თბილისის რომელ მეჩეთს უწოდებდნენ „ცისფერ მეჩეთს“, რამდენჯერ განიცადა რეკონსტრუქცია აბო თბილელის ნიშამ და რომელი ეკლესიის ადგილას ააშენეს კომუნისტებმა საზოგადოებრივი ტუალეტი
მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ძველი თბილისის ფოტოების დათვალიერებისას არაერთ საინტერესო, უკვე არარსებული ნაგებობის, ეკლესიის, პარკის, სასაფლაოსა თუ უბრალო სახლების ნაშთებს წავაწყდით, რომელთაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ. ამ ისტორიების შესახებ ცნობებს ისტორიული წყაროები ან ძველი თბილისის მოტრფიალე ავტორების ნაშრომებში ვხვდებით. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას ფოტომასალის თანხლებით.
შიიტური მეჩეთი
თანამედროვე თბილისში მხოლოდ ერთი მუსლიმანური სალოცავია – ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე „ჯუმა მეჩეთი”. არაბების მიერ მერვე საუკუნეში თბილისის დაპყრობას ქალაქში მუსლიმანური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის დამკვიდრება მოჰყვა. პლატონ იოსელიანის ცნობით, პირველი მეჩეთი თბილისში მეთექვსმეტე საუკუნეში აიგო (იგულისხმება 1522 წელს შაჰ-სულეიმანის სურვილით, მდინარე მტკვრის პირას, ქალაქის დარბევის დროს მის მიერვე დანგრეული ეკლესიის ადგილზე აშენებული შიიტური მეჩეთი). ამ მეჩეთს თბილისელები „შაჰ-აბასის მეჩეთს“ უწოდებდნენ. ცნობილია, რომ ამ მეჩეთს არადამახასიათებელი დაბალი მინარეთი ჰქონდა – გავრცელებული ვერსიით, ქართველებმა სპარსელებს არ დაანებეს, რომ ის სიონის ჯვარზე მაღალი ყოფილიყო. მეჩეთის გუმბათი და მინარეთის კოშკი ცისფერი შორენკეცებით იყო მოპირკეთებული და ქალაქელები ხშირად „ცისფერ მეჩეთსაც” უწოდებდნენ. უნიკალური შიიტური მეჩეთი 1950-იან წლებში კანდიდ ჩარკვიანის „ცეკას“ მდივნობის პერიოდში დაანგრიეს, როდესაც მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა. ისტორიული შენობიდან მხოლოდ ცისფერი შორენკეცებია შემორჩენილი, რომლებიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. შიიტურ მეჩეთთან ერთად, სხვადასხვა ცნობით, თბილისში სულ შვიდი მეჩეთი იყო, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ „ჯუმა მეჩეთია” დარჩენილი, სადაც სუნიტებთან ერთად შიიტებიც ლოცულობენ. მეჩეთი 1723-1735 წლებში, ოსმალების ბატონობის ხანაში გამუსლიმებულ ქართველ მეფეს, როსტომ ხანს აუშენებია, თუმცა, მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდში ის ნადირ-შაჰის ბრძანებით დაანგრიეს. 1846-1851 წლებში მეჩეთი არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აღუდგენიათ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სკუდიერის პროექტით აგებული მეჩეთი დაინგრა და იმავე პერიოდში, მის ადგილას, ჩვენამდე მოღწეული ნაგებობა აიგო. ერთადერთი მეჩეთის არსებობის პირობებში, თბილისში უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ შიიტი და სუნიტი მუსლიმანები, რელიგიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთად ლოცულობენ.
