ჩიტის რძე
საჭირო ინგრედიენტები: ცომისთვის: 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი შაქარი, 100 გრამი ფქვილი; სუფლესთვის: 5 კვერცხის ცილა, 200 გრამი შესქელებული რძე („სგუშჩონკა“), 100 გრამი კარაქი, 25 გრამი ჟელატინი, 120 მილილიტრი წყალი, 50 გრამი შაქარი, ვანილი – გემოვნებით; მინანქრისთვის: 100 გრამი შავი შოკოლადი, 80 მილილიტრი 35-პროცენტიანი ნაღები.
მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მოათავსეთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთის განმავლობაში. სანამ ბისკვიტი შეგრილდება, მოამზადეთ სუფლე: ცალკე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დადგით გასაფუებლად, 30-40 წუთის შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. კვერცხის ცილა ძალიან კარგად ათქვიფეთ ჯერ უშაქროდ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი. ცილის მასას შეურიეთ დამდნარი ჟელატინი და შესქელებული რძის კრემი. ბისკვიტი გაჭერით, შუაში მოათავსეთ სუფლე და ზემოდან დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შოკოლადი დაამტვრიეთ და ნაღებთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. ტორტს გადაუსვით შოკოლადის მინანქარი და შედგით მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს.