყოველ შაბათ-კვირას ვატარებდით მიტინგებს. წინასაარჩევნო პერიოდი იყო  და არ გვქონდა უფლება, არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. იმდენად ამაზრზენი იყო ის, რაც მაშინ ხდებოდა, რომ დიდი პროტესტის გრძნობა მქონდა. ბერძნებიც მედგნენ გვერდში, ბევრი არალეგალი მყავდა ორგანიზაციაში და გარანტია მქონდა აღებული პოლიციისგან, რომ მათ არავინ მოჰკიდებდა ხელს. 

2011 წელს საქართველოში ჩამოვედი, პროექტები ჩამოვიტანე, რომელიც „იმედმა“ წამართვა. ესენი იყო: „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ახალი ხმა“. ორივე საერთაშორისო პროექტია, ჩემი არ არის, მაგრამ მე ჩამოვიტანე. გიორგი არველაძე გაგებაშიც არ იყო, „იუთუბზე“ რომ ვაჩვენე. დღემდე მაქვს მისი „იმეილები“ შენახული. როცა  ვუთხარი, პოლიტიკაში არ ვარ და არც პარტიული ვარ-მეთქი, ერთ კვირაში არც ერთ პროექტში აღარ ვარსებობდი. არადა, ორივე გადაცემა დღეს გადის „იმედის“ არხზე. მერე თქვეს, რომ თითქოს ნოე სულაბერიძემ ჩამოიტანა „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ნოეს არაფერი ჩამოუტანია, მამუკამ ჩამოიტანა, ლიპარტელიანმა. ეს ორი პროექტი გიორგი არველაძესთან კაბინეტში საუბრისას დაიბადა და შემდეგ გახდა სულაბერიძის... გარდა ამისა, ერთ მშვენიერ დღეს არველაძემ მკითხა: ჩვენი დილის ეთერი მოგწონსო? არ მომწონს-მეთქი. მაშინ, იქნებ შენი ხედვით გაგვიკეთოო. დავწერე პროექტი, პილოტიც გადავიღეთ, მთელი ბორდი შეკრიბეს. არხმა გაიგო, რომ ვიღაც ქართველი პროდიუსერი ჩამოვიდა უცხოეთიდან, რომელიც უნდა გახდეს დილის ეთერის პროდიუსერი. მთავარ წამყვანად მოიაზრებოდა გვანცა ზაქარეიშვილი, თანაწამყვანად – მიკი ჯეჯელავა, ნუკი კოშკელიშვილი. ნუკის, ეტყობა, „გაუტყდა“, რომ თანაწამყვანი იყო, თან ჩაწერაზე დააგვიანა და საყვედური ვუთხარი. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, ამუშავდა ალინა არველაძის „მანქანა“, რადგან დამტკიცებულ, დაგეგმილ პროექტზე დამირეკეს: სამწუხაროდ, თქვენი პროექტი ვერ გავა ეთერშიო. გავოგნდი, მიზეზი ვერ გავიგე, ისეთი ტაბუდადებული იყო ეს თემა. სამაგიეროდ, პირდაპირ ეთერში, ცენტრალურ წამყვანად გამოჩნდა ნუკი კოშკელიშვილი და გადაცემა 2 წელი გადიოდა იმ ფორმატით, იმ განლაგებითა და რეკვიზიტებით, როგორიც მე გავაკეთე. არ გამიპროტესტებია, მირჩიეს: შარი თუ არ გინდა, აქედან წადიო. მოკლედ, წამოვედი. ყველაზე საინტერესო რამ მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოხდა. ასეთი პროექტია – „10+10“  და მთხოვეს, იქნებ ამ პროექტით ევროპის ბაზარზე, ტელევიზიებში გავიდეთო. მე ვუთხარი: ამ ეტაპზე შემიძლია გავაკეთო ესპანეთი, გერმანია და საბერძნეთის ტელევიზიები. შევხვდი არხის მთავარ პროდიუსერს გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელმაც მითხრა: შენ გარე პროდიუსერი იქნებიო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერი გამეგო, დავთანხმდი. შემდეგ ვკითხე: ფინანსური მხარე მაინტერესებს-მეთქი. ასეთი პასუხი მივიღე: თქვენ ფული თუ გაინტერესებთ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო. ამის მერე შევხვდი გიორგი ჭანტურიას, ვუთხარი: თქვენმა ქვეშევრდომმა ასეთი პასუხი გამცა. რამდენი წელია, საქართველოში არ ცხოვრობო. 10-11 წელია-მეთქი. ჩაიცინა და მითხრა: ეტყობა, ერთმანეთს ვერ გაუგეთო. მოკლედ, გაოგნებული დავრჩი. ისევ ათენში დავბრუნდი და ჩავერთე პოლიტიკურ ფერხულში. შემდეგ ისევ დავბრუნდი საქართველოში და დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია – „ჩვენ დავბრუნდებით“, ემიგრაციის თემაზეა. „ობიექტივიზეც“ მქონდა გადაცემა, მაგრამ სამ თვეში დამიხურეს – საქართველოში რაღაც არ მიმართლებს. თუმცა, მაინც ვაპირებ აქ გაჩერებას და „აჭარის“ ტელევიზიით საინტერესო გადაცემების გაკეთებას. 

 

скачать dle 11.3