ადამი და ევა
რუტინას – არა!
ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ქორწინების შემდეგ წყვილის ურთიერთობაში კარგი აღარაფერი ხდება და იწყება უსაშველოდ გრძელი, რუტინული პერიოდი. არადა, უამრავი ფაქტი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ, სიტყვების – „გახდი ჩემი მეუღლე“ – წარმოთქმის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ იწყება...
* უწინ ინდოეთში ახალდაქორწინებულ წყვილს პირველი საქორწინო ღამე არ ჰქონდათ. ოთხი დღის განმავლობაში საწოლში ცოლ-ქმარს შუაში ედო ხის ჯოხი, რომელიც სპეციალური ჯიშისგან – უდუმ ბარისგან მზადდებოდა და განასახიერებდა ღვთაება ვიშვავარუს. ეს წყვილის მომავალი შვილების ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო.
* თურმე, ქალების 22 პროცენტი გათხოვების პირველ კვირას ძალიან ნანობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
* კენიაში საქმრო ერთი თვის განმავლობაში ვალდებულია, ჩაიცვას ქალის ტანსაცმელი და აკეთოს ქალის საქმე, რათა კარგად მიხვდეს, რა ვალდებულებები აქვს ცოლს და რას გრძნობს ის, როცა საოჯახო საქმეებით არის დატვირთული.
* ამერიკაში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ყველა მამაკაცი, რომელიც ქალს ცოლობას სთხოვს, ვალდებულია, აუცილებლად დაქორწინდეს მასზე და ამას კანონი ავალდებულებს. ანუ, საკმარისია, წამოგცდეს „გახდი ჩემი ცოლი“, რომ ცოლიანი ხარ.
* საქორწინო ტორტის ტრადიცია ძველი რომიდან მოდის. იქ წყვილი ცოლ-ქმრად არ ჩაითვლებოდა, თუკი ხალხის თანდასწრებით საქორწინო ღვეზელის თითო ნაჭერს არ მიირთმევდა.
* ყველაზე ორიგინალური საქორწინო რიტუალი 2003 წლის 10 აგვისტოს კოსმოსში შედგა: რუსმა კოსმონავტმა მალენჩენკომ ამერიკაში მცხოვრებ რუს ეკატირენა დმიტრიევაზე იქორწინა.
მათ საქორწინო კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად, წყვილს განქორწინება მხოლოდ კოსმოსურ ორბიტაზე შეუძლია.
* ნიგერიაში, თუ ცოლი გამხდარია, მის ნათესავებს შეუძლიათ, შესჩივლონ სიძეს და მოსთხოვონ, უკეთ იზრუნოს საკუთარ მეუღლეზე. მდიდარი ქმრები სპეციალურად ქირაობენ დიეტოლოგებს, რათა ცოლები გაასუქონ.
იყავი ჩემთან ახლოს...
ჩახუტება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მეცნიერებიც კი ერთხმად ადასტურებენ იმას, რომ მამაკაცები უფრო ვერ აცნობიერებენ ჩახუტების პოზიტივს, ვიდრე ქალები. ქალბატონებს ამის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილება აქვთ. სწორედ ამიტომ ეხუტებიან დაქალებს, შვილებს... უნდათ, ჩაეხუტონ ქმარს... ისინი კი ამას სენტიმენტალობად მიიჩნევენ და ძალიანაც ცდებიან. უდიდესი პოზიტივია ხელის ხელზე ჩაჭიდება – ამ დროს დადებითი ენერგიით იმუხტება ორივე – ქალიც და კაციც და აგრესიისთვის ადილი აღარ რჩება.
მით უფრო, უჯახური წყვილისთვის, ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ურთიერთობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამ ტიპის სიახლოვე აძლიერებს ნდობას და იწვევს შეჩვევას. ასევე, აჩენს სიმყუდროვის, კომფორტის განცდას.
როცა მამაკაცები ერთმანეთს ხვდებიან, მხარზე ხელს უტყაპუნებენ, ან, უბრალოდ, ხელს ართმევენ. ქალები კი, როცა მეგობარს ვხვდებით, გადავეხვევით და ვეხუტებით, განურჩევლად სქესისა. ესეც ადასტურებს იმას, რომ ქალმა ზუსტად იცის, რა არის მისთვის კარგი და პოზიტიური. როცა ადამიანი გიყვარს, შენსა და მას შორის ბარიერები უნდა წაშალოთ, მარტივი ფიზიკური სიახლოვე კი ამის საუკეთესო საშუალებაა.
ასე რომ, მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს, ხშირად ჩაეხუტეთ და გაეცით სითბო, თავადაც დაიმუხტეთ მისგან წამოსული დადებითი ენერგიით და იგრძენით სიხარული... ბედნიერებაც ასეთი „უმნიშვნელო წვრილმანებისგან“ შედგება – აქამდე არ იცოდით?!
მამაკაცები აპროტესტებენ
ქალების უმრავლესობას მცდარად მიაჩნია, რომ მამაკაცისთვის სულერთია, რა ეცმევა ფეხზე მის ძვირფას მეორე ნახევარს. ძლიერი სქესი იმაზე გაცილებით დაკვირვებული და ყურადღებიანია, ვიდრე ერთი შეხედვით გვაჩვენებენ თავს.
მაგალითად, მამაკაცები მტკიცედ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ფეხსაცმელი დიდ გავლენას ახდენს ქალის გარეგნობაზე. ის მის სილუეტს განსხვავებულად წარმოაჩენს. უკეთესობისკენ ან, პირიქით, უარესობისკენ ცვლის. თუმცა, კონკრეტულად, რომელი სტილის ფეხსაცმელშია ქალი სექსუალური?! რა თქმა უნდა, რთულია, მიხვდე, როგორი ფეხსაცმელი მიაჩნია თქვენთვის მისაღებად და შესაფერისად თქვენს რჩეულს, მაგრამ გამოსავალი არსებობს – როცა სურვილს გამოთქვამს, აქტიურად ჩართეთ ფეხსაცმლის შერჩევაში. საინტერესო სტატისტიკა კი ასეთია:
მამაკაცების 75 პროცენტს მოსწონს ქალი „ტანკეტკა“ ძირიან ფეხსაცმელში.
67 პროცენტი მიიჩნევს, რომ შილიფად ჩაცმული ქალი ფეხზე „უგებით“ ძალიან სექსუალურია.
58 პროცენტს „პლატფორმაძირიანი“ ფეხსაცმელი ნებისმიერი ქალისთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.
55 პროცენტი მამაკაცებისა მოხიბლულია დახვეწილი „შპილკებით“.
49 პროცენტს მოსწონს „მოკასინებიანი“ ქალბატონები.
37 პროცენტი ქალისთვის (მით უმეტეს, მაღალი ქალისთვის) იდეალურ ვარიანტად „ბალეტკებსა“ და „ბოტასებს“ მიიჩნევს.
ემოციების მთავარი
ფსიქოლოგია
რთულ სიტუაციებში უმრავლესობა ჩვენგანი დახმარებას, თუნდაც მორალურ მხარდაჭერას, საყვარელი ადამიანებისგან ელოდება. ზოგჯერ არ ვიცით, კონკრეტულად როგორი დახმარება გვჭირდება. ხან ჩვენზე გამოცდილისგან ვსაჭიროებთ რჩევებს, ხან, უბრალო ჩახუტებასაც კი დიდი ძალა აქვს. საქმე ისაა, ვართ თუ არა ჩვენ მოსასმენად მზად და გვესმის თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს უახლოეს ადამიანისგან სიახლოვის, სითბოს გამოხატულებას.
ყველაზე მეტად, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, გვჭირდება ის, რომ ჩვენი ესმოდეთ, ჭეშმარიტი, ღრმა, გულწრფელი გაგება, გათავისება იმისა, რაც ჩვენ იმ მომენტში გვიჭირს.
რა ბედნიერება იქნებოდა და რამდენი პრობლემა აღარ იარსებებდა, ზოგჯერ ერთმანეთის ფიქრების წაკითხვა რომ შეგვეძლოს. თუმცა, თუ ჩავრთავთ ემოციებს და ერთმანეთის მიმართ გაცილებით ყურადღებიანები ვიქნებით, ამით ურთიერთობა მხოლოდ მოიგებს.
თუ თქვენი პრობლემები მეტისმეტად რთულად გეჩვენებათ და ნერვიულობთ იმაზე, რომ მათი გადაჭრის გზებს დამოუკიდებლად ვერ გამოძებნით, ნუ დაელოდებით, როდის მიგიხვდებათ პარტნიორი. უთხარით მას პირდაპირ: „იცი, ახლა ძალიან მჭირდები, ყველაზე და ყველაფერზე მეტად“. საკუთარ თავთან „საქმეების გარჩევით“ უარესად გაღიზიანდებით და ჩაიკეტებით. სააშკარაოზე გამოიტანეთ თქვენი განცდები. ნუ დამალავთ მას და მერე ნუ გექნებათ პრეტენზია, რომ თქვენი არ ესმით. შეყვარებული ადამიანიც კი არ არის გულთმისანი. ეს მხოლოდ ერთეულების ნიჭია და ღირსება.