არსებობს თუ არა კაცის ღალატის დასადგენი ტესტი და აქვს თუ არა პატიებას ხანდაზმულობა
თემა ძველია – არაფერი ახალი, თუმცა, ყოველ ჯერზე სულ უფრო მტკივნეული და აქტუალური. ღალატი კაცობრიობასავით ხანდაზმულია. ის სიყვარულთან და ადამიანურ ურთიერთობებთან ერთად იშვა – გაჩნდა მაშინვე, როგორც კი ადამს და ევას მესამე ადამიანი შეემატათ. მოღალატეების იარლიყი მყარად აქვთ მიწებებული მამაკაცებს. არსებობს მოსაზრება, რომ, არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეღალატოს საკუთარი მეორე ნახევრისთვის – ეს ლამის ბუნებრიობასთან არის გაიგივებული და, ქალებსაც უკიჟინებენ, მშვიდად მიიღონ ის, რაც ბუნებრივია. ცოლების უმრავლესობაც პატიობს და ითმენს. მაგრამ, იმის თქმა, რომ ეს ბუნებრივია, პრობლემისგან გაქცევას, ქვიშაში თავის ჩაყოფას ნიშნავს...
ირინა (47 წლის): იმდენჯერ წამიკითხავს ჟურნალებში მამაკაცების „საშუალო ასაკის კრიზისის“ შესახებ, მეღიმებოდა და ვფიქრობდი, რომ ეს ფსიქოლოგების მოგონილია, სინამდვილეში კი მხოლოდ ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. ყველაფერი, ანუ, ერთგულებაც და ღალატიც. ან ხარ ერთგული და გიყვარს საკუთარი მეორე ნახევარი, ან, გიყვარს მარტო საკუთარი თავი. როგორ შეიძლება, კაცს ცოლი უყვარდეს და საყვარელი გაიჩინოს-მეთქი...
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ რეალურია ცოლისა და საყვარლის სიყვარული?
– არა. ეს რეალური როგორ იქნება, მაგრამ, იცით, რაშია საქმე? – კაცების ფსიქიკა ამ საკითხთან მიმართებაში აშკარად არაადეკვატურია.
– რას გულისხმობთ?
– ჩემს კონკრეტულ მაგალითზე ვილაპარაკებ, თუმცა, ბევრი ქალისთვის ძალიან ნაცნობი სიტუაცია იქნება. საყვარელს იჩენს კაცი, მაგრამ, ოჯახიდან არ მიდის – რა არის ეს?! გულწრფელად მაინტერესებს. ზოგი კი მიდის, მაგრამ, ასეთები, ძალიან ცოტანი არიან. მოღალატე ქმრების უმრავლესობა ან რჩება ცოლთან, ან, მიდის, მაგრამ, მერე უკანვე ბრუნდება – ამაში ხომ ვერავინ შემედავება? ერთ დროს, როცა ეს ყველაფერი ჩემთვის ცუდი სიზმარივით იყო, ვერავინ დამარწმუნებდა, რომ, ისეთი ერთგული, თბილი და მოსიყვარულე ქმარი, როგორიც მე მყავდა, სხვა კაცებივით მოიქცეოდა, გულს მატკენდა და მიღალატებდა. ჩემს თავზე დატრიალდებოდა ბანალური სამკუთხედის ეიფორია. საკმაოდ შეგნებულად ვუდგები მომხდარს. მტკივნეულია, მაგრამ, ადამიანი ტკივილის გარეშე წარმოუდგენელია. ვის აქვს სულ დალაგებული და აწყობილი ცხოვრება?! დღეს თუ ბედნიერი ხარ და კარგად ხარ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე იქნება. არ უნდა მოდუნდე და არ უნდა იქცე თავდაჯერებულ იდიოტად – ეს დამღუპველია. უკვე მერე, როცა თავდაღმართზე დაცურდები, ვეღარაფერს იზამ. იმის თქმა მინდა, რომ დამნაშავე მეც ვარ. ჩემი ერთგული და საყვარელი ქმარი, რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი... რა ბლეფია! „შუახნის ასაკის კრიზისი“ არა!.. ასეთ სისულელეებს რისთვის იგონებენ? კაცები ისედაც თავს იმართლებენ, როცა ღალატობენ და კიდევ ერთი გასამართლებელი ვერსიის შექმნა მათთვის რა საჭიროა-მეთქი, ვამბობდი. სხვათა შორის, ჩემს ქმართანაც მილაპარაკია ამ თემაზე.
– როგორ?
