მრავალმხრივ განათლებული ქართველი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „პროფესორა“ „კაგებეს“ ჯაშუშის პოვნაში დაეხმარა
მრავალპროფილიანი ბოროტმოქმედი
36 წლის კოტე ჩიხლაძე 1940 წელს იყო დაბადებული და მას მილიცია ეძებდა. თბილისელ კოტეს შავ სამყაროში „პროფესორას“ მეტსახელით იცნობდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, ორი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისური ენის სპეციალისტისა და ხელოვნებათმცოდნის დიპლომებს ფლობდა. ინგლისურის გარდა, ჩიხლაძე სრულყოფილად ლაპარაკობდა გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და სპარსულ ენებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულზე, აზერბაიჯანულზე, სომხურსა და ქურთულზე. ქართულად კი მშვენიერ ლექსებსა და ნოველებს წერდა და სრულყოფილად იცოდა ძველი ქართულით დაწერილი ოთხთავი. პროფესორა ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, საუცხოოდ ხატავდა და უზადოდ შეეძლო ქვასა და ხეზე ჭრა. ეს მრავალმხრივად განვითარებული, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, მრავალპროფილიანი ბოროტმოქმედი იყო და, მძიმე, ძალადობრივი დანაშაულებების გარდა, ნებისმიერ კრიმინალზე მიდიოდა, თუმცა, ყველა დანაშაულს შემოქმედებითად უდგებოდა, რის საშუალებასაც კოტე ჩიხლაძეს მისი მრავალმხრივი განსწავლულობა და ტალანტი აძლევდა. პროფესორა, ძირითადად, ქურდობასა და თაღლითობას სჩადიოდა. მილიცია კი მას იმის გამო ეძებდა, რომ 1976 წლის 3 მაისს მოსკოველი იუველირის, აბრამ პენკინის ბინა გაქურდა. ჩიხლაძემ ჯერ ინტიმური კავშირი დაამყარა იუველირის ვნებიან მეუღლესთან – რიტასთან, შემდეგ მათი ბინის გასაღებები დაამზადა, სახლი პირწმინდად გაასუფთავა და მიიმალა. რადგან მილიციამ მშვენივრად იცოდა პროფესორას ხელწერა, „მურში“ რიტას ჩიხლაძის ფოტოები უჩვენეს, რომელშიც ქალმა თავისი გულისსწორი – „ბელორუსი ლიტერატორი“ ამოიცნო და მილიციამ კოტე ჩიხლაძეზე საკავშირო ძებნა გამოაცხადა.
„იმპერიის სიმბოლო“
1976 წლის 8 სექტემბერს პროფესორა შავიზღვისპირა ქალაქ ანაპაში რიგითმა მილიციელმა დააკავა – კოტე ჩიხლაძე ვიღაც დამსვენებელმა იცნო, რადგან მისი სურათი ძებნილთა სტენდზე ჰქონდა ნანახი რკინიგზის სადგურზე. კოტე მზის სათვალით დადიოდა და ამგვარად იფარავდა სახეს, მაგრამ, იმ საბედისწერო დღეს, ის ბუკინისტურ მაღაზიაში იყო შესული, მზის სათვალე მოხსნილი ჰქონდა და რაღაც ძველ წიგნს ფურცლავდა. სწორედ იმ დროს შენიშნა ის ვიღაც ქალმა, რომელიც, ასევე, მაღაზიაში იმყოფებოდა, კოტეში ძებნილი ამოიცნო, ქუჩაში გავარდა და იქვე მდგარ ახალგაზრდა რიგით მილიციელს პროფესორა დააჭერინა.
– ყოჩაღ, გრიშკო, შენ ძალიან ცნობილი და საშიში ბოროტმოქმედი დააკავე და პრემია და მედალი სიფხიზლისთვის არ აგცდება, – უთხრა 23 წლის რიგით მილიციელს, სტეპან გრიშკოს, სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა ანტონ ვოლკოვმა, როდესაც პროფესორა ანაპის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს.
პროფესორა უკვე ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ანაპაში 32 წლის ქვრივი ქალის, ანა სეროვას ბინაში. მანამდე კი კოტე ჩიხლაძემ ჩვეული მეთოდით ჩაიდინა ორი დანაშაული და, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა ნაქურდალი ნივთი ფულად აქცია, სეროვას ეწვია ანაპაში და უდარდელად ცხოვრობდა. სეროვას ბინის ჩხრეკისას ანაპელმა მილიციელებმა 9 ათასი მანეთი აღმოაჩინეს, რომელიც კოტე ჩიხლაძემ მოპარული ნივთების სანაცვლოდ აიღო. ფულის გარდა, მილიციელებმა ბაჯაღლო ოქროსგან გაკეთებული, მეცხრამეტე საუკუნეში დამზადებული ოქროს არწივი იპოვეს. ნივთი 250 გრამს იწონიდა, ძალიან ლამაზი ნაკეთობა იყო და ამიტომ პროფესორამ ის თავისთვის დაიტოვა.