აბო თბილელის ნიში
786 წლის 6 იანვარს, ნათლისღებას, თბილისის მმართველი ამირას ბრძანებით, ქრისტიანობის მიღების გამო სიკვდილით დასაჯეს ეთნიკურად არაბი აბო. მისი თავმოკვეთილი სხეული ამჟამინდელი მეტეხის ეკლესიის ძირში გაუტანიათ, სადაც დაუწვავთ და მას შემდეგ ეს ადგილი მართლმადიდებლებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. თბილისის კეთილმსახურმა მცხოვრებლებმა პირველად ჯვარი აღმართეს წამების ადგილას, ხოლო მოგვიანებით ნიშაც ააგეს. მეჩვიდმეტე საუკუნეში ამ ადგილას ჯვარი იდგა და კათალიკოსი ანტონ პირველი მის აღმართვას მეფეებს მიაწერდა. 1795 წლის 11 სექტემბერს თბილისის კარიბჭესთან აღა-მაჰმად-ხანის ჯართან საბედსიწერო ბრძოლაში, როცა ცხადი გახდა, რომ ირანელი დამპყრობლები იმარჯვებდნენ, ქართველთა მეფე, ერეკლე მეორე, ერთგულმა მეომრებმა ხელჩართული ბრძოლიდან გამოიყვანეს და გადაიყვანეს მეტეხის ხიდის გაღმა, მარცხენა ნაპირზე. სწორედ „იქ, კლდოვან ნაპრალზე გამოსახული ჯვრის წინ ჩამოხტა მეფე, დაიჩოქა და ქრისტიანობისთვის წამებულ აბოს ნეშტს შეავედრა ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმული ერი”. 1820 წელს, გენერალ ალექსანდრ ერმოლოვის ბრძანებით, ნიშის ახლომდებარე ადგილი გაფართოვდა და 1821 წელს ყოფილი ჯვრის ადგილას მოეწყო პორტიკი ორ სვეტზე. პორტიკისა და სვეტების აშენებისას გაფართოვდა გზა და გამოიკვეთა თვითონ კლდეც. მოგვიანებით, აქვე მცხოვრები აბრამ კვეზერელის მიერ, ნიშაში მოთავსდა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მცირე ზომის ხატები და გამვლელები ამ წმიდა ადგილას ხშირად ანთებდნენ სანთელს. 1830-იან წლებში გრაფმა პასკევიჩ-ერევანსკიმ ნიში ნაძერწი ორნამენტებით გაალამაზა, კლდეში გამოქვაბულს კარი შეაბა და შიგ წმინდა ხატი დააბრძანა. 1830 წლის საბუთებიდან ირკვევა, რომ აქ იყო დასვენებული წმიდა იოანე მებრძოლის ხატი და იდგა შესაწირი ყულაბა. 1843 წელს გზათა მიმოსვლის ინჟინერთა კორპუსის პოდპოლკოვნიკ-გრაუერტი თბილისის მაშინდელ მთავარმართებელს კლდისა და, მასთან ერთად, ნიშის დანგრევის უფლების მიცემას სთხოვდა, რათა მტკვარზე ახალი ხიდი აეგო, რაზეც თავდაპირველად უარი მიიღო, თუმცა, 1844 წლის 3 აგვისტოს, ხიდის მშენებლობის დროს, ნიშა მაინც დაანგრიეს. რამდენიმე ხანში ნიშის აღდგენა ამჯერად ინჟინერ-პოლკოვნიკ სონინს დაევალა, რომელმაც ის აღადგინა, თუმცა, დროთა განმავლობაში ნიშა კიდევ რამდენჯერმე დაინგრა. 1909 წელს ნიში კვლავ შეუკეთებიათ და ხატებიც დაუბრძანებიათ, მაგრამ, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით კი ვახტანგ გორგასლის ძეგლის დადგმის დროს, მეტეხის კლდის ნაწილმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია და კლდე ნიშასთან ერთად ააფეთქეს. 1994 წელს, გათხრებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს ძველი ნიშის ფრაგმენტები და საპატრიარქოსთან ერთად დაიწყო მუშაობა აღდგენაზე და მის ადგილზე ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2007 წლის 13 იანვარს ეკურთხა.
ორმოც სებასტიელთა ეკლესია
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ნარიყალას ფერდობის ძირში, ადგილზე, სადაც იდგა ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს აბო თბილელი. ეკლესია ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში იყო აგებული და, სავარაუდოდ, მის ადგილზე მოგვიანებით აშენდა უკვე გუმბათიანი ეკლესია, რომელიც ქართულ, ბერძნულ და სომხურ ეკლესიებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია დაანგრიეს და, მოგვიანებით, ნაეკლესიარზე საზოგადოებრივი ტუალეტი ააშენეს. 2000-იანი წლების დასაწყისში ნაეკლესიარი ადგილი კერძო საკუთრებაში გადავიდა. მფლობელი ყოფილი ეკლესიის ადგილზე სასტუმროს აგებას აპირებდა, მაგრამ, საძირკვლის გათხრის დროს მშენებლებმა ძველი ეკლესიის ნაშთებს მიაგნეს, რასაც სენსაციური აღმოჩენა მოჰყვა. ნაეკლესიარი ადგილი საპატრიარქოს გადაეცა და, მერვე საუკუნის ეკლესიის ნაშთებზე, აბანოთუბანში, სამღებროსა და ბოტანიკური ქუჩების კუთხეში, წმინდა ორმოც სებასტიელ მოწამეთა ბაზილიკური ტიპის ეკლესია აიგო.