– ისე, ნახევრად ხუმრობით. ვუთხარი – ნახე, რას წერენ. შენც ხომ არ გჯერა, რომ რაღაც ასაკში, შეიძლება, უცებ მიღალატო-მეთქი. არაო, – იცინოდა, – შენ მაგის ნუ გეშინია, მე ყველა ასაკში შენი ერთგული ვიქნებიო... მერე, ერთ დღეს, მითხრა, რაღაც ბევრი ფული გვეხარჯება, იქნებ ხარჯები ცოტა შევამციროთო. არაფერი უჩვეულო ამაში არ დამინახავს და, კარგი-მეთქი, დავეთანხმე. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გადასარევად ინიღბებოდა და დიდხანს ვერ მივხვდი მის ორგულობას. ბუნებრივად და ოსტატურად ტყუოდა.
– ანუ, ყველა მამაკაცს ღალატის ერთნაირი „მეთოდიკა“ არ აქვს?
– არა, რა თქმა უნდა. არსებობენ კაცები, რომლებიც ღალატისას ძალიან იცვლებიან. აგრესიულები, ჭირვეულები, პრეტენზიულები და შარიანები ხდებიან; ცოლს ყველა წვრილმანზე ეჩხუბებიან ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ზოგი, პირიქით – ტყავიდან ძვრება, რომ ცოლმა ვერაფერი შენიშნოს, საჩუქრებით ავსებს, ელაქუცება. ჩემს ქმარს მსგავსი არაფერი დამართნია, საერთოდ არ შეცვლილა. აბსოლუტურად ჩვეულებრივად იქცეოდა – მშვიდად, ძალდაუტანებლად...
– ამბობენ, თუ ცოლი ქმრის ღალატს ვერ ამჩნევს, ესე იგი, არც ისე უყვარსო.
– ვერ დავეთანხმები მაგ მოსაზრებას, ნამდვილად არ არის ასე. ძალიან რომ მიყვარს ჩემი ქმარი, სწორედ იმიტომაც ვაპატიე ღალატი და არ ვნანობ ამას, თუმცა, არც წყენას გაუვლია და არც ტკივილს. ჩემს პატიებას ხანდაზმულობის ვადა არ გაუვა. ამის საშიშროება არც არსებობს, მაგრამ...
– ძნელია ურთიერთობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში, ხომ ასეა?!
– ძალიან ძნელია. მით უმეტეს, მაშინ, როცა ასე ვუგებდი და ვცდილობდი მისთვის სრული კომფორტის შექმნას. ვაქებდი დაუსრულებლად.
– სხვებთან?
– არა მხოლოდ სხვებთან, პირშიც ვაქებდი. ვეუბნებოდი: როგორი კარგი მყავხარ; არ სვამ, სახლში არ ეწევი, რომ არ შეგვაწუხო; მთელ ფულს მე მაძლევ და არასდროს არაფერზე მსაყვედურობ... ბევრს მუშაობ – ლამის გათენებამდე, ზოგჯერ, შაბათ-კვირასაც კი ოფისში ხარ და ვამაყობ, რომ ასეთი კარგი მყავხარ-მეთქი.
– მაგრამ, თურმე, ოფისში კი არა, საყვარელთან დადიოდა, ასეა?
– სამწუხაროდ, ასეა. ვერ ვიტყვი იმას, რომ ცოტას მუშაობდა, მაგრამ, ამას იყენებდა შესანიღბავად. აგვიანებდა სამსახურიდან და ისეთი გამომეტყველებით ბრუნდებოდა, ეჭვიც კი არ მიჩნდებოდა, პირიქით, სიბრალულით ავსებული ვეფერებოდი, ველოლიავებოდი... ალბათ, ბოლომდე ვიქნებოდი გაბრიყვებული და თვალებდაბრმავებული, რომ არა შემთხვევა... ჩემი ქმრის თანამშრომელს გადავეყარე ჰიპერმარკეტში. როგორ მიხარია, რომ კარგად ხართო. გავოცდი – ავად როდის ვიყავი-მეთქი. შეცბა. რა ვიცი, ერთი თვეა, თქვენი ქმარი ადრე მიდის სამსახურიდან, ამბობდა, რომ ცუდად იყავით და შეწუხებული იყო. ნერვიულობდა, ისე თანაგიგრძნობდათ... მოგვერიდა, თორემ, სანახავადაც კი ვაპირებდით მოსვლასო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამემართა. ზამთარში გაყინულ წყალს რომ გადაგასხამენ, ალბათ, ასეთი შეგრძნება გექნება ადამიანს. ლამის მოვკვდი. გული გამიჩერდა და გამეყინა. მუხლები მომეკვეთა და საერთოდ დამავიწყდა, რის საყიდლად ვიყავი წასული მარკეტში. გარშემო ყველაფერი დაინგრა და ამ ნგრევის ხმა გავიგონე – საშინელი, გამაყრუებელი გრუხუნის ხმა... ჩემი ქმრის თანამშრომელი კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა დაუსრულებლად, მაგრამ, მე თითქმის არ მესმოდა... მერე უცებ გავიგონე: ახლა შეგიძლიათ, უკეთ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, თქვენს ქმარს ოცდაათი პროცენტით გაუზარდეს ხელფასიო... ეს მაშინ, როცა ჩემი ქმარი ხარჯების შემცირებას მთხოვდა. თქვენ რას იფიქრებდით ჩემს ადგილზე?