1976 წლის 11 სექტემბერს, ანუ, პროფესორას დაპატიმრებიდან სამი დღის მერე, კოტე ჩიხლაძე მოსკოვში გადააფრინეს და მის ბინაში აღმოჩენილი, მოპარული ოქროს არწივიც თან წაიღეს. 12 სექტემბერს, დილის 10 საათზე, პროფესორა გამომძიებელმა, მილიციის პოდპოლკოვნიკმა ვიქტორ მუხინმა გამოიძახა დაკითხვაზე. მუხინი კარგად იცნობდა კოტეს და მის მიმართ სიმპათიითაც კი იყო განწყობილი.
– როგორ ხარ, პროფესორო? – ჰკითხა მუხინმა ჩიხლაძეს, მან კი მიუგო:
– აბა, როგორ ვიქნები. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ტუფტაზე ჩავვარდი და ახლა, ალბათ, რვა წელი მაინც მომიწევს ციხეში ჯდომა.
– კოტე, მომისმინე, – უთხრა მუხინმა პროფესორას, – ისე მოვაწყობ ყველაფერს, რომ რვაწლიანი სროკის ნაცვლად სულ რაღაც ორ წელს მოგისჯიან და, თუ გაგიმართლა, ერთ წელიწადში გარეთ გამოხვალ.
– ამის სანაცვლოდ რას მოითხოვთ ჩემგან?
მუხინმა კოტეს ოქროს არწივი დაუდო წინ და უთხრა:
– ეს ნაკეთობა მეცხრამეტე საუკუნეში დაამზადა ნაკლებად ცნობილმა გერმანელმა ოსტატ-იუველირმა ფრიც ნოიერმა და მას „იმპერიის სიმბოლო“ ეწოდება. შენ ზუსტად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა მომიყვე, როდის, სად და რა ვითარებაში ჩაგივარდა ეს ნივთი ხელში და ჩემი პირობა იმ წამსვე შევა ძალაში.
– მოსულა, – გაეცინა პროფესორას და მუხინის კაბინეტში გააბოლა...
ძველი საქმე
მას მერე, რაც პროფესორა მუხინს ყველაფრის გულწრფელად მოყოლაზე დათანხმდა, გამომძიებლის კაბინეტში ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი შევიდა და ჩიხლაძეს ქართულად უთხრა:
– მე უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, მაიორი კოტე გიორგაძე ვარ და თქვენს საქმეს მე წავიყვან. გისმენთ, მომიყევით „იმპერიის სიმბოლოს“ ისტორია.
– შეიძლება ერთი შეკითხვა?
– ბრძანეთ, – უთხრა გიორგაძემ პროფესორას.
– მოქალაქე მაიორო, რადგან ამ ბარახლოთი უშიშროებაა დაინტერესებული, თანაც, ასეთ შეღავათებს მპირდებით, სულელიც მიხვდება, რომ ამ ოქროს არწივის უკან რაღაც სერიოზული საქმე იმალება და, არ შეიძლება, რომ საქმის კურსში ჩამაყენოთ? – უთხრა პროფესორამ მაიორს.
– პრინციპში, შეიძლება. ძველი საქმეა. ამ ათი წლის წინ, მოსკოვში ჩვენი კოლეგა, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ შიშკინი მოკლეს, მისი ბინა კი გაძარცვეს და, სხვა ნივთებთან ერთად ეს ოქროს არწივიც გაიტაცეს. ეს ნივთი შიშკინს 1945 წელს დრეზდენის მუზეუმიდან ჰქონდა ჩამოტანილი, როგორც ალაფი. საოცარი კი ისაა, რომ, გატაცებულ ნივთებს შორის, ეს ოქროს არწივი ყველაზე არაფასეული ნივთი იყო – მონეს, ლოტრეკისა და მოდილიანის ხუთ ცალ სურათთან შედარებით არაფერს წარმოადგენდა. ხელოვნებათმცოდნე ხარ და ჩემზე კარგად იცი, რომ, როდესაც ასეთი დონის სურათებს იპარავენ, ისინი სადმე აუცილებლად ამოტივტივდება, ჩვენ უკვე ათი წელია, მათ ვეძებთ და ვერსად მივაგენით, უცებ კი ეს ოქროს არწივი გამოჩნდა. მაგრამ, მთავარი ამ საქმეში ისაა, რომ მოკლული გენერლის სახლიდან, სავარაუდოდ, ძალიან ძვირფასი, საიდუმლო საბუთები დაიკარგა და, სწორედ იმის გარკვევა გვინდა წაიღეს თუ არა ეს საბუთები ძვირფას ნივთებთან ერთად. ამას კი იმ შემთხვევაში დავადგენთ, თუკი მკვლელსა და ქურდს შევიპყრობთ, რაც ერთი და იგივეა, ანუ, ის ერთი და იგივე პიროვნებაა, – უთხრა გიორგაძემ ჩიხლაძეს.
გიორგაძემ ჩიხლაძეს არ გაუმხილა, საბჭოთა უშიშროების ეჭვი, რომ მკვლელმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ შიშკინის ბინიდან მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების ზესაიდუმლო სქემა წაიღო, რაც ატომური ომის დროს, ფაქტობრივად, დაუცველს ხდიდა საბჭოთა დედაქალაქსა და მის შემოგარენს. „ჩეკისტების“ აზრით, გენერლის ბინის გაქურდვა ინსცენირებული იყო, მთავარი მიზანი კი სწორედ ეს საიდუმლო დოკუმენტები იყო.
– არ გამიკვირდება, რომ მონე, ლოტრეკი და მოდილიანი დაწვეს და გაანადგურეს, ეს ბარახლო კი მხოლოდ იმიტომ შეინახა მკვლელმა, რომ ის ბაჯაღლო ოქროსგანაა დამზადებული, – უთხრა გიორგაძემ ჩიხლაძეს.
– მონეს, ლოტრეკისა და მოდილიანის ტილოების გამნადგურებელი ინკვიზიციის კოცონზე უნდა დაწვა, – უთხრა პროფესორამ გიორგაძეს, – ეს არწივი მე 21 ივლისს ლენინგრადში, გენერალ ანტონ ალექსეევის ბინიდან წამოვიღე. როგორც ყოველთვის, ჯერ მის ცოლთან გავერთე, შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით, ცარიელ სახლში შევედი, გავასუფთავე და დავითესე. ეს ნივთი საიდუმლო სეიფში იდო 23 ათას მანეთთან ერთად, რომელსაც კარადის უკან მივაგენი. სეიფში კიდევ რაღაც ქაღალდები ელაგა, მაგრამ, რა ჩემ ფეხებად მინდოდა...
როგორც უშიშროებამ დაადგინა, ცოლ-ქმარ ალექსეევებს ქურდობის შესახებ არაფერი განუცხადებიათ მილიციისთვის. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ პოდპოლკოვნიკი ალექსეევი ათი წლის წინ მოკლული ვლადიმირ შიშკინის ადიუტანტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი შეფის მკვლელობის დღეს სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ციმბირში, ანუ, რკინის ალიბი ჰქონდა და მაშინ, მისი პიროვნება ეჭვმიტანილთა სიაში არც კი შეუტანიათ.
– მდაა... როგორც ეტყობა, კვანძი იხსნება, – თქვა გიორგაძემ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციები გააანალიზა და მოქმედების გეგმა დასახა...
აგენტი „რიგითი“
ანტონ ალექსეევი 1969 წელს, ანუ, გენერალ შიშკინის მკვლელობიდან სამი წლის მერე, ლენინგრადში გადაიყვანეს სამუშაოდ და გენერლობაც იქ მიიღო, 1976 წელს კი ლენინგრადისა და ლენინგრადის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის უფროსის პირველი მოადგილე გახდა.
გიორგაძის ჯგუფმა მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა, 1976 წლის 10 ოქტომბერს კი, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, გრიმიანი გენერალი ერმიტაჟში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც მან ამერიკის „ცეერუს“ თანამშრომელს, პაულ ნელსონს, სამოქალაქო თავდაცვის საიდუმლო საბუთები გადასცა. ალექსეევი „ცეერუს“ აგენტი, მეტსახელად „რიგითი“ აღმოჩნდა, რომელსაც უკვე ხუთი წელი იყო, უშედეგოდ ეძებდა საბჭოთა უშიშროება და, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა სისტემის მაღალჩინოსანი აღმოჩნდებოდა, მან ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა და თქვა, რომ გენერალი შიშკინი მისი მოკლული იყო.
– მე რკინის ალიბი მქონდა და როდესაც ჩემი ორეული, რომელიც ერთ კვირაში ააორთქლეს, ირკუტსკის სასტუმროს ნომერში ნებივრობდა, მე იმ დროს შიშკინს ვეწვიე, მოვკალი და საბუთები და ნივთები გავიტაცე. სურათები დავწვი, საბუთები კი ამერიკელებს გადავეცი და მხოლოდ ოქროს არწივი დავიტოვე, რომელმაც საბოლოოდ დამღუპა, – აღიარა ალექსეევმა.
– თქვენ სიხარბემ დაგღუპათ, გენერალო და დამსახურებულ სასჯელს მიიღებთ! – უთხრა ალექსეევს გიორგაძემ და პატიმარი საკანში დააბრუნა.
ალექსეევს სიკვდილი მიუსაჯეს და ჯაშუშობისთვის დახვრიტეს, პროფესორა კი პასუხისგებისგან გაათავისუფლეს. ის დღესაც ცოცხალია, მოსკოვში ცხოვრობს და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული „იმპერიის სიმბოლო“ შიშკინების ოჯახს დაუბრუნეს, მონეს, ლოტრეკისა და მოდილიანის ხუთი შედევრი კი აუნაზღაურებლად განადგურდა...