გარდაცვლილი პატრიარქის სასწაული
გარდაცვლილი პატრიარქის სასწაული
სასწაულები წმიდა იოანეს (ალექსანდრიის პატრიარქი იოანე მოწყალე) გარდაცვალების შემდეგაც აღესრულებოდა.
ერთი ქალი უმძიმესი ცოდვით დაეცა და რცხვენოდა სულიერ მამასთან აღსარების თქმა. იგი რწმენით მივიდა წმიდა იოანესთან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გაუმხილა, რომ აღსარების თქმა არ შეეძლო. მაშინ პატრიარქმა ურჩია, ქაღალდზე დაეწერა აღსარება და მისთვის გადაეცა. ქალი ასეც მოიქცა, მაგრამ, 5 დღის შემდეგ პატრიარქი გარდაიცვალა. ქალი ძლიერ განიცდიდა ამას. ის პატრიარქის საფლავთან მივიდა და როგორც ცოცხალს, ისე მიმართა დახმარებისათვის, რადგან მიაჩნდა, რომ იმას, რისი გამხელაც მას მოძღვართან ეძნელებოდა, ახლა ქარტიაზე ყველა წაიკითხავდა.
ასე გაატარა მან წმიდანის საფლავთან სამი დღე. მესამე ღამით წმიდა იოანე ცხადად გამოვიდა საფლავიდან და ქალის ცრემლებით შეწუხებულმა, მას ქარტია გაუწოდა. ბეჭედი ისევ მთელი იყო. ქალმა გახსნა და ნახა, რომ მისი ნაწერი წაშლილი იყო და მის ნაცვლად ეწერა: „ჩემი მონის, იოანეს წყალობით, მოგეტევა შენი ცოდვა!“
ქალმა თავისი ცოდვის სასწაულებრივი მიტევება მიიღო.
წმიდა ეპისკოპოს იოასაფ ბელგოროდელის წმიდა ნაწილების მიერ აღსრულებული სასწაული
„სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლისას სტუდენტები ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ქადაგებაში. კარგად ვსაუბრობდით, მსმენელსაც მოსწონდა და ჩვენ თვითონაც, მაგრამ ნამდვილი რწმენა ჩვენგან ცოტას თუ ვინმეს ჰქონდა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ, როდესაც წმიდა იოასაფის სამარხის გახსნაზე შემოგვთავაზეს წასვლა, ყველამ იუარა. რა საჭიროა სასწაულს მოწყურებული გაუნათლებელი ადამიანების სანახავად გამგზავრება – რა სასწაული შეიძლება მოხდეს ჩვენს დროში? წილი ყარეს – მე მომიწია გამგზავრება, თუმცა უხალისოდ ვიყავი, მორჩილებას ვასრულებდი.
ადგილს რომ მივაღწიე, გულში რაღაც შეიძრა. ისეთი რამ ვნახე, გულგრილად დარჩენა შეუძლებელი იყო. რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილიყვნენ ავადმყოფები, ხეიბრები – ძნელი იყო ამდენი გაჭირვებულის ყურება. და კიდევ – სასწაულის მოლოდინის საერთო განწყობა, ჩემდა უნებურად, მოსალოდნელი მოვლენებისადმი ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მეც გადამედო. ბოლოს იმპერატორი მობრძანდა თავის ოჯახთან ერთად და დაიწყო ზეიმი. მე უკვე ვღელავდი. არ მჯეროდა, მაგრამ მაინც ველოდი რაღაცას. ახლა ძნელია ამ სანახაობის წარმოდგენა – ათასობით ავადმყოფი, ეშმაკეული, ბრმა, ხეიბარი – იწვა, იდგა გზის ორივე მხარეს, რომლითაც წმიდა იოასაფის წმიდა ნაწილები უნდა წაესვენებინათ. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა ხეიბარმა მიიქცია. შეუძლებელი იყო მისი გულგრილად ყურება; სხეულის ყველა ნაწილი თითქოს ერთმანეთს შეზრდოდა – ხორცისა და ძვლების მორგვი იდო მიწაზე. ველოდი, რა შეიძლებოდა მიეღო ამ კაცს? ნუთუ შეიძლებოდა, ვინმე დახმარებოდა მას?
და აი, გამოასვენეს ჩასასვენებელი წმიდა იოასაფის წმიდა ნაწილებით – ასეთი არაფერი მინახავს და ალბათ, ვერც ვნახავ ოდესმე – გზის გასწვრივ მდგარი თითქმის ყველა ავადმყოფი იკურნებოდა: ბრმებს თვალები ეხილებოდათ, ყრუებს ესმოდათ, მუნჯები ყვირილსა და ლაპარაკს იწყებდნენ, ხტოდნენ სიხარულით, ხეიბრებს სხეული უსწორდებოდათ, თრთოლვით, შიშითა და მოწიწებით ვუყურებდი მომხდარს და თვალს არ ვაცილებდი იმ ხეიბარს. როდესაც წმიდა ნაწილებიანი ჩასასვენებელი გაუსწორდა, მან ხელები გაშალა – საშინელი ჭახანის ხმა გაისმა, თითქოს რაღაც სკდებოდა და იმსხვრეოდა მის შიგნით. შემდეგ წელში გამართვა დაიწყო, ძნელად, ძალდატანებით ადგა ფეხზე. საოცრად შემძრა ამან. ცრემლმორეულმა მივირბინე მასთან, შემდეგ ჟურნალისტს ვტაცე ხელი, ვუყვებოდი, რაც ვნახე და ვთხოვდი, ყველაფერი დაეწერა.
პეტერბურგში სხვა ადამიანი დავბრუნდი, უკვე მორწმუნე ვიყავი“.
არქიმანდრიტი დოსითეოსის ნაამბობი