– შეიძლება, ერთადერთ ვერსიად ღალატი არ მეგულისხმა. აზარტული თამაშებიც ხომ დასაშვებია?
– რომელი აზარტული თამაშები, რას ამბობთ? მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს.
– იფიქრეთ, რომ გღალატობდათ?
– დიახ, სხვა ვერსია არც დამიშვია. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა – რატომ არ დაუშვით სხვა ვერსია, თქვენ ხომ ქმრის ერთგულებაში ეჭვი არ გეპარებოდათო. სწორი შეკითხვაა და, გეტყვით, რატომაც: შინაგანმა ხმამ, ინტუიციამ მიკარნახა. უცებ გაიღვიძა ჩემში სიფხიზლემ თუ ალღომ – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ მაშინვე ნათელი გახდა ჩემთვის მარტივი ჭეშმარიტება: ჩემი ქმარი უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მატყუებდა, უბრალოდ, მე ვერ ვიჭერდი მას ამ ტყუილში, ჩემდა სამწუხაროდ.
– იმიტომ, რომ მეტისმეტად ენდობოდით?
– ალბათ. ანგელოზი მეგონა, ფრთიანი. იმ საღამოსაც გვიან დაბრუნდა „სამსახურიდან“ დაღლილი და უმანკო მზერით. უცებ გამახსენდა ერთი უცნაურობა, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი – ბოლო დროს ქმარს ხშირად ჰქონდა მობილური ტელეფონი გამორთული. რა საშინელება ყოფილა უსუსურობის განცდა. ვტიროდი და ვერაფერი მაწყნარებდა. ჯერ ვაპირებდი, ყველაფერი მიმეხალა ჩემი მოღალატე ქმრისთვის და სახლიდანაც გამეგდო... ბუნებრივია, სკანდალის გარეშე არ ჩაივლიდა ეს ამბავი. მაგრამ, მერე რაღაც მოხდა ჩემში და, გადავწყვიტე, ხმა არ ამომეღო, ისე დავკვირვებოდი მოვლენების განვითარებას.
– მაგარი ნერვები გქონიათ.
– სულაც არა. ხომ გითხარით, რაღაც დამემართა-მეთქი. შიგნიდან „გავცვდი“ – ყოველგვარი ემოციები მომიკვდა – შეიძლება, ზედმეტი ნერვიულობისგან. თურმე, ასეც ხდება. სამ თვეს გასტანა ჩემმა უხმო და უსიტყვო ტანჯვამ. უკვე ვატყობდი, როდის ტყუოდა ჩემი ძვირფასი ქმარი და როდის ამბობდა სიმართლეს. ერთ საღამოს კი ადრე მოვიდა სახლში, დამსვა და მითხრა, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოო. ვიფიქრე, სახლიდან საბოლოოდ მიდის-მეთქი. ლამის მოვკვდი, სანამ თქვა: მაპატიე, ძალიან მიმძიმს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, დავიღალე. გატყუებდი და ამ ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია. გიღალატე, სისუსტე გამოვიჩინე. ეტყობა, მართლაც არსებობს ის რაღაც კრიზისი. უნდა მაპატიო. ამდენი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მე შენ გიღალატე და, თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ, არ გამაგდო. სინდისი ძალიან მაწუხებს და განვიცდი. ჩემი ოჯახი მინდა და მჭირდება. ნუ იქნები სასტიკი და შემიცოდეო.
– იქნებ, ისევ გატყუებდათ?
– იცით, როგორი თვალებით მიყურებდა? აბა, მითხარით, რა აზრი ჰქონდა მის გაგდებას? აშკარა იყო, რომ იმ ქალს უკვე დაშორდა და სინანულში იყო... ვიცი, რომ ვიღაცისთვის მე უთავმოყვარეო ქალი ვარ, მაგრამ, ეტყობა, პატიების ნიჭი აღმომაჩნდა. ვაპატიე, მაგრამ, ის წყენა და ტკივილი ვერ დავივიწყე. ახლა სულ უნდა „ვტესტო“ ჩემი ქმარი ერთგულებაზე და ამ რეჟიმში ცხოვრება ძალიან რთულია. ვაპატიე ისევ ჩემი თავისთვის – მე ის მჭირდება. პატარა აღარ ვარ, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყო. იმედია, ჩემი ქმარი ისე არ მოიქცევა, რომ ჩემს პატიებას „ვადა“ გაუვიდეს...