როგორ დაკარგეს ერთმანეთი ნათესავებმა და ვინ ეძებს ნათლიას რუსეთიდან საქართველოში
38 წლის ვერა ვიქტორის ასული ჟურავლიოვა (მეუღლის გვარი) ეძებს 62 წლის ჟანა გიორგის ასულ ოშაყმაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათლიას, რომელიც, ასევე, ნათესავადაც მეკუთვნის, 1949 წელს დაბადებულ ჟანა ოშაყმაშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). ნათლიის შესახებ, უკვე წლებია, არაფერი ვიცი – სწორედ იმ დროიდან, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გთხოვთ, მაპოვნინოთ ნათლია. ვგზავნი მის ფოტოს და, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით ერთმანეთს.
– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი და რა იცით დაკარგული ნათლიის შესახებ?
– ჩვენ შორის კავშირი რუსეთ-საქართველოს შორის ომის დროიდან შეწყდა, მანამდე კი, ჩვეულებრივად, მიმოწერაც გვქონდა. სამწუხაროდ, ჟანას შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. როგორც ვიცი, ბოლოს ის თბილისში ცხოვრობდა. ასევე, ვიცი, რომ მას ჰყავს უმცროსი ძმა – იგორი, რომელიც დაახლოებით 1954 წელსაა დაბადებული. მაქვს მისი ფოტო, რომელსაც გიგზავნით. იმედია, ის გამოგვეხმაურება, ან, შეიძლება, მას ვინმე იცნობს და ასე მაინც შევიტყო რაიმე მის შესახებ.
– აქამდე თუ გიძებნიათ ნათლია?
– დიახ, უკვე წლებია, რაც მე ჟანას სხვადასხვა ხერხით ვეძებ, მაგრამ, უშედეგოდ. სრულიად შემთხვევით გავიგე თქვენ შესახებ და მაშინვე დაგიკავშირდით. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათლია ჯანმრთელადაა და ის კვლავ თბილისში ცხოვრობს, ჩვენს შორის კავშირის გაწყვეტა კი მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობის ბრალია. საქმე ისაა, რომ იმ მისამართზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, პასუხს არავინ გვწერს (ჩვენ არაერთხელ გავგზავნეთ იქ წერილი). შეიძლება, ნათლიამ მისამართი შეიცვალა, რადგან, ამდენი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის კავშირი შეწყდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლებოდა შეცვლილიყო.
– თქვენც ხომ არ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი? ხომ შეიძლება, რომ ისიც ვერ გიკავშირდებათ?
– დიახ, ჩვენ შეცვლილი გვაქვს მისამართი და, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ჟანასთან კავშირი არ გვქონია, მან არც იცის ამის შესახებ. გამორიცხულია არაა, რომ ისიც იმავე მიზეზით ვერ გვიკავშირდება. პირადად მე ძალიან მინდა მისი მოძებნა. განაცხადიც კი განვათავსე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, მაგრამ, იქ თქვენთან დაკავშირება მირჩიეს. იმედი მაქვს, გვაპოვნინებთ ერთმანეთს. პირადად მე ინტერნეტითაც ვცდილობდი ნათესავების მოძებნას, მაგრამ, ვერაფერი მოვახერხე. ძალიან მინდა, ვიპოვოთ ერთმანეთი და ჩვენ შორის დაკარგული კავშირი აღდგეს.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.