როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ასათიანი-ასათიშვილი
ქართულ საგვარეულოებს შორის ასათიანებს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავთ. აზრთა სხვადასხვაობაა მეცნიერებაში გვარის ვინაობა-სადაურობაზე. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გვარს, ბევრ სხვა ქართულ გვართა მსგავსად, ფუძედ დასდებია უცხო სიტყვა. გვარის ფუძეა არაბული სიტყვა ასათ (ქართულად – ლომი), რომელიც საუკუნეების წინ შემოუტანიათ ჩვენთან. საკუთარი სახელი ასათ დასდებია საფუძვლად გვარებს: ასათისძე, ასათიშვილი, ასათიანი.
იოანე ბატონიშვილის აღწერის მიხედვით, ასათიანები იყვნენ ასათისშვილები, ხოლო ასათიშვილები კი – ვაჩნაძიანთ გვარისანი, ხორნაბუჯელნი.
ასათიანისა და ასათიშვილის იგივეობა ეჭვს არ იწვევს.
სახელით ასათ, არაერთი ცნობილი წინაპარიც გვყავდა ქართველებს.
ასათიშვილთა და ასათიანთა გვარს წინ უსწრებდა უძველესი გვარი, ფორმით – ასათისძე. ვახუშტი ბატონიშვილი ქვეთავში – „მთავართა გუართათვის“ – წერს: „გუარნი მთავართა მათ ძველთანი არიან: ქობულისძე, ასათისძე, კარიჭისძე...“
ერთ-ერთი მოსაზრებით, ხორნაბუჯიდან ასათისძენი დასავლეთ საქართველოში გადასულან და ლეჩხუმამდე მიუღწევიათ. ისე კი, მათ გადასვლას ლიხთ-იმერეთში ვარაუდობენ მეთორმეტე საუკუნის 70-იან წლებში.
ლიხთ-იმერეთის თავადურ საგვარეულოთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ასათიანთა გვარი. აქ ასათიანები ჩანან ქვეყნის ყველა კუთხეში: იმერეთში, გურიაში, ლეჩხუმში, სვანეთში, დადიანების კარზე.
ლეჩხუმში დამკვიდრებული სამეფო აზნაურები უნდა იყვნენ ქველი და არდაშელი ასათიანები, რომელნიც, სარგის კაკაბაძის ვარაუდით, მეთხუთმეტე საუკუნის სასისხლო სიგელში გვხვდებიან. ამ დროს ისინი მეფის წინაშე „დიდად ერთგული აზნაურიშვილები“ ყოფილან.
ასათიანთა ერთი შტო სვანეთშიც არის და ისინი თავადებად მოიხსენიებიან.
იმერელ ასათიანებში დაწინაურებულად ჩანს ღუღუნასშვილი – ბერი ასათიანი.
საქართველოში 3 716 ასათიანი ცხოვრობს: თბილისში – 1 160, ქუთაისში – 1 113, წყალტუბოში – 214. არიან სხვაგანაც.
სუსუნიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის მეტსახელი, კერძოდ, გვხვდება მამაკაცის მეტსახელები: სუსუნა, სუსნია, სუსუნიკა; ასევე, გვხვდება ამ მეტსახელებისგან ნაწარმოები გვარი – სუსუნიკაშვილი.
ამ გვართან დაკავშირებით ალექსანდრე ღლონტი წერს, რომ მეტსახელიდან სუსუნიკა გაჩნდა და მომდინარეობს გვარი – სუსუნიშვილი.
საქართველოში 75 სუსუნიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 52, თბილისში – 14, ოზურგეთში – 2. არიან სხვაგანაც.
მაძღარაშვილი
ამ გვართან დაკავშირებით, ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „მაძღარა – მეტსახელი გვარებში: მაძღარაძე, მაძღარაშვილი“. სამწუხაროდ, ამ გვართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, კვლევა-ძიება გრძელდება.
საქართველოში 455 მაძღარაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 212, თბილისში – 99, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
ქაჯაია
ქაჯა ეთნონიმური წარმოშობის სახელი უნდა იყოს: ქაჯეთის ციხე, ქაჯები. „ქაჯი – მაცთურთა რასმე იტყვიან. საეშმაკოთა, ვითარცა მინოათა, ჭინკათა, ალსა, კორვიანტსა“.
რუსეთის მთავრობამ ქაჯაიები აზნაურებად ცნო და იმერეთიდან საგვარტომო წიგნში შეიტანა ისინი.
ნაჟანეულის საკათალიკოსო ბეგარის ნუსხაში, მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს, მოიხსენიება შია ქაჯაია.
ქუთაისის მაზრის მიხაილოვის სახელობის მემამულეთა ბანკს აუქციონზე გამოაქვს მემამულე გიორგი ტარიელის ძე ქაჯაიას მამული სოფელ ჭაგანში: „ვენახი, სახნავი მიწა და ტყე – 800 კვადრატული საჟენი დესეტინა, კაპიტალური ვალი – 871 მანეთი და 16 კაპიკი, გადაუხდელი თანხა – 45 მანეთი და 48 კაპიკი, სულ – 916 მანეთი და 64 კაპიკი“.
გვარი მრავალრიცხოვანია. ის შესულია საქართველოში 25 000-ზე მეტი გვარიდან ყველაზე გავრცელებული ათასი გვარის სიაში და რაოდენობის მიხედვით 157-ე ადგილზეა.
საქართველოში 3 585 ქაჯაია ცხოვრობს: თბილისში – 872, მარტვილში – 644, ზუგდიდში – 355. არიან სხვაგანაც.
ქილიფთარი
ქართველთა გვარებში გვარის მწარმოებლად გამოყენებულია სუფიქსები: არი, ური, ული. ასეთებია: ქალანთარი – კალანტარი, გვარად ქცეული თანამდებობის ტერმინი („კალანტარი“ – სპარსულია და „პოლიციის უფროსს“, „ქალაქის თავს“ ნიშნავს). ქალუნდარი კი ხევსურეთში წარმოიშვა საკუთარი სახელისგან – ქალუნდა.
გვარზე ქილიფთარი ილია მაისურაძე „ქართულ გვარ-სახელებში“ წერს: „ქილიფთარი, სილაური, ცრემლის ხიდი; ქილიფთარი (სპარსული), ზოგადი მნიშვნელობით – „მნე სასმელისა, „პირის მეღვინე“.
ზოგი ქილიფთარი ამბობს, ჩვენ ბერძნები ვართო და გული იქით მიუწევთ. ჰგონიათ, რომ მათი წინაპრები საბერძნეთიდან იყვნენ, თავად კი მიგრირებულები არიან საქართველოში, კერძოდ გურიაში. შესაძლოა, ასეც იყოს.
საქართველოში 404 ქილიფთარი ცხოვრობს: ოზურგეთში – 256, თბილისში – 38, ლანჩხუთში – 37. არიან სხვაგანაც.
გოჩაშვილი
დროთა ვითარებაში გვარშეუცვლელი დავითაშვილები, თამაზიშვილები, ბაგრატაშვილ-ბაგრატიშვილები, ელიზბარიშვილები, გოჩაშვილები; თავისთავად, ბაბადიში-ბაბადიშვილები, ისეთივე ბაგრატიონები არიან. ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) „ქართლის ცხოვრების“ თავის დაწერილ მეოთხე ტომში წერს: „ხოლო მუხრანის ბატონი და გოჩაშვილი, აწ მთავარნი, არამედ გუარნი მეფეთა ბაგრატიონთა არიან, ვითარცა აღწერილნი არიან“.
საქართველოში 611 გოჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 249, გორში – 187, ქარელში – 90. არიან სხვაგანაც.
მიქელაძე
მიქელა კაცის საკუთარი სახელია. აქედან არის ნაწარმოები გვარები: მიქელაძე, მიქელავა, მიქელაია, მიქელაიშვილი, მიქელბაია, მიქელთაძე და ასე შემდეგ.
მიქელაძეები დიდი თავადები იყვნენ.
მიქელა ძველ ებრაულ ენაზე ღვთის სწორს, ღვთაებრივს ნიშნავს.
„აზნაური მიქელაშვილის წინაპარნი არიან იმერელი მიქელაძეების სახლის შვილთაგანნი, მდაბალ აზნაურად მიღებულნი, რომელნიც მოჰყვა ზითევსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალს ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისასა და მუნიდგან არიან ცნობილ აზნაურად მიქელაშვილებად 1685 წელსა და მოხსენიებულია ტრაქტატსა შინა“.
საქართველოში 721 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 163, ოზურგეთში – 109, ყვარელში – 67. